სასწავლო სტატია 21
იეჰოვა გაგაძლიერებთ
„როცა სუსტი ვარ, მაშინ ვარ ძლიერი“ (2 კორ. 12:10).
სიმღერა 73 მოგვეცი გამბედაობა
მოკლე შინაარსიa
1, 2. რა სირთულეს ხვდება ბევრი იეჰოვას მოწმე?
მოციქულმა პავლემ მოუწოდა ტიმოთეს და ზოგადად ყველა ქრისტიანს, სრულად დახარჯულიყვნენ ღვთის მსახურებაში (2 ტიმ. 4:5). თითოეული მთელი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ რჩევას. თუმცა ათასგვარი პრობლემის ფონზე ეს ადვილი არ არის. ბევრი და-ძმისთვის დიდ გამბედაობას მოითხოვს სამქადაგებლო საქმეში მონაწილეობა, მაგალითად იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენი საქმიანობა შეზღუდული ან აკრძალულია (2 ტიმ. 4:2). მათთვის მსახურებაში წასვლა დიდ რისკთან არის დაკავშირებული, რადგან ეს შეიძლება თავისუფლების დაკარგვის ფასად დაუჯდეთ.
2 გარდა ამისა, იეჰოვას ხალხი სხვა მრავალ პრობლემასაც ხვდება, რამაც შეიძლება მათ გული გაუტეხოს. მაგალითად, ბევრი დღესა და ღამეს ასწორებს, რომ ოჯახის ელემენტარული მოთხოვნილებები მაინც დააკმაყოფილოს. მათ შეიძლება უნდათ კიდეც, რომ მეტი იმსახურონ, მაგრამ კვირის ბოლოს ამისთვის ძალა აღარ ყოფნით. ზოგის შემთხვევაში სერიოზული დაბრკოლება ასაკი ან ქრონიკული ავადმყოფობაა, რის გამოც ზოგი მათგანი შეიძლება სახლიდანაც კი ვერ ახერხებს გასვლას. ზოგსაც უღირსობის გრძნობა ტანჯავს. ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ერთი და, მერი,b ამბობს: „იმხელა შინაგანი ბრძოლა მიწევს ჩემს უარყოფით ფიქრებთან, რომ ემოციურად ვიფიტები; მერე კი თავს იმის გამო ვიდანაშაულებ, რომ მსახურებისთვის საკმარისი დრო და ენერგია აღარ მრჩება“.
3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
3 რა სახის პრობლემასაც არ უნდა ვხვდებოდეთ ცხოვრებაში, იეჰოვას შეუძლია ძალა მოგვცეს, რომ არსებულ სიტუაციაში მაქსიმუმი გავაკეთოთ მის მსახურებაში. ვიდრე ამაზე ვიმსჯელებთ, განვიხილოთ, როგორ გააძლიერა იეჰოვამ პავლე და ტიმოთე, რომ სირთულეების მიუხედავად სრულად დახარჯულიყვნენ მის მსახურებაში.
იეჰოვა გვაძლევს ქადაგების ძალას
4. რა სირთულეებს შეხვდა პავლე?
4 პავლე არაერთ დაბრკოლებას შეხვდა ცხოვრებაში. მას გაძლიერება განსაკუთრებით მაშინ სჭირდებოდა, როცა სცემეს, ჩაქოლეს და დააპატიმრეს (2 კორ. 11:23—25). პავლემ გულახდილად აღიარა, რომ შიგადაშიგ უარყოფით გრძნობებთან უწევდა ბრძოლა (რომ. 7:18, 19, 24). მას, როგორც ჩანს, ჯანმრთელობის პრობლემაც ჰქონდა, რომელსაც „სხეულში ეკალი“ უწოდა და რომლის მოშორებასაც გულმხურვალედ შესთხოვდა ღმერთს (2 კორ. 12:7, 8).
5. როგორ შეასრულა პავლემ თავისი მსახურება წინააღმდეგობების მიუხედავად?
5 იეჰოვამ ძალა მისცა პავლეს, რომ წინააღმდეგობების მიუხედავად შეესრულებინა თავისი მსახურება. რა შეძლო პავლემ იეჰოვას ძალით? მაგალითად, რომში შინაპატიმრობისას ის გაბედულად ქადაგებდა სასიხარულო ცნობას გავლენიან იუდეველებთან და შესაძლოა ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც კი (საქ. 28:17; ფილ. 4:21, 22). მან აგრეთვე უქადაგა პრეტორიული გვარდიის ჯარისკაცებს და ყველა მნახველს (საქ. 28:30, 31; ფილ. 1:13). პავლემ ღვთივშთაგონებით სწორედ იმ პერიოდში დაწერა რამდენიმე წერილი, რომლებიც დღემდე ამხნევებს ქრისტიანებს. გარდა ამისა, მისმა მაგალითმა იმხელა ძალა შემატა რომის კრებაში ძმებს, რომ ისინი „უშიშრად და უფრო მეტი შემართებით“ აუწყებდნენ ღვთის სიტყვას (ფილ. 1:14). მართალია, პავლეს ყოველთვის არ ჰქონდა სახარბიელო გარემო ქადაგებისთვის, მაგრამ ის ყველა შესაძლებლობას იყენებდა, რაც, საბოლოო ჯამში, „სასიხარულო ცნობის გავრცელებას მოემსახურა“ (ფილ. 1:12).
6. მეორე კორინთელების 12:9, 10-ის თანახმად, რა დაეხმარა პავლეს, რომ ბოლომდე დახარჯულიყო მსახურებაში?
6 პავლეს კარგად ესმოდა, რომ, თუ რამეს ახერხებდა, ისევ და ისევ იეჰოვას წყალობით. აღიარა კიდეც, რომ სისუსტეში სრულად შეიგრძნობდა ღვთის ძალას (წაიკითხეთ 2 კორინთელების 12:9, 10). იეჰოვამ თავისი წმინდა სულით შეაძლებინა პავლეს, ბოლომდე დახარჯულიყო ღვთის მსახურებაში დევნის, პატიმრობისა თუ სხვა სირთულეების მიუხედავად.
7. რა სირთულეები უნდა გადაელახა ტიმოთეს, რომ შეესრულებინა თავისი მსახურება?
7 ტიმოთეს, პავლეს ახალგაზრდა თანამსახურსაც, სჭირდებოდა ღვთიური ძალა მსახურებისთვის. ის თან ახლდა პავლეს მისიონერული მოგზაურობების დროს. გარდა ამისა, პავლე მას სხვადასხვა კრების გასამხნევებლადაც გზავნიდა (1 კორ. 4:17). ტიმოთე, როგორც ჩანს, ამ საქმისთვის თავს შეუფერებლად თვლიდა. ალბათ, ამიტომაც ამხნევებდა პავლე მას შემდეგი სიტყვებით: „არავინ დაგიწყოს ზემოდან ყურება შენი ახალგაზრდობის გამო“ (1 ტიმ. 4:12). პავლესი არ იყოს, ტიმოთესაც ჰქონდა თავისი „ეკალი“ სხეულში, რადგან ხშირად ავადმყოფობდა (1 ტიმ. 5:23). ამ ყველაფრის მიუხედავად, ტიმოთემ კარგად იცოდა, რომ იეჰოვას წმინდა სული ძალას მისცემდა სასიხარულო ცნობის ქადაგებისა და და-ძმების მომსახურებისთვის (2 ტიმ. 1:7).
სირთულეების დროს ერთგულებას ღვთის ძალით ვინარჩუნებთ
8. როგორ გვაძლიერებს დღეს იეჰოვა?
8 დღეს იეჰოვა თავის ხალხს აძლევს ძალას, „რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“, რათა მათ ერთგულად განაგრძონ მისი მსახურება (2 კორ. 4:7). განვიხილოთ ოთხი საშუალება, რომლებიც ძალას გვაძლევს და ერთგულების შენარჩუნებაში გვეხმარება. ესენია: ლოცვა, ბიბლია, თანაქრისტიანებთან ურთიერთობა და მსახურება.
9. რაში გვეხმარება ლოცვა?
9 ლოცვა. როგორც პავლე მოგვიწოდებს ეფესოელების 6:18-ში, მუდამ უნდა ვილოცოთ. იეჰოვა პასუხს გაგვცემს ლოცვაზე და ძალას შეგვმატებს. ბოლივიაში მცხოვრებმა ჯონიმ ეს საკუთარ თავზე გამოსცადა, როცა არაერთ განსაცდელს შეხვდა. მისი მეუღლე და მშობლები ერთდროულად დაავადნენ მძიმედ. სამივეზე ზრუნვა ჯონის უწევდა. სამწუხაროდ, დედამისი გარდაიცვალა, მეუღლეს და მამამისს კი კარგა ხანი დასჭირდათ რეაბილიტაციისთვის. ჯონი ამბობს: „ახლა ვხვდები, რომ ის მძიმე პერიოდი მხურვალე ლოცვებმა გადამატანინა“. ჯონის განსაცდელის ატანის ძალა იეჰოვამ მისცა. ბოლივიაში მცხოვრები ერთი უხუცესის, რონალდის, დედას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ერთი თვის შემდეგ რონალდს დედა ხელიდან გამოეცალა. როგორ დაძლია მან ეს დიდი ტკივილი? ის ამბობს: „ლოცვაში იეჰოვასთვის გულის გადაშლა და ჩემს გრძნობებზე საუბარი ძალიან მეხმარება; არათუ სხვებს, არამედ მეც კი არ მესმის ჩემი თავის ისე კარგად, როგორც იეჰოვას“. ზოგჯერ შეიძლება პრობლემებისგან ისე ვიყოთ დათრგუნული, რომ აღარ ვიცოდეთ, რაზე ვილოცოთ. იეჰოვას სურს, რომ მაშინაც ვილოცოთ, როცა გვიჭირს აზრების მოკრება და სიტყვების პოვნა (რომ. 8:26, 27).
10. როგორც ებრაელების 4:12-დან ჩანს, რატომ არის მნიშვნელოვანი ბიბლიის კითხვა და მასზე ფიქრი?
10 ღვთის სიტყვა. პავლეს მსგავსად, ძალა და ნუგეში ჩვენც შეგვიძლია ღვთის სიტყვაში ვპოვოთ (რომ. 15:4). როცა ღვთის სიტყვას ვკითხულობთ და მასზე ვფიქრობთ, იეჰოვა თავისი სულით გვეხმარება, რომ ჩავწვდეთ წაკითხულს და ჩვენს ცხოვრებას მივუსადაგოთ (წაიკითხეთ ებრაელების 4:12). ზემოხსენებული რონალდი ამბობს: „კარგი ვქენი, რომ საღამოობით ბიბლიის კითხვა ჩვევად ვიქციე. ბევრს ვფიქრობ იეჰოვას თვისებებზე და იმაზე, რა სიყვარულით ეპყრობა ის თავის მსახურებს. ეს ძალას მმატებს“.
11. როგორ შემატა ერთ დამწუხრებულ დას ბიბლიამ ძალა?
11 ღვთის სიტყვაზე ფიქრი გვეხმარება, რომ ჩვენი სიტუაცია სწორი კუთხით შევაფასოთ. მოდი ვნახოთ, როგორ დაეხმარა ბიბლია ერთ დაქვრივებულ დას. ერთმა უხუცესმა მას იობის წიგნის წაკითხვა ურჩია. თავიდან, როცა ამ წიგნის კითხვა დაიწყო, ეს და იობის არასწორმა მსჯელობამ გააღიზიანა. გონებაში თითქოსდა კიცხავდა იობს უარყოფითი აზროვნებისთვის. მაგრამ მოგვიანებით გააცნობიერა, რომ თვითონაც დიდად არ განსხვავდებოდა იობისგან. ეს მას დაეხმარა, შეხედულება შეეცვალა და მეუღლის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს გამკლავებოდა.
12. როგორ გვაძლიერებს იეჰოვა თანაქრისტიანების მეშვეობით?
12 თანაქრისტიანებთან ურთიერთობა. იეჰოვა ჩვენი და-ძმების მეშვეობითაც გვაძლიერებს. პავლე თავის წერილში და-ძმებთან შეხვედრის და ურთიერთგამხნევების დიდ სურვილს გამოთქვამდა (რომ. 1:11, 12). მერი, რომელიც უკვე ვახსენეთ, ძალიან აფასებს და-ძმებთან ურთიერთობას. ის ამბობს: „იეჰოვა იმ და-ძმებს იყენებს ჩემ დასახმარებლად, რომლებმაც არც კი იციან, რასთან მიწევს ბრძოლა. ზოგჯერ ისეთი რამ უთქვამთ ან მოუწერიათ ჩემთვის, რაც ზუსტად იმ დროს მჭირდებოდა. იმ დებთან საუბარიც მეხმარება, რომლებსაც მსგავსი პრობლემები ჰქონიათ. უხუცესები ყოველთვის მარწმუნებენ, რომ კრებაში ღირსეული ადგილი მიკავია“.
13. როგორ ვამხნევებთ ერთმანეთს კრების შეხვედრებზე?
13 ურთიერთგამხნევების საუკეთესო საშუალება კრების შეხვედრებზე გვეძლევა. გამოიყენეთ შესაძლებლობა და კრებაზე გულთბილად გამოელაპარაკეთ და-ძმებს; აგრძნობინეთ, რომ აფასებთ მათ შრომას. მაგალითად, კრების დაწყებამდე უხუცესმა ერთ დას, რომლის მეუღლეც მის რწმენას არ იზიარებს, უთხრა: „ვერ წარმოიდგენ, როგორ გვამხნევებს შენი დანახვა. ექვსივე ბავშვი კრებაზე ყოველთვის მოწესრიგებული და მომზადებული მოგყავს“. ამის მოსმენაზე ქალს თვალები ცრემლებით აევსო. „არც კი იცი, ახლა ამის მოსმენა როგორ მჭირდებოდა“, — უთხრა მან უხუცესს.
14. როგორ გვეხმარება მსახურება?
14 მსახურება. სხვებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების გაზიარება გამომაცოცხლებელია და განწყობას გვიმაღლებს იმისდა მიუხედავად, გვისმენენ თუ არა (იგავ. 11:25). ერთი და, სტეისი, საკუთარი გამოცდილებით მიხვდა, რა დადებით გავლენას ახდენს მსახურება. მას ემოციურად ძალიან გაუჭირდა, როცა მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრი გაირიცხა; ის თავს იდანაშაულებდა იმის გამო, რომ ვერაფრით დაეხმარა. გონებაში მხოლოდ მომხდარი უტრიალებდა. მსახურების წყალობით მან თავი უკეთესად იგრძნო, რადგან საკუთარი პრობლემებიდან სხვების დახმარებაზე გადაიტანა ყურადღება. ის ამბობს: „იმ პერიოდში იეჰოვამ საჩუქარი გამიკეთა და ბიბლიის შემსწავლელი გამომიჩინა, რომელიც სწრაფად მიიწევდა სულიერად წინ. ამან ძალიან გამამხნევა. ემოციური სტაბილურობის შენარჩუნებაში ყველაზე მეტად მსახურება მეხმარება“.
15. რით არის ჩვენთვის საყურადღებო მერის კომენტარი?
15 ზოგი ფიქრობს, რომ თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე ბევრს ვერაფერს გააკეთებს მსახურებაში. თუ თქვენც ასე ფიქრობთ, გახსოვდეთ, რომ იეჰოვა იმითაც კმაყოფილია, რასაც მისთვის მთელი გულით აკეთებთ. მოდი ისევ მერის მაგალითზე დავფიქრდეთ. როცა ის უცხოენოვან კრებაში გადავიდა, ისეთი შეგრძნება დაეუფლა, რომ ბევრს ვერაფერს აკეთებდა. „თავიდან მხოლოდ ერთი მარტივი კომენტარის გაკეთება, ბიბლიური მუხლის ამოკითხვა და ბუკლეტის შეთავაზება შემეძლო“, — ამბობს ის. მათ ფონზე, ვინც გამართულად მეტყველებდა ამ ენაზე, თავს ძალიან შეზღუდულად გრძნობდა. თუმცა, საბედნიეროდ, დამოკიდებულება შეიცვალა და მიხვდა, რომ ენის არცოდნის მიუხედავად იეჰოვა მაინც გამოიყენებდა თავისი საქმის შესასრულებლად. ის ამბობს: „ჭეშმარიტება, რომელსაც ადამიანთა ცხოვრების შეცვლა შეუძლია, საკმაოდ მარტივია“.
16. რა შემატებს მხნეობას მათ, ვინც სახლიდან ჯანმრთელობის გამო ვერ გადის?
16 მაშინაც კი, თუ ჯანმრთელობის გამო სახლიდან გასვლას ვერ ვახერხებთ, იეჰოვა ძალიან აფასებს, როცა ჩვენში მსახურების სურვილს ხედავს. ის მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენს მომვლელებს ან სამედიცინო პერსონალს ვესაუბროთ. თუ ჩვენს ახლანდელ მდგომარეობას წარსულს შევადარებთ, შეიძლება გული გაგვიტყდეს. მაგრამ, თუ შევეცდებით იმის დანახვას, დღეს როგორ გვიდგას იეჰოვა მხარში, ძალას მოვიკრებთ, რომ ნებისმიერ სირთულეს სიხარულით შევხვდეთ.
17. ეკლესიასტეს 11:6-ის თანახმად, რატომ უნდა გავაგრძელოთ მსახურება მაშინაც კი, თუ შედეგებს მაშინვე ვერ ვხედავთ?
17 ჩვენ არ ვიცით, როდის გაიდგამს ფესვს და გაიზრდება ჩვენ მიერ ჩათესილი ჭეშმარიტების მარცვალი (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 11:6). მაგალითად, ერთი და, ბარბარა, რომელიც 80 წელს არის გადაცილებული, რეგულარულად მსახურობს ტელეფონითა და წერილებით. ერთ-ერთ წერილთან ერთად მან გაგზავნა 2014 წლის 1-ლი მარტის „საგუშაგო კოშკის“ ნომერი, რომლის მთავარი თემა იყო „რა გააკეთა ღმერთმა თქვენთვის?“. ბარბარამ არც კი იცოდა, რომ ეს წერილი იმ ცოლ-ქმარს გაუგზავნა, რომლებიც უკვე აღარ იყვნენ იეჰოვას მოწმეები. მათ არაერთხელ გადაიკითხეს ეს ჟურნალი. ქმარს ისეთი გრძნობა გაუჩნდა, თითქოს იეჰოვა უშუალოდ მას ელაპარაკებოდა. მათ განაახლეს კრების შეხვედრებზე დასწრება და 27 წელზე მეტი ხნის შემდეგ კვლავ იეჰოვას მოწმეები გახდნენ. წარმოიდგინეთ, როგორ გაამხნევებდა ბარბარას იმის გაგება, რამხელა შედეგი გამოიღო მისმა ერთმა წერილმა.
18. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ღმერთმა გაგვაძლიეროს?
18 იეჰოვა მრავალ საშუალებას იყენებს იმისთვის, რომ ძალა შეგვმატოს. როცა ვცდილობთ, ლოცვის, ბიბლიის, და-ძმებთან ურთიერთობისა და მსახურების მეშვეობით მოვიკრიბოთ ძალები, ვაჩვენებთ, რომ ვენდობით იეჰოვას და გვჯერა, რომ მას ჩვენი დახმარების ძალაც აქვს და სურვილიც. მოდი ყოველთვის მივენდოთ ჩვენს ზეციერ მამას, რომელიც თავისი ძალით ეხმარება მათ, „ვინც მთელი გულით ემსახურება“ (2 მატ. 16:9).
სიმღერა 61 მოწმეებო, წინ!
a ჩვენ საკმაოდ რთულ დროში გვიწევს ცხოვრება, მაგრამ იეჰოვას დახმარებით მოთმინებით ვიტანთ ყველაფერს. ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ დაეხმარა იეჰოვა მოციქულ პავლესა და ტიმოთეს, რომ სირთულეების მიუხედავად არ შეეწყვიტათ მსახურება. აგრეთვე ვიმსჯელებთ, რა ოთხი საშუალებით გვეხმარება იეჰოვა მისადმი მსახურების გაგრძელებაში.
b სახელი შეცვლილია.
c სურათის აღწერა: რომში შინაპატიმრობაში მყოფი პავლე წერილებს სწერს კრებებს და სასიხარულო ცნობას უქადაგებს ყველა მნახველს.
d სურათის აღწერა: ტიმოთე კრების მონახულების დროს ამხნევებს ძმებს.