ᲘᲤᲮᲘᲖᲚᲔᲗ!
ომით და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მსოფლიო სასურსათო კრიზისი — რას ამბობს ბიბლია?
უკრაინაში მიმდინარე ომისა და კლიმატის ცვლილების ფონზე მსოფლიოში სასურსათო კრიზისი ღრმავდება. ეს განსაკუთრებით შეიმჩნევა განვითარებად ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის უმეტესობისთვის რთულია საკმარისი საკვების შოვნა.
„კონფლიქტი, კლიმატის ცვლილება, ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა და სხვა პრობლემები აფერხებს სურსათის წარმოებასა და ხელმისაწვდომობას“ (გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, 17 ივლისი, 2023).
„ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთის გასვლა მარცვლეულის შეთანხმებიდან გაამწვავებს მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების კრიზისს და საკვების დეფიციტს დაბალშემოსავლიან ქვეყნებში, განსაკუთრებით, ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში“ (Atalayar.com, 23 ივლისი, 2023).
ვიმსჯელოთ, რას ამბობს ბიბლია სასურსათო კრიზისზე და რა იმედს გვისახავს ის.
ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები სასურსათო კრიზისი
იესომ იწინასწარმეტყველა: „ერი ერის წინააღმდეგ აღდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, იქნება საკვების უკმარისობა“ (მათე 24:7).
ბიბლიის წიგნი „გამოცხადება“ მოიხსენიებს ოთხ მხედარს, რომელთაც სიმბოლური დატვირთვა აქვთ. ერთ-ერთი მხედარი ომებს მოასწავებს. მას მოჰყვება სხვა მხედარიც, რომელიც შიმშილის მომასწავებელია და ასახავს იმ პერიოდს, როცა საკვები შეზღუდული რაოდენობით იქნებოდა და ძალიან გაძვირდებოდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: «შავი ცხენი დავინახე. მის მხედარს ხელში სასწორი ეჭირა. გავიგონე რაღაც ხმა . . . ეს ხმა ამბობდა: „ერთი საწყაო ხორბალი დინარად და სამი საწყაო ქერი დინარად“» (გამოცხადება 6:5, 6).
საკვების უკმარისობასთან დაკავშირებული ეს წინასწარმეტყველებები ჩვენს დროში სრულდება, რომელსაც ბიბლია „ბოლო დღეებს“ უწოდებს (2 ტიმოთე 3:1). დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, თუ რა არის „ბოლო დღეები“ და რას წარმოადგენს წიგნ „გამოცხადებაში“ მოხსენიებული ოთხი მხედარი, უყურეთ ვიდეოს „როგორ შეიცვალა მსოფლიო 1914 წლის შემდეგ“ და წაიკითხეთ სტატია „რას განასახიერებს ოთხი მხედარი?“.
როგორ გვეხმარება ბიბლია
ბიბლიაში პრაქტიკული რჩევებია მოცემული, რომლებიც გვეხმარება, გავუმკლავდეთ რთულ სიტუაციებს, მაგალითად, ფასების ზრდას ან საკვების დეფიციტს. წაიკითხეთ სტატია „როგორ ვიმყოფინოთ შემოსავალი?“ და გაეცანით ზოგ რჩევას.
ბიბლია უკეთესი მომავლის იმედსაც გვისახავს. ის გვპირდება, რომ „უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე“ და ყველას ექნება საკმარისი საკვები (ფსალმუნი 72:16). თუ გსურთ, მეტი გაიგოთ ამ დაპირების შესახებ და დარწმუნდეთ მის სანდოობაში, წაიკითხეთ სტატია „უკეთესი მომავლის რეალური იმედი“.