რას გააკეთებს ღვთის სამეფო?
იესომ იცოდა, რომ ღვთის ნებით არ ხდებოდა დედამიწაზე უბედურებები და მხოლოდ ზეციერი სამეფო გამოასწორებდა მდგომარეობას. სწორედ ამიტომ მოუწოდა თავის მოწაფეებს, სამეფოს მოსვლაზე ელოცათ. რას გააკეთებს ღვთის სამეფო?
ᲠᲐ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲐ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲐᲛᲔᲤᲝᲛ?
წინა სტატიაში ვისაუბრეთ იესოს მიერ მოხსენიებულ ნიშანზე, რომელიც იმაზე მიანიშნებდა, რომ ზეცაში ღვთის სამეფო დამყარდა და მისი მეფე იესო გახდა.
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ სამეფო ძალაუფლებით აღჭურვილმა იესომ ზეცა სატანისა და დემონებისგან გაათავისუფლა. მას შემდეგ ამ ბოროტი ქმნილებების ძალაუფლება მხოლოდ დედამიწაზე ვრცელდება. სწორედ ამიტომაა, რომ 1914 წლიდან მოყოლებული დედამიწაზე უბედურება უბედურებაზე ხდება (გამოცხადება 12:7, 9).
მართალია, მსოფლიო მდგომარეობა უარესდება, მაგრამ ფაქტები იმაზე მოწმობს, რომ ღვთის სამეფოს მეფე, იესო ქრისტე, ხალხის საკეთილდღეოდ მოქმედებს. მსოფლიო საგანმანათლებლო საქმიანობის წყალობით, რომლის შესახებაც იესომ იწინასწარმეტყველა, ბევრი ეცნობა ბიბლიას და მასში ჩაწერილ პრინციპებს ცხოვრებაში იყენებს (ესაია 2:2—4). შედეგად, მილიონებმა გაწონასწორებული თვალსაზრისი განივითარეს სამუშაოს მიმართ, ბედნიერება პოვეს ქორწინებაში და ისწავლეს სიცოცხლით ტკბობა თანაც ისე, რომ ფულს არ დამონებოდნენ. ისინი აზრიანად ცხოვრობენ და ღვთისმოსაწონ თვისებებს ივითარებენ, რათა ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები გახდნენ.
ᲠᲐᲡ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲔᲑᲡ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲐᲛᲔᲤᲝ ᲛᲝᲛᲐᲕᲐᲚᲨᲘ?
მართალია, ზეცაში იესო მეფობს, მაგრამ დედამიწაზე კვლავ ადამიანები მმართველობენ. ღმერთმა თავის ძეს ასეთი მითითება მისცა: „იბატონე შენს მტრებს შორის!“ (ფსალმუნი 110:2). მალე იესო იეჰოვას ყველა მტერს გაანადგურებს და შვებას მოჰგვრის ღვთის მორჩილ ადამიანებს.
აი, როგორ განვითარდება მოვლენები, როცა ღვთის სამეფო დედამიწაზეც დაიწყებს თავისი ძალაუფლების გავრცელებას:
განადგურდება ცრუ რელიგია. სამუდამოდ წაიშლება იმ რელიგიების კვალი, რომლებიც ხალხს ღვთის შესახებ სიცრუეს ასწავლიან და ცხოვრებას კიდევ უფრო უმძიმებენ. ცრუ რელიგიის განადგურება, რომელსაც ბიბლია მეძავს ადარებს, ბევრს თავზარს დასცემს (გამოცხადება 17:15, 16).
ბოლო მოეღება ადამიანურ მმართველობას. ღვთის სამეფო მალე ბოლოს მოუღებს ყველა ადამიანურ მმართველობას (გამოცხადება 19:15, 17, 18).
მოისპობიან ბოროტები. რა მოელის მათ, ვინც განზრახ სჩადის ბოროტებას და არ აღიარებს ღვთის სამეფოს? „ბოროტები მოისპობიან დედამიწაზე“ (იგავები 2:22).
ბოლო მოეღება სატანისა და დემონების გავლენას. ისინი შეცდომაში ვეღარ შეიყვანენ ადამიანებს (გამოცხადება 20:3, 10).
რას ნიშნავს ეს ყველაფერი მათთვის, ვინც ღვთის სამეფოს აღიარებს?
ᲠᲐᲡ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲔᲑᲡ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲐᲛᲔᲤᲝ ᲙᲐᲪᲝᲑᲠᲘᲝᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ?
ზეცაში გამეფებული იესო ადამიანებისთვის ნებისმიერ მიწიერ მმართველზე გაცილებით მეტს გააკეთებს. მას 144 000 თანამმართველი ეყოლება, რომლებიც ადამიანთაგან იქნებიან არჩეული (გამოცხადება 5:9, 10; 14:1, 3). იესო ყველაფერს გააკეთებს, რომ ღვთის ნება მთელ დედამიწაზე შესრულდეს. რას მოიმოქმედებს ღვთის სამეფო თავისი ქვეშევრდომებისთვის?
აღარავინ დაავადდება, დაბერდება და მოკვდება. „არცერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ და „აღარ იქნება სიკვდილი“ (ესაია 33:24; გამოცხადება 21:4).
ყველა მშვიდობიანად და უსაფრთხოდ იცხოვრებს. შენს ვაჟებს „მშვიდობა არ მოაკლდებათ“. „თითოეული თავისი ვაზისა და ლეღვის ძირში იჯდება და არავინ შეაშინებს მათ“ (ესაია 54:13; მიქა 4:4).
ყველას ექნება სასიამოვნო სამუშაო. „თავად მოიხმარენ სრულად თავიანთ ნახელავს ჩემი რჩეულები. ტყუილუბრალოდ არ გაირჯებიან“ (ესაია 65:22, 23).
გადაიჭრება ეკოლოგიური პრობლემები. „გაიხარებს უდაბნო და ხრიოკი მიწა, გამხიარულდება უკაცრიელი ველი და ზაფრანასავით გაიფურჩქნება“ (ესაია 35:1).
ადამიანები ისწავლიან, რა უნდა გააკეთონ, მარადიულად რომ იცოცხლონ. „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3).
ღმერთს სურს, თქვენც გაიხაროთ ამ კურთხევებით (ესაია 48:18). მომდევნო სტატიაში ახსნილია, რის გაკეთება გმართებთ, რომ ასეთი მომავალი გქონდეთ.