ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲛᲣᲮᲚᲔᲑᲘᲡ ᲐᲮᲡᲜᲐ
იგავების 16:3 — „შენი საქმეები უფალს ჩააბარე“
„ყველა შენი საქმე იეჰოვას მიანდე და შენი გეგმები წარმატებული იქნება“ (იგავები 16:3; „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).
„შენი საქმეები უფალს ჩააბარე და აღსრულდება შენი განზრახვები“ (იგავები 16:3; საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).
ახსნა
ეს იგავი მკითხველს არწმუნებს, რომ ის, ვინც ჭეშმარიტ ღმერთს სცემს თაყვანს, მას ენდობა და მის ხელმძღვანელობას მიჰყვება, წარმატებული იქნება.
„ყველა შენი საქმე იეჰოვას მიანდე“. გადაწყვეტილებების მიღებამდე იეჰოვასa თაყვანისმცემლები თავმდაბლურად ეძებენ მის ხელმძღვანელობას (იაკობი 1:5). ამის მიზეზი ისაა, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ საკუთარი ცხოვრების წარმართვა (ეკლესიასტე 9:11; იაკობი 4:13—15). ამასთანავე, მათ არ გააჩნიათ საკმარისი სიბრძნე, რომ ნებისმიერი გეგმა განახორციელონ. სწორედ ამიტომ ბევრი ბრძნულად იქცევა და ღმერთს უცხადებს ნდობას. ისინი ლოცვაში მიმართავენ მას ხელმძღვანელობისთვის და ცდილობენ, ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში, ჩაწერილის თანახმად იცხოვრონ (იგავები 3:5, 6; 2 ტიმოთე 3:16, 17).
ფრაზა „უფალსb ჩააბარე“ სიტყვასიტყვით ნიშნავს, „უფალს მიანდო შენი საქმეები“. ერთ-ერთ წყაროში ნათქვამია, რომ ეს გამოთქმა აღწერს „ადამიანს, რომელიც ტვირთს ზურგიდან იხსნის და თავისზე ძლიერს გადასცემს“. ისინი, ვინც თავმდაბლობას ავლენენ და ღმერთს ენდობიან, შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ ის ყოველთვის დაეხმარება მათ და მხარში ამოუდგება (ფსალმუნი 37:5; 55:22).
ფრაზა „შენი საქმეები“ იმას არ გულისხმობს, რომ, რაც არ უნდა განიზრახოს ადამიანმა, ღმერთი ყველაფერში მხარს დაუჭერს და აკურთხებს. იეჰოვას მხარდაჭერა რომ მოიპოვოს მან, აუცილებელია, რომ საკუთარი გეგმები ღვთის ნორმებთან და ნებასთან შეათანხმოს (ფსალმუნი 127:1; 1 იოანე 5:14). ზოგჯერ ღმერთი უბრალოდ მხარდაჭერას კი არ აკლებს ადამიანს, არამედ შლის კიდეც მის გეგმებს (ფსალმუნი 146:9). თუმცა მათ, ვინც პატივს სცემენ ბიბლიაში ჩაწერილ ღვთის ნორმებს, ხელი მოემართებათ (ფსალმუნი 37:23).
„შენი გეგმები წარმატებული იქნება“. ბიბლიის ზოგიერთ თარგმანში ნათქვამია: „შენი გეგმები განმტკიცდება“. ებრაულ წერილებში ანუ „ძველ აღთქმაში“ გამოყენებული სიტყვა, რომელიც „განმტკიცებად“ ითარგმნა, ნიშნავს საძირკვლის გამყარებას ან დაფუძნებას და ის ხშირად გამოიყენება ღვთის შემოქმედებასთან მიმართებითაც (იგავები 3:19; იერემია 10:12). მსგავსადვე, მას, ვინც ღვთის თვალში სწორად იქცევა, ღმერთი დაეხმარება, ჰქონდეს უსაფრთხო, სტაბილური და ბედნიერი ცხოვრება (ფსალმუნი 20:4; იგავები 12:3).
კონტექსტი
ამ და სხვა არაერთი იგავის ავტორი სოლომონ ბრძენია, რომელმაც ღვთიური სიბრძნის წყალობით წარმოთქვა ათასობით იგავი (1 მეფეები 4:29, 32; 10:23, 24).
იგავების მე-16 თავში სოლომონი აღწერს, როგორ სიბრძნეს ფლობს ღმერთი და როგორ სძულს მას ამაყი ადამიანები (იგავები 16:1—5). შემდეგ სოლომონი მნიშვნელოვან დასკვნას აკეთებს, რომელიც წიგნ „იგავებს“ მთავარ თემად გასდევს — ადამიანი მხოლოდ მაშინ შეიძენს სიბრძნეს და მაშინ მიაღწევს წარმატებას, თუ თავმდაბალი იქნება და ცხოვრების ყველა ეტაპზე ღვთის ხელმძღვანელობას გაჰყვება (იგავები 16:3, 6—8, 18—23). ამ აზრის ჭეშმარიტებას ბიბლია არაერთხელ უსვამს ხაზს (ფსალმუნი 1:1—3; ესაია 26:3; იერემია 17:7, 8; 1 იოანე 3:22).
უყურეთ ვიდეორგოლს, რომელიც ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით წიგნ „იგავებზე“.
a იეჰოვა ღვთის სახელია (ფსალმუნი 83:18). იხილეთ სტატია „ვინ არის იეჰოვა?“.
b ბიბლიის „ახალ საერთაშორისო თარგმანში“ ნათქვამია, რომ სიტყვა „უფალი“ ღვთის სახელის ნაცვლად გამოიყენება. წაიკითხეთ სტატია «ესაიას 42:8 — „მე ვარ უფალი“» და გაიგეთ, რატომ იწვევს მკითხველში დაბნეულობას ამ სიტყვის გამოყენება.