ისწრაფვით ახალგაზრდა ძმებო?
1. როდიდან უნდა დაიწყოს ახალგაზრდა ძმამ 1 ტიმოთეს 3:1-ში ჩაწერილი პრინციპის მიყოლა?
1 „თუ ვინმე . . . ისწრაფვის, კარგი საქმე ნდომებია“ (1 ტიმ. 3:1). ღვთის სულით შთაგონებული ეს სიტყვები მოუწოდებს ძმებს, ისწრაფონ სხვადასხვა პასუხისმგებლობისკენ კრებაში. მხოლოდ სრულწლოვანი ქრისტიანი უნდა ისწრაფოდეს პასუხისმგებლობისკენ? რა თქმა უნდა, არა! ძალიან კარგია, როცა ახალგაზრდობიდანვე ისწრაფვი ამისკენ. ამგვარად მოემზადები და ცოტა ხანში შეძლებ კიდეც იმსახურო მომსახურედ (1 ტიმ. 3:10). თუ ახალგაზრდა მონათლული ძმა ხარ, როგორ შეგიძლია, „ისწრაფო“?
2. როგორ უნდა განივითარო და გამოავლინო თავგანწირვის სული?
2 თავგანწირვა. გახსოვდეს, შენ ისწრაფვი არა სახელის მოხვეჭისკენ, არამედ კარგი საქმეებისკენ. ამიტომ განივითარე და-ძმების დახმარების სურვილი. ერთ-ერთი საშუალება ამის მისაღწევად იესოს კარგ მაგალითზე ფიქრია (მათ. 20:28; იოან. 4:6, 7; 13:4, 5). ამასთანავე, სთხოვე იეჰოვას, დაგეხმაროს, ყურადღებიანი იყო სხვების მიმართ (1 კორ. 10:24). შეგიძლია, დაეხმარო შენს კრებაში მოხუცებულებსა და უძლურებს? მონაწილეობ სამეფო დარბაზის ეზოს მოწესრიგებაში, მაგალითად: გაზონის მოვლაში, ბილიკების გადათოვლასა და დარბაზის მოვლასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საქმეში? შეგიძლია თეოკრატიული მსახურების სკოლაში გამოუვალ სიტუაციაში სასწრაფოდ მოამზადო თემა? თავად დარწმუნდები, რომ სხვების დახმარება სიხარულს მოგგვრის (საქ. 20:35).
3. რამდენად მნიშვნელოვანია სულიერობა და როგორ შეგიძლია გახდე სულიერად მოაზროვნე ქრისტიანი?
3 სულიერობა. კრებაში ქრისტიანის სულიერობას გაცილებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე მის ნიჭს ან უნარს. სულიერად მოაზროვნე ადამიანი ცდილობს, ყველაფერს იეჰოვას და იესოს თვალით უყუროს (1 კორ. 2:15, 16). ის ავლენს „სულის ნაყოფს“ (გალ. 5:22, 23). ასეთი ადამიანი გულმოდგინე მახარობელია და სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებს (მათ. 6:33). კარგი პირადი შესწავლა სულიერად მოაზროვნე ქრისტიანად ჩამოგაყალიბებს და კარგ თვისებებს შეგძენს. კარგ პირად შესწავლაში შედის, ბიბლიის ყოველდღიური კითხვა, „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთის!“ ყველა ნომრის წაკითხვა, კრების შეხვედრებისთვის მომზადება და მათზე დასწრება (ფსალმ. 1:1, 2; ებრ. 10:24, 25). როდესაც პავლე მოციქული ტიმოთეს სულიერი წინსვლისკენ მოუწოდებდა, უთხრა: „ყოველთვის დაუკვირდი . . . რას და როგორ ასწავლი“ (1 ტიმ. 4:15, 16). ასე რომ, ძალ-ღონეს ნუ დაიშურებ თეოკრატიული მსახურების სკოლაში მოცემული თემების მოსამზადებლად. მოემზადე მსახურებისთვის და იქადაგე გამუდმებით. დაისახე სულიერი მიზნები, მაგალითად, იფიქრე პიონერობაზე, ბეთელში მსახურებაზე ან იმ სკოლაზე, რომელიც დაუქორწინებელი ძმებისთვისაა განკუთვნილი. რაც მთავარია, ყველაფერი გააკეთე ამ მიზნების განსახორციელებლად. სულიერი აზროვნება დაგეხმარება, გაექცე „ახალგაზრდულ სურვილებს“ (2 ტიმ. 2:22).
4. რატომ არის ძვირფასი სანდო და ერთგული ადამიანი?
4 სანდოობა და ერთგულება. პირველ საუკუნეში ის ძმები, რომლებსაც საკვების განაწილების პასუხისმგებლობა მიენდოთ, „სანდონი“ და ერთგულნი იყვნენ; ამიტომ მოციქულები არ წუხდნენ იმაზე, რომ საქმე გაუკეთებელი დარჩებოდა. ამის წყალობით მოციქულებს შეეძლოთ, რომ ყურადღება სხვა უფრო მნიშვნელოვან საქმეებზე გადაეტანათ (საქ. 6:1—4). ამგვარად, როცა კრებაში რაიმე დავალებას იღებ, შენი შესაძლებლობის მაქსიმუმი გაიღე იმისათვის, რომ საუკეთესოდ გაართვა ამ საქმეს თავი. მიჰბაძე ნოეს, რომელიც ზედმიწევნით მიჰყვებოდა კიდობნის ასაშენებლად მიღებულ მითითებებს (დაბ. 6:22). ერთგულებას იეჰოვა ძალიან აფასებს და ეს სულიერი მოწიფულობის მაჩვენებელია (1 კორ. 4:2) (იხილეთ ჩარჩო „მომზადებას შედეგი მოაქვს“).
5. რატომ უნდა ისწრაფონ პასუხისმგებლობისკენ ახალგაზრდა ძმებმა?
5 როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, იეჰოვა აჩქარებს ხალხების შეკრებას (ეს. 60:22). ყოველწლიურად, საშუალოდ 250 000 ადამიანი ინათლება. ვინაიდან ქრისტიანულ კრებებს ამდენი ახალმონათლული ემატება, სხვადასხვა პასუხისმგებლობის შესასრულებლად საჭირონი არიან სულიერად მოწიფული ძმები. ამდენად, ისე, როგორც არასდროს, იეჰოვას მსახურებაში ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი (1 კორ. 15:58). ახალგაზრდა ძმებო, ისწრაფვით პასუხისმგებლობისკენ? თუ ისწრაფვით, ნამდვილად კარგი საქმე გდომებიათ!
[ჩანართი 2 გვერდზე]
ვინაიდან ქრისტიანულ კრებებს ამდენი ახალმონათლული ემატება, სხვადასხვა პასუხისმგებლობის შესასრულებლად საჭირონი არიან სულიერად მოწიფული ძმები
[ჩარჩო 3 გვერდზე]
მომზადებას შედეგი მოაქვს
გამოცდილი ახალგაზრდა ძმებისთვის შედეგი მოაქვს იმას, რომ უხუცესები დავალებებს აძლევენ და ამზადებენ. ერთხელ კრების შეხვედრის დასრულების შემდეგ სარაიონო ზედამხედველი თანამორწმუნეს ესაუბრებოდა; ისინი ამ დროს სცენაზე ისხდნენ. სარაიონო ზედამხედველმა იქვე შორიახლოს ახალგაზრდა ძმა შენიშნა, რომელიც ვიღაცას ელოდებოდა და ჰკითხა, მასთან საუბარი ხომ არ სურდა. ახალგაზრდამ მიუგო, რომ დავალებული ჰქონდა, ყოველი კრების შეხვედრის შემდეგ დაესუფთავებინა სცენა. მისი მშობლები წასასვლელად ემზადებოდნენ, მაგრამ ძმას არ სურდა, დავალების შეუსრულებლად წასულიყო შინ. სარაიონო ზედამხედველი მაშინვე ჩამოვიდა სცენიდან. მან აღნიშნა: „ამ კრების უხუცესები ყოველთვის ამზადებდნენ გამოცდილ ახალგაზრდა ძმებს და აძლევდნენ სხვადასხვა დავალებას კრებაში. ამგვარად, მათ თავისუფლად გაუწიეს ამ ახალგაზრდა ძმას რეკომენდაცია მომსახურედ მსახურებაზე იმ დროს, როცა მათ კრებას ვინახულებდი“.