მეცნიერება და „დაბადებაში“ ჩაწერილი ინფორმაცია
მრავალი ადამიანის აზრით, მეცნიერება ეწინააღმდეგება შემოქმედების შესახებ ბიბლიაში მოცემულ ცნობას. მაგრამ, სინამდვილეში, მეცნიერებას ეწინააღმდეგება არა ბიბლია, არამედ რელიგიურ ფუნდამენტალისტთა შეხედულებები. როგორც ისინი თვლიან, ფიზიკური სამყარო დაახლოებით 10 000 წლის წინ ექვსი 24-საათიანი დღის განმავლობაში შეიქმნა.
მაგრამ ბიბლია მხარს არ უჭერს ამ შეხედულებას. ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ გასული ასი წლის მანძილზე გაკეთებული აღმოჩენები ეჭვქვეშ დააყენებდა ბიბლიის სიზუსტეს. ამ წიგნის გულმოდგინე გამოკვლევა ცხადყოფს, რომ იგი არ ეწინააღმდეგება მეცნიერულ ფაქტებს. ამიტომ, იეჰოვას მოწმეების თვალსაზრისი განსხვავდება რელიგიურ ფუნდამენტალისტთა და კრეაციონისტთა თვალსაზრისისგან. ეს სტატია დაგვანახვებს, თუ რას ასწავლის ბიბლია სინამდვილეში.
წიგნი „დაბადება“ არ ეთანხმება იმ აზრს, რომ ფიზიკური სამყარო რამდენიმე ათასწლეულის წინათ, ექვსი 24-საათიანი დღის განმავლობაში შეიქმნა
როდის იყო „თავდაპირველად“?
წიგნი „დაბადება“ უბრალო და გასაგები სიტყვებით იწყება: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“ (დაბადება 1:1). ბიბლეისტები ერთხმად აღიარებენ, რომ ამ მუხლში აღწერილი შემოქმედებითი საქმიანობა არ ეხება იმ შემოქმედებით დღეებს, რომელთა შესახებაც თხრობა წიგნ „დაბადების“ პირველი თავის მესამე მუხლიდან იწყება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი აზრია. ბიბლიის შესავალი სიტყვების თანახმად, სამყარო, მათ შორის ჩვენი პლანეტა დედამიწა, შემოქმედებითი დღეების დაწყებამდე გაცილებით ადრე არსებობდა.
გეოლოგების ვარაუდით დედამიწა 4 მილიარდი წლისაა, ასტრონომების გამოანგარიშებით კი სამყარო შეიძლება 15 მილიარდ წელს ითვლიდეს. ეწინააღმდეგება ეს აღმოჩენები, რომლებსაც მომავალში შეიძლება უფრო მეტი ნათელი მოეფინოს, დაბადების 1:1-ში ჩაწერილ აზრს? არა. ბიბლია არ აკონკრეტებს ცისა და დედამიწის ზუსტ ასაკს. აქედან გამომდინარე მეცნიერება არ ეწინააღმდეგება დაბადების 1:1-ს.
რამდენ ხანს გრძელდებოდა შემოქმედებითი დღეები?
რა შეიძლება ითქვას შემოქმედებითი დღეების ხანგრძლივობაზე? პირდაპირი გაგებით 24-საათიანი იყო თითოეული დღე? ვინაიდან „დაბადების“ დამწერმა მოსემ ექვსი შემოქმედებითი დღის მომდევნო, მეშვიდე დღე იმის ასახსნელად მოიხსენია, თუ რატომ უნდა დაესვენათ შაბათს, ზოგიერთი ფიქრობს, რომ თითოეული შემოქმედებითი დღე პირდაპირი გაგებით 24-საათიანი უნდა ყოფილიყო (გამოსვლა 20:11). „დაბადებაში“ მოცემული სიტყვები ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს არ გვაძლევს.
ებრაული სიტყვა, რომელიც ნათარგმნია „დღედ“, შეიძლება დროის სხვადასხვა ხანგრძლივობაზე მიანიშნებდეს და არა მხოლოდ 24-საათიან პერიოდზე. მაგალითად, ღვთის შემოქმედებითი საქმიანობის შესახებ თხრობის დასასრულს, მოსე ექვსივე დღეს ერთ დღედ მოიხსენიებს (დაბადება 2:4). გარდა ამისა, პირველ შემოქმედებით დღეს „უწოდა ღმერთმა სინათლეს დღე და სიბნელეს — ღამე“ (დაბადება 1:5). ამ შემთხვევაში „დღე“ 24-საათიანი პერიოდის მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთს ეწოდა. ამიტომ, საფუძველს მოკლებულია იმის მტკიცება, რომ თითოეული შემოქმედებითი დღე 24-საათიანი იყო.
მაშ, რამდენ ხანს გრძელდებოდა შემოქმედებითი დღეები? ბიბლია ამაზე არაფერს ამბობს, მაგრამ დაბადების პირველ და მეორე თავებში ჩაწერილი სიტყვები ცხადყოფს, რომ ეს დღეები საკმაოდ ხანგრძლივი იყო.
შემოქმედების ექვსი ეტაპი
მოსემ „დაბადება“ ებრაულ ენაზე დაწერა. მან ყველაფერი ისე დაწერა, როგორც ამას დედამიწაზე მყოფი ადამიანი დაინახავდა. ეს ორი ფაქტი და იმის ცოდნა, რომ სამყარო შემოქმედებითი დღეების დაწყებამდე არსებობდა, შემოქმედების შესახებ განსხვავებული აზრების გაბათილების საშუალებას იძლევა. როგორ?
„დაბადებაში“ ჩაწერილი ცნობის გულდასმით გამოკვლევა გვიჩვენებს, რომ ერთ „დღეს“ დაწყებული მოვლენები ერთ ან რამდენიმე „დღეს“ გრძელდებოდა. მაგალითად, პირველი „დღის“ დაწყებამდე მზე უკვე არსებობდა, მაგრამ დედამიწამდე მისი სინათლის მოღწევას, შესაძლოა ღრუბლის სქელი ფენა უშლიდა ხელს (იობი 38:9). პირველი „დღის“ განმავლობაში ატმოსფეროში მზის სინათლემ დაიწყო შემოღწევა.a
მეორე „დღეს“, როგორც ჩანს, ატმოსფერო უფრო დაიწმინდა და სქელ ღრუბლებსა და წყლის მასას შორის სივრცე წარმოიქმნა. მეოთხე „დღისთვის“ ატმოსფერო იმდენად დაიწმინდა, რომ „ცის სივრცეში“ მზე და მთვარე გამოჩნდა (დაბადება 1:14—16). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დედამიწის ზედაპირიდან უკვე შესაძლებელი გახდა მზისა და მთვარის დანახვა. ეს ყველაფერი თანდათანობით მოხდა.
„დაბადება“ აგრეთვე მოგვითხრობს, რომ მეხუთე „დღეს“, როდესაც ატმოსფერო კვლავ იწმინდებოდა, ღმერთმა შექმნა მწერები და ფრინველები.
ბიბლიური ენა საშუალებას გვაძლევს, დავასკვნათ, რომ თითოეული „დღის“, ანუ შემოქმედებითი პერიოდის განმავლობაში ესა თუ ის მნიშვნელოვანი მოვლენა თანდათანობით ხდებოდა და არა ერთბაშად. ამ მოვლენებიდან ზოგი შესაძლოა მომდევნო შემოქმედებითი დღეების განმავლობაშიც გრძელდებოდა.b
„მათი გვარისდა მიხედვით“
ნიშნავს თუ არა მცენარეებისა და ცხოველების თანდათანობით წარმოშობა იმას, რომ ღმერთმა მრავალი სახის ცოცხალ ქმნილებათა შესაქმნელად ევოლუციის პროცესი გამოიყენა? არა. ბიბლია არაორაზროვნად ამბობს, რომ ღმერთმა შექმნა მცენარეთა და ცხოველთა ძირითადი „გვარები“ (დაბადება 1:11, 12, 20—25). იყო ეს „გვარები“ ცვალებად გარემოსთან შეგუების უნარით შექმნილი? რა განსაზღვრავს თითოეული „გვარის“ საზღვრებს? ბიბლიაში ამის შესახებ არაფერი წერია, მაგრამ მასში ნათქვამია, რომ ყველა ცოცხალი ქმნილება „მათი გვარისდა მიხედვით“ შეიქმნა (დაბადება 1:21). აქედან გამომდინარე, ცოცხალ ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები მხოლოდ მათი „გვარის“ საზღვრებში ხდება. პალეონტოლოგიური მონაცემები და თანამედროვე გამოკვლევები ცხადყოფს, რომ მცენარეთა და ცხოველთა ძირითად ჯგუფებს დიდი ხნის განმავლობაში ცვლილებები თითქმის არ განუცდია.
„დაბადება“ მხარს არ უჭერს ზოგიერთი ფუნდამენტალისტის აზრს. ბიბლიაში არ არის ნათქვამი, რომ სამყარო, მათ შორის დედამიწა და ყველა ცოცხალი ქმნილება, შედარებით ახლო წარსულში, დროის მოკლე პერიოდში შეიქმნა. პირიქით, სამყაროს შექმნისა და დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის შესახებ „დაბადებაში“ ჩაწერილი ცნობა ეთანხმება თანამედროვე მეცნიერულ აღმოჩენებს.
მრავალი მეცნიერი ფილოსოფიური შეხედულების გამო არ ეთანხმება ბიბლიას, რომელიც ღმერთს ყოველივეს შემოქმედად წარმოგვიდგენს. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ უძველეს წიგნ „დაბადებაში“ მოსემ ჩაწერა, რომ სამყაროს ჰქონდა დასაბამი და სიცოცხლე ეტაპობრივად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში წარმოიშვა. საიდან შეეძლო მოსეს დაახლოებით 3 500 წლის წინ სცოდნოდა ასეთი ზუსტი მეცნიერული ფაქტი? არსებობს ერთი ლოგიკური ახსნა: ეს მეცნიერულად ზუსტი ინფორმაცია მოსეს მან გაუმხილა, ვინც თავისი ძალითა და სიბრძნით შექმნა ცა და დედამიწა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ბიბლიის განაცხადს, რომ იგი „ღვთისგან არის შთაგონებული“c (2 ტიმოთე 3:16).
შესაძლოა ფიქრობთ, რა მნიშვნელობა აქვს დაიჯერებთ თუ არა იმას, რაც ბიბლიაში შემოქმედებაზე წერია. განვიხილოთ იმის საფუძვლიანი მიზეზები, თუ რატომ აქვს ამას მნიშვნელობა.
a პირველი „დღის“ აღწერისას ბიბლიაში გამოყენებულია ებრაული სიტყვა „ორ“, რომელიც ზოგადად სინათლეს ნიშნავს, მაგრამ მეოთხე „დღესთან“ დაკავშირებით გამოყენებულია სიტყვა „მაორ“, რომელიც სინათლის წყაროზე მიუთითებს.
b მაგალითად, მეექვსე შემოქმედებით დღეს ღმერთმა ადამიანებს უთხრა: „გამრავლდით, აავსეთ დედამიწა“ (დაბადება 1:28, 31). მაგრამ ეს მხოლოდ მომდევნო „დღეს“ მოხდა (დაბადება 2:2).
c დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბროშურა ვიდეო „რა გვარწმუნებს იმაში, რომ ბიბლია ჭეშმარიტია?“, რომელიც ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე jw.org.