სუფთად შეინახე თვალი
1. რას ნიშნავს თვალის სუფთად ქონა და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
1 იესომ მთაზე წარმოთქმულ ქადაგებაში ყურადღება გაამახვილა იმ დიდ გავლენაზე, რომელიც სულიერ თვალს შეუძლია მოახდინოს მთელ ჩვენს ცხოვრებაზე. მან თქვა: „თუ თვალი სუფთა გაქვს, მთელი სხეული ნათელი გექნება, ხოლო თუ თვალი ბოროტი გაქვს, მთელი სხეული ბნელი გექნება“ (მათ. 6:22, 23). სუფთაა თვალი, რომელიც ფოკუსირებულია ერთადერთ მიზანზე — ღვთის ნების შესრულებაზე — და მატერიალურ საგნებზე უზომოდ წუხილის გამო სხვა რამეზე არ არის გადატანილი (მათ. 6:19—21, 24—33). რა დაგვეხმარება თვალის სუფთად შენარჩუნებაში?
2. მატერიალური საგნების მიმართ როგორი თვალსაზრისის განვითარებისკენ მოგვიწოდებს ღვთის სიტყვა?
2 განივითარე კმაყოფილების გრძნობა: ახლობლების საჭიროებებზე სათანადოდ ზრუნვა ბიბლიური მოვალეობაა (1 ტიმ. 5:8). მაგრამ ღვთის სიტყვა არ მოითხოვს, რომ საუკეთესო და ბოლო მოდის ნივთების უსასრულოდ ძიებით დავკავდეთ (იგ. 27:20; 30:8, 9). პირიქით, ბიბლია მოგვიწოდებს, დავკმაყოფილდეთ „ტანსაცმლითა და თავშესაფრით“ ანუ არსებობისთვის აუცილებლით (1 ტიმ. 6:8; ებრ. 13:5, 6). ამ რჩევის გათვალისწინება დაგვეხმარება, რომ სწორად ფოკუსირებული თვალი შევინარჩუნოთ.
3. რა დაგვეხმარება, რომ ზედმეტი ტვირთი არ წამოვიკიდოთ?
3 გონიერებას ვავლენთ, როდესაც თავს არ ვიტვირთავთ ზედმეტი ვალებითა და ქონებით ან მისწრაფებებით, რაც დიდ დროსა და ყურადღებას მოითხოვს (1 ტიმ. 6:9, 10). როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? როდესაც რაიმე საქმეზე ვფიქრობთ, ლოცვით ავწონ-დავწონოთ ის და გულწრფელად შევაფასოთ, ხელს ხომ არ შეგვიშლის სულიერ საქმეებში. მტკიცედ გქონდეს გადაწყვეტილი, რომ ცხოვრებაში ყოველთვის პირველ ადგილზე დააყენებ სულიერს (ფილ. 1:10; 4:6, 7).
4. რატომ უნდა ვეძებოთ გზები ცხოვრების გასამარტივებლად?
4 გაიმარტივე ცხოვრება: ცხოვრების გამარტივება მატერიალიზმისგან თავდასაცავი კიდევ ერთი საშუალებაა. ერთმა ძმამ, რომელმაც ნახა, რომ მისი ოჯახი ჭარბი მატერიალური ნივთების გარეშეც კარგად იყო, თქვა: „ახლა შემიძლია უფრო მეტი გავაკეთო კრებაში ძმებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ იეჰოვა ყველა თავის მსახურს აკურთხებს, როცა ისინი პირად ინტერესებზე წინ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას აყენებენ“. შეგიძლია შენც განიცადო ცხოვრების გამარტივებით მიღებული უდიდესი კურთხევები?
5. რატომ არის აუცილებელი გამუდმებული ძალისხმევა, რომ თვალი სუფთად შევინახოთ?
5 გამუდმებული ძალისხმევა გვჭირდება, რომ გავუძლოთ სატანის, მისი მატერიალისტური ქვეყნიერებისა და ჩვენი არასრულყოფილი სხეულის ზეგავლენას. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენს თვალებს თავისუფლება მივცეთ, მოდი ისინი ღვთის ნებაზე და მარადიულად ცხოვრების ძვირფას იმედზე შევაჩეროთ (იგ. 4:25; 2 კორ. 4:18).