მიჰბაძე წინასწარმეტყველებს — მიქა
1. რა კითხვა შეიძლება გასჩენოდა მიქას და რატომ არ იყო მისი ქადაგება ფუჭი?
1 დაგბადებიათ ოდესმე კითხვა: როდის განადგურდება ეს ზნედაცემული ქვეყნიერება საბოლოოდ? ალბათ წინასწარმეტყველ მიქასაც გაუჩნდებოდა დაახლოებით ამგვარი კითხვა, როცა იუდასა და ისრაელის სამეფოს იეჰოვას განაჩენს აუწყებდა. მისი ქადაგება არ იყო ფუჭი. მიქა მოესწრო ძვ. წ. 740 წელს სამარიის წინააღმდეგ წარმოთქმული იეჰოვას სიტყვების შესრულებას (მიქ. 1:6, 7). გავიდა დრო და ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმი განადგურდა (მიქ. 3:12). როგორ შეგვიძლია ჩვენ, ვინც ველით იეჰოვას განაჩენის აღსრულებას, მივბაძოთ მიქას?
2. რატომ და როგორ ვავლენთ მოთმინებას იეჰოვას დღის მოლოდინში?
2 იყავი მომთმენი. მიქამ დაწერა: „მე კი კვლავაც იეჰოვასკენ მექნება მიპყრობილი მზერა. მოთმინებით დაველოდები ჩემი ხსნის ღმერთს“ (მიქ. 7:7). მიქა გულხელდაკრეფილი არ მჯდარა. ის, როგორც იეჰოვას წინასწარმეტყველი, მუდამ ღვთის საქმეს აკეთებდა. რაკიღა ველით იეჰოვას დღეს, ჩვენც უნდა ჩავებათ „წმინდა საქციელსა და ღვთისადმი ერთგულებაში“ (2 პეტ. 3:11, 12). იეჰოვას მოთმინება ხალხს მონანიების შესაძლებლობას აძლევს (2 პეტ. 3:9). ამიტომ გულთან ახლოს მიგვაქვს ღვთიური რჩევა, რომ მივბაძოთ წინასწარმეტყველებს და გამოვავლინოთ მოთმინება (იაკ. 5:10).
3. რატომ უნდა ვთხოვოთ იეჰოვას წმინდა სული?
3 მიენდე იეჰოვას ძალას. მართალია, მიქას რთული დავალება ჰქონდა მიღებული, მაგრამ ამ დავალების შესასრულებლად ის იეჰოვას ძალაზე იყო დაიმედებული (მიქ. 3:8). იეჰოვას სიტყვა ჩვენც მოგვიწოდებს, რომ მივენდოთ მას. ღმერთი უხვად და უშურველად აძლევს დაღლილებს ძალას, რომ მათ შეძლონ თავიანთი თეოკრატიული პასუხისმგებლობების შესრულება (ფსალმ. 84:5, 7; ეს. 40:28—31). პირადად შენ თუ გიგრძნია წმინდა მსახურებაში ამგვარი მხარდაჭერა? სთხოვ ღმერთს გამუდმებით, რომ დაგეხმაროს თავისი ძლიერი წმინდა სულით? (ლუკ. 11:13).
4. რა შესანიშნავ მაგალითს გვაძლევს მიქა თავისი ცხოვრებით?
4 მიქა მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ყველაფერზე წინ ღვთის ნების შესრულებას აყენებდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ზნეწახდენილ გარემოში ცხოვრობდა, გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ბოლომდე ღვთის ერთგული დარჩენილიყო. მიქას მსგავსად, ჩვენი ერთგულებაც ყოველდღიურად იცდება. მაშ ასე, მოდი ყოველთვის ვიაროთ „ღვთის სახელით . . . მარადიულად, სამარადისოდ“ (მიქ. 4:5).