ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 42
ბედნიერნი არიან იეჰოვას ერთგულნი
„სიხარულით შესძახონ შენმა ერთგულებმა“ (ᲤᲡᲐᲚᲛ. 132:9).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 124 მუდამ ერთგულები
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘa
1, 2. ა) როგორ ეპყრობა ზოგიერთი მთავრობა იეჰოვას ხალხს და როგორ რეაგირებენ ამაზე ისინი? ბ) როგორ შეგვიძლია ვიყოთ ბედნიერი დევნის მიუხედავად? (იხილეთ სურათი გარეკანზე).
ᲐᲛᲟᲐᲛᲐᲓ მსოფლიოს მასშტაბით 30-ზე მეტ ქვეყანაში შეზღუდულია ან აკრძალულია ჩვენი საქმიანობა. ამ ქვეყნებიდან ზოგიერთში ჩვენს და-ძმებს აპატიმრებენ კიდეც. რა დააშავეს? იეჰოვას თვალში არაფერი. მათი ერთადერთი „დანაშაული“ ისაა, რომ ბიბლიას კითხულობდნენ და სწავლობდნენ, ქადაგებდნენ, შეხვედრებს ესწრებოდნენ და ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ. სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, ღვთის ეს მსახურები არ თმობენ ერთგულებას, რაც სიხარულს ანიჭებთ.
2 ალბათ გინახავთ ამ გაბედული და-ძმების სურათები და შეგინიშნავთ მათი მოღიმარი სახეები. ისინი ხარობენ, რადგან იციან, რომ მათი ერთგულებისა და უმწიკვლობის გამო იეჰოვა წყალობის თვალით უყურებს (ფსალმ. 101:6). იესომაც თქვა: „ბედნიერნი არიან სიმართლისთვის დევნილნი . . . იხარეთ და იმხიარულეთ, რადგან დიდი საზღაური გელით“ (მათ. 5:10—12).
ᲛᲐᲒᲐᲚᲘᲗᲘ ᲩᲕᲔᲜᲗᲕᲘᲡ
3. საქმეების 4:19, 20-ის თანახმად, როგორი რეაქცია ჰქონდათ მოციქულებს დევნაზე და რატომ?
3 ის, რასაც დღეს ჩვენი და-ძმები ხვდებიან, არც პირველი საუკუნის მოციქულებისთვის იყო უცხო. ისინიც იდევნებოდნენ ქრისტეს შესახებ ქადაგების გამო. ებრაელთა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა მათ არაერთხელ უბრძანეს, რომ „აღარ ელაპარაკათ და აღარ ესწავლებინათ იესოს სახელით“ (საქ. 4:18; 5:27, 28, 40). როგორი რეაქცია ჰქონდათ ამაზე მოციქულებს? (წაიკითხეთ საქმეების 4:19, 20). მათ ესმოდათ, რომ უზენაეს სასამართლოზე გაცილებით უფლებამოსილმა პირმა უბრძანა, საგულდაგულოდ ექადაგათ ხალხისთვის იესოს შესახებ (საქ. 10:42). მოციქულების სახელით პეტრემ და იოანემ გაბედულად განაცხადეს, რომ მოსამართლეებს კი არა, ღმერთს დაემორჩილებოდნენ და არ შეწყვეტდნენ იესოს შესახებ ქადაგებას. ფაქტობრივად, მათ მოსამართლეებს ასეთი რამ უთხრეს: თავს უფლებას აძლევთ და ამბობთ, რომ თქვენ უნდა დაგემორჩილოთ და არა ღმერთს?!
4. საქმეების 5:27—29-ის თანახმად, რაში უნდა მივბაძოთ მოციქულებს?
4 დღეს ჭეშმარიტი ქრისტიანები მიჰყვებიან მოციქულების მაგალითს. ისინი ღმერთს ემორჩილებიან „როგორც მმართველს და არა ადამიანებს“ (წაიკითხეთ საქმეების 5:27—29). მას შემდეგ, რაც ღვთისადმი ერთგულების გამო სცემეს, მოციქულებმა სიხარულით დატოვეს ებრაელთა უზენაესი სასამართლო, რადგან იესოს „სახელის გულისთვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ“ და განაგრძეს ქადაგება (საქ. 5:40—42).
5. რა კითხვებს გავცემთ პასუხს?
5 მოციქულების პოზიციამ შეიძლება რამდენიმე კითხვა გაგვიჩინოს. მაგალითად, როგორ უნდა დამორჩილებოდნენ ქრისტიანები ღმერთს და არა ადამიანებს და, ამავდროულად, დაეცვათ ბიბლიური მითითება „ყველა დაემორჩილოს ხელისუფლებას“? (რომ. 13:1). დღეს როგორ შეგვიძლია, დავემორჩილოთ „მთავრობებსა და ხელისუფლებებს“, რისკენაც პავლე მოგვიწოდებდა და ჩვენი უზენაესი მმართველისადმი, იეჰოვასადმი, ერთგულებაც შევინარჩუნოთ? (ტიტ. 3:1).
ᲮᲔᲚᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲐ
6. ა) ვინ იგულისხმებიან რომაელების 13:1-ში მოხსენიებულ „ხელისუფლებაში“ და რა პასუხისმგებლობა გვაკისრია მათ წინაშე? ბ) რისი თქმა შეიძლება ყველა მმართველზე?
6 წაიკითხეთ რომაელების 13:1. ამ მუხლში მოხსენიებულ „ხელისუფლებაში“ იგულისხმებიან მმართველები, რომლებსაც გარკვეული ძალაუფლება აქვთ ხალხზე. ქრისტიანები ემორჩილებიან მათ. ხელისუფლებები ხელს უწყობენ საზოგადოებრივ წესრიგს, კანონის აღსრულებას და ზოგჯერ იეჰოვას მოწმეებსაც იცავენ (გამოცხ. 12:16). ამიტომ ჩვენ მათ იმას ვაძლევთ, რაც ეკუთვნით — გადასახადებს, ხარკს, შიშს და პატივს (რომ. 13:7). თუმცა, რომ არა იეჰოვა, მათ არავითარი ძალაუფლება არ ექნებოდათ. იესომაც ამას გაუსვა ხაზი, როდესაც რომაელ გამგებელთან, პონტიუს პილატესთან, მიიყვანეს. როდესაც პილატემ იესოს უთხრა, რომ მის ხელში იყო მისი სიცოცხლე, ქრისტემ უპასუხა: „ჩემზე არავითარი უფლებამოსილება არ გექნებოდა, ზევიდან რომ არ გქონდეს მოცემული“ (იოან. 19:11). პილატეს მსგავსად, დღეს არსებული ყველა მმართველისა თუ პოლიტიკოსის ძალაუფლება შეზღუდულია.
7. რა შემთხვევაში არ ვემორჩილებით ქვეყნიურ მმართველებს და რა უნდა ახსოვდეთ მათ?
7 ქრისტიანები ემორჩილებიან მთავრობებს, თუ მათი კანონები არ ეწინააღმდეგება ღვთისას. მაგრამ მათ ვერ დავემორჩილებით, როცა ისეთ რამეს გვთხოვენ, რასაც ღმერთი გვიკრძალავს ან პირიქით, ისეთ რამეს გვიკრძალავენ, რასაც ღმერთი გვთხოვს. მაგალითად, მთავრობამ შეიძლება ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესრულება მოსთხოვოსb ან „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, პუბლიკაციები, ქადაგება და ერთად შეკრება აგვიკრძალოს. ასეც რომ მოხდეს, ერთი რამ ცხადია, ისინი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო იეჰოვას წინაშე აგებენ პასუხს, რადგან ის ყველაფერს ხედავს (ეკლ. 5:8).
8. რით განსხვავდება ღვთის ძალაუფლება ადამიანური ძალაუფლებისგან?
8 ყველა ხელისუფლებას აქვს გარკვეული ძალაუფლება, რომელიც შეუძლია სხვების სასიკეთოდ გამოიყენოს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი ძალაუფლება შეუზღუდავი, აბსოლუტურია. ერთადერთი ხელისუფალი, რომელიც აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობს, იეჰოვა ღმერთია. ბიბლია მას არაერთხელ უწოდებს „უზენაესს“ (დან. 7:18, 22, 25, 27).
„ᲣᲖᲔᲜᲐᲔᲡᲘ“
9. რა იხილა დანიელმა?
9 წინასწარმეტყველმა დანიელმა ხილვებში ცხადად ნახა, თუ რამდენად აღემატება იეჰოვას ძალაუფლება ნებისმიერ ადამიანურ ძალაუფლებას. თავდაპირველად დანიელმა იხილა ოთხი უზარმაზარი მხეცი, რომლებითაც წარმოდგენილი იყვნენ ძველი მსოფლიო იმპერიები: ბაბილონი, მიდია-სპარსეთი, საბერძნეთი და რომი, აგრეთვე თანამედროვე ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერია (დან. 7:1—3, 17). ამ ხილვაში იეჰოვა ზეციერ სასამართლო ტახტზე იჯდა (დან. 7:9, 10). ის, რაც ამ ერთგულმა წინასწარმეტყველმა იხილა, გამაფრთხილებელია დღევანდელი მმართველებისთვის.
10. დანიელის 7:13, 14, 27-ის თანახმად, ვის გადასცემს იეჰოვა ძალაუფლებას და რას ვიგებთ აქედან მის შესახებ?
10 წაიკითხეთ დანიელის 7:13, 14, 27. ღმერთი ართმევს ძალაუფლებას ქვეყნიურ მმართველებს და გადასცემს უფრო ღირსეულთ და ძლევამოსილთ. როგორც ამ ხილვიდან ვიგებთ, ესენი არიან „კაცის ძის მსგავსი“, იესო ქრისტე, და „უზენაესის წმინდები“ ანუ 144 000, რომლებიც „მარადიულად, სამარადისოდ იმეფებენ“ (დან. 7:18). ცხადია, მხოლოდ იეჰოვას, როგორც უზენაესს, აქვს იმის უფლებამოსილება, რომ თვითონ გადაწყვიტოს, ვის მისცემს ძალაუფლებას.
11. დანიელის კიდევ რომელი სიტყვებიდან ჩანს, რომ იეჰოვა უზენაეს ძალაუფლებას ფლობს?
11 ის მოვლენები, რომლებიც დანიელმა იხილა, ეთანხმება მანამდე ნათქვამ მის სიტყვებს: „ზეციერი ღმერთი . . . ამხობს და აღაზევებს მეფეებს“. დანიელმა აგრეთვე დაწერა: „უზენაესი მეფობს კაცთა სამეფოზე, ვისაც უნდა, იმას ამეფებს“ (დან. 2:19—21; 4:17). გავიხსენოთ რამდენიმე მაგალითი, როდესაც ღმერთმა დაამხო და აღაზევა მმართველები.
12. მოიყვანეთ იმის მაგალითები, თუ როგორ დაამხო იეჰოვამ წარსულში მეფეები (იხილეთ სურათი).
12 იეჰოვამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მისი ძალაუფლება აღემატება ნებისმიერი ხელისუფლების ძალაუფლებას. მოვიყვანოთ ამის სამი მაგალითი. ეგვიპტის ფარაონს დამონებული ჰყავდა იეჰოვას ხალხი და არ სურდა მათი გათავისუფლება. მაგრამ იეჰოვამ გაათავისუფლა თავისი ხალხი, ფარაონი და მისი ჯარი კი წითელ ზღვაში დაასამარა (გამ. 14:26—28; ფსალმ. 136:15). ბაბილონის მეფე ბელშაცარი გაუმედიდურდა ზეციერ უფალს და თავის გამართულ ნადიმზე მის ნაცვლად ვერცხლისა და ოქროს ღმერთებს ასხამდა ხოტბას (დან. 5:22, 23). მაგრამ იეჰოვამ დაამცირა ეს მედიდური მეფე. ის იმავე ღამეს მოკლეს, მისი სამეფო კი მიდიელებსა და სპარსელებს გადაეცა (დან. 5:28, 30, 31). პალესტინის მეფე ჰეროდე აგრიპა I-მა ჯერ მოციქული იაკობი მოაკვლევინა, შემდეგ კი მოციქული პეტრე დააპატიმრა იმ მიზნით, რომ მოგვიანებით ისიც სიკვდილით დაესაჯა. მაგრამ ჰეროდეს ეს არ დასცალდა. „ის იეჰოვას ანგელოზმა დასცა“ და მანაც სული განუტევა (საქ. 12:1—5, 21—23).
13. მოიყვანეთ მაგალითი, როგორ დაამარცხა იეჰოვამ თავისი ხალხის წინააღმდეგ გაერთიანებული მეფეები.
13 იეჰოვამ ისიც არაერთხელ დაამტკიცა, რომ მისი ხალხის წინააღმდეგ გაერთიანებულ მეფეებზე ძლიერია. იეჰოვას დახმარებით ისრაელმა დაამარცხა 31 ქანაანელი მეფე, რომლებიც მათ გაერთიანებულად ებრძოდნენ და აღთქმული მიწის დიდი ნაწილი დააპყრობინა (იეს. 11:4—6, 20; 12:1, 7, 24). იეჰოვამ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ისრაელის წინააღმდეგ გამოსულ მეფე ბენ-ჰადადსა და მასთან ერთად 32 სირიელ მეფეს (1 მეფ. 20:1, 26—29).
14, 15. ა) რისი აღიარება მოუწიათ ნაბუქოდონოსორსა და დარიოსს? ბ) რა თქვა ფსალმუნმომღერალმა იეჰოვასა და მის ერზე?
14 იეჰოვას უზენაესობა მრავალჯერ დამტკიცდა. ერთხელ, როცა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა იეჰოვას განდიდების ნაცვლად საკუთარი ძლევამოსილებითა და სიდიადით დაიკვეხნა, იეჰოვამ ის ჭკუაზე შეშალა. როცა შეგნება დაუბრუნდა, ნაბუქოდონოსორმა განადიდა უზენაესი და ისიც კი აღიარა, რომ „მისი სამეფო მარადიულია“ და მას „ვერავინ შეაკავებს“ (დან. 4:30, 33—35). მეფე დარიოსმა კი, როცა დაინახა, როგორ დაიხსნა იეჰოვამ თავისი ერთგული მსახური დანიელი ლომების ხაროდან, ასეთი ბრძანება გამოსცა: „ჩემი სამეფოს ყველა მხარეში დანიელის ღვთისა გეშინოდეთ, რადგან ის არის ცოცხალი და მარად არსებული ღმერთი. მისი სამეფო არასოდეს დაიქცევა, მისი უზენაესობა სამარადისოა“ (დან. 6:7—10, 19—22, 26, 27, სქ.).
15 აი, რა თქვა ფსალმუნმომღერალმა იეჰოვასა და მის ერზე: „იეჰოვამ ჩაუშალა ერებს ზრახვები, მან ჩაუფუშა ხალხებს ჩანაფიქრი . . . ბედნიერია ერი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა, ხალხი, რომელიც მან თავის საკუთრებად ამოირჩია“ (ფსალმ. 33:10, 12). ვინ იმსახურებს ჩვენს ერთგულებას, თუ არა ასეთი ძლევამოსილი ღმერთი?!
ᲒᲐᲓᲐᲛᲬᲧᲕᲔᲢᲘ ᲑᲠᲫᲝᲚᲐ
16. რას გააკეთებს იეჰოვა „დიდი გასაჭირის“ დროს და რატომ? (იხილეთ სურათი).
16 ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რა გააკეთა იეჰოვამ წარსულში, მაგრამ რას უნდა ველოდოთ ახლო მომავალში? იმას, რომ იეჰოვა აუცილებლად დაიხსნის თავის ერთგულ მსახურებს „დიდ გასაჭირში“ (მათ. 24:21; დან. 12:1). ეს მოხდება მაშინ, როცა „გოგი მაგოგის მიწიდან“ ანუ ერთა კოალიცია მასშტაბურ თავდასხმას წამოიწყებს ღვთის ერთგულ მსახურებზე. თუნდაც ამ კოალიციაში გაეროს 193-ვე წევრი ქვეყანა იყოს გაერთიანებული, ისინი ვერაფერს გახდებიან უზენაესი ღვთისა და მისი ზეციერი ლაშქრის წინააღმდეგ. იეჰოვა ამბობს: „განვდიდდები და განვიწმინდები მრავალი ერის თვალწინ; გამიცნობენ და გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“ (ეზეკ. 38:14—16, 23; ფსალმ. 46:10).
17. რა მომავალი ელით მსოფლიოს მეფეებს და ღვთის ერთგულებს?
17 „გოგის“ თავდასხმის შემდეგ იეჰოვა საბოლოო ბრძოლას წამოიწყებს არმაგედონში „მთელი მსოფლიოს მეფეებთან“ (გამოცხ. 16:14, 16; 19:19—21). ბრძოლის დროს იეჰოვა დაიცავს თავის ერთგულებს და ისინი „დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (იგავ. 2:21; ფსალმ. 31:23).
ᲙᲕᲚᲐᲕᲐᲪ ᲕᲣᲔᲠᲗᲒᲣᲚᲝᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ
18. რისთვის იყვნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები მზად ოდითგანვე და რატომ? (დანიელი 3:28).
18 საუკუნეების მანძილზე ჭეშმარიტი ქრისტიანები მზად იყვნენ, დაეთმოთ თავიანთი თავისუფლება და სიცოცხლეც კი, რადგან უყვარდათ იეჰოვა და მას უზენაეს მმართველად აღიარებდნენ. ჭეშმარიტ ქრისტიანებს დღესაც მსგავსი განწყობა აქვთ. ისინი ჰგვანან სამ ახალგაზრდა ებრაელს, რომლებმაც უერთგულეს უზენაესს და დახსნილნი იქნენ გავარვარებული ღუმლიდან (წაიკითხეთ დანიელის 3:28).
19. რატომაა ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნება უაღრესად მნიშვნელოვანი?
19 ერთგულება უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან „იეჰოვა თითოეულს თავისი სიმართლისა და ერთგულებისამებრ მიუზღავს“ (1 სამ. 26:23). გარდა ამისა, „მართალი თავისი ერთგულებით იცოცხლებს“ (აბაკ. 2:4). რაც არ უნდა მოხდეს, ნამდვილად ღირს, იეჰოვას ვუერთგულოთ. ამ შემთხვევაში ჩვენზეც შესრულდება ფსალმუნმომღერლის სიტყვები: „სიხარულით შესძახონ შენმა ერთგულებმა“ (ფსალმ. 132:9).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 122 იყავით მტკიცენი და ურყევნი!
a ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს, რომ დაემორჩილონ ხელისუფლებებს. თუმცა ზოგიერთი მთავრობა ღიად ეწინააღმდეგება იეჰოვას და მის ხალხს. როგორ დავემორჩილოთ ქვეყნიურ მმართველებს და ამავე დროს იეჰოვას ერთგულები დავრჩეთ?
b იხილეთ სტატია ამავე ნომერში „რატომ არ ვიბრძვით ძველ დროში მცხოვრები ისრაელების მსგავსად?“.