სიხარული — თვისება, რომელიც ღვთისგან მომდინარეობს
ყველას სურს, რომ სიხარულით აღსავსე ცხოვრება ჰქონდეს. მაგრამ ამ „ბოლო დღეებში“ ისეთ სირთულეებთან გვიწევს ჭიდილი, რომლებთან გამკლავებაც ძალიან რთულია (2 ტიმ. 3:1). უსამართლობამ, შერყეულმა ჯანმრთელობამ, უმუშევრობამ, საყვარელი ადამიანის სიკვდილმა ან სხვა ცხოვრებისეულმა საწუხარმა შეიძლება ნელ-ნელა სიხარული დაგვაკარგვინოს. გულგატეხილობა შეიძლება ქრისტიანსაც დაეუფლოს და სიხარული წაართვას. თუ თქვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა, რის გაკეთება შეგიძლიათ, რომ კვლავ დაიბრუნოთ სიხარული?
ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, თავდაპირველად გავიგოთ, რა არის ნამდვილი სიხარული და როგორ შეძლეს სხვებმა განსაცდელების მიუხედავად მისი შენარჩუნება. შემდეგ განვიხილოთ, ჩვენ როგორ შეგვიძლია სიხარულის შენარჩუნება და ამ გრძნობის უფრო გაძლიერება.
რა არის სიხარული?
სიხარული არ უნდა აგვერიოს მხიარულებასა და კარგ განწყობაში. მაგალითად, მთვრალი ადამიანი მხიარულ განწყობაზეა, მაგრამ, როცა გამოფხიზლდება, აღარ ეცინება და ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება, რომელიც შეიძლება დარდითა და პრობლემებით იყოს სავსე. ასე რომ, მისი მხიარული განწყობა დროებითია და მას ნამდვილ სიხარულს ვერ ვუწოდებთ (იგავ. 14:13).
ამის საპირისპიროდ, ნამდვილი სიხარული გულიდან მომდინარეობს. ის განიმარტება როგორც „გრძნობა, რომელსაც იწვევს სასიამოვნო რამ ან სასიამოვნო რამის მოლოდინი“. სიხარული არის ბედნიერების განცდა, რომელზეც გარემო ფაქტორები ვერ ახდენს გავლენას (1 თეს. 1:6). შეიძლება ადამიანი ძალიან განიცდიდეს რამეს, მაგრამ სიხარულს მაინც არ კარგავდეს. მაგალითად, როცა მოციქულები იესოზე დამოწმების გამო გაჯოხეს, ისინი „წავიდნენ სინედრიონიდან და უხაროდათ, რომ მისი სახელის გულისთვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ“ (საქ. 5:41). აშკარაა, რომ მათ გაჯოხვა კი არ უხაროდათ, არამედ ის, რომ ღვთისადმი ერთგულება შეინარჩუნეს.
ასეთი სიხარული არც დაბადებიდან დაგვყვება და არც თავისთავად ვითარდება. ის ღვთის სულის ნაყოფის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ღვთის სულის დახმარებით ჩვენ შევძლებთ, შევიმოსოთ „ახალი პიროვნება“, რომელსაც სიხარულიც ახასიათებს (ეფეს. 4:24; გალ. 5:22). ნამდვილი სიხარული გვეხმარება, უფრო ადვილად გავართვათ თავი ცხოვრებისეულ სირთულეებს.
მისაბაძი მაგალითები
იეჰოვას განზრახვა არ ყოფილა, რომ დედამიწაზე ამდენი ცუდი რამ მომხდარიყო. მას მხოლოდ კარგი ჰქონდა განზრახული ადამიანებისთვის. თუმცა დღეს არსებული ბოროტება არ აკარგვინებს მას სიხარულს. ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „ძალა და სიხარულია იქ, სადაც ის არის“ (1 მატ. 16:27). უფრო მეტიც, იეჰოვას თავისი მსახურების მიერ შესრულებული კარგი საქმეები უხარებს გულს (იგავ. 27:11).
ღმერთს იმ შემთხვევაში მივბაძავთ, თუ ზედმეტად არ ვინერვიულებთ, როცა რაღაც ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. ნაცვლად იმისა, რომ სიხარული დავკარგოთ, შეგვიძლია კარგზე გავამახვილოთ ყურადღება და მოთმინებით დაველოდოთ მდგომარეობის გამოსწორებას.a
ბიბლიაში იმ ადამიანთა არაერთი მაგალითია ჩაწერილი, რომლებმაც განსაცდელების მიუხედავად სიხარული შეინარჩუნეს. ერთ-ერთი მათგანია აბრაამი, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრებოდა. ის გარეშეებისგანაც შევიწროებული იყო (დაბ. 12:10—20; 14:8—16; 16:4, 5; 20:1—18; 21:8, 9). ასეთი ზეწოლის მიუხედავად, აბრაამს სიხარული არ დაუკარგავს. რა დაეხმარა მას? ის გამუდმებით ფიქრობდა მესიის მმართველობის დროს ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრების იმედზე (დაბ. 22:15—18; ებრ. 11:10). იესომაც თქვა: „აბრაამს ახარებდა იმის იმედი, რომ ჩემს დღეს იხილავდა“ (იოან. 8:56). ჩვენც შეგვიძლია მივბაძოთ აბრაამს და იმ სიხარულზე ვიფიქროთ, რომელიც წინ გველოდება (რომ. 8:21).
აბრაამის მსგავსად, მოციქული პავლე და მისი თანამსახური სილა მთლიანად ღვთის დანაპირებზე იყვნენ კონცენტრირებულნი. მათ ძლიერი რწმენა ჰქონდათ და, ცუდი შემთხვევების მიუხედავად, სიხარულს არ კარგავდნენ. მას შემდეგ, რაც სასტიკად სცემეს და საპყრობილეში ჩაყარეს, „შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და ღმერთს სადიდებელს უმღეროდნენ“ (საქ. 16:23—25). გარდა იმისა, რომ მათ იმედი აძლიერებდა, პავლე და სილა სიხარულს იმის გამოც არ კარგავდნენ, რომ ქრისტეს სახელის გულისთვის იტანჯებოდნენ. ჩვენ შეგვიძლია მივბაძოთ პავლესა და სილას და ვიფიქროთ იმ კარგ შედეგებზე, რომლებიც ღვთისადმი ერთგულად მსახურებას მოჰყვება (ფილ. 1:12—14).
დღეს ჩვენი და-ძმებიდანაც ბევრი კარგ მაგალითს გვაძლევს იმით, რომ განსაცდელების დროს სიხარულს ინარჩუნებს. მაგალითად, 2013 წლის ნოემბერში ფილიპინების ცენტრალურ ნაწილს დაატყდა გამანადგურებელი ქარიშხალი „ჰაიანი“, რომლის გამოც 1 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმის ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. ქალაქ ტაკლობანში მცხოვრებმა ჯორჯმა, რომელსაც სტიქიამ სახლი დაუნგრია, თქვა: „მომხდარის მიუხედავად, ძმებს სიხარული არ დაუკარგავთ. მიჭირს იმ სიხარულის გადმოცემა, რასაც შინაგანად განვიცდით“. რა დიდ განსაცდელსაც არ უნდა შევხვდეთ, სიხარულს შევინარჩუნებთ, თუ მადლიერებით ვიფიქრებთ იმაზე, რაც იეჰოვას გაუკეთებია ჩვენთვის. სიხარულის კიდევ რა მიზეზს გვაძლევს იეჰოვა?
სიხარულის მიზეზები
რა შეიძლება იყოს იმაზე დიდი სიხარულის მიზეზი, ვიდრე ღმერთთან ახლო ურთიერთობაა?! დაფიქრდით: ჩვენ ვიცნობთ სამყაროს უზენაეს მმართველს, რომელიც ჩვენი ღმერთი, მამა და მეგობარია! (ფსალმ. 71:17, 18).
ჩვენ ძალიან ვაფასებთ სიცოცხლის ძღვენს და იმას, რომ შეგვიძლია გავიხაროთ სიცოცხლით (ეკლ. 3:12, 13). ჩვენ, როგორც გონიერ ქმნილებებს, რომლებიც ღმერთმა თავისკენ მიგვიზიდა, გვესმის, რა არის ღვთის ნება ადამიანებთან დაკავშირებით (კოლ. 1:9, 10). შედეგად, ჩვენმა ცხოვრებამ აზრი შეიძინა და ვიცით, როგორ ვიცხოვროთ. მეორე მხრივ, კაცობრიობის დიდ ნაწილს ნათელი წარმოდგენა არა აქვს სიცოცხლის აზრზე. ამ განსხვავების დასანახვებლად პავლე წერდა: «„რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია და კაცს გულში არ გაუვლია, ის მოუმზადა ღმერთმა თავის მოყვარულებს“. ღმერთმა ეს თავისი სულით გაგვიმჟღავნა» (1 კორ. 2:9, 10). განა არ გვაძლევს სიხარულის მიზეზს ის, რომ ვიცით იეჰოვას ნება და განზრახვა?!
განვიხილოთ, კიდევ რა გააკეთა იეჰოვამ თავისი ხალხისთვის. მადლიერები ვართ, რომ მან ცოდვების პატიება გახადა შესაძლებელი (1 იოან. 2:12); ღვთის წყალობით გვაქვს იმედი, რომ ახალი ქვეყნიერება მალე იქნება (რომ. 12:12); გვყავს ბევრი მეგობარი, რომლებთან ერთადაც თაყვანს ვცემთ იეჰოვას (ფსალმ. 133:1); ღვთის სიტყვა იმაშიც გვარწმუნებს, რომ იეჰოვა იცავს თავის ხალხს სატანისა და დემონებისგან (ფსალმ. 91:11). თუ ვიფიქრებთ ღვთისგან ბოძებულ ამ კურთხევებზე, უფრო მეტი სიხარული გვექნება (ფილ. 4:4).
როგორ გავიძლიეროთ სიხარული?
შესაძლებელია, რომ ქრისტიანმა, რომელსაც უკვე აქვს სიხარული, გაიძლიეროს ის? იესომ თქვა: „ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ ჩემი სიხარული თქვენში იყოს და სრული გახდეს თქვენი სიხარული“ (იოან. 15:11). ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ამ გრძნობის გაძლიერება შესაძლებელია. სიხარული შეიძლება ცეცხლს შევადაროთ. ცეცხლის ასაგიზგიზებლად მას ხშირად უნდა დავუმატოთ შეშა. მსგავსად, სიხარულის გასაძლიერებლად სულიერად გაძლიერება გჭირდებათ. გახსოვდეთ: ნამდვილ სიხარულს წმინდა სული წარმოშობს. ასე რომ, თქვენი სიხარული გაიზრდება, თუ ხშირად სთხოვთ ლოცვაში იეჰოვას მის სულს და იფიქრებთ მისივე სულით შთაგონებულ სიტყვაზე (ფსალმ. 1:1, 2; ლუკ. 11:13).
თქვენს სიხარულს ღვთის მოსაწონი საქმეებით აქტიურად დაკავებაც გააძლიერებს (ფსალმ. 35:27; 112:1). ბიბლიაში ნათქვამია: „ჭეშმარიტი ღვთის გეშინოდეს და მისი მცნებები დაიცავი, რადგან ეს არის ადამიანის ვალდებულება“ (ეკლ. 12:13). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ღვთის ნების შესასრულებლად ვართ შექმნილნი. სწორედ ამიტომ გვანიჭებს ყველაზე დიდ სიხარულს იეჰოვასადმი მსახურება.b
დადებითი შედეგები, რომლებიც სიხარულს მოაქვს
ღვთისგან მომდინარე სიხარულს შინაგანი განწყობის ამაღლებაზე გაცილებით კარგი შედეგები მოაქვს. მაგალითად, იეჰოვას უფრო მეტად სიამოვნებს ჩვენი მსახურება, როცა პრობლემების მიუხედავად სიხარულით ვემსახურებით (კან. 16:15; 1 თეს. 5:16—18). გარდა ამისა, ნამდვილი სიხარული გვეხმარება, უარი ვთქვათ მატერიალისტურ მიზნებზე და უფრო მეტად დავიხარჯოთ სამეფოს საქმისთვის (მათ. 13:44). როცა ვხედავთ ჩვენი საქმეების კარგ შედეგებს, ჩვენი სიხარული ერთიორად იზრდება, თავს ბედნიერად ვგრძნობთ და სხვებსაც ვაბედნიერებთ (საქ. 20:35; ფილ. 1:3—5).
„თუ დღეს ბედნიერი და კმაყოფილი ხარ შენი ცხოვრებით, დიდი ალბათობაა, რომ მომავალში კარგი ჯანმრთელობა გექნება“, — დაწერა ნებრასკას უნივერსიტეტის (აშშ) მკვლევარმა მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის საკითხზე ჩატარებულ კვლევებს გაეცნო. ეს ეთანხმება ბიბლიაში ჩაწერილ სიტყვებს: „მხიარული გული მკურნალივით არის“ (იგავ. 17:22). ამგვარად, რაც უფრო გაიზრდება თქვენი სიხარული, მით უკეთესი ჯანმრთელობა გექნებათ.
მიუხედავად იმისა, რომ სტრესულ გარემოში გვიწევს ცხოვრება, მაინც შეგვიძლია ნამდვილი სიხარულის განვითარება წმინდა სულის მეშვეობით, რომელსაც ლოცვის, შესწავლისა და ღვთის სიტყვაზე ფიქრით ვიღებთ. სიხარულს დღევანდელ კურთხევებზე ფიქრი, სხვების რწმენის მაგალითების მიბაძვა და ღვთის ნების პირველ ადგილზე დაყენებაც გვიძლიერებს. თუ ასე მოვიქცევით, საკუთარ თავზე გამოვცდით ფსალმუნის 64:10-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტებას: „მართალი გაიხარებს იეჰოვათი და მას შეაფარებს თავს“.
a მოთმინება, ანუ ბიბლიაში მოხსენიებული თვისება სულგრძელობა, ამ სტატიათა სერიის ერთ-ერთ სტატიაში იქნება განხილული.
b იხილეთ ჩარჩო „სიხარულის გაძლიერების სხვა საშუალებები“.