11–17 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2026
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 7 იეჰოვა, ჩვენო ძალავ!
ენდეთ სამყაროს უზენაეს მმართველს
„[იეჰოვა] მხოლოდ შენ ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე“ (ᲤᲡᲐᲚᲛ. 83:18).
ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
ეს სტატია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ იეჰოვა სამყაროს უზენაესი მმართველია და ნებისმიერი განსაცდელის დროს შეგვიძლია ვენდოთ მას.
1. რა ტრაგედია დაატყდა თავს იობს?
ᲦᲕᲗᲘᲡᲛᲝᲨᲘᲨ კაცს, იობᲡ, არაერთი უბედურება დაატყდა თავს. დაკარგა შვილები, ჯანმრთელობა, ქონება და ხალხის პატივისცემა. საწყალ კაცს „მეგობრების“ სიტყვებმაც მოუკლა გული. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა ცოლმა კი იობს უთხრა, დაგმე ღმერთი და მოკვდიო (იობ. 2:9; 15:4, 5; 19:1–3). ამ ყველაფრის გამო შეიძლებოდა იობს იეჰოვასადმი ნდობა დაეკარგა და დაეჭვებულიყო, რამდენად იცავს ღმერთი თავის ერთგულ მსახურებს.
2, 3. რაში შეიძლება დავეჭვდეთ და რას ვსწავლობთ წიგნ „იობიდან“?
2 ჩვენ „მძიმე და ძნელად ასატან დროში“ ვცხოვრობთ (2 ტიმ. 3:1). ამიტომ დროდადრო ისეთ სიტუაციებში აღმოვჩნდებით ხოლმე, რომლებიც იეჰოვასადმი ჩვენს ნდობას ცდის. როცა განსაცდელებს ბოლო არ უჩანს, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მეტის ატანა აღარ შეგვიძლია. ამის გამო ზოგს იეჰოვას სიყვარულსა და მხარდაჭერაში ეჭვი ეპარება.
3 თუ თქვენც დაგუფლებიათ მსგავსი გრძნობები, გულს ნუ გაიტეხთ. იობს საკუთარმა გამოცდილებამ ასწავლა, რომ იეჰოვა არ მიატოვებს თავის ერთგულებს. ასეთი ნდობის განვითარებას ჩვენც შევძლებთ, რაშიც წიგნი „იობი“ დაგვეხმარება. კონკრეტულად ვიმსჯელოთ ორ მხარეზე: 1) როგორ გვარწმუნებს ეს წიგნი, რომ იეჰოვაა სამყაროს უზენაესი მმართველი? 2) საიდან ჩანს, რომ იეჰოვა აკონტროლებს სიტუაციას, რათა მის განზრახვას ხელი არ შეეშალოს და მის ხალხს ფიზიკურად თუ სულიერად გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს?
ᲡᲐᲢᲐᲜᲐ ᲬᲐᲠᲓᲒᲐ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲬᲘᲜᲐᲨᲔ
4. ვინ დაესწრო ზეცაში გამართულ შეხვედრას?
4 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ერთ დღეს, როცა ღვთის ძეები იეჰოვას წინაშე წარდგნენ, „სატანაც მივიდა იქ“ (იობ. 1:6). ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ბიბლიაში იეჰოვას მთავარი მოწინააღმდეგე ამ სახელით გვხვდება. იმ დროისთვის სატანა ღვთის ერთგული ანგელოზი აღარ იყო. ის უკვე ემტერებოდა იეჰოვას, მის ერთგულ ანგელოზებსა და მიწიერ მსახურებს. დაბადების 3:15-ში ჩაწერილი სიტყვებიდან ჩანს, რომ იეჰოვა აღარ მიიჩნევდა მას თავისი ზეციერი ოჯახის წევრად. ის არ მოიაზრებოდა „ქალში“, ანუ სულიერი ქმნილებებისგან შემდგარ ოჯახში, რომელიც „შთამომავალს“ წარმოშობდა.
5. რას ვიგებთ იეჰოვასა და სატანის დიალოგიდან?
5 იეჰოვამ მოისურვა, რომ ჩვენც გვცოდნოდა, რაზე ისაუბრეს ზეცაში გამართულ შეხვედრაზე. სატანის სიტყვებიდან აშკარად ჩანს, რა უტიფრად შეუძლია ცილი დასწამოს სხვას (იობ. 1:9; შეადარეთ გამოცხადების 12:10). იეჰოვასა და სატანას შორის გამართული დიალოგი გვარწმუნებს, რომ იეჰოვა თავის აბსოლუტურ ძალაუფლებას ყოველთვის სწორად და სამართლიანად იყენებს. აგრეთვე იმასაც გვანახვებს, რომ ის, როგორც ყოვლისშემძლე, ზღვარს უდგენს სხვების ქმედებებს.
ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲐᲓᲒᲔᲜᲡ ᲖᲦᲕᲐᲠᲡ
6. საიდან გამოჩნდა, რომ იეჰოვა სრულად აკონტროლებდა სიტუაციას? (იობი 1:7, 8).
6 წაიკითხეთ იობის 1:7, 8. იეჰოვა სრულად აკონტროლებდა სიტუაციას. მან სატანას ჰკითხა: „შეამჩნიე ჩემი მსახური იობი?“ როგორც ამ კითხვიდან ჩანს, იეჰოვამ კარგად იცოდა, რომ სატანას მისი ერთგული მსახური მიზანში ჰყავდა ამოღებული. საინტერესოა, როგორ გამოიყენებდა იეჰოვა თავის აღმატებულ ძალას იობის დასაცავად.
7. რა თქვა სატანამ ღვთის მსახურებზე? (იობი 1:10, 11).
7 წაიკითხეთ იობის 1:10, 11. იეჰოვა სამყაროს უზენაესი მმართველია და თავის ძალაუფლებას და ძალას ისე იყენებს, როგორც თავად თვლის საჭიროდ (იერ. 32:17; დან. 4:35). სატანამ კი მას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დასდო ბრალი. ის ირწმუნებოდა, რომ ღმერთი ადამიანებს, მათ შორის იობს, სიკეთეს იმიტომ უკეთებდა, რომ მისთვის ემსახურათ, და ადამიანებიც მხოლოდ ამ მიზეზით იყვნენ ღვთის ერთგულები. რით უპასუხა იეჰოვამ ამ ბრალდებებს?
8, 9. რა ზღვარი დაუდგინა იეჰოვამ სატანას და რატომ? (იობი 1:12; იხილეთ სურათიც).
8 წაიკითხეთ იობის 1:12. იეჰოვამ სატანას უფლება მისცა, თავისი „სიმართლე“ დაემტკიცებინა, თუმცა ზღვარიც დაუდგინა. მან ყველას წინაშე მკაფიოდ უთხრა სათქმელი: „თავად მას [იობს] არ შეეხო!“, რითაც მიანიშნა, რომ ყველაფრის გაკეთების უფლება არ ჰქონდა. სატანა ამ ბრძანების წინააღმდეგ ვერ წავიდოდა და დაწესებულ ზღვარს ვერ გადავიდოდა. იეჰოვამ კი თავისი ძალაუფლება იობის დასაცავად გამოიყენა და დაამტკიცა, რომ მოსიყვარულე და სამართლიანი ღმერთია. დღესაც ასეა. სატანა ვერც დღეს მოიქცევა თავის ნებაზე.
9 სატანის პირველი მცდელობა მარცხით დასრულდა. იობი თავისი ზეციერი მამის ერთგული დარჩა (იობ. 1:22). თუმცა მოწინააღმდეგე ამაზე გაჩერებას არ აპირებდა. ის იობს ასე ადვილად არ დაანებებდა თავს.
იეჰოვამ ნება დართო სატანას, სხვების წინაშე წამოეყენებინა თავისი ბრალდებები. (იხილეთ აბზაცები 8, 9)
10. რატომ მისცა იეჰოვამ სატანას უფლება, კიდევ ერთხელ გამოეცადა იობი? (იობი 2:2–6).
10 წაიკითხეთ იობის 2:2–6. იობი რომ საბოლოოდ გაეტეხა, სატანამ მასზე შეტევა გააძლიერა. ის ირწმუნებოდა, რომ საკუთარი ტყავის გადასარჩენად იობი ღვთის დაგმობაზეც კი წავიდოდა. ეს ბრალდება რომ გაებათილებინა, იეჰოვამ სატანას უფლება მისცა, იობისთვის კიდევ ერთი დარტყმა მიეყენებინა. თუმცა იქვე ზღვარიც დაუდგინა და უთხრა, რომ მის სიცოცხლეს არ შეხებოდა. სატანასაც სხვა გზა არ ჰქონდა – იძულებული გახდა, დამორჩილებოდა ამ ბრძანებას. ამ შემთხვევიდანაც კარგად ჩანს, რომ სიტუაციას უზენაესი ღმერთი აკონტროლებდა და სატანა დადგენილ ზღვარს ვერ გადავიდოდა.
ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲬᲔᲠᲢᲘᲚᲡ ᲣᲡᲕᲐᲛᲡ ᲘᲝᲑᲘᲡ ᲢᲐᲜᲯᲕᲐᲡ
11. როგორ აკურთხა იეჰოვამ იობი? (იობი 42:10–13).
11 წაიკითხეთ იობის 42:10–13. იობმა დაამტკიცა, რომ არ დათმობდა ერთგულებას და იეჰოვამაც აღარ მისცა სატანას მორიგ შეტევაზე გადასვლის უფლება. მან წერტილი დაუსვა თავისი ერთგული მსახურის ტანჯვას. ამჯერადაც ღვთის მოწინააღმდეგე წინ ვერ დაუდგა იეჰოვას გადაწყვეტილებას და ხელი ვერ შეუშალა მას, თავისი ძვირფასი მსახური უხვად დაეჯილდოებინა.
12. რა მოჰყვება შედეგად იეჰოვაზე მინდობას? მოიყვანეთ მაგალითი.
12 ამ ქვეყნიერების ბოლო დღეებში ბევრმა ღვთის მსახურმა საკუთარ თავზე გამოსცადა, რომ იეჰოვას შეუძლია იხსნას თავისი ერთგულები. მაგალითად, 1945 წელს ნაცისტების მიერ მოწყობილ „სასიკვდილო მარშს“ 230 იეჰოვას მოწმე გადაურჩა. ამ საზარელი მოვლენის შემდეგ მათ ასეთი რეზოლუცია დაწერეს: „სასტიკი გამოცდების ხანგრძლივი პერიოდი უკვე წარსულს ჩაჰბარდა და მათ, ვინც, ასე ვთქვათ, გახურებულ ღუმელში დაწვას გადაურჩა, კვამლის სუნიც კი არ ასდით. პირიქით, იეჰოვას მიერ მოცემული ძალით და ენერგიით არიან სავსე . . . ახლა, რაც „ლომების ხაროს“ თავი დავაღწიეთ, ჩვენი ერთადერთი სურვილია, მთელი მარადიულობის განმავლობაში იეჰოვას ვემსახუროთ. ეს უდიდესი ჯილდო იქნება ჩვენთვის“ (შეადარეთ დანიელის 3:27; 6:22).
13. რაში უნდა ვიყოთ დარწმუნებული? (იხილეთ სურათებიც).
13 თავსდატეხილი პრობლემების გამო შეიძლება ჩვენც დაგვეუფლოს ისეთი განცდა, რომ „ლომების ხაროში“ აღმოვჩნდით (1 პეტ. 5:8–10). შეიძლება ბრძოლის თავი აღარ გვქონდეს და ვფიქრობდეთ, რომ ამ მდგომარეობას თავს ვეღარასდროს დავაღწევთ. ასეთ დროს კარგი იქნება, დავფიქრდეთ იობის შემთხვევაზე. მისი ისტორია გვარწმუნებს, რომ იეჰოვას შესწევს ძალა, წერტილი დაუსვას ჩვენს პრობლემებს და ამას გააკეთებს კიდეც, იქნება ეს დღეს თუ ახალ ქვეყნიერებაში. იეჰოვას დადგენილი აქვს დრო, როდის მოუღებს ბოლოს ამ ბოროტ სისტემას და ერთი წამითაც კი არ გაუხანგრძლივებს მას არსებობას.
იეჰოვა დააჯილდოებს თავის ერთგულებს ისევე, როგორც იობი დააჯილდოვა. (იხილეთ აბზაცი 13)
ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲣᲧᲕᲐᲠᲡ ᲗᲐᲕᲘᲡᲘ ᲔᲠᲗᲒᲣᲚᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲘ
14, 15. რა სურს იეჰოვას თავისი მსახურებისთვის და რატომ? (იობი 14:15; იხილეთ აგრეთვე სურათი).
14 წაიკითხეთ იობის 14:15. ჩვენს ზეციერ მამას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს თავისი ერთგული მსახურების მიმართ. ამიტომ ერთი სული აქვს, სიცოცხლე დაუბრუნოს მისთვის ძვირფას ადამიანებს. როცა ეს მოხდება, მთელი ის ტკივილი, რაც სიკვდილმა მიაყენა კაცობრიობას, წარსულს ჩაჰბარდება (ეს. 65:17).
15 მართალია, იობს კვლავ სატანის ქვეყნიერებაში უწევდა ცხოვრება, მაგრამ ამას იეჰოვასთვის ხელი არ შეუშლია, თავისი ერთგული მსახურისთვის ჯანმრთელობა დაებრუნებინა და წინანდელზე მეტად ეკურთხებინა. თუმცა ეს მხოლოდ „ესკიზი“ იყო იმ ყველაფრის, რასაც იეჰოვა იობისთვის მომავალში გააკეთებდა. აქედან ისიც გამოჩნდა, რომ სამყაროს უზენაეს მმართველს სურს, ყველა მისი ერთგული მსახური ბოლომდე ბედნიერი იყოს და სიცოცხლით გაიხაროს. თუმცა ეს მხოლოდ სურვილი არ არის, ის მისცემს კიდეც მათ სამოთხეში მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას (გამოცხ. 21:3, 4). რა განსაცდელსაც არ უნდა ვხვდებოდეთ, ამაზე ფიქრი ძალიან გვანუგეშებს.
მას შემდეგ, რაც იობი გამოიცადა, იეჰოვამ უხვად აკურთხა ის და მისი ცოლი. (იხილეთ აბზაცები 14, 15)
16. კიდევ რა გვარწმუნებს, რომ იეჰოვა უზენაესი მმართველია?
16 იობმა დიდხანს იცოცხლა, თუმცა, საბოლოოდ, ვერც ის გაექცა სიკვდილს. უზენაეს მმართველს, იეჰოვას კი ყველაფრის ძალა შესწევს და სიკვდილისგანაც შეუძლია ადამიანის დახსნა (კან. 32:39). ასე რომ, როცა საჭიროდ ჩათვლის, სიცოცხლეს დაუბრუნებს მისთვის ძვირფას ადამიანებს და ამაში ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს (რომ. 8:38, 39).
ᲑᲝᲚᲝᲛᲓᲔ ᲔᲜᲓᲔᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ
17. საიდან ჩანს, რომ სატანა ვერაფერს ხდება ღვთის ხალხის წინააღმდეგ?
17 იობის ისტორიიდან ვხედავთ, რომ არაერთი მიზეზი გვაქვს, ბოლომდე ვენდოთ იეჰოვას. ჩვენ უზომოდ ვემადლიერებით მას, რომ სატანას ნება არ დართო, ბოლო მოეღო მისი ხალხისთვის. დღეს დაახლოებით ცხრა მილიონი ადამიანი ერთგულად ემსახურება იეჰოვას, რაც მისი უზენაესობის ცხადი დასტურია. არაერთხელ გავმხდარვართ იმის მოწმენი, რომ ჩვენ წინააღმდეგ შექმნილი ვერცერთი იარაღი ვერ აღწევს წარმატებას (ეს. 54:17). ვერც ძლევამოსილი მთავრობები და ვერც გავლენიანი რელიგიები ვერაფერს გახდნენ, ერთი შეხედვით, დაუცველი ღვთის ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ ვერაფერი შეგვაჩერებს და ვერაფერი შეგვიშლის ხელს, რომ ღვთის შესახებ ვიქადაგოთ და სატანის, როგორც მკვლელისა და მატყუარის, ნამდვილი სახე გამოვააშკარაოთ. ჩვენთვის არც სიკვდილია გადაულახავი დაბრკოლება, რადგან იეჰოვა სიცოცხლეს დაუბრუნებს თავის ერთგულებს (ოს. 13:14).
18. რატომ არ გვაშინებს მომავალი?
18 იობის ისტორია გვარწმუნებს, რომ არანაირი მიზეზი არ გვაქვს, გვეშინოდეს მომავალში მოსახდენი მოვლენების. „დიდ გასაჭირში“ ღვთის ხალხი სრულად დაუცველი გამოჩნდება და ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნება, რომ ჩვენი მტრები სატანის თაოსნობით ბოლოს მოგვიღებენ. თუმცა ამ დროსაც იეჰოვა სრულად გააკონტროლებს სიტუაციას და არ მისცემს თავის მოწინააღმდეგეს უფლებას, გაგვანადგუროს. ძალიან მალე ის წერტილს დაუსვამს იმ საშინელ ტანჯვას, რისთვისაც სატანამ კაცობრიობა გაიმეტა. რაც შეეხება სატანას და მის დემონებს, ისინი 1 000 წელი იქნებიან ჩამწყვდეული უფსკრულში (ლუკ. 8:31; გამოცხ. 20:1–3). ამის შემდეგ კი ეშმაკი თავის ყველა მომხრესთან ერთად განადგურდება, რითაც აღსრულდება მისთვის გამოტანილი იეჰოვას განაჩენი (დაბ. 3:15; რომ. 16:20; გამოცხ. 20:10).
19. როგორ დაგვიფასდება იეჰოვასადმი ნდობა? (იხილეთ სურათიც).
19 ღვთის ერთგული მსახურები მოუთმენლად ელიან ახალ ქვეყნიერებას, სადაც გასრულყოფილდებიან და უსასრულო ბედნიერებით გაიხარებენ. ბოლომდე ვერც კი წარმოვიდგენთ, რა გასაოცარი ცხოვრება გველის წინ. მაშინ ვიხილავთ, როგორ შესრულდება იეჰოვას დაპირება: „ვქმნი ყოველივე ახალს“ (გამოცხ. 21:5). რას ნიშნავს ეს დაპირება? ათასობით წლის შემდეგ პირველად კაცობრიობას აღარ დაემჩნევა სატანისა და მისი დემონების კვალი. მაშინ ადამიანები ენით აუწერელ შვებას იგრძნობენ. არავის გაუკრთება ძილი იმ პრობლემების გამო, რომლებიც დღეს მოსვენებას უკარგავთ. არმაგედონგადატანილები სასწაულებრივი განკურნების მომსწრე გახდებიან. ჩვენს საყვარელ ადამიანებს სიცოცხლე დაუბრუნდებათ. ისეთი ცხოვრება გვექნება, როგორიც ზეციერ მამას ჰქონდა ჩაფიქრებული.
იეჰოვა საოცარ მომავალს უმზადებს თავის ერთგულ მსახურებს, რომლებიც წარსულში არაერთ განსაცდელს შეხვდნენ. (იხილეთ აბზაცი 19)
20. რა არის თქვენი მიზანი?
20 გაბედულად რომ შევხვდეთ სირთულეებს, რომლებიც ჯერ კიდევ წინ გველის, ბოლომდე უნდა მივენდოთ იეჰოვას და დავემორჩილოთ მას, როგორც უზენაესს მმართველს. ამასთანავე გვინდა, დავანახვოთ, როგორ გვიყვარს ის, სატანა კი სიცრუეში ვამხილოთ. სამყაროს უზენაეს მმართველს დიდი სურვილი აქვს, თავისი ერთგულები საუცხოო მომავლით დააჯილდოოს. ამაში ეჭვი არასდროს უნდა შეგვეპაროს.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 153 გაბედული გამხადე