ტოლერანტობა — როგორ გვეხმარება ბიბლია?
„ტოლერანტობა სათნოებაა, რომელიც შესაძლებელს ხდის მშვიდობას“ („იუნესკოს ტოლერანტობის პრინციპთა დეკლარაცია“, 1995).
მეორე მხრივ, არატოლერანტული დამოკიდებულება გულისხმობს სხვების მიმართ უპატივცემულობასა და ზიზღს, რაც სიძულვილის ენით, დისკრიმინაციითა და ძალადობით გამოიხატება.
საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრება არსებობს ტოლერანტობის შესახებ. ზოგი თვლის, რომ ესაა სხვისი ქცევებისა და შეხედულებების შეწყნარება, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ესაა შესაძლებლობა, პატივი სცე სხვების რწმენასა და ღირებულებებს მაშინაც კი, თუ თავად არ იზიარებ მათ შეხედულებებს. ამ მოსაზრებას ბიბლიაც უჭერს მხარს.
როგორ ეხმარება ბიბლია ადამიანებს, ჰქონდეთ ტოლერანტული დამოკიდებულება?
ბიბლიის თვალსაზრისი ტოლერანტობაზე
ბიბლია დადებით შუქში წარმოაჩენს ტოლერანტობას. მასში ნათქვამია: „ყველამ დაინახოს თქვენი გონიერება“ (ფილიპელები 4:5). ბიბლია მოგვიწოდებს, პატივი ვცეთ სხვებს და მათ თავაზიანად და სამართლიანად მოვეპყროთ. ის, ვინც ამ ბიბლიური რჩევის თანახმად იქცევა, სხვა ადამიანის შეხედულებებს რომც არ იზიარებდეს, მაინც პატივს სცემს მის არჩევანს.
ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ ღმერთს გარკვეული ნორმები აქვს დადგენილი ადამიანებისთვის. მასში ვკითხულობთ: „[ღმერთმა] გითხრა, ადამიანო, რა არის კარგი“ (მიქა 6:8). ღვთის ხელმძღვანელობის მიყოლა ეხმარება ადამიანებს, გაიხარონ ცხოვრებით (ესაია 48:17, 18).
ღმერთს ჩვენთვის სხვების განსჯის უფლება არ მოუცია. ბიბლიაში წერია: „ერთია კანონმდებელი და მოსამართლე . . . შენ ვინა ხარ, მოყვასს რომ განსჯი?!“ (იაკობი 4:12). ღმერთმა თითოეულ ჩვენგანს არჩევანის თავისუფლება მოგვცა და პასუხსაც ჩვენ ვაგებთ ჩვენივე გადაწყვეტილებების გამო (კანონი 30:19).
ბიბლიის თვალსაზრისი პატივისცემაზე
ბიბლიაში წერია: „პატივი ეცით ყველას“ (1 პეტრე 2:17). ის, ვინც ბიბლიური ნორმების თანახმად ცხოვრებას ამჯობინებს, ყველა ადამიანს პატივს სცემს მათი ცხოვრების სტილისა თუ შეხედულებების მიუხედავად (ლუკა 6:31). ეს მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანმა ყველას შეხედულება და ქცევა შეიწყნაროს ან მათ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭიროს. ის იესოს ჰბაძავს და ხალხს უხეშად და უპატივცემულოდ არ ექცევა.
ერთხელ იესო ერთ ქალს შეხვდა, რომელსაც განსხვავებული რელიგიური შეხედულება ჰქონდა. გარდა ამისა, ის იმ კაცთან ცხოვრობდა, რომელიც მისი ქმარი არ იყო. ცხოვრების ასეთი წესი იესოსთვის ყოვლად მიუღებელი იყო, თუმცა ეს არ გამხდარა იმის მიზეზი, რომ მასთან საუბრისას უპატივცემულობა გამოეჩინა (იოანე 4:9, 17—24).
ქრისტიანებიც მზად არიან, სხვებს თავიანთი მრწამსის საფუძვლებზე ესაუბრონ, თუმცა ამას პატივისცემით აკეთებენ (1 პეტრე 3:15). ბიბლია მათ მოუწოდებს, რომ საკუთარი აზრი სხვებს არ მოახვიონ თავს. ქრისტეს მიმდევარი „კი არ უნდა დავობდეს, არამედ ყველასთან თავაზიანი უნდა იყოს“, მათ შორის მათთანაც, ვისაც განსხვავებული შეხედულებები აქვთ (2 ტიმოთე 2:24).
ბიბლიის თვალსაზრისი სიძულვილზე
ბიბლია მოგვიწოდებს, რომ „ყველასთან მშვიდობიანად“ ვიყოთ (ებრაელები 12:14). ვინც მშვიდობას ესწრაფვის, სიძულვილს არ აძლევს გასაქანს. მიუხედავად იმისა, რომ ის საკუთარ ღირებულებებს არ თმობს, ყველანაირად ცდილობს, სხვებთან მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდეს (მათე 5:9). ბიბლია იმასაც ასწავლის ქრისტიანებს, რომ უყვარდეთ მტრები და სიკეთით უპასუხონ მათი მხრიდან ცუდ მოპყრობას (მათე 5:44).
ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთს „სძულს“ და „ეზიზღება“ ყველაფერი, რითაც ადამიანები ერთმანეთს ზიანს აყენებენ და ღირსებას ულახავენ (იგავები 6:16—19). ამ შემთხვევაში სიტყვა „სიძულვილი“ აღნიშნავს ზიზღს ცუდი საქციელის მიმართ. ბიბლიიდან ვხედავთ, რომ ღმერთს სურს, მიუტევოს და დაეხმაროს ცხოვრების შეცვლაში ყველას, ვისაც მისი ნორმების თანახმად ცხოვრება სურს (ესაია 55:7).
ბიბლიური მუხლები ტოლერანტობასა და პატივისცემაზე
ტიტე 3:2: „კეთილგონიერება [გამოიჩინეთ] და ყველას რბილად [მიუდექით]“.
გონიერ ადამიანს ესმის, რომ განსხვავებულ აზრს არსებობის უფლება აქვს და ეს პატივისცემის გამოხატვის კარგი საშუალებაა.
მათე 7:12: „ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“.
ყველას გვსიამოვნებს, როცა პატივისცემით გვექცევიან და ჩვენს შეხედულებებსა და გრძნობებს მხედველობაში იღებენ. გაეცანით სტატიას «რა არის „ოქროს წესი“?» და გაიგეთ, როგორ უნდა გაითვალისწინოთ ცხოვრებაში იესოს ეს რჩევა.
იესო ნავეს ძე 24:15: „დღესვე აირჩიეთ, ვის ემსახურებით“.
როცა პატივს ვცემთ სხვების არჩევანს, მშვიდობას ვუწყობთ ხელს.
საქმეები 10:34: „ღმერთი მიუკერძოებელია“.
ღმერთი არავის არჩევს ერთმანეთისგან კულტურის, სქესის, ეროვნების, რასის თუ წარმომავლობის მიხედვით. შესაბამისად, ვინც ღმერთს ჰბაძავს, განურჩევლად ყველა ადამიანს სცემს პატივს.
აბაკუმი 1:12, 13: „არ იწყნარებ სიავეს“.
ღვთის შემწყნარებლობასაც აქვს საზღვარი. ის არ დაუშვებს, რომ ბოროტმა ადამიანებმა მუდამ ზიანი მოიტანონ. დამატებითი ინფორმაციისთვის უყურეთ ვიდეოს „რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას?“.
რომაელები 12:19: «ღმერთმა რისხვით მიაგოს ყველას საზღაური, რადგან დაწერილია: „მე ვიძიებ შურს, მე მივუზღავ, — ამბობს იეჰოვა“»a.
ღმერთი არავის აძლევს შურისძიების უფლებას. ის გვარწმუნებს, რომ სამართალს თავად აღადგენს დანიშნულ დროს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია „გაგვიჩენს ვინმე სამართალს?“.
a იეჰოვა ღვთის სახელია (ფსალმუნი 83:18). იხილეთ სტატია „ვინ არის იეჰოვა?“.