სასწავლო სტატია 35
დააფასეთ ღვთის ერთგული ხანდაზმულები
„ჭაღარა სილამაზის გვირგვინია“ (იგავ. 16:31).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 138 ჭაღარის სილამაზე
მოკლე შინაარსიa
1, 2. ა) იგავების 16:31-ის თანახმად, რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ხანდაზმულების მიმართ? ბ) რომელ კითხვებზე ვიმსჯელებთ ამ სტატიაში?
არკანზასის (აშშ) ეროვნული პარკის დამთვალიერებლები ხშირად აწყდებიან მიწაზე დაყრილ ალმასებს. მაგრამ ვინაიდან ალმასი ბუნებრივი, დაუმუშავებელი სახით თვალისთვის სულაც არ არის მიმზიდველი, ბევრი ვერც კი ხვდება, რომ ძვირფას ქვას უყურებს და უბრალოდ გვერდს უვლის.
2 ჩვენი ხანდაზმული ერთგული და-ძმები რაღაცით ამ ალმასებს ჰგვანან. ისინი ძალიან ძვირფასები არიან. ღვთის სიტყვა მათ ჭაღარას გვირგვინს ადარებს (წაიკითხეთ იგავების 16:31; 20:29). თუმცა ძვირფასი ქვების მსგავსად ისინიც შეიძლება ზოგჯერ უყურადღებოდ დაგვრჩნენ. თუ სათანადოდ ვაფასებთ ხანში შესულებს, მათგან ბევრ ისეთ რამეს ვისწავლით, რაც ნებისმიერ მატერიალურ ღირებულებას აღემატება. ეს სტატია სამ კითხვას გასცემს პასუხს: რატომ არიან იეჰოვასთვის ძვირფასი თავისი ერთგული ხანდაზმულები? რა როლს ასრულებენ ისინი ღვთის ორგანიზაციაში? და რა შეგვიძლია ვისწავლოთ მათგან?
რატომ აფასებს იეჰოვა ერთგულ ხანდაზმულებს
3. ფსალმუნის 92:12—15-ის თანახმად, რატომ აფასებს იეჰოვა ხანდაზმულებს?
3 იეჰოვასთვის ხანდაზმულები ძალიან ძვირფასნი არიან. ის კარგად იცნობს მათ და აფასებს მათ შესანიშნავ თვისებებს. იეჰოვას ახარებს, როცა ხანდაზმულები ახალგაზრდებს უზიარებენ მსახურებაში შეძენილ მრავალწლიან ცოდნასა და გამოცდილებას (იობ. 12:12; იგავ. 1:1—4). იეჰოვა მათ მოთმინებისთვისაც აფასებს (მალ. 3:16). მართალია, მათ დალხენილი ცხოვრება არ ჰქონიათ, მაგრამ ღვთისადმი რწმენა არ შერყევიათ. დღეს ისინი უფრო დიდი იმედით უყურებენ მომავალს, ვიდრე მაშინ, როცა ჭეშმარიტების შესახებ მოისმინეს. იეჰოვას ძალიან უყვარს ისინი, რადგან „სიბერეშიც კი“ არ წყვეტენ მისი სახელის გაცხადებას (წაიკითხეთ ფსალმუნის 92:12—15).
4. რამ უნდა გაამხნეოს ხანდაზმული და-ძმები?
4 მართალია, ასაკი გემატებათ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ იეჰოვას ახსოვს ყველაფერი, რაც მისთვის გაგიკეთებიათ (ებრ. 6:10). ჩვენს ზეციერ მამას ძალიან ახარებს, რომ დღემდე გულმოდგინედ მონაწილეობთ სამქადაგებლო საქმეში. შეიძლება არაერთი და ზოგჯერ გულის გამტეხი განსაცდელი გამოიარეთ ცხოვრებაში. არ ღალატობდით ბიბლიურ პრინციპებს, ერთგულად ასრულებდით თქვენზე დაკისრებულ მრავალ პასუხისმგებლობას და სხვებს თქვენს გამოცდილებას უზიარებდით. თავს არ ზოგავდით, რომ იეჰოვას ორგანიზაციაში განხორციელებული ცვლილებებისთვის ფეხი აგეწყოთ. მხარს უჭერდით და ამხნევებდით სრული დროით მსახურებს. იეჰოვას ძალიან უყვარხართ თქვენი ერთგულებისთვის და გარწმუნებთ, რომ არ მიგატოვებთ (ფსალმ. 37:28). ის გპირდებათ: „მე იგივე ვარ თქვენს სიბერემდე; გაჭაღარავებამდე მე გატარებთ“ (ეს. 46:4). ამიტომ, ნუ იფიქრებთ, რომ ასაკის გამო იეჰოვას და და-ძმებს ვეღარაფერში გამოადგებით.
ხანდაზმულებს იეჰოვას ორგანიზაციაში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ
5. რა უნდა ახსოვდეთ ხანდაზმულებს?
5 ხანში შესულ და-ძმებს იეჰოვას ორგანიზაციაში ბევრი რამის კეთება შეუძლიათ. შეიძლება ძველებურად ჯანი არ ერჩით, მაგრამ წლების მანძილზე დიდი გამოცდილება დააგროვეს. იეჰოვას ისინი მრავალმხრივ ადგებიან. ამას ადასტურებს როგორც ბიბლიური, ისე თანამედროვე მაგალითები.
6, 7. როგორ აკურთხა იეჰოვამ თავისი ერთგული ხანდაზმული მსახურები?
6 ბიბლიაში არაერთი ღვთის მსახურის ისტორიას ვკითხულობთ, რომლებიც ხანდაზმულობის მიუხედავად აქტიურად ემსახურებოდნენ იეჰოვას. მაგალითად, მოსე დაახლოებით 80 წლის იყო, როცა წინასწარმეტყველი და ისრაელი ერის წინამძღოლი გახდა. დანიელი 90 წელს იყო გადაცილებული, მაგრამ იეჰოვას წინასწარმეტყველად მსახურობდა. მოციქული იოანეც 90 წელზე მეტი ხნის იყო, როცა ღვთივშთაგონებით წიგნი „გამოცხადება“ დაწერა.
7 ბევრი ერთგული ღვთის მსახურის შესახებ ბიბლია დეტალურ ინფორმაციას არ გვაწვდის, რის გამოც ისინი შეიძლება ადვილად გამოგვრჩეს მხედველობიდან. თუმცა იეჰოვას ისინი არ დავიწყებია და აკურთხა კიდეც ერთგული მსახურებისთვის. მაგალითად, „მართალი და ღვთისმოშიში კაცის“, სიმონის შესახებ ბიბლიიდან ბევრს ვერაფერს ვიგებთ, მაგრამ იეჰოვას ის შეუმჩნეველი არ დარჩენია. ღმერთმა მას პატივი დასდო, რომ ჩვილი იესო ენახა და წინასწარმეტყველება წარმოეთქვა მასზე და დედამისზე (ლუკ. 2:22, 25—35). დავფიქრდეთ წინასწარმეტყველ ანაზეც, რომელიც ქვრივი იყო. მიუხედავად იმისა, რომ 84 წლის იყო, „არ შორდებოდა ტაძარს“. იეჰოვამ აკურთხა ის ერთგული მსახურებისთვის და მასაც მისცა საშუალება, ჩვილი იესო ენახა. ორივე, ანაც და სიმონიც, ძვირფასი იყო იეჰოვასთვის (ლუკ. 2:36—38).
8, 9. რას აკეთებენ დაქვრივებული დები იეჰოვას ორგანიზაციისთვის?
8 ჩვენს დროშიც არიან ხანში შესული ქრისტიანები, რომლებიც ახალგაზრდებს კარგ მაგალითს აძლევენ. განვიხილოთ და ლოის დიდურის მაგალითი. ის სულ რაღაც 21 წლის იყო, როცა კანადაში სპეციალურ პიონერად დაიწყო მსახურება. მას შემდეგ მეუღლესთან, ჯონთან ერთად მრავალი წელი მიმოსვლით მსახურებაში გაატარა. მოგვიანებით კანადის ბეთელში მიიწვიეს, სადაც მათ 20 წელზე მეტხანს იმსახურეს. ლოისი 58 წლის იყო, როცა მის ქმარს, ჯონს უკრაინის ბეთელში მსახურების გაგრძელება შესთავაზეს. როგორ მოიქცნენ ისინი? ხომ არ იფიქრეს, რომ ასაკის გამო ვეღარ შეძლებდნენ სხვა ქვეყანაში მსახურების გაგრძელებას? მათ ასე არ უფიქრიათ და მიიღეს შემოთავაზება. იქ გადასვლის შემდეგ ჯონი ფილიალის კომიტეტის წევრად დაინიშნა. შვიდი წლის შემდეგ ჯონი გარდაიცვალა, მაგრამ ლოისმა უკრაინის ბეთელში დარჩენა გადაწყვიტა. ახლა და ლოსი 81 წლისაა. ის კვლავაც ერთგულად მსახურობს უკრაინის ბეთელში და და-ძმებისგან დიდ სიყვარულს გრძნობს.
9 ლოისის მსგავსად დაქვრივებული დები შეიძლება უწინდებურად აღარ არიან ყურადღების ცენტრში, მაგრამ ამჟამინდელი მდგომარეობა მათ ფასს არ უკარგავს იეჰოვას თვალში. ღმერთი ძალიან აფასებს იმ დებს, რომლებიც წლების მანძილზე მხარში ედგნენ თავიანთ მეუღლეებს და დღესაც ისეთივე შემართებით აგრძელებენ მსახურებას (1 ტიმ. 5:3). გარდა ამისა, მათი ერთგულება სხვა და-ძმებისთვისაც გამამხნევებელია.
10. რა მხრივ არის ძმა ტონი სამაგალითო?
10 ის ხანდაზმული ქრისტიანები, რომლებიც მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობენ ან სახლიდან ვერ გადიან, იეჰოვას თვალში ძვირფასნი არიან. მოვიყვანოთ ერთი ძმის, ტონის მაგალითი, რომელიც მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს. ის 1942 წელს 20 წლის ასაკში მოინათლა პენსილვანიაში (აშშ). მალევე ნეიტრალიტეტის გამო დააპატიმრეს და ორწელიწად-ნახევარი მიუსაჯეს. მან და მისმა მეუღლემ, ჰილდამ, თავიანთი ორი შვილი ჭეშმარიტებაში აღზარდეს. წლების განმავლობაში ტონი სამ სხვადასხვა კრებაში თავმჯდომარე ზედამხედველად (ამჟამად უხუცესთა საბჭოს კოორდინატორი) და სარაიონო კონგრესის ზედამხედველად მსახურობდა. გარდა ამისა, კრების შეხვედრებსა და ბიბლიის შესწავლებს ატარებდა ციხეში. ამჟამად ის 98 წლისაა, მაგრამ მაინც აქტიურად მსახურობს თავის კრებაში და ბოლომდე იხარჯება იეჰოვასთვის.
11. რით ვაჩვენოთ, რომ ვაფასებთ იმ ხანდაზმულებს, რომლებიც მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობენ ან სახლიდან ვერ გადიან?
11 რით ვაჩვენოთ, რომ ვაფასებთ იმ ხანდაზმულებს, რომლებიც მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობენ ან სახლიდან ვერ გადიან? უხუცესები ყველანაირად უნდა ეცადონ, რომ ეს და-ძმები არ მოსწყდნენ კრებას და თუ შესაძლებელია, სამქადაგებლო საქმიანობაშიც მიაღებინონ მონაწილეობა. მათდამი ყურადღება ჩვენც შეგვიძლია გამოვიჩინოთ. მაგალითად, მოვინახულოთ ან ვიდეოზარით დავუკავშირდეთ. გვინდა, განსაკუთრებული ყურადღება იმ ხანში შესულ და-ძმებს მივაქციოთ, რომლებიც მარტო ცხოვრობენ ან კრების ტერიტორიიდან მოშორებით მდებარე მოხუცთა თავშესაფარში იმყოფებიან. თუ დაკვირვებულები არ ვიქნებით, შეიძლება ეს და-ძმები უყურადღებოდ დაგვრჩნენ. ზოგ ხანდაზმულს უჭირს საკუთარ თავზე ლაპარაკი ან ამას საჭიროდ არ თვლის. მაგრამ მათგან ბევრს ვისწავლით, თუ დროს გამოვყოფთ და მოვაყოლებთ, რა სიხარული პოვეს იეჰოვას მსახურებაში.
12. როგორი და-ძმები შეიძლება გვყავდეს კრებაში?
12 ჩვენი კრების ხანდაზმულებისგან შეიძლება ისეთი გამამხნევებელი ისტორიები მოვისმინოთ, როგორსაც ვერც კი წარმოვიდგენდით. მაგალითად მოვიყვანოთ ერთი დის, ჰარიეტის ისტორია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ნიუ-ჯერზის (აშშ) ერთ-ერთ კრებაში მსახურობდა, ვიდრე ქალიშვილთან არ გადავიდა საცხოვრებლად. ახალ კრებაში და-ძმებმა ახლოს გაიცნეს ეს და და მოხიბლული დარჩნენ მისით. ჰარიეტმა ისინი გაამხნევა იმ ისტორიების მოყოლით, რომლებიც 1920-იან წლებში ჭეშმარიტების გაგების შემდეგ მსახურებაში გადახდა. როცა საქადაგებლად მიდიოდა ხოლმე, თან კბილის ჯაგრისიც მიჰქონდა, რადგან დიდი იყო იმის ალბათობა, რომ დაეპატიმრებინათ. 1933 წელს ის ორჯერ დააპატიმრეს თითო კვირით. ამ დროს სამ მცირეწლოვან შვილზე მისი მეუღლე ზრუნავდა, რომელიც არ იზიარებდა მის რწმენას. ჰარიეტისნაირი ხანდაზმული და-ძმები ნამდვილად იმსახურებენ პატივისცემასა და დაფასებას.
13. რა როლს ასრულებენ ჩვენი ასაკოვანი და-ძმები იეჰოვას ორგანიზაციაში?
13 ჩვენი ასაკოვანი და-ძმები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იეჰოვას ორგანიზაციაში. მათ საკუთარი თვალით არაერთხელ ნახეს, როგორ აკურთხა იეჰოვამ თავისი ორგანიზაცია და თავად ისინი. მათ ბევრი რამ საკუთარ შეცდომებზეც ისწავლეს. დაეწაფეთ იმ „სიბრძნის წყაროს“, რომელსაც ეს ხანდაზმული ქრისტიანები ფლობენ (იგავ. 18:4). თუ დროს გამოვყოფთ მათ უკეთ გასაცნობად, რწმენასაც განვიმტკიცებთ და ბევრსაც ვისწავლით.
ისწავლეთ ხანდაზმულებისგან
14. რისკენ მოგვიწოდებს კანონის 32:7?
14 თქვენ თავზე აიღეთ ინიციატივა და გამოელაპარაკეთ ხანდაზმულ და-ძმებს (წაიკითხეთ კანონის 32:7). ზოგს შეიძლება მხედველობა დაუქვეითდა, სიარული უჭირს და ნელა და ხმადაბლა ლაპარაკობს, მაგრამ გული არ დაჰბერებია და „კარგი სახელი“ შეიძინა იეჰოვას წინაშე (ეკლ. 7:1). გახსოვდეთ, რატომ აფასებს მათ იეჰოვა და პატივისცემით მოეპყარით. მიჰბაძეთ ელისეს, რომელიც ელიას თხოვნის მიუხედავად ბოლომდე მის გვერდით იყო და სამჯერ გაუმეორა: „არ მიგატოვებ!“ (2 მეფ. 2:2, 4, 6).
15. რა შეგიძლიათ ჰკითხოთ ხანდაზმულ და-ძმებს?
15 დაუსვით კითხვები და ასე გამოხატეთ მათდამი გულწრფელი ინტერესი (იგავ. 1:5; 20:5; 1 ტიმ. 5:1, 2). შეგიძლიათ ჰკითხოთ: „რამ დაგარწმუნა, რომ ჭეშმარიტება იპოვე? რა მოხდა ისეთი შენს ცხოვრებაში, რამაც უფრო დაგაახლოვა იეჰოვასთან? შენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა არის იეჰოვას მსახურებაში სიხარულის შენარჩუნების საიდუმლო?“ (1 ტიმ. 6:6—8). შემდეგ ყურადღებით მოუსმინეთ.
16. როგორ უწყობს ურთიერთგამხნევებას ხელს ხანდაზმულებთან საუბარი?
16 როცა ხანდაზმულებთან ვსაუბრობთ, მათაც ვამხნევებთ და ჩვენც ვმხნევდებით (რომ. 1:12). მათთან საუბარი უფრო მეტად დაგვარწმუნებს იმაში, რომ იეჰოვა ზრუნვას არ აკლებს თავის ერთგულ მსახურებს, ხანში შესული და-ძმები კი თავს დაფასებულად იგრძნობენ. ისინი სიამოვნებით მოგიყვებიან, როგორ გრძნობდნენ იეჰოვას მზრუნველ ხელს წლების განმავლობაში.
17. რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ღვთის ერთგულები წლებთან ერთად სულიერად უფრო ლამაზდებიან?
17 მართალია, გარეგნული სილამაზე წლებს თან მიაქვს, მაგრამ იეჰოვას ერთგულნი წლებთან ერთად სულიერად უფრო ლამაზდებიან (1 თეს. 1:2, 3). რა არის ამის მიზეზი? წლების განმავლობაში წმინდა სული მათ ქრისტიანული თვისებების დახვეწაში ეხმარება. თუ დავუახლოვდებით ჩვენს ხანდაზმულ და-ძმებს, პატივისცემით მოვეკიდებით და ვისწავლით მათგან, უფრო მეტად დავაფასებთ მათ.
18. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
18 კრების სიმტკიცისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო ის, რომ უმცროსები აფასებდნენ ხანდაზმულებს, არამედ ისიც, რომ ხანდაზმულებიც აფასებდნენ წლოვანებით მათზე უმცროსებს. მომდევნო სტატიაში ვიმსჯელებთ, როგორ შეუძლიათ ხანში შესულ და-ძმებს დააფასონ მათზე ახალგაზრდა თანაქრისტიანები.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 144 ჯილდოს მიაპყარით თვალი!
a ღვთის ერთგული ხანდაზმულები ძვირფას საგანძურს ჰგვანან. ეს სტატია დაგვეხმარება, უფრო მეტად დავაფასოთ ისინი. ვიმსჯელებთ, როგორ წაგვადგება მათი სიბრძნე და გამოცდილება. გარდა ამისა, ეს სტატია კიდევ ერთხელ დაარწმუნებს ჩვენს ხანდაზმულ და-ძმებს, რომ მათ ღირსეული ადგილი უკავიათ ღვთის ორგანიზაციაში.