ვინ მიდის ჯოჯოხეთში?
ბიბლია გვპასუხობს:
ჯოჯოხეთი (ბიბლიის ორიგინალის ენებზე „შეოლი“ და „ჰადესი“) იგივე სამარეა და არა ცეცხლოვანი საწამებელი. ვინ მიდის ჯოჯოხეთში? როგორც კარგი, ისე ცუდი ადამიანები (იობი 14:13; ფსალმუნი 9:17). ბიბლიაში ნათქვამია, რომ კაცობრიობის საერთო სამარე „ყველა ცოცხლის შესაკრებელი სახლია“ (იობი 30:23).
იესოც კი, როცა მოკვდა, ჯოჯოხეთში მოხვდა. მაგრამ ის „მიტოვებული არ იყო ჯოჯოხეთში“, რადგან ღმერთმა აღადგინა (საქმეები 2:31, 32, „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი).
მარადიული საწამებელია ჯოჯოხეთი?
ყველა, ვინც ჯოჯოხეთში მიდის, მკვდრეთით აღდგება — იესო მათ ღვთის ძალით სიცოცხლეს დაუბრუნებს (იოანე 5:28, 29; საქმეები 24:15). მომავალ აღდგომასთან დაკავშირებით გამოცხადების 20:13-ში ვკითხულობთ: „სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა დააბრუნეს მკვდრები, რომლებიც იყვნენ მათში“ („საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა“). ერთხელაც ჯოჯოხეთში აღარავინ დარჩება და იქ აღარასდროს არავინ მოხვდება, რადგან „აღარ იქნება სიკვდილი“ (გამოცხადება 21:3, 4; 20:14).
თუმცა, ყველა, ვინც კვდება, არ მიდის ჯოჯოხეთში. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ზოგი იმდენად გაბოროტდა, რომ ვერასდროს შეიცვლება (ებრაელები 10:26, 27). როდესაც ასეთები კვდებიან, ჯოჯოხეთში კი არა, „გეენაში“ ხვდებიან, რომელიც მარადიული განადგურების სიმბოლოა (მათე 5:29, 30). მაგალითად, იესომ თქვა, რომ ზოგი თვალთმაქცი რელიგიური წინამძღოლი იესოს დღეებში გეენაში მოხვდებოდა (მათე 23:27—33).