გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენები
მთელი მსოფლიოდან მიღებული ანგარიშები იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვას მოწმეები დღეს ისე, როგორც არასდროს გულმოდგინედ ქადაგებენ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ „მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“ (მათ. 24:14). მათი მოთმინებისა და ერთიანობის, დაუღალავი შრომისა და უანგარო სიყვარულის წყალობით იეჰოვას სიტყვა ყველგან ისმის და ღვთისადმი მათი რწმენა ყველგან ვრცელდება (1 თეს. 1:8).
თაყვანისცემის საღამო ოჯახებს აღაშენებს და სიამოვნებას ანიჭებს
2009 წლის 1 იანვარს იეჰოვას მოწმეებმა კრების შეხვედრების განრიგში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანეს. წიგნის შესწავლის სახელი კრების ბიბლიის შესწავლის სახელით შეიცვალა და ახლა თეოკრატიული მსახურების სკოლასა და სამსახურებრივ შეხვედრასთან ერთად ტარდება. ხელმძღვანელმა საბჭომ მოუწოდა ყველას, რომ წიგნის შესწავლისთვის განკუთვნილი საღამო ოჯახთან ერთად თაყვანისცემისთვის დაეთმოთ.
როგორ შეხვდნენ იეჰოვას მსახურები ამ ცვლილებას? ბევრი იზიარებს ერთი ოჯახისთავის სიტყვებს: „გმადლობთ, გმადლობთ და კიდევ ერთხელ გმადლობთ. სიტყვები არ მყოფნის იმის გადმოსაცემად, თუ როგორ გვეხმარება მე და ჩემს ცოლს ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამო. ჩვენ უფრო შევიყვარეთ იეჰოვა და ერთმანეთს დავუახლოვდით. ეს მართლაც ბრძნული და შესანიშნავი საჩუქარია ჩვენი ზეციერი მამისგან“.
რას აკეთებენ ოჯახები იმისათვის, რომ მაქსიმალურად სასარგებლო აღმოჩნდეს თაყვანისცემისთვის განკუთვნილი საღამო მათთვის? ერთი დედა წერს: «ზოგ საღამოს „გამოიღვიძეთ!“-ის 31-ე გვერდს ვკითხულობთ, ზოგჯერ კი ორგანიზაციის რომელიმე ვიდეოფილმს ვუყურებთ. გარდა იმისა, რომ ბავშვები სხვადასხვა საკითხს პირადად იკვლევენ, მათ ძალიან მოსწონთ ისიც, რასაც ოჯახური თაყვანისცემის საღამოზე სწავლობენ. მათ დავალებას ვაძლევთ, რომ ერთი თვის განმავლობაში მეტი ინფორმაცია გაიგონ რომელიმე ბიბლიურ პერსონაჟზე და მეორე თვეს ერთ-ერთ თაყვანისცემის საღამოზე გაგვაცნონ. იმავეს ვაკეთებთ მე და ჩემი მეუღლეც. ჩვენმა ათი წლის ვაჟმა ბრწყინვალე მოხსენება წარმოგვიდგინა ნოეზე. მან ისიც გვითხრა, როგორ შეგვიძლია ამ ინფორმაციის გამოყენება დღეს. ბოლოს გვიჩვენა თავისი ხელით გაკეთებული ნოეს კიდობნის მაკეტი. მომდევნო კვირას ჩვენმა გოგონამ მოციქულ პავლეს მისიონერულ მოგზაურობებზე ისაუბრა. მხურვალე აპლოდისმენტების შემდეგ თავისი გამოსვლის მეორე ნაწილში, რომელსაც „გახსოვთ თუ არა?“ უწოდა, ბევრი კითხვა დაგვისვა. ეს შესანიშნავი იყო!» ამ ოჯახისთვის ეს ღონისძიება მართლაც დიდი კურთხევა აღმოჩნდა. ეს და დასძენს: „გასული წლის განმავლობაში მე და ჩემს მეუღლეს ბევრ პრობლემასთან მოგვიწია ჭიდილი და ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამო სწორედ ის აღმოჩნდა, რაც ნამდვილად გვჭირდებოდა“.
ერთი და გვწერს: „მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ ღონისძიებისთვის, რომელმაც სულიერად გამომაფხიზლა. მას შემდეგ, რაც შვილები გაიზარდნენ და სახლიდან წავიდნენ, მე და ჩემი მეუღლე რეგულარულად აღარ ვატარებდით ოჯახურ შესწავლას. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ხშირად შესწავლა ორ საათს გრძელდება და დრო ისე გადის, ვერც კი ვგრძნობთ!“
დიდი გასაჭირი დღითი დღე გვიახლოვდება, ოჯახთან ერთად თაყვანისცემა კი დაგეხმარებათ უფრო ღრმად გამოიკვლიოთ ღვთის სიტყვა და განგამტკიცებთ სულიერად, რათა წინააღმდეგობა გაუწიოთ ეშმაკს. მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს ძვირფასი დრო, რათა დაუახლოვდეთ „ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკ. 4:7, 8).
ბიბლიის შესწავლის დასაწყებად გაწეული ძალისხმევა
ხელმძღვანელმა საბჭომ მოუწოდა კრებებს, რომ 2009 წლის იანვრიდან ყოველთვიურად ერთი შაბათი ან კვირა დაეთმოთ ბიბლიის შესწავლების შეთავაზებისთვის. რა მოჰყვა ამას შედეგად? ბევრი მაუწყებელი გააოცა იმან, რომ შესწავლის შეთავაზება იმაზე ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე ეგონათ. მათ ასევე დიდი სიხარული მოჰგვარა იმის დანახვამ, რომ სხვადასხვა ასაკისა თუ წარმოშობის ადამიანი იწყებს შესწავლას წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. როგორც მიმომსვლელი ზედამხედველები იუწყებიან, კრებები ენთუზიაზმით შეხვდნენ ამ სიახლეს და პირვანდელი შედეგები იმედის მომცემია. მაგალითად, იტალიაში პირველი ხუთი თვის განმავლობაში მაუწყებლებმა 8 000-ზე მეტი ბიბლიის შესწავლა დაიწყეს.
მაუწყებლები, რომლებსაც არასდროს ჰქონიათ ბიბლიის შესწავლები, ახლა განმეორებით მონახულებებს აკეთებენ და ბიბლიის შესწავლებს იწყებენ. პერუში მცხოვრები კაროლინა წერს: „აქამდე ბიბლიის შესწავლა არასდროს მქონია, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოვისმინე მოწოდება, თვეში ერთი დღე ბიბლიის შესწავლების შეთავაზებისთვის დაგვეთმო, მიხვდი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, ამ საქმისთვის მეტი ყურადღება მიმექცია. ხალხს ვაჩვენებ, რომ ბიბლიის შესწავლა საკმაოდ ადვილია და არცთუ ისე ბევრი დრო მიაქვს. კრებაში მიღებული რჩევების გათვალისწინებით საუკეთესო შედეგს მივაღწიე — დღეს უკვე ორი ბიბლიის შესწავლა მაქვს და ამისთვის იეჰოვას ვუხდი მადლობას“.
დიდ ბრიტანეთში მცხოვრები პიონერი და, სეტიე, ვერ ბედავდა ბიბლიის შესწავლის შეთავაზებას პირველივე მონახულებისას. მაგრამ ბიბლიის შესწავლის შეთავაზებისთვის განკუთვნილ დღეს გადაწყვიტა, სახლში ისე არ დაბრუნებულიყო, რომ ვინმესთვის შესწავლა არ შეეთავაზებინა. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ერთი ქალბატონი მაშინვე დათანხმდა მის შეთავაზებას. ეს ბევრად უფრო ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე სეტიე ფიქრობდა.
პალერმოში (სიცილია) მცხოვრები ახალგაზრდა პიონერი ძმა, ლუკა, რეგულარულად უტოვებდა ჩვენს ჟურნალებს ერთ ქვრივ ქალს, რომელსაც უცხოების სახლში შეყვანის ეშინოდა. ერთ შაბათ დღეს, რომელიც ბიბლიის შესწავლების შეთავაზებისთვის იყო განკუთვნილი, ლუკა მივიდა ამ ქვრივთან, აჩვენა წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ და იქიდან პატარა მონაკვეთი ამოუკითხა. ქალბატონი ძალიან დაინტერესდა წიგნით და ლუკას გამოელაპარაკა. ლუკამ უთხრა მას, რომ ეს წიგნი ყველა მის კითხვას გასცემდა პასუხს, მათ შორის იმასაც, ნახავდა თუ არა ოდესმე თავის გარდაცვლილ მეუღლეს. ძმამ წიგნი 72-ე გვერდზე გადაუშალა და აუხსნა, თუ ვინ აღდგებოდა მკვდრეთით. ბიბლიურმა იმედმა ქალბატონი სულით ხორცამდე შეძრა და შესწავლა დაიწყო. ახლა ის რეგულარულად სწავლობს ბიბლიას და აღარ ეშინია მოწმეების სახლში შეშვების.
პერუში მცხოვრები ერთი სარაიონო ზედამხედველი იტყობინება: „ეს ღონისძიება თავიდანვე დაეხმარა კრებების უმეტესობას, უფრო მეტი ბიბლიის შესწავლების დაწყებაში. ჩიკლაიოს ერთმა კრებამ სულ რაღაც ერთ თვეში 25 ახალი შესწავლა დაიწყო, ჩეპენში კი 24 ახალი ბიბლიის შესწავლა დაიწყეს“.
ჩვენი პატარა მაუწყებლებიც წარმატებით იწყებენ ბიბლიის შესწავლებს. სან-პაულუში (ბრაზილია) მცხოვრები 11 წლის ჯოვანა გვიყვება: «ერთ შაბათ დღეს დედაჩემთან ერთად ვმსახურობდი კარდაკარ და ბიბლიის შესწავლებს ვთავაზობდი წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია?“. პირველივე კარი ცნობილმა ბიზნესმენმა გააღო და ვკითხე, სჯეროდა თუ არა, რომ ბიბლია ღვთის წიგნი იყო. მჯერაო, — მითხრა მან და მეც ამოვუკითხე მეორე ტიმოთეს 3:16. როგორც თავად თქვა, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ასეთი პატარა გოგონა ასეთ მშვენიერ საკითხებზე საუბრობდა და წიგნი გამომართვა.
ამ კაცთან განმეორებით მონახულებაზე პაპაჩემი წავიყვანე, რადგან იცნობდა ამ ბიზნესმენს. მან სახლში შეგვიპატიჟა. გადავშალე წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ სარჩევზე და ვთხოვე, ამოერჩია მისთვის საინტერესო საკითხი. მან ამოარჩია მე-11 თავი „რატომ უშვებს ღმერთი ადამიანთა ტანჯვას?“. პირველი ორი აბზაცის წაკითხვის შემდეგ მან და მისმა ცოლმა ბევრი შეკითხვა დაგვისვეს. ძალიან გაუხარდათ, რომ მათ ყველა კითხვაზე იყო ბიბლიაში პასუხი და შესწავლის დაწყებაზე დაგვთანხმდნენ. ბედნიერი ვიყავი, რადგან ბიბლიის შესწავლა პირველივე კართან დავიწყე».
ცხადია, ყველა არ იწყებს ბიბლიის შესწავლას და, ვინც იწყებს, მათგან ყველა არ აგრძელებს. მაგრამ ჩვენ, როგორც ღვთის თანამშრომლები, შეძლებისდაგვარად ყველას ვთავაზობთ ბიბლიის შესწავლას, რადგან კარგად ვიცით, რომ სატანის ქვეყნიერების აღსასრულამდე იეჰოვა ცხვრისმაგვარ ადამიანებს იზიდავს თავის ორგანიზაციაში (იოან. 6:44; 1 კორ. 3:9).
ტექნოლოგიები აჩქარებს სამეფოს საქმეს
იეჰოვას ხალხს ახარებს ის, რომ მათ თვალწინ სრულდება ესაიას წიგნში ჩაწერილი ამაღელვებელი წინასწარმეტყველება: „მცირე ათასად გადაიქცევა, პატარა — ძლიერ ხალხად. მე, იეჰოვა, თავის დროზე დავაჩქარებ ამას“ (ეს. 60:22). ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა კვლავაც გამოიყენებს ტექნოლოგიურ სიახლეებს, რათა დააჩქაროს სულიერი ზრდა ამ განსაკუთრებულ დროს. ამიტომ ხელმძღვანელი საბჭოს ნებართვით მთელ მსოფლიოში არსებული ყველა ფილიალისთვის შეიქმნა ადმინისტრაციული პროგრამული უზრუნველყოფა.
პროგრამისტთა ჯგუფი, რომელიც სამხრეთ აფრიკის ფილიალში იყო, გადაიყვანეს მსოფლიო მთავარ სამმართველოში (ბრუკლინი, ნიუ-იორკი), სადაც ისინი განაგრძობენ ამ სისტემის დახვეწასა და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფას. დაახლოებით 20 ფილიალი, როგორც რეგიონალური დახმარების ცენტრები, ეხმარება ახლომდებარე ფილიალებს, ისარგებლონ ამ პროგრამული უზრუნველყოფით.
რით არის კარგი ეს პროგრამული უზრუნველყოფა? რადგან ყველა ფილიალი ამ პროგრამული უზრუნველყოფით სარგებლობს, მათ შეუძლიათ ერთმანეთში ინფორმაციის გაცვლა. მაგალითად, მთელ მსოფლიოში ის ფილიალები, სადაც სტამბებია, ხედავენ სხვა ფილიალების ლიტერატურის მარაგს. თუ ერთ ფილიალს დაუგროვდა რომელიმე პუბლიკაცია, მაშინ მეორე ფილიალი გამოიყენებს არსებულ მარაგს და თვითონ აღარ დაბეჭდავს ამ პუბლიკაციას. გარდა ამისა, არსებული შეკვეთების საფუძველზე პროგრამას შეუძლია განსაზღვროს, თუ რა რაოდენობის ლიტერატურა დასჭირდება ამა თუ იმ ფილიალს. პროგრამის წყალობით ფილიალებში ლიტერატურა აღარ გროვდება.
პროგრამულმა უზრუნველყოფამ გაუადვილა ბეთელის სხვადასხვა განყოფილებას ჟურნალებისა და სხვა ლიტერატურის შეკვეთა, ყოველწლიური სამქადაგებლო მსახურების ანგარიშების შედგენა, კონგრესების ორგანიზება და სარაიონო ზედამხედველებისა და სპეციალური პიონერების დანიშვნა. ის ასევე აადვილებს მომარაგებას, ინვენტარიზაციასა და საბუღალტრო საქმეს და იმის საშუალებასაც გვაძლევს, რომ იშვიათად გამოვიყენოთ კომერციული პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს.
სულიერი სინათლე ინტერნეტით ანათებს
როგორც სინათლე აღწევს ყველა კუთხე-კუნჭულში, ისე ღვთის ხალხი დედამიწის ყველა კუთხეში ანათებს თავისი სინათლით (მათ. 5:16). სულიერი სინათლის შორეულ ადგილებამდე მისაღწევად ერთ-ერთი ეფექტური საშუალება აღმოჩნდა ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდი: www.watchtower.org. ამ ვებ-გვერდზე განთავსებულია ჩვენი ჟურნალების სხვადასხვა სტატიები, ტრაქტატები და ბროშურები 383 ენაზე და „ბიბლია — ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ 11 ენაზე. მთლიანობაში ვებ-გვერდზე 700-ზე მეტი სტატიის წაკითხვაა შესაძლებელი. ჰოუმ-პეიჯზე, რომელიც ყოველკვირეულად ახლდება, განთავსებულია აქტუალური სტატიები უახლესი ჟურნალებიდან. რა შედეგები მოჰყვა იმას, რომ ინტერნეტით შესაძლებელი გახდა ჩვენი პუბლიკაციების ამდენ ენაზე წაკითხვა?
ფლორიდაში (აშშ) მცხოვრებმა პატმა ვებ-გვერდის საშუალებით სწრაფად შეძლო უცხო ენაზე სასურველი პუბლიკაციის პოვნა. ის წერს: «მას შემდეგ, რაც დავამთავრეთ ტრაქტატის „გინდათ იცოდეთ სიმართლე?“ გავრცელება, ინტერნეტიდან ამოვბეჭდე ეს ტრაქტატი სხვადასხვა ენაზე მათთვის, ვინც მართალია ინგლისური ტრაქტატი აიღო, მაგრამ სხვა ენაზე ერჩია წაკითხვა». რა შედეგი გამოიღო ამან?
პატმა ერთი ტრაქტატი ამობეჭდა ტაი ენაზე მოლაპარაკე ბაზარში მოვაჭრე ქალბატონისთვის. ქალბატონს ძალიან გაუხარდა და გაოცებას ვერ მალავდა, რომ პატმა ასე მალე იშოვა ტრაქტატი მის მშობლიურ ენაზე. მან და რამდენიმე კლიენტმა ითხოვეს ჩვენი ვებ-გვერდის მისამართი, რათა თავად შესულიყვნენ ამ საიტზე. ერთ-ერთმა ქალმა პატი თავისთან მიიწვია სახლში საუბრის გასაგრძელებლად. პატის მსგავსად ბევრმა დაინახა, თუ რამდენად მოსახერხებელია, უცხო ენაზე მოლაპარაკე დაინტერესებული ადამიანებისთვის ამობეჭდონ რამდენიმე სტატია სხვადასხვა ენაზე ამ ვებ-გვერდიდან.
გასულ წელს ჩვენს ვებ-გვერდს ყველა კონტინენტიდან 24 მილიონზე მეტი ადამიანი ესტუმრა. 2007 წლიდან მოყოლებული ვებ-გვერდის სტუმართა რიცხვი 33 პროცენტით გაიზარდა. დედამიწის ყველა კუთხეში, მათ შორის შორეულ კუნძულებზე, მცხოვრები ადამიანები ითხოვენ, რომ იეჰოვას მოწმეებმა მიაკითხონ ან ბიბლია ასწავლონ. 2007 წლის შემდეგ 55 პროცენტით გაიზარდა ორგანიზაციაში გაგზავნილი ელექტრონული „ტალონების“ რაოდენობა. სულიერი სინათლე მართლაც კაშკაშებს დედამიწის ყველა კუთხეში ჩვენი ზეციერი მამის განსადიდებლად (მათ. 5:16).
ზემოხსენებული ვებ-გვერდის გარდა იეჰოვას მოწმეებმა შექმნეს სხვა ვებ-გვერდი: www.jw.org, სადაც განთავსებულია ჩვენი ძირითადი პუბლიკაციების აუდიოჩანაწერები. რა პრაქტიკული ღირებულება აქვს ამ ვებ-გვერდს?
ბევრი ეთანხმება მისურში (აშშ) მცხოვრებ ტრიშას, რომელიც ამბობს: „ერთი სული მაქვს, როდის მოვა ხუთშაბათი“. რატომ ამბობს ის ამას? ხუთშაბათია ის დღე, როცა ტრიშას შეუძლია ჩვენი ვებ-გვერდიდან (www.jw.org) გადმოტვირთოს „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის ახალი აუდიოჩანაწერები. მთელ მსოფლიოში ტრიშას მსგავსად ათასობით ჩვენი და-ძმა რეგულარულად სტუმრობს ამ სულიერად მდიდარ ვებ-გვერდს. მათ შეუძლიათ გადმოტვირთონ ჟურნალების, ბიბლიის, დრამების, წიგნების, ბროშურებისა და ტრაქტატების აუდიოჩანაწერები 27 ენაზე. პუბლიკაციები ასევე განთავსებულია ამერიკულ ჟესტების ენაზე ორი გავრცელებული ვიდეო ფორმატის სახით.
ვინ ტვირთავს პუბლიკაციებს ამ ვებ-გვერდიდან? ძირითადად ჩვენი სულიერი და-ძმები. თუმცა ამით სარგებლობენ სხვა ადამიანებიც 200-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ისეთ ქვეყნებში, სადაც ჩვენი საქმიანობა შეზღუდულია. ჩვენს ვებ-გვერდს სტუმრობენ პაპუა-ახალ გვინეაში, წმინდა ელენეს კუნძულზე და ანტარქტიდაზეც კი. რა სარგებლობას იღებენ ამ აუდიოჩანაწერებიდან ჩვენი თანაქრისტიანები? მაგალითად, საფრანგეთის პოლინეზიაში იეჰოვას მოწმეები ჟურნალებს ხშირად დაგვიანებით იღებენ. მაგრამ, რადგან შორეულ კუნძულებზეც არის ინტერნეტ-კავშირი, იეჰოვას მოწმეებს იმავე დღეს შეუძლიათ ჟურნალების აუდიოჩანაწერების მოსმენა, რა დღესაც ისინი განთავსდება ვებ-გვერდზე.
დებორას, რომელიც ილინოისში (აშშ) ცხოვრობს, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს, რის გამოც ხშირად ვერ ესწრება კრების შეხვედრებს და წაკითხულიც მალევე ავიწყდება. ის ვებ-გვერდიდან იღებს ჩვენი პუბლიკაციების აუდიოჩანაწერებს. „უკეთესად ვიმახსოვრებ მასალას და შემიძლია დამაჯერებლად ვიმსჯელო მოსმენილ საკითხებზე“, — ამბობს დებორა.
ტეხასის (აშშ) ერთ-ერთ პატარა ქალაქში მცხოვრები ცოლ-ქმარი ბიბლიას ასწავლის ერთ ციმბირელ ქალს. მათ უხარიათ, რომ შეუძლიათ მისთვის ვებ-გვერდიდან გადმოტვირთონ ჟურნალების აუდიოჩანაწერები რუსულ ენაზე. კალიფორნიაში (აშშ) ერთი ძმა დილაადრიან დარბის და თან უსმენს ჩვენი ჟურნალების აუდიოჩანაწერებს.
ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე პატარა ქალაქში მცხოვრები ერთი ცოლ-ქმარი ყოველკვირეულად იღებს ვებ-გვერდიდან აუდიოჩანაწერებს კრების შეხვედრებზე მოსამზადებლად — „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიას, განსახილველ მასალას წიგნებიდან „დარჩით ღვთის სიყვარულში“ და „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“, ასევე იმ კვირისთვის განკუთვნილ წასაკითხ მასალას ბიბლიიდან. ისინი მთელი კვირის განმავლობაში უსმენენ ამ აუდიოჩანაწერებს. ქმარი ამბობს: „დავინახეთ, რომ მე და ჩემი მეუღლე სულიერ საკითხებზე გაცილებით მეტს ვლაპარაკობთ, ვიდრე სამსახურის პრობლემებზე“. მთელ მსოფლიოში ბევრი ოჯახი იქცევა მათ მსგავსად.
ყოველ კვირა, განსაკუთრებით კი სამშაბათობით, ათასობით ადამიანი იღებს ჩვენი ვებ-გვერდიდან ბიბლიის ყოველკვირეული კითხვის მასალას. შაბათ-კვირას კი ყველაზე მეტად ტვირთავენ „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიას. გარდა ამისა, კრების უხუცესებს შეუძლიათ ამობეჭდონ ორგანიზაციის ბლანკები და საჯარო მოხსენებების გეგმები. მთლიანობაში ასეთი ვებ-გვერდების წყალობით ორგანიზაცია ზოგავს დროს, ძალასა და თანხებს.
„ეს თქვენ დამოწმების შესაძლებლობას მოგცემთ“
იეჰოვას მოწმეები ყველანაირად ვცდილობთ, „წყნარად და მშვიდად ვიცხოვროთ ღვთისადმი სრული ერთგულებით“, თუმცა არ გვიკვირს, ზოგჯერ რომ გვდევნიან (1 ტიმ. 2:1, 2). იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები გააფრთხილა, რომ ხალხი შეიძულებდა მათ: „ხალხი შეგიპყრობთ და დევნას დაგიწყებთ, გადაგცემენ სინაგოგებსა და საპყრობილეებში, წაგიყვანენ მეფეებსა და გამგებლებთან ჩემი სახელის გამო“. თუმცა იესომ ისიც აღნიშნა, რომ წმინდა თაყვანისმცემლობის მტრები საწადელს ვერ მიაღწევდნენ. მან იწინასწარმეტყველა: „ეს თქვენ დამოწმების შესაძლებლობას მოგცემთ“ (ლუკ. 21:12, 13, 17).
იესოს წინასწარმეტყველების თანახმად იეჰოვას მოწმეებს მართლაც უწევთ არაერთ ქვეყანაში უსამართლობის ატანა. ბევრ ქვეყანაში სასამართლოში მოპოვებული გამარჯვებები ხელს უწყობს მათი კანონიერი უფლებების დაცვას, მათ შორის კარდაკარ მსახურებისა და ერთად შეკრების უფლებას. მართალია, პრობლემები ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესები მოვიგეთ, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი საქმიანობა რელიგიური ხასიათისაა.
ავსტრია.
ძმების 30-წლიანი მცდელობა დაფასდა, როცა 2009 წლის მაისში ავსტრიის განათლების, ხელოვნებისა და კულტურის ფედერალურმა სამინისტრომ იეჰოვას მოწმეებს რელიგიური ორგანიზაციებისთვის გათვალისწინებული ყველა უფლება მიანიჭა. ახლა იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია ავსტრიაში მე-14 რელიგიური მიმდინარეობაა, რომელიც ამ სტატუსით სარგებლობს. მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ 2008 წლის ივლისში იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი, ამ სასამართლოში კიდევ სამი საქმე გადაწყდა ავსტრიელი და-ძმების სასარგებლოდ. ამით საბოლოოდ დამტკიცდა, რომ იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია მართლაც რელიგიურია.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.
2005 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შრომის დეპარტამენტის წინააღმდეგ ქვეყნის ერთ-ერთ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს სამხრეთ აფრიკის „საგუშაგო კოშკისა და ტრაქტატების ორგანიზაციამ“ და იეჰოვას მოწმეების სპეციალურ სრული დროით მსახურთა მსოფლიო გაერთიანების წევრებმა, რომლებიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ბეთელში მსახურობენ. მოსარჩელე მხარე ითხოვდა, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსის თანახმად ბეთელის ოჯახის წევრები არ მიეჩნიათ დაქირავებულ მუშებად. 2009 წლის მარტში სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა და ისიც დაადასტურა, რომ ბეთელში რელიგიური ხასიათის სამუშაო სრულდება.
უგანდა.
2007 წელს უგანდის გადასახადებისა და შემოსავლების დეპარტამენტმა დაადგინა, რომ უგანდის საშემოსავლო გადასახადის კანონის თანახმად იეჰოვას მოწმეების სპეციალურ სრული დროით მსახურთა მსოფლიო გაერთიანების წევრები, რომლებიც უგანდის ბეთელში მსახურობენ, დაქირავებული მუშები არიან. ეს გადაწყვეტილება ბიბლიის მკვლევართა საერთაშორისო ასოციაციამ გაასაჩივრა და ქალაქ კამპალაში არსებულ უგანდის უზენაეს სასამართლოში სარჩელი შეიტანა ზემოხსენებული დეპარტამენტის წინააღმდეგ. 2009 წლის ივლისში უზენაესმა სასამართლომ ბიბლიის მკვლევართა საერთაშორისო ასოციაციის სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი და დაადგინა, რომ უგანდის ბეთელის ოჯახის წევრები დაქირავებული მუშები არ არიან. სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო, რომ ბეთელელები „შესრულებული სამუშაოს მიუხედავად ერთსა და იმავე რაოდენობის დახმარებას იღებენ“. სასამართლო დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ ბეთელელები რელიგიური გაერთიანების წევრები არიან, რომლებიც საკვებით, თავშესაფრითა და პირადი საჭიროებისთვის განკუთვნილი მცირე ფულადი დახმარებით არიან უზრუნველყოფილი, რათა უგანდაში თავიანთი ნებაყოფლობითი რელიგიური საქმიანობის გაგრძელება შეძლონ.
სომხეთი.
სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო ქვეყანაში კვლავ აპატიმრებენ წვევამდელი ასაკის იეჰოვას მოწმეებს. 2009 წლის აგვისტოში 74 ძმა იჯდა ციხეში. ქვეყნის ყველა სასამართლომ ძმების წინააღმდეგ გამოიტანა განაჩენი, ამიტომ მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად ორგანიზაციამ ოთხი საჩივარი შეიტანა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში. ქვეყანაში შესატანი ლიტერატურის განსაბაჟებლად სახელმწიფო კვლავ საკმაოდ მაღალ დამატებითი ღირებულების გადასახადს ითხოვს. მიუხედავად იმისა, გაათავისუფლებენ თუ არა ჩვენს ორგანიზაციას ამ უსამართლოდ დაკისრებული გადასახადისგან, დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძმები სომხეთში კვლავაც კარგად იქნებიან სულიერად დანაყრებული (ეს. 65:13).
აზერბაიჯანი.
ამ ქვეყანაში ჩვენს ძმებს კვლავ უწევთ თაყვანისცემის თავისუფლებისთვის ბრძოლა. მათთვის სულ უფრო და უფრო რთული ხდება ლიტერატურის მიღება და თაყვანისცემისთვის ერთად შეკრება. მათ იურიდიული სტატუსი მხოლოდ ქვეყნის დედაქალაქში, ბაქოში, აქვთ. სხვა ქალაქებში პოლიცია ხშირად არბევს კრების შეხვედრებს, რომლებიც ძმების სახლებში ტარდება. ძმები გადაჰყავთ პოლიციის განყოფილებებში და მათ საათობით უწევთ იქ ყოფნა. და ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ მოითხოვს რეგისტრაციას საკუთარ სახლებში შეხვედრების ჩატარებისთვის. 2009 წლის 9 აპრილს ძმებმა აზერბაიჯანის მთავრობას წერილობითი თხოვნით მიმართეს, რათა მთელ ქვეყანაში მოხდეს ჩვენი ორგანიზაციის რეგისტრირება. ვიმედოვნებთ, რომ რეგისტრაციის მიღების შემთხვევაში ჩვენს ძმებს ნაკლები პრობლემები ექნებათ.
ეგვიპტე.
ოფიციალური სტატუსის მისაღებად უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ეგვიპტელი ძმები ბელგიიდან, იტალიიდან და შეერთებული შტატებიდან ჩასულ ძმებთან ერთად არაერთხელ შეხვდნენ ეგვიპტის მთავრობის წარმომადგენლებს. ამ შეხვედრების შემდეგ ძმებმა სახელმწიფოსგან მიიღეს ნებართვა, საკუთარ სახლებში თაყვანისცემისთვის მაქსიმუმ 30-კაციან ჯგუფებად შეკრებილიყვნენ. თუმცა ქვეყანაში ჩვენს ძმებს კვლავ ცუდად ექცევიან. სახელმწიფო უშიშროების სამსახურები ძმებს თვალყურს ადევნებენ, პერიოდულად ხდება კრების წევრების დაკითხვა და დაშინება. გარდა იმისა, რომ ძმები სახელმწიფო მოხელეებს ხვდებიან, ისინი სასამართლოებსაც მიმართავენ ოფიციალური სტატუსის მისაღებად.
ერიტრეა.
2009 წლის 28 ივნისს ერთი კრების 23 წევრი დააპატიმრეს, რომელთა შორისაც იყვნენ მოხუცი დები და ორიდან ოთხ წლამდე ასაკის სამი ბავშვი. ეს ადამიანის ძირითადი უფლებების სრული იგნორირება იყო. მართალია, ხანდაზმული დები მოგვიანებით გაათავისუფლეს, მაგრამ ბავშვები თავიანთ დედებთან ერთად კვლავ ციხეში რჩებიან, მათი მამები კი კარგა ხანია, რაც იქ სხედან. ასე რომ, ახლა უკვე მთლიანი ოჯახები არიან ციხის საკნებში გამოკეტილი. დღეისათვის ერიტრეის ციხეებში მთლიანობაში 64 და-ძმა იმყოფება. მათ შორის არის სამი ძმა, რომელიც სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო 1994 წელს დააპატიმრეს. მათთვის არავის აუხსნია, რომელი კანონის დარღვევაში ედებათ ბრალი.
ინდოეთი.
უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში იეჰოვას მოწმეებს სამქადაგებლო მსახურების დროს არაერთხელ დასხმია ხალხის ბრბო თავს. მათ სიტყვიერ თუ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ, დაპატიმრებით ემუქრებიან და ლიტერატურას უწვავენ. ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა ნაცემი ძმები პოლიციის განყოფილებებში გადაიყვანეს, დააპატიმრეს და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც კი აღძრეს. გაშმაგებული ბრბო ხშირად უსაფუძვლოდ ადანაშაულებს ძმებს ადგილობრივი კანონების დარღვევაში და მთავრობისგან მათ დასჯას მოითხოვს.
2008 წლის დეკემბერში სამი იეჰოვას მოწმე (ბებია, შვილი და შვილიშვილი), რომლებიც კუნდაპურაში (კარნატაკა) ცხოვრობენ, სოფელ კონიში განმეორებით მონახულებაზე მივიდა ქალთან, რომელსაც ბიბლიის შესწავლა სურდა. ხუთმა-ექვსმა მამაკაცმა ისინი ძალით წაიყვანა პოლიციის განყოფილებაში. შეიკრიბა ბრბო და პოლიციამ დები კანონის დარღვევაში, კლასებს შორის შუღლის გაღვივებასა და სხვა რელიგიის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. საბოლოოდ, როგორც იქნა, მოწმეები სახლში გაუშვეს. ადვოკატები ეხმარებიან ამ და სხვა და-ძმებს მათი უფლებების დაცვაში.
მოლდოვა.
ტრანსნისტრიის თვითაღიარებულ რეგიონში მცხოვრები ძმები დიდი ენთუზიაზმით იცავენ სამეფოს ინტერესებს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 12 წელია, რაც მოწინააღმდეგეები მათი საქმიანობის აკრძალვასა და ლიკვიდაციას ცდილობენ. მართალია, პრობლემები ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ ძმებს იეჰოვას კურთხევები არ აკლიათ. მათ სამეფოს ინტერესების დასაცავად გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს სასამართლოებში. აი, ამის სამი მაგალითი: ერთი მართლმადიდებელი მღვდელი, რომელმაც სოფელ ორდაშეიში ორ დას ქადაგების დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, პასუხისგებაში მისცეს და ჯარიმა დააკისრეს; ტირასპოლის საქალაქო სასამართლომ იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ გადაწყვიტა საქმე, რომელიც ეხებოდა ჩვენი საქმიანობის დარეგისტრირებას ამ ქალაქში; სასამართლომ უკანონოდ ცნო ქალაქ რიბნიცას საგადასახადო ინსპექციის მიერ დაკისრებული გადასახადი, რომელიც მან სამეფო დარბაზის მშენებლობაზე მომუშავე მოხალისეთა საკვებზე დააწესა.
ყაზახეთი.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის საჩივრები და რამდენიმე გადაწყვეტილება ჩვენი ძმების სასარგებლოდ გამოიტანა. მანამდე ყიზილ-ორდას, ჩიმქენთისა და სარიაღაჩის სასამართლოებს გამოტანილი ჰქონდათ განაჩენი, რომლის თანახმადაც ჩვენი საქმიანობა 6 თვით უნდა შეჩერებულიყო. თუმცა 2008 წლის ნოემბერში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად აღდგენილ იქნა იეჰოვას მოწმეთა რელიგიური თავისუფლება ყიზილ-ორდას ოლქში, ჩიმქენთსა და მთელ სამხრეთ ყაზახეთში. გარდა ამისა 2008 წლის დეკემბერში ათირაუს საქალაქო სასამართლომ გამოიტანა დადგენილება, რომ ამ ქალაქში იეჰოვას მოწმეებს უფლება ჰქონდათ, დარეგისტრირებულიყვნენ, რასაც ქალაქის მთავრობა 7 წლის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა.
რუსეთი.
გასული სამსახურებრივი წლის განმავლობაში პროკურატურა და სხვა სახელმწიფო ორგანოები არაერთხელ მივიდნენ იეჰოვას მოწმეთა ადმინისტრაციულ ცენტრში, რათა რაიმე მიზეზი მოენახათ ჩვენი საქმიანობის ასაკრძალავად. გრძელდება ცალკეული იეჰოვას მოწმეების შევიწროება და მიმდინარეობს ასობით და-ძმის საქმიანობის უკანონო კვლევა-ძიება. ერთხელ, მას შემდეგ, რაც პოლიციამ დაარბია რელიგიური შეხვედრა, ფეხმძიმე დას მუცელი მოეშალა. 15 წლის ბიჭი, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა, უკანონოდ დააპატიმრეს. პროკურატურა ცდილობს, ექსტრემისტული საქმიანობის წინააღმდეგ კანონის საფუძველზე რამდენიმე კრების ლიკვიდაციასა და ჩვენი რელიგიური ლიტერატურის აკრძალვას. ამ უსაფუძვლო ბრალდებების შედეგად ჩვენი რელიგიური თავისუფლება მრავალი სახით ირღვევა სახელმწიფო ორგანოების მიერ. დაფიქსირდა ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაპატიმრებისა და დეპორტირების ფაქტები. ასევე ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს ოთხ უცხოელ იეჰოვას მოწმე იურისტს, რომლებიც ორგანიზაციის ინტერესების დასაცავად ჩადიოდნენ რუსეთში. მათგან ერთ-ერთი მოსკოვში ჩასვლისთანავე დააკავეს და 23 საათის განმავლობაში ჰყავდათ წინასწარი დაკავების საკანში.
ფედერალური უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა არაერთხელ გააუქმებინეს კრების შეხვედრებისა და კონგრესების ჩასატარებლად დადებული ხელშეკრულება დარბაზებისა და სტადიონების ადმინისტრაციებს. ხელისუფლების წარმომადგენლები ხელს უშლიან სამეფო დარბაზების მშენებლობას. ზოგ შემთხვევაში იეჰოვას მოწმეებს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში სდებენ ბრალს და დაპატიმრებულებს აწამებენ, რაც ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა.
სამხრეთი კორეა.
2008 წლის 16 ივნისს სამხრეთ კორეის მთავრობამ გააუქმა 2008 წლის 7 მაისს გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც მას, ვინც სამხედრო სამსახურზე უარს იტყოდა, ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურში მსახურების შესაძლებლობა მიეცემოდა. გამოცხადდა, რომ „სამხედრო სამსახურზე უარის თქმის საკითხი დამატებით გამოკვლევას საჭიროებდა და ფართომასშტაბიანი ერთსულოვნებით უნდა გადაწყვეტილიყო“. კორეის ეროვნულ კრებას დღემდე არ განუხილავს კანონპროექტი ალტერნატიულ სამსახურზე. ძმები ელოდებიან გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომელმაც უკვე მათი ორი საჩივარი დააკმაყოფილა. 2009 წლის იანვარში საპრეზიდენტო კომისიამ, რომელიც იკვლევს კორეის სამხედრო სამსახურში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილთა სიკვდილის მიზეზებს, აღიარა, რომ კორეის მთავრობას ბრალი ედება ხუთი იეჰოვას მოწმის ძალადობრივ სიკვდილში. ისინი გასული საუკუნის 70-იან და 80-იან წლებში იძულებით წაიყვანეს სამხედრო სამსახურში. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფოს მიიჩნევს დამნაშავედ სამხედრო სამსახურში მომხდარ მკვლელობებში.
ტაჯიკეთი.
2007 წელს ტაჯიკეთში იეჰოვას მოწმეთა რელიგიური ასოციაცია აიკრძალა და მებაჟეებმა გერმანიიდან გაგზავნილი ლიტერატურის კონფისკაცია მოახდინეს. ძმებმა საჩივარი შეიტანეს სამხედრო სასამართლოში, რომელმაც 2008 წლის სექტემბერში გამართულ პროცესზე არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა. მორიგი საჩივარი შეიტანეს უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიაში, რაც იმავე შედეგით დამთავრდა. ამ გადაწყვეტილებებით სასამართლომ მხარი დაუჭირა მთავრობას ჩვენი საქმიანობის აკრძალვასა და ლიტერატურის კონფისკაციაში. ორგანიზაცია ტაჯიკელი და-ძმების დასახმარებლად ძალისხმევას არ იშურებს.
თურქეთი.
ძმებს სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ. უკვე ორი წელია, რაც ერთი ძმა ციხეში ზის თავისი მტკიცე პოზიციის გამო. ბევრ წვევამდელ ძმას ემუქრებიან დაჯარიმებით, დაპატიმრებითა და სამუშაოდან გაგდებითაც კი. 2009 წლის მარტში ძმებს შეატყობინეს, რომ გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტმა დაიწყო იეჰოვას მოწმეთა ორი საქმის განხილვა.
გარდა ამისა, 2009 წლის მაისში ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ გადაწყვიტა სამი საჩივრის გაერთიანება იმის გამოსაკვლევად, დაირღვა თუ არა ექვსი ძმის უფლებები, რომელთაგან ოთხი ციხეში იჯდა. მადლიერნი ვართ, რომ ეს ორი იურიდიული ორგანო დაინტერესებულია ჩვენი საქმით და ვიმედოვნებთ, რომ მალე თურქეთში იეჰოვას მსახურები შვებას იგრძნობენ.
უზბეკეთი.
იეჰოვას თაყვანისმცემელთა იურიდიული უფლებები ისევ და ისევ ირღვევა და სახელმწიფოს ხელშეწყობით ჩვენს და-ძმებს სულ უფრო და უფრო მეტად ავიწროებენ. 2009 წლის 14 მაისს ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გაათავისუფლეს ორი ვაჟის მამა, რომელიც რელიგიის სწავლებისთვის იხდიდა სასჯელს. მას მეორე დღესვე დაატოვებინეს ქვეყანა და გაუშვეს ტაჯიკეთში, რომლის მოქალაქეც იყო. სამი ძმა კვლავ ციხეში რჩება „არალეგალური რელიგიური საქმიანობის“ ორგანიზებისთვის. მათი ადვოკატები აპირებენ ახალი საჩივრების შეტანას უზბეკეთის უზენაეს სასამართლოში. ადგილობრივი და უცხოეთიდან ჩასული ძმები არაერთხელ შეხვდნენ უზბეკეთის რელიგიურ საქმეთა სახელმწიფო კომიტეტსა და მის წარმომადგენლებს ამ პრობლემების მოგვარების მიზნით.
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო
სტრასბურგში (საფრანგეთი) ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში შეტანილია ავსტრიაში, აზერბაიჯანში, თურქეთში, კვიპროსზე, რუსეთში, საფრანგეთში, საქართველოში, სერბიასა და სომხეთში მცხოვრები იეჰოვას მოწმეების 22 საჩივარი. ეს საქმეები ეხება ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევას იმ ქვეყნებში, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენცია მოქმედებს. ცხრა საჩივარი ეხება სამხედრო სამსახურზე უარის თქმის უფლებას, შვიდი — რელიგიურ დევნასა და დისკრიმინაციას, ოთხი — იეჰოვას მოწმეთა იურიდიული პირის აკრძალვას ან რეგისტრაციის გაუქმებას, ორი კი — მთავრობისგან თაყვანისცემის მიზნით მშვიდობიანი შეკრებისთვის ხელის შეშლას.
2008 წლის 17 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ გადახედა საფრანგეთში იეჰოვას მოწმეთა ასოციაციის (Association Les Témoins de Jéhovah) მიერ საფრანგეთის მთავრობის წინააღმდეგ შეტანილ განცხადებას. საჩივარი ეხებოდა მთავრობის მიერ უსამართლოდ დაწესებულ 60-პროცენტიან გადასახადს 1993—1996 წლებში იეჰოვას მოწმეთა ასოციაციაში შესულ შესაწირავებზე. სასამართლო დაინტერესდა, ხომ არ იქნა დარღვეული ევროპის კონვენციის მე-9 მუხლი, რომელიც რელიგიის თავისუფლებას ეხება. საფრანგეთსა და ევრო საბჭოს სხვა ქვეყნებში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები დიდი ინტერესით ელიან, მიიღებს თუ არა სასამართლო ამ საქმეს განსახილველად.
იმ დროს, როცა სატანა ცდილობს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის ხელის შეშლას და „სირთულეებს ქმნის დადგენილებით“, იეჰოვას მსახურები ინარჩუნებენ მტკიცე რწმენას, რადგან იციან, რომ მსგავს სატანჯველს მათი საძმოც ხვდება ქვეყნიერებაში. ღვთის ჭეშმარიტო თაყვანისმცემლებო, კვლავ მტკიცედ აღუდექით წინ სატანას, ყველა თქვენი საწუხარი წყალობის ღმერთს მიანდეთ და გჯეროდეთ, რომ ის იზრუნებს თქვენზე, განგამტკიცებთ და გაგაძლიერებთ! (ფსალმ. 94:20; 1 პეტ. 5:7—11).
„გამოსადეგნი . . . იმისთვის, რომ სხვებს ასწავლონ“
ქრისტიანული კრების დაარსებისთანავე იესოს მიმდევრებისთვის დამახასიათებელი იყო სხვებისთვის სწავლება და გამოცდილების გაზიარება. მოციქულმა პავლემ ტიმოთეს მისწერა: „ის, რაც ჩემგან მოისმინე . . . მიანდე ერთგულ მამაკაცებს, რომლებიც გამოსადეგნი იქნებიან იმისთვის, რომ სხვებს ასწავლონ“ (2 ტიმ. 2:2). დღესაც იეჰოვას ორგანიზაციას არაერთი საგანმანათლებლო პროგრამა აქვს. მაგალითად, 2008 წელს „საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრში (პატერსონი, ნიუ-იორკი) ჩატარდა უხუცესების სკოლის 70 კლასი, რომლებსაც შეერთებული შტატების ფილიალის ტერიტორიაზე მცხოვრები 6 528 უხუცესი დაესწრო. მათ შორის იყვნენ ძმები ალასკიდან, ბერმუდის, ტერკსისა და კაიკოსის კუნძულებიდან.
ამ ერთკვირიანი ინტენსიური კურსის განმავლობაში უხუცესების ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე მახვილდება ყურადღება; ის ეხმარება მათ ხელმძღვანელობა გაუწიონ სამქადაგებლო საქმეს და უკეთესი მასწავლებლები გახდნენ კრებებში (2 ტიმ. 4:5; 1 პეტ. 5:2, 3). ეს კურსი აღძრავს უხუცესებს, იზრუნონ როგორც საკუთარ, ისე ოჯახის წევრების სულიერობაზე და ასწავლის მათ, როგორ გადასცენ სწორად ჭეშმარიტების სიტყვა სხვას (2 ტიმ. 2:15). უხუცესებმა, რომლებმაც სკოლა გაიარეს, მადლიერება გამოხატეს ამ ღონისძიების მიმართ. აი, ზოგიერთი მათგანის სიტყვები:
„მასწავლებელთა თავმდაბლობამ დამანახვა, როგორ უნდა მოვექცე კრების წევრებს. უდიდეს მადლიერებას ვგრძნობ ხელმძღვანელი საბჭოს მიმართ. ჭეშმარიტებაში გატარებული წლების მანძილზე ეს ერთ-ერთი უდიდესი სკოლა იყო ჩემთვის, რასაც ძალიან ვაფასებ“.
„ჩვენმა ღმერთმა, იეჰოვამ, კარგად იცის, როდის რა გვჭირდება. ამ კურსმა რწმენა განმიახლა და სულიერი ძალა შემმატა. უკეთ გავიგე, თუ რას აკეთებს იეჰოვა თავისი ხილული ორგანიზაციის მეშვეობით და, როგორ ზრუნავს თავის თითოეულ მსახურზე“.
„ამან წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. რაც უფრო მეტს ვსწავლობდი, მით უფრო ვხდებოდი, რომ ბევრი რამ არ ვიცოდი. ახლებურად შევხედე პირად შესწავლას და უკეთ დავინახე, რატომ უნდა გამოვიყენო ნასწავლი ცხოვრებაში“.
„აქ მიღებულმა სწავლებამ მომამზადა, უკეთ ავირეკლო ქრისტეს აზროვნება ოჯახსა თუ კრებაში (1 კორ. 2:16). ეს კურსი დამეხმარა, სწორად შემეხედა საკუთარი თავისთვის“.
„იეჰოვასგან მიღებულ ამ ერთკვირიან სწავლებას უნივერსიტეტში მიღებულ განათლებაშიც კი არ გავცვლიდი“.
„ეს მართლაც გამომაცოცხლებელი და ბევრის მომცემი კურსი იყო! ახალი ძალით აღვივსე, რომ განვაგრძო იეჰოვას მსახურება, გამოვავლინო თავგანწირული სულისკვეთება და გამხნევების წყარო ვიყო ჩვენი და-ძმებისთვის (ეს. 32:2). ძალიან დიდი მადლობა იეჰოვა!“
„ამ კურსმა იეჰოვას სიყვარული დაგვანახვა; თითქოს იეჰოვა მოვიდა ჩვენთან სამწყემსო მონახულებაზე“.
„მადლობას ვუხდი იეჰოვას, რომ შესაძლებლობა მომეცა გამეგო, როგორ შევასრულო უკეთ ჩემზე დაკისრებული პასუხისმგებლობა მისსავე განსადიდებლად“.
დროთა განმავლობაში ხელმძღვანელი საბჭოს მითითებით ასეთ დროულ დასწავლებას სხვა ქვეყნებში მცხოვრები უხუცესებიც მიიღებენ.
ფილიალების მიძღვნას დიდი სიხარული მოაქვს
2009 წლის 24 იანვარს ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, სამუელ ჰერდმა, ტანზანიის (აღმოსავლეთი აფრიკა) ახალი ფილიალის მიძღვნის მოხსენება წაიკითხა. 25 წლის წინ ამ ქვეყანაში პირველი ფილიალი გაიხსნა პატარა სამოთახიან სახლში. ტანზანიაში ყველა მოწმე ამ სახლს ნომერ 46-ე მაგომენი კვარტერსს ეძახდა. 22 ქვეყნიდან ჩასულ 779 დამსწრეთა უმეტესობა სიხარულის ცრემლებს ვერ იკავებდა, როცა ისმენდა, თუ როგორ წაიწია წინ ჩვენმა საქმიანობამ 1987 წელს აკრძალვის მოხსნის შემდეგ. „მხოლოდ იეჰოვას შეეძლო ასეთი რამის გაკეთება ამ ქვეყანაში,“ — თქვა ერთმა დიდი ხნის მონათლულმა ძმამ. დღეს ტანზანიაში ქადაგება შეუფერხებლად მიმდინარეობს და 14 000-ზე მეტი მაუწყებელი სიხარულით უხდის მადლობას იეჰოვას და ქებას უმღერის მის სახელს (ფსალმ. 92:1, 4).
2009 წლის 2 მაისს 31 ქვეყნიდან ჩასულმა დაახლოებით 600-მა და-ძმამ მოუსმინა ნიდერლანდების ფილიალში მიძღვნის მოხსენებას, რომელიც ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, თეოდორ იარაჩმა წარმოთქვა. 1983 წელს აშენებულ ნაგებობას მიაშენეს საცხოვრებელი შენობა, სტამბა კი ოფისებად და სტუდიად გადაკეთდა რეგიონალური აუდიო-ვიდეო ცენტრისთვის. ამ ცენტრში ხდება CD და DVD დისკებზე ჩანაწერების მომზადება 24 ენაზე, რომლებზეც, ძირითადად, ევროპის ქვეყნებში ლაპარაკობენ. გარდა ამისა ეს ცენტრი მონაწილეობს ვიდეო ჩანაწერების მომზადებაში დაახლოებით 20 ჟესტების ენაზე. რეგიონალური აუდიო-ვიდეო ცენტრი კოორდინირებას უწევს ევროპისთვის, აფრიკისა და ოკეანეთისთვის CD დისკების მომზადებას და DVD დისკების მომზადებას მთელი მსოფლიოსთვის. ნიდერლანდების ფილიალი აგრეთვე ყიდულობს და აგზავნის სხვადასხვა საჭირო ნივთებს მსოფლიოში არსებული არაერთი ფილიალისთვის. ამ ახალ ფილიალში ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ეს საქმე ადვილად და ეფექტურად შესრულდეს.
„დარჩით ღვთის სიყვარულში“
ჩვენ მართლაც უამრავი მიზეზი გვაქვს სიხარულისთვის! დიდი კურთხევაა ასეთ განუმეორებელ დროში ცხოვრება! როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, „ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო“ დადგა (2 ტიმ. 3:1). რადგან ჩვენი ხსნა ძალიან ახლოსაა, უაღრესად მნიშვნელოვანია, ყურად ვიღოთ იუდას მოწოდება: „თქვენ კი, საყვარელნო, თქვენს უწმინდეს რწმენაზე აღაშენეთ საკუთარი თავი, წმინდა სულით ილოცეთ და ამგვარად დარჩით ღვთის სიყვარულში, ვიდრე ელით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გულმოწყალებას და გონებაში გაქვთ მარადიული სიცოცხლე“ (იუდ. 20, 21).
[სქემა 13 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
www.watchtower.org-ის ყოველდღიურ სტუმართა რაოდენობა
70 000
50 000
30 000
10 000
1999 2001 2003 2005 2007 2009
[რუკა 21 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ქვეყნები, სადაც მნიშვნელოვანი იურიდიული განხილვები მიმდინარეობდა
ავსტრია
ეგვიპტე
ერიტრეა
უგანდა
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
მოლდოვა
სომხეთი
თურქეთი
აზერბაიჯანი
რუსეთი
ყაზახეთი
უზბეკეთი
ტაჯიკეთი
ინდოეთი
სამხრეთი კორეა
[სურათი 11 გვერდზე]
ახალგაზრდა მაუწყებლებიც დიდი სიამოვნებით სთავაზობენ ხალხს ბიბლიის შესწავლას
[სურათები 27 გვერდზე]
უხუცესების სკოლა ამზადებს მათ თეოკრატიული პასუხისმგებლობების უკეთ შესასრულებლად
[სურათები 28 გვერდზე]
ძმა იარაჩი მიძღვნის მოხსენებას კითხულობს ნიდერლანდების ფილიალში
[სურათები 29 გვერდზე]
ძმა ჰერდი მიძღვნის მოხსენებას კითხულობს ტანზანიის ფილიალში