საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w26 სექტემბერი გვ. 20-25
  • მღვდელმსახურების ძღვენი იეჰოვასგან

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მღვდელმსახურების ძღვენი იეჰოვასგან
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2026
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲡᲐᲛᲦᲕᲓᲔᲚᲝᲔᲑᲘᲡ ᲠᲝᲚᲘ ᲫᲕᲔᲚ ᲘᲡᲠᲐᲔᲚᲨᲘ
  • ᲛᲦᲕᲓᲚᲘᲡ ᲠᲝᲚᲘ ᲬᲐᲠᲡᲣᲚᲨᲘ, ᲓᲦᲔᲡ ᲓᲐ ᲛᲝᲛᲐᲕᲐᲚᲨᲘ
  • ᲛᲦᲕᲓᲔᲚᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲘᲡ ᲫᲦᲕᲔᲜᲘ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲖᲔ ᲛᲔᲢᲧᲕᲔᲚᲔᲑᲡ
  • მღვდელი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • სამეფო სამღვდელოება — კურთხევა მთელი კაცობრიობისთვის
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
  • თავმდაბლურად ვაღიაროთ, რომ ბევრი რამ არ ვიცით
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • მიიღეთ პასუხები ქვემოთ მოცემულ კითხვებზე
    2026-2027 წლის სარაიონო კონგრესის პროგრამა ფილიალის წარმომადგენელთან ერთად
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2026
w26 სექტემბერი გვ. 20-25

23-29 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2026

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 107 ღვთიური სიყვარულის მაგალითი

მღვდელმსახურების ძღვენი იეჰოვასგან

„კაცთაგან ამორჩეული ყოველი მღვდელმთავარი ისევ მათთვისაა დანიშნული“ (ᲔᲑᲠ. 5:1).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ამ სტატიიდან გავიგებთ, რატომ დაუყენა იეჰოვამ თავის ხალხს მღვდლები და როგორ გვაახლოებს ეს მასთან.

1. რატომ საჭიროებენ ადამიანები გადაუდებელ დახმარებას?

ᲧᲕᲔᲚᲐ ადამიანი, აცნობიერებს თუ არა ამას, გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს. მიზეზი მემკვიდრეობითი ცოდვაა, რომელმაც მთელი კაცობრიობა ჩამოაშორა ღმერთს (ეფეს. 2:12; კოლ. 1:21). ცოდვამ ადამიანსა და ღმერთს შორის უფსკრული გააჩინა, რომელსაც ის თავისით ვერ გადალახავს. დახმარების გარეშე ვერც სიცოცხლის აზრს იპოვის და ვერც მომავლის იმედი ექნება. რა დახმარებას გვთავაზობს იეჰოვა?

2. რაზე გამახვილდება ყურადღება ამ სტატიაში?

2 ცოდვილი მდგომარეობის მიუხედავად ღმერთთან ურთიერთობის შესაძლებლობა რომ გვქონოდა, იეჰოვამ მღვდელმსახურება შემოიღო. ძველ დროში მან მღვდლები და მღვდელმთავარი დაუნიშნა თავის ხალხს, ისრაელს. შემდეგ კი იესო გახდა ქრისტიანული კრების მღვდელმთავარი. ამ სტატიაში ვისაუბრებთ, როგორ აღმოჩნდა მღვდელმსახურება კურთხევა ძველად მცხოვრები ღვთის ერთგული ხალხისთვის. ვისაუბრებთ იმაზეც, დღეს როგორ გვეხმარება ჩვენი მღვდელმთავარი და მომავალში რა როლს შეასრულებს ის 144 000-თან ერთად. ბოლოს კი განვიხილავთ, როგორ ჩანს იეჰოვას სიყვარული მღვდელმსახურების მიღმა.

ᲡᲐᲛᲦᲕᲓᲔᲚᲝᲔᲑᲘᲡ ᲠᲝᲚᲘ ᲫᲕᲔᲚ ᲘᲡᲠᲐᲔᲚᲨᲘ

3. ებრაელების 5:1-ის თანახმად, როგორ ეხმარებოდა მღვდელმთავარი ღვთის ერთგულ მსახურებს? (იხილეთ სურათიც).

3 ღვთის სულით პავლე მოციქულმა ახსნა, რატომ შემოიღო იეჰოვამ მღვდელმსახურება (წაიკითხეთ ებრაელების 5:1). მას სურდა, ისრაელებისთვის თავისთან დაახლოების საშუალება მიეცა, ამიტომაც დაუნიშნა მღვდელმთავარი, რომელიც ეხმარებოდა ხალხს, სწორად ეცათ ღმერთისთვის თაყვანი. ამგვარად, ის ხიდის როლს ასრულებდა, რომელიც იეჰოვასა და ადამიანს ერთმანეთთან აკავშირებდა.

მამაკაცი უფსკრულზე გადებულ ხიდზე გადადის. ხიდის ერთ მხარეს ბნელი, ხრიოკი მიწაა. მეორე მხარეს კი – ნათელი, ლამაზი ბუნება.

ცოდვამ უფსკრული გააჩინა ჩვენსა და იეჰოვას შორის; მღვდელმსახურებამ კი ხიდის როლი იტვირთა. (იხილეთ აბზაცი 3)


4. რა იყო მღვდლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დავალება?

4 როგორ ეხმარებოდნენ მღვდლები ისრაელებს, რომ ღმერთს დაახლოებოდნენ და მისთვის სწორად ეცათ თაყვანი? მათ ორი მნიშვნელოვანი დავალება ჰქონდათ. პირველი, ისინი ღვთის წარმომადგენლები იყვნენ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ხალხისთვის იეჰოვას შესახებ უნდა ესწავლებინათ. მაგალითად, მალაქიას 2:7-ში ვკითხულობთ: „მღვდლის ბაგე ხალხს ცოდნას უნდა გადასცემდეს და მის ბაგეზე კანონი უნდა იპოვებოდეს, რადგან ის არის ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, მაცნე“. როგორც ვხედავთ, მღვდლების პირდაპირი მოვალეობა იყო, ხალხისთვის მოსეს კანონი ესწავლებინათ და განემარტათ, და ამგვარად მის დაცვაში დახმარებოდნენ. მაგალითად, ნეემიას დროს 13 ლევიანი ეხმარებოდა მღვდელ ეზრას ხალხისთვის კანონის სწავლებაში. ისინი მათ კანონში ჩაწერილის მნიშვნელობას უხსნიდნენ, რომ ღმერთს დაახლოებოდნენ და მისი მოთხოვნების თანახმად ეცხოვრათ (ნეემ. 8:2, 3, 6–8).

5. რა იყო მღვდლების კიდევ ერთი დავალება და რას გვასწავლის ეს იეჰოვას შესახებ?

5 მეორე, მღვდლები ხალხის წარმომადგენლებიც იყვნენ ღვთის წინაშე. ისინი მათი სახელით სწირავდნენ იეჰოვას შესაწირავს. ისრაელები აცნობიერებდნენ, რომ ყოველდღე უშვებდნენ შეცდომებს და გამოსყიდვას საჭიროებდნენ (ფსალმ. 51:9). სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა მღვდლების მიერ შეწირული მსხვერპლი. წარმოიდგინეთ, რამხელა შვებას მოჰგვრიდა ერთგულ ისრაელებს იმის ცოდნა, რომ ცოდვები ეპატიებოდათ. მღვდელმსახურება აშკარად მოწმობს იმაზე, რომ იეჰოვას ვუყვარვართ, თანაგვიგრძნობს, ჩვენი კეთილდღეობითაა დაინტერესებული და სურს, მარადიულად იმეგობროს ჩვენთან.

ᲛᲦᲕᲓᲚᲘᲡ ᲠᲝᲚᲘ ᲬᲐᲠᲡᲣᲚᲨᲘ, ᲓᲦᲔᲡ ᲓᲐ ᲛᲝᲛᲐᲕᲐᲚᲨᲘ

6. რა მხრივ ითავსებდნენ მღვდლების მოვალეობას ოჯახისთავები?

6 იეჰოვას ყოველთვის სურდა, ახლო ურთიერთობა ჰქონოდა თავის მსახურებთან. ისრაელის ერად ჩამოყალიბებამდე დიდი ხნით ადრე, პატრიარქების პერიოდში, იეჰოვასთვის შესაწირავს ოჯახის თავები აღავლენდნენ. ისინი როგორც საკუთარი თავის, ისე ოჯახის სახელით აკეთებდნენ ამას. მაგალითად, კიდობნიდან გამოსულმა ნოემ მადლიერების ნიშნად მსხვერპლი შესწირა ღმერთს (დაბ. 8:20). სამსხვერპლოებს იეჰოვასთვის აბრაამიც აგებდა (დაბ. 12:7, 8). შვილების ცოდვებისთვის დასაწვავ მსხვერპლს იობიც სწირავდა იეჰოვას (იობ. 1:5). ამით აიხსნება ის, თუ რატომ საუბრობს ბიბლია მღვდლებზე ჯერ კიდევ ლევიანების სამღვდელო კლასად ჩამოყალიბებამდე. იეჰოვამ ისრაელებს უთხრა: „განიწმინდონ ისინი, ვინც მღვდლებად [სავარაუდოდ, იგულისხმებიან ოჯახის თავკაცები] ემსახურებიან იეჰოვას, რათა არ დაატყდეთ იეჰოვას რისხვა“ (გამ. 19:22 სქ.).

7. ვინ იყო მელქისედეკი და ვის განასახიერებდა ის?

7 პირველი ადამიანი, ვისაც ბიბლია მღვდლად მოიხსენიებს, მელქისედეკია (დაბ. 14:18). ის მღვდელთან ერთად მეფეც იყო. მოგვიანებით იეჰოვამ თქვა, რომ მესიაც მელქისედეკის მსგავსად მეფე და მღვდელი იქნებოდა და მთელ კაცობრიობას მარადიულ კეთილდღეობას მოუტანდა (ფსალმ. 110:4; ებრ. 7:17).

8. როგორ ჩამოყალიბდა სამღვდელოება ისრაელში?

8 როცა იეჰოვამ ისრაელები თავის ხალხად აქცია, მოსეს მეშვეობით კანონი მისცა, რომელშიც მღვდელმსახურებასთან დაკავშირებული მითითებებიც იყო მოცემული. იეჰოვას გადაწყვეტილებით, ისრაელში მღვდლებად აარონი და მისი შთამომავლები იმსახურებდნენ (გამ. 40:12–15). სხვა ლევიანების დახმარებით მღვდლებს მთელი ერის და თითოეული ებრაელის სახელით უნდა შეეწირათ შესაწირავი. იეჰოვამ კონკრეტული მითითებები მისცა მათ, რა სახის მსხვერპლი გაეღოთ, რა მიზნით და როგორ. ეს ყველაფერი იმის მომასწავებელი იყო, რასაც იეჰოვა მომავალში განახორციელებდა.

9, 10. ვინ იმსახურებენ მღვდლებად იესოსთან ერთად?

9 ნათლობისას იესო იეჰოვას სულიერ ტაძარში მღვდელმთავრად დაინიშნა (ებრ. 8:1). მოგვიანებით მან თავისი სრულყოფილი სიცოცხლე გაიღო ადამიანთა ცოდვების გამოსასყიდად. ეს მსხვერპლი გაცილებით აღემატებოდა ისრაელში მღვდლების მიერ გაღებულ ცხოველურ შესაწირავს. იესო დღემდე ასრულებს მღვდელმთავრის მოვალეობას და გვშუამდგომლობს იეჰოვასთან (ებრ. 9:24). როცა ღვთის სამეფო დედამიწაზეც დაიწყებს მმართველობას, იესოს 144 000 ცხებულიც შეუერთდება, რათა მეფეებად და მღვდლებად იმსახურონ (1 პეტ. 1:3, 4; 2:9). ისინი იეჰოვასთან და იესოსთან ერთად ერთგულ ადამიანებს გაასრულყოფილებენ და დედამიწას სამოთხედ აქცევენ. მთელი გულით ველით დროს, როცა ისინი ბოლომდე მიიყვანენ ამ საქმეს.

10 როგორც დავინახეთ, მღვდელმსახურებას დიდი ხნის ისტორია აქვს და ეს ადამიანებს იეჰოვასთან აახლოებდა. შესაწირავების უმეტესობა, რომლებსაც მღვდლები სწირავდნენ, ერთგულ ისრაელებს გამოსასყიდის აუცილებლობას შეახსენებდა. ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს, სანამ გავსრულყოფილდებით, იეჰოვა კვლავ მღვდლების მეშვეობით იურთიერთებს ჩვენთან. შემდეგ კი შუამავლების საჭიროება აღარ იქნება. კიდევ რა მიზანს ემსახურება მღვდელმსახურება? ვისაუბროთ სხვა მხარეებზეც.

ᲛᲦᲕᲓᲔᲚᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲘᲡ ᲫᲦᲕᲔᲜᲘ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲖᲔ ᲛᲔᲢᲧᲕᲔᲚᲔᲑᲡ

11. საიდან ჩანს, რომ იეჰოვას ადამიანებთან ახლო ურთიერთობა სურს?

11 იეჰოვას ჩვენთან ახლო, მეგობრული ურთიერთობა სურს. მართალია, ცოდვამ იეჰოვას დაგვაშორა, მაგრამ მას სურს, დავუმეგობრდეთ, მისი კეთილგანწყობა მოვიპოვოთ და გადავრჩეთ (2 კორ. 5:18). იეჰოვას კარგად ესმის, რომ ცოდვილ მდგომარეობაში ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო აღმოვჩნდით. ამიტომ გულმოწყალებას იჩენს თითოეული ჩვენგანის მიმართ და გვეხმარება, სუფთა სინდისით ვემსახუროთ მას. ამის ცოდნა უფრო გვაყვარებს იეჰოვას.

12. რატომაა მანუგეშებელი იმის ცოდნა, რომ ღმერთთან იესო გვშუამავლობს? (ებრაელები 7:25; იხილეთ სურათიც).

12 იესოსაც სურს, რომ ახლო ურთიერთობა გვქონდეს მამასთან. როგორც მღვდელმთავარი, ის იეჰოვასთან გვშუამავლობს (1 იოან. 2:1; წაიკითხეთ ებრაელების 7:25). რა ფაქტორებს ითვალისწინებს ის ამ დროს? მაგალითად იმას, თუ რა გარემოში აღვიზარდეთ, რა გამოვიარეთ ცხოვრებაში, როგორი ჯანმრთელობა ან ემოციური მდგომარეობა გვაქვს. მას არც ჩვენი კარგი თვისებები და საქმეები რჩება მხედველობიდან და არც ის, თუ რამდენი გაგვიკეთებია იეჰოვასთვის. მან იცის ჩვენი ფიქრები და გრძნობები. ისიც, თუ რამდენად ხშირად ვლოცულობთ და ვთხოვთ იეჰოვას პატიებას. ხედავს ჩვენს მცდელობას, რომ უკეთესები გავხდეთ. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა მზადაა, მოუსმინოს იესოს, როცა მასთან ჩვენი სახელით წარდგება, რადგან თანამგრძნობი და მპატიებელი ღმერთია (ფსალმ. 86:5). თანაც, თავად იეჰოვამ დაგვიყენა იესო შუამავლად.

ფოტოკოლაჟი: იესო იეჰოვას უჩვენებს, რა სულიერი საქმეებით არიან დაკავებული მისი მსახურები. 1) ერთი ძმა მოხსენებას წარმოთქვამს; 2) ახალგაზრდა და კლასელის შემოთავაზებაზე უარს ამბობს; 3) ახალგაზრდა ძმას, რომელიც სამშენებლო პროექტზეა, ფიცარი მიაქვს; 4) დები კარდაკარ მობინადრეს ჟურნალს უჩვენებენ; 5) ეტლში მჯდომი მოხუცი და ლოცულობს; 6) ერთი ძმა ბიბლიას კითხულობს; 7) ახალგაზრდა ძმას სურსათი მიაქვს ხანში შესული ძმისთვის, რომელსაც ხელჯოხი უჭირავს.

იესოს, ჩვენს მღვდელმთავარს, ყურადღების მიღმა არ რჩება ჩვენი კარგი მოტივები და საქმეები. ის ხედავს, რომ იეჰოვას პატიებას ვთხოვთ და ვცდილობთ, დავიხვეწოთ. (იხილეთ აბზაცი 12)


13. კიდევ რატომ დაგვიყენა იეჰოვამ იესო მღვდელმთავრად და რაში გვეხმარება ამის ცოდნა? (ებრაელები 4:16).

13 იეჰოვას სურს, თავისუფლად ვიურთიერთოთ მასთან (წაიკითხეთ ებრაელების 4:16). იესოს, ჩვენი მღვდელმთავრის მეშვეობით შეგვიძლია ნებისმიერ დროს მივმართოთ იეჰოვას. მამას სიამოვნებს ჩვენი ლოცვების მოსმენა. ამით ვაჩვენებთ, რომ ვენდობით მას. მართალია, ზოგჯერ გვიჭირს სათქმელის სიტყვებით გადმოცემა ან ისეთ სტრესში ვართ, ისიც არ ვიცით, რა ვთხოვოთ, თუმცა იეჰოვა ყურადღებით გვისმენს, ესმის ჩვენი და გვპასუხობს (რომ. 8:26). ასე რომ, მოდი ყოველთვის თავისუფლად გავუზიაროთ ჩვენი განცდები იეჰოვას, მოსიყვარულე და თანამგრძნობ მამას.

14. რით ცხადყო იეჰოვამ, რომ სურს, მარადიულად ვიცხოვროთ?

14 იეჰოვას სურს, რომ მარადიულად ვიცხოვროთ (ეზეკ. 33:11). ცხოველურ შესაწირავებს არ ჰქონდა იმის ძალა, რომ სრულად გამოესყიდა ღვთის თაყვანისმცემლების ცოდვები (ებრ. 7:19). ეს იმაზე მიანიშნებდა, რომ საჭირო იყო სრულყოფილი მსხვერპლი. მხოლოდ იესოს მსხვერპლს შეუძლია ბოლომდე წაშალოს ჩვენი ცოდვები და კარი გაგვიხსნას მარადიული სიცოცხლისკენ. უზომოდ მადლიერი ვართ, რომ იეჰოვამ ასეთი შესანიშნავი შესაძლებლობა მოგვცა (1 იოან. 4:10).

15. როგორი ადამიანები აირჩია იეჰოვამ მღვდლებად და რაზე მოწმობს ეს?

15 იეჰოვას სიყვარულს იმაშიც ვხედავთ, თუ როგორ ადამიანებს ირჩევს მღვდლებად. იესოს მსგავსად ცხებულებმაც სიცოცხლის ბოლომდე უნდა უერთგულონ იეჰოვას (ფილ. 2:8; გამოცხ. 2:10). ჩვენ გვჯერა, რომ ისინი ათასწლიანი მმართველობის დროსაც ერთგულებას გამოიჩენენ და გასრულყოფილებაში დაგვეხმარებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოოდ გავთავისუფლდებით მემკვიდრეობითი ცოდვისგან. ეს პროცესი ათასი წლის ბოლოს დასრულდება, როცა ღვთის ჩანაფიქრი დედამიწასა და ადამიანებთან დაკავშირებით საბოლოოდ განხორციელდება (გამოცხ. 22:1, 2). ეს ყველაფერი კი იესოს მსხვერპლის საფუძველზე გახდება შესაძლებელი.

16. როგორ გვარწმუნებს ებრაელების 4:15, რომ იესო საუკეთესო კანდიდატია მღვდელმთავრობისთვის?

16 თამამად შეიძლება ითქვას, რომ იესო თანამგრძნობი მღვდელმთავარია, რადგან დედამიწაზე მსახურების დროს ბევრ ისეთ სირთულეს შეხვდა, რასაც ჩვენც ხშირად ვხვდებით (წაიკითხეთ ებრაელების 4:15). მაგალითად, ზოგჯერ თავს ისე ხომ არ გრძნობთ, თითქოს ძალები აღარ შეგრჩათ? იესოც არაერთხელ დაქანცულა (იოან. 4:6). შეუწუხებიხართ შიმშილის ან წყურვილის გრძნობას? იესოსაც გამოუცდია ეს (მათ. 4:2; იოან. 19:28). რწმენის გამო წინააღმდეგობისა და დაცინვის ატანა ხომ არ გიწევთ? იესომ საკუთარ თავზე იწვნია ერთიც და მეორეც (ეს. 50:6; იოან. 15:20). ძვირფასი ადამიანი ხომ არ დაგეღუპათ? იესომაც გამოსცადა ეს გრძნობა, როცა სიკვდილმა ძვირფასი მეგობარი, ლაზარე წაართვა. როგორც ჩანს, მისი მამობილი იოსებიც მის სიცოცხლეში დაიღუპა. ასე რომ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ იესო, ჩვენი მღვდელმთავარი, ბოლომდე გაგვიგებს და თანაგვიგრძნობს, რადგან ყოველმხრივ გამოიცადა.

17. რა გვარწმუნებს, რომ ცხებულებიც თანაუგრძნობენ და გაუგებენ ადამიანებს?

17 ცხებული ქრისტიანები იესოს მსგავსად თანაუგრძნობენ და ბოლომდე გაუგებენ ადამიანებს გასრულყოფილების პროცესში. ერთ დროს ისინიც არასრულყოფილები და ცოდვილები იყვნენ. მათაც გასჩენიათ დაშვებული შეცდომის გამო დანაშაულის გრძნობა; გამოუცდიათ ფიზიკური თუ ემოციური ჯანმრთელობის პრობლემები. ეს ჯგუფი სხვადასხვა წარმომავლობის, კულტურის, სქესის, ეპოქის და გამოცდილების მქონე ადამიანებისგან შედგება. რა სიტუაციასაც არ უნდა შეხვდეთ, დარწმუნებული იყავით, რომ 144 000-დან რომელიმესთვის მაინც იქნება ნაცნობი და გაგიგებთ.

18. რას ვიგებთ იეჰოვას შესახებ ამ სტატიიდან და რა გრძნობებს იწვევს ეს თქვენში?

18 მღვდელმსახურების მიღმა კარგად ჩანს იეჰოვას თვისებები: სიყვარული, თანაგრძნობა და გულმოწყალება. სატანისგან განსხვავებით იეჰოვა ჩასაფრებული არ არის და არ ცდილობს, რაიმეში ბრალი დაგვდოს (გამოცხ. 12:10). როგორც ამ სტატიიდან დავინახეთ, იეჰოვამ ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ მას დავახლოებოდით. ისიც დაგვანახვა, რომ შეგვიძლია მის თვალში კეთილგანწყობა მოვიპოვოთ. ამის ცოდნა უფრო გვაყვარებს მას და იმაშიც გვარწმუნებს, რომ ვუყვარვართ და გვპატიობს.

19. საიდან ჩანს, რომ იეჰოვას ესმის, რას განვიცდით?

19 ამ სტატიიდან ისიც დავინახეთ, რომ იეჰოვას ბოლომდე ესმის ჩვენი, როცა თავს უღირსად ვგრძნობთ და ვთვლით, რომ ის ვერ შეგვიყვარებს. მას „ახსოვს, რომ მტვერი ვართ“ (ფსალმ. 103:14). იეჰოვა წარსულით არ გვაფასებს, დადებითზე აკეთებს აქცენტს და ჩვენში პოტენციალს ხედავს. ასე რომ, თუ ჩვენი შეცდომებისა და ცოდვების მიღმა ვერაფერს ვამჩნევთ, უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ „ღმერთი ჩვენს გულზე დიდია და მან ყველაფერი იცის“ (1 იოან. 3:20).

20. რისთვის ხართ მადლიერი და როგორ გინდათ, ეს გამოხატოთ?

20 როგორც ამ სტატიიდან დავინახეთ, იეჰოვამ მღვდელმსახურების მეშვეობით მასთან დაახლოების და თაყვანისცემის საშუალება მოგვცა. მას სურს, რომ ვისარგებლოთ ამ შესაძლებლობით. მღვდელმსახურების წყალობით არასრულყოფილ ადამიანსა და ღმერთს შორის გაჩენილი უფსკრული აღარ არსებობს. ამიტომ, როგორც ებრაელების 4:16 მოგვიწოდებს, „თამამად მივუახლოვდეთ ლოცვით წყალობის ტახტს, რათა ღმერთმა თანაგრძნობა და წყალობა გამოავლინოს ჩვენდამი საჭირო დროს“.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲑᲗ?

  • რატომ შემოიღო იეჰოვამ მღვდელმსახურება?

  • რა როლს ასრულებდა მღვდელმსახურება საუკუნეების მანძილზე?

  • როგორ ჩანს იეჰოვას სიყვარული მღვდელმსახურების მიღმა?

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 16 ადიდეთ იაჰი ცხებული ძის გამო

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება