ᲕᲘᲜ ᲨᲔᲥᲛᲜᲐ?
კოპლებიანი ქათმის ბუდე
ფრინველის ეს სახეობა, რომელიც სამხრეთ ავსტრალიაში ბინადრობს, ბუდეში მთელი წლის განმავლობაში ინარჩუნებს დაახლოებით 34 გრადუსს. როგორ ახერხებს ის დღე-ღამეში ამ ტემპერატურის შენარჩუნებას?
ყოველ ზამთარს კოპლებიანი ქათამი მიწაში დაახლოებით 1 მეტრის სიღრმეზე 3 მეტრის სიგანის ბუდეს აკეთებს. მამალი მას ბალახით, ფოთლებით და სხვადასხვა მცენარეულობით ავსებს. მას შემდეგ, რაც მცენარეები წვიმის წყლით იჟღინთება, კვერცხებისთვის მამალი პატარა ადგილს აღრმავებს და ზემოდან ქვიშიანი ნიადაგით ფარავს. მალევე მცენარეები ლპება, გამოიყოფა სითბო და ბუნებრივი საინკუბატორო პირობები იქმნება.
როცა დედალი კვერცხის დასადებად ემზადება, მამალი ქვიშიან ნიადაგს აშორებს და გზას უთავისუფლებს დედალს ბუდეში კვერცხის დასადებად. შემდეგ ბუდეს ისევ ქვიშიანი ნიადაგით ფარავს. სექტემბრიდან თებერვლამდე დედალი 35-მდე კვერცხს დებს.a
კოპლებიანი ქათამი ბუდეში ნისკარტით ხშირად ამოწმებს ტემპერატურას. ტემპერატურის შესანარჩუნებლად ისინი სხვადასხვა სეზონზე სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ. მაგალითად:
გაზაფხულზე, როცა მცენარეების ფერმენტაციის პროცესი იწყება, ბუდეში ტემპერატურა იმატებს. ამის გამო მამალი ბუდის თავზე ხვრელს აკეთებს და ამგვარად იქაურობას აგრილებს, შემდეგ კი ისევ ქვიშიანი ნიადაგით ფარავს.
ზაფხულში კვერცხები მცხუნვარე მზისგან რომ დაიცვას, მამალი ბუდის თავზე კიდევ ყრის დიდი რაოდენობით მიწას. თუმცა ყოველ დილით საფარის ამოთხრა უწევს, რათა ბუდეც გაგრილდეს და ქვიშიანი ნიადაგიც.
შემოდგომაზე, როცა მცენარეების ფერმენტაციის პროცესი სრულდება, მამალი საფარის დიდ ნაწილს აშორებს, რათა შუადღის მზემ ქვიშიანი ნიადაგი და კვერცხები გაათბოს. მოგვიანებით, ბუდეს ისევ გამთბარი ნიადაგით ფარავს, რათა ღამით იქ სითბო შენარჩუნდეს.
ყოველდღიურად მამალს დაახლოებით 850 კილოგრამი ქვიშიანი ნიადაგის გადაზიდვა უწევს, რასაც 5 საათზე მეტს ანდომებს. ნიადაგის ხშირი გადაზიდვის უპირატესობა ისაა, რომ ის გაფხვიერებული რჩება, და როდესაც წიწილები იჩეკებიან, ადვილად ახერხებენ იქიდან ამოძრომას.
მიწის ყრის პროცესი
რას ფიქრობთ? თავისით განუვითარდა კოპლებიან ქათამს ტემპერატურის შენარჩუნების უნარი, თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?
a წიწილები შვიდ-რვა კვირაში იჩეკებიან, ამიტომ მამალს აპრილამდე უწევს ბუდის მოწყობაზე ზრუნვა.