მიჰბაძეთ მათ რწმენას | სარა
„ლამაზი ქალი ხარ“
სარა უკანასკნელად ავლებს თვალს თავის კარ-მიდამოს. მისი შავი, მეტყველი თვალებიდან სევდა გამოსჭვივის. ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან ის თავის მშობლიურ სახლს ტოვებს, რომელთანაც ბევრი თბილი მოგონება აკავშირებს. ამ ჭერქვეშ მან თავის საყვარელ მეუღლესთან, აბრაამთანa ერთად არაერთი ბედნიერი წელი გაატარა. სწორედ ერთად შექმნეს მათ ამ სახლში ასეთი მყუდრო გარემო.
აბრაამი და სარა აყვავებულ ქალაქ ურში ცხოვრობდნენ, სადაც ბევრი სახელოსნო და სავაჭრო დუქანი იყო. ცხადია, ეს ცოლ-ქმარიც საკმაოდ დიდი ქონების პატრონი იქნებოდა. თუმცა სარასთვის თავისი სახლი უბრალოდ ნივთებით გავსებული კომფორტული ადგილი კი არ იყო, არამედ ადგილი, სადაც მეუღლესთან ერთად არაერთხელ გაუზიარებია ჭირი თუ ლხინი და არაერთხელ მიუმართავთ თავიანთი ღვთისთვის, იეჰოვასთვის, ლოცვით. ამიტომ გასაკვირი არ არის, რატომ უყვარდა სარას ასე ძლიერ თავისი სახლი.
და მაინც, იგი მზად იყო, სამუდამოდ დაეტოვებინა თავისი მშობლიური სახლი. დაახლოებით 60 წლის ქალს, შეიძლება ითქვას, ცხოვრება ახლიდან უნდა დაეწყო, თანაც მისთვის სრულიად უცხო გარემოში, სადაც არაერთ რთულ და სახიფათო სიტუაციაში აღმოჩნდებოდა. რამ უბიძგა მას ასეთი ძირეული ცვლილებებისკენ და რის სწავლა შეგვიძლია ამ ღვთის ერთგული ქალისგან.
„დატოვე შენი ქვეყანა“
სარა, სავარაუდოდ, ურში გაიზარდა. დღეს ამ ქალაქის ნანგრევებიღაა შემორჩენილი, მაგრამ იმ დროს იქ სიცოცხლე დუღდა. მდინარე ევფრატის სანაპიროზე გაშენებულ ქალაქ ურში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სავაჭრო ხომალდები შემოდიოდა, რომლებიც ათასგვარი საქონლით იყო დატვირთული. ქალაქის მიხვეულ-მოხვეულ ქუჩაბანდებში უამრავი ხალხი ირეოდა, ნავსადგომში ხომალდები მიჯრით იყო ჩამწკრივებული, ბაზრებში კი, სადაც გაცხოველებული ვაჭრობა იყო, დახვავებული საქონლისგან დახლები ჩაზნექილიყო. სარა სწორედ ასეთ სიცოცხლით სავსე ქალაქში გაიზარდა და, ალბათ, იქ მცხოვრებთაგან ბევრს სახელითაც კი იცნობდა. როგორც ჩანს, ხალხიც კარგად ცნობდა მას, რადგან დიდი ოჯახი ჰყავდა და თანაც განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩეოდა.
ბიბლია სარას მოიხსენიებს, როგორც ძლიერი რწმენის მქონე ქალს. თუმცა ქალაქ ურში მცხოვრები ხალხისგან განსხვავებით, რომლებიც მთვარის ღვთაებას ეთაყვანებოდნენ, ის ცოცხალ ღმერთს, იეჰოვას, სცემდა თაყვანს. ამ ქალაქში მთვარის ღვთაების საპატივცემულოდ კოშკი ჰქონდათ აღმართული, რომელიც ნებისმიერი ადგილიდან მოჩანდა. ბიბლია არაფერს ამბობს იმაზე, თუ როგორ გახდა სარა იეჰოვას თაყვანისმცემელი. თუმცა ის კი ვიცით, რომ მამამისი რაღაც პერიოდის განმავლობაში კერპთაყვანისმცემელი იყო. ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ სარა აბრაამს გაჰყვა ცოლად, რომელიც მასზე ათი წლით უფროსი იყოb (დაბადება 17:17). მოგვიანებით აბრაამს „ყველა . . . მორწმუნის მამა“ ეწოდა (რომაელები 4:11). მათ ერთად შექმნეს ძლიერი ოჯახი, რადგან უმთავრესად იეჰოვას სიყვარული აერთიანებდათ. გარდა ამისა, ისინი თავაზიანად და პატივისცემით ეპყრობოდნენ ერთმანეთს და სირთულეებსაც ერთად ართმევდნენ თავს.
სარას ძალიან უყვარდა თავისი ქმარი. დაქორწინების შემდეგ ისინი ქალაქ ურში თავის ნათესავებს შორის დასახლდნენ. თუმცა მალე ერთი სამწუხარო რეალობის წინაშე დადგნენ. ბიბლიაში ნათქვამია, რომ სარა „უშვილო იყო“ (დაბადება 11:30). სარა მეტად არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან იმ დროს უშვილობა დიდ უბედურებად ითვლებოდა. ამის მიუხედავად, იგი თავისი ღვთისა და ქმრის ერთგული რჩებოდა. აბრაამი და სარა მშობლობას უწევდნენ თავიანთ უმამო ძმისშვილს, ლოტს. ცხოვრება ჩვეული რიტმით მიდიოდა, სანამ ერთ დღესაც ყველაფერი არ შეიცვალა.
ერთხელ აბრაამს ანგელოზის მეშვეობით ღმერთი ეჩვენა. მას არ ეჯერა, რაც მის თავს ხდებოდა. როცა აბრაამი ამის შესახებ სარას უამბობდა, ალბათ, ის ამ დროს ქმარს თბილ მზერას მიაპყრობდა და სუნთქვაშეკრული შეეკითხებოდა: „მითხარი, რა გითხრა“. ალბათ, თავდაპირველად აბრაამი ჩამოჯდებოდა, აზრებისთვის თავი რომ მოეყარა და შემდეგ გადასცემდა მას იეჰოვას სიტყვებს: „დატოვე შენი ქვეყანა და შენი სანათესავო და წადი ქვეყანაში, რომელსაც გიჩვენებ“ (საქმეები 7:2, 3). ცოტა რომ დამშვიდდნენ, აბრაამმა და სარამ მერეღა გააცნობიერეს, რა დავალება მიიღეს იეჰოვასგან. მათ უარი უნდა ეთქვათ უზრუნველყოფილ ცხოვრებაზე, დაეტოვებინათ სახლი და მომთაბარეებივით ეცხოვრათ. ალბათ, აბრაამი დაჟინებით შესცქეროდა თავის ცოლს, რათა მის თვალებში ამოეკითხა, რას გრძნობდა იგი. როგორც ჩანს, მას სურდა გაეგო, მზად იყო თუ არა სარა ამხელა ცვლილებისთვის.
შეიძლება არასდროს დავმდგარვართ მსგავსი არჩევანის წინაშე. თუმცა ჩვენც გვიწევს არჩევანის გაკეთება, რადგან სიმდიდრის მოყვარულ ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ, რომელიც მუდამ გვიბიძგებს, პირველ რიგში ვიზრუნოთ საკუთარ კომფორტზე, დავაგროვოთ ქონება და ამგვარად თავი ვითომდა დაცულად ვიგრძნოთ. მაგრამ ბიბლია მოგვიწოდებს, უპირველესად დავიკმაყოფილოთ სულიერი მოთხოვნილებები და საკუთარ სიამოვნებაზე წინ ღვთის ნება დავაყენოთ (მათე 6:33). კარგი იქნება, დავფიქრდეთ სარას მაგალითზე და ვკითხოთ საკუთარ თავს: „მე რა არჩევანს გავაკეთებ ცხოვრებაში?“.
მათ დატოვეს თავიანთი ქვეყანა
სარასთვის არანაკლებ რთული იქნებოდა იმის გადაწყვეტა, რა წაეღო და რა დაეტოვებინა. ცხადია, აქლემებს და ვირებს დიდ ნივთებს ვერ აჰკიდებდა და ვერც ისეთ რამეს წაიღებდა, რაც მომთაბარე ცხოვრებისთვის სრულიად გამოუსადეგარი იქნებოდა. უდავოა, მათ ბევრი ნივთის გაყიდვა ან გაჩუქება მოუწევდათ. ალბათ, ადვილი არ იქნებოდა ისეთი ქალაქის დატოვება, სადაც ბევრი სავაჭრო ადგილი და ბაზარი იყო; იქ მას შეეძლო ეყიდა მარცვლეული, ხორცი, ხილი, ტანსაცმელი, აუცილებელი ნივთები თუ ფუფუნების საგნები.
სარასთვის ყველაზე რთული საკუთარ სახლთან გამოთხოვება იქნებოდა. თუ მასაც ისეთივე დიდი და კეთილმოწყობილი სახლი ჰქონდა, როგორიც არქეოლოგებმა ამ ტერიტორიაზე გათხრების შედეგად აღმოაჩინეს, მაშინ ნამდვილად დასწყდებოდა გული. ზოგ ასეთ სახლში 12-ზე მეტი ოთახი იყო, სადაც წყალგაყვანილობის სისტემა არსებობდა. ყველაზე ღარიბულ სახლსაც კი ჰქონდა ჭერი, კედლები და კარი, რომელიც ურდულით იკეტებოდა. კარავშიც ასევე იქნებოდა დაცული სარა ქურდებისგან? ან როგორ დაიცავდნენ თავს ისეთი მტაცებელი ცხოველებისგან, როგორიცაა ლომი, ჯიქი, დათვი და მგელი?
რის თქმა შეიძლება სარას ოჯახის წევრებზე? ვისთან მოუწევდა მას განშორება? ღმერთმა ხომ დაავალა მათ, რომ დაეტოვებინათ თავიანთი ქვეყანა და სანათესავო, რაც ამ მოსიყვარულე ქალისთვის საკმაოდ რთული იქნებოდა. მას შეიძლება ვეღარასდროს ენახა თავისი და-ძმები, ძმისშვილები თუ დისშვილები, დეიდები, ბიცოლები, მამიდები თუ ბიძები, რომლებთანაც ახლო, თბილი ურთიერთობა ჰქონდა. მაგრამ სარა არ აჰყვა ემოციებს და, სანამ გამგზავრების დრო დადგებოდა, ყოველდღე სამზადისში იყო.
სარამ ყველაფერი ჩააბარგა და უკვე მზად იყო გასამგზავრებლად. აბრაამს და სარას თერახიც თან გაჰყვა მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს თითქმის 200 წლის იყო. ასე რომ, სარას უეჭველად მოუწევდა თავის მოხუც მშობელზე ზრუნვა (დაბადება 11:31). როცა იეჰოვას მითითებისამებრ „ქალდეველების ქვეყანა“ დატოვეს, მათ ლოტიც თან გაჰყვა (საქმეები 7:4).
ქარავანი მდინარე ევფრატის დინების მიმართულებით დაიძრა და პირველად ხარანში ჩავიდა, რომელიც ურიდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 960 კილომეტრში მდებარეობდა. ისინი დროებით ხარანში დასახლდნენ, რადგან შესაძლოა თერახი სწორედ იქ შეიქნა ცუდად და ვეღარ შეძლო გზის გაგრძელება. ამიტომ აბრაამი და სარა ხარანში თერახის სიკვდილამდე ცხოვრობდნენ, რომელიც 205 წლის ასაკში დაიღუპა. სანამ განაგრძობდნენ მოგზაურობას, იეჰოვა კვლავ დაელაპარაკა აბრაამს და კიდევ ერთხელ უთხრა, რომ დაეტოვებინა ეს ქვეყანა და წასულიყო იმ მიწაზე, რომელზეც ის მიუთითებდა. ამჯერად ღმერთი ასეთ რამეს დაჰპირდა: „დიდ ხალხს წარმოვშობ შენგან“ (დაბადება 12:2—4). როცა მათ ხარანი დატოვეს, აბრაამი უკვე 75 წლის იყო, სარა კი — 65-ის, მაგრამ შვილი ჯერ კიდევ არ ჰყავდათ. მაშ, როგორ წარმოიშობოდა აბრაამისგან დიდი ხალხი? სხვა ცოლს ხომ არ შეირთავდა? მაშინ მრავალცოლიანობა ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ამიტომ სარა შესაძლოა ამაზეც ნერვიულობდა.
როგორც უნდა ყოფილიყო, მათ დატოვეს ხარანი. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ აბრამმა და სარამ თან წაიღეს მთელი ქონება, რაც იქ დააგროვეს და „წაიყვანეს ხარანში შეძენილი ყველა სული“ (დაბადება 12:5). ვინ იყვნენ ეს ადამიანები? როგორც ჩანს, მსახურები. უეჭველია, აბრაამი და სარა მათ ბევრ რამეს მოუყვებოდნენ თავიანთი ღმერთის შესახებ. ერთ-ერთი უძველესი ებრაული ნაშრომის თანახმად, ამ მუხლში მოხსენიებულ ხალხს შორის პროზელიტებიც იყვნენ, რომლებიც იეჰოვას თაყვანისმცემლები გახდნენ. თუ ეს მართლაც ასე იყო, მაშინ ღრმად მორწმუნე სარა საკმაოდ დამაჯერებლად ილაპარაკებდა თავისი ღვთისა და მისგან ბოძებული იმედის შესახებ. ნამდვილად ღირს მის მაგალითზე დაფიქრება, რადგან დღეს ხალხი უიმედო მდგომარეობაშია და რწმენა აქვს დაკარგული. ცდილობთ, მის მსგავსად თქვენც გაუზიაროთ სხვებს იმედის მომცემი ცნობა, რომლის შესახებაც ბიბლიაში კითხულობთ?
გეზი ეგვიპტისკენ აიღეს
მას შემდეგ, რაც აბრაამმა და სარამ, სავარაუდოდ, ძვ. წ. 1943 წლის 14 ნისანს ევფრატი გადაკვეთეს, სამხრეთის მიმართულებით იეჰოვას მიერ აღთქმული მიწისკენ გაემართნენ (გამოსვლა 12:40, 41). სარასთვის, ალბათ, არ იქნებოდა ადვილი ამ ლამაზი და ნაყოფიერი მიწის დატოვება, სადაც სასიამოვნო კლიმატი იყო. შექემთან ახლოს, მორეს დიდ ხეებთან, იეჰოვა ისევ გამოეცხადა აბრაამს და უთხრა: „შენს შთამომავალს მივცემ ამ მიწას“. სიტყვა „შთამომავალს“ აბრაამისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ალბათ, მის გაგონებაზე სამოთხის ბაღი გაახსენდებოდა, სადაც იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ მოვიდოდა შთამომავალი, რომელიც ერთ დღესაც სატანას გაანადგურებდა. იეჰოვას ნათქვამი ჰქონდა აბრაამისთვის, რომ ერი, რომელიც მისგან წარმოიშობოდა, მომავალი კურთხევებისკენ გაუხსნიდა გზას მთელ კაცობრიობას (დაბადება 3:15; 12:2, 3, 6, 7).
აბრაამის ოჯახი არ იყო დაცული იმ უბედურებებისგან, რომელიც იმ დროს მცხოვრებ ხალხს ატყდებოდა თავს. მალე ქანაანში შიმშილობა ჩამოვარდა, ამიტომ აბრაამმა თავის ოჯახთან ერთად სამხრეთით, ეგვიპტისკენ აიღო გეზი. მაგრამ ის ხვდებოდა, რომ იქაც არ ექნებოდა მშვიდი ცხოვრება. ერთხელ მან სარას უთხრა: „მომისმინე! ვიცი, რომ ლამაზი ქალი ხარ. როცა დაგინახავენ ეგვიპტელები, უეჭველად იტყვიან, მისი ცოლიაო, და მომკლავენ, შენ კი ცოცხალს დაგტოვებენ. თქვი, რომ ჩემი და ხარ, რათა შენი წყალობით ყველაფერი კარგად იყოს და ვიცოცხლო“ (დაბადება 12:10—13). რატომ მიმართა აბრაამმა სარას ასეთი უცნაური თხოვნით?
ამის მიზეზი სულაც არ ყოფილა აბრაამის სიმხდალე, როგორც ამას ზოგი კრიტიკოსი ამტკიცებს. სარა მართლა მისი ნახევარდა იყო. გარდა ამისა, აბრაამისა და სარასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ღვთის განზრახვის შესრულებაში შეეტანათ თავიანთი წვლილი. მათ ახსოვდათ იეჰოვას დანაპირები, რომ მათი შთამომავლის მეშვეობით წარმოიქმნებოდა დიდი ერი, ამიტომ აბრაამის სიცოცხლეს საფრთხე არ უნდა დამუქრებოდა. ასე რომ, აბრაამის ასეთი წინდახედულობა სავსებით გამართლებული იყო. მეტიც, არქეოლოგიურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ეგვიპტის დიდებულებს მამაკაცებისთვის მართლაც წაურთმევიათ ცოლები, თავად ისინი კი დაუხოცავთ. ასე რომ, აბრაამმა ბრძნულად იმოქმედა და სარაც თავმდაბლურად დაემორჩილა.
არ გასულა დიდი ხანი და განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ აბრაამის ეჭვები უსაფუძვლო არ ყოფილა. ფარაონის მთავრებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ სარას მომხიბვლელობა მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე აღარ იყო ახალგაზრდა. მათ ამის შესახებ ფარაონს აცნობეს, რომელმაც სარას სასახლეში მიყვანა ბრძანა. წარმოიდგინეთ, რამხელა ტკივილს იგრძნობდა ამ დროს აბრაამი და როგორი შეშინებული იქნებოდა სარა. ფარაონის სასახლეში სარას მძევალივით კი არა, პატივდებული ქალბატონივით ექცეოდნენ. როგორც ჩანს, ფარაონი ცდილობდა, თავისი სიმდიდრით სარაზე შთაბეჭდილება მოეხდინა. ალბათ, ის იმასაც გეგმავდა, რომ მისი „ძმისთვის“ სარას ხელიც კი ეთხოვა (დაბადება 12:14—16).
წარმოიდგინეთ სარა, რომელიც სასახლის აივანზე დგას და თვალწინ გადაშლილ ეგვიპტის ლამაზ ხედს გაჰყურებს. ისევ ხომ არ მოუნდებოდა მას კომფორტულ სახლში ცხოვრება, სადაც ნაირ-ნაირი საჭმლით უმასპინძლდებოდნენ? შესაძლოა ასეთ ფუფუნებაში არასდროს უცხოვრია. ალბათ, როგორ გაუხარდებოდა ღვთის დაუძინებელ მტერს, სატანას, თუ სარა აბრაამს მიატოვებდა და ფარაონს ცოლობაზე დასთანხმდებოდა. მაგრამ, საბედნიეროდ, სარას ასეთი რამ აზრადაც არ მოსვლია! ის თავისი ქმრისა და ღმერთის ერთგული დარჩა. ნეტავ, დღევანდელ ზნედაცემულ ქვეყნიერებაში ყველა დაქორწინებული ადამიანი იჩენდეს მსგავს ერთგულებას თავისი მეორე ნახევრის მიმართ! კარგი იქნება, თუ მიჰბაძავთ სარას და მასავით უერთგულებთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებს.
იეჰოვამ ფარაონსა და მის სახლეულობას დიდი უბედურება დაატეხა და ამგვარად დაიცვა ეს ერთგული ქალი. როცა ფარაონმა შეიტყო, რომ სარა აბრაამის ცოლი იყო, მაშინვე თავის ქმართან დააბრუნა და სთხოვა, რომ მთელ მათ ოჯახს დაეტოვებინა ეგვიპტე (დაბადება 12:17—20). აბრაამს ძალიან გაუხარდებოდა, რომ ძვირფასი მეუღლე კვლავ გვერდით ჰყავდა! მართალია, აბრაამმა კარგად იცოდა, რომ ლამაზი ცოლი ჰყავდა და არაერთხელ უთქვამს ეს მისთვის, მაგრამ ის თავის მეუღლეში ყველაზე მეტად შინაგან სილამაზეს აფასებდა, რაც გარეგნობაზე გაცილებით ფასეულია. სარას მართლაც ბევრი ისეთი თვისება ამკობდა, რასაც იეჰოვა ძალიან აფასებს (1 პეტრე 3:1—5). სწორედ ასეთი თვისებები უნდა განვივითაროთ თითოეულმა ჩვენგანმა. თუ მატერიალურზე წინ სულიერს დავაყენებთ, ღვთის შესახებ ცოდნას სხვებს გავუზიარებთ და ცდუნების წინაშე ყოფნის დროს ვუერთგულებთ მის მაღალზნეობრივ ნორმებს, ნამდვილად მივბაძავთ სარას, რომელიც ძლიერი რწმენით გამოირჩეოდა!
a თავიდან მათ აბრამი და სარაი ერქვათ, მაგრამ მოგვიანებით იეჰოვამ აბრაამი და სარა უწოდა და სწორედ ამ სახელებით არიან ისინი ცნობილნი (დაბადება 17:5, 15).
b სარა აბრაამის ნახევარდა იყო. ისინი მამით იყვნენ ერთნი, რომელსაც თერახი ერქვა (დაბადება 20:12). მართალია, ასეთი ქორწინება დღეს მიუღებელია, მაგრამ გასათვალისწინებელია მაშინდელი ეპოქა. იმ დროს ადამიანები უფრო ახლოს იყვნენ სრულყოფილებასთან, რომელიც მათმა წინაპრებმა ადამმა და ევამ დაკარგეს. ამიტომ ხალხი გაცილებით ჯანმრთელი იყო და ახლონათესაური ქორწინება მათ შთამომავლობაზე უარყოფითად არ აისახებოდა. თუმცა დაახლოებით 400 წლის შემდეგ ადამიანები უკვე საკმაოდ შორს იყვნენ სრულყოფილებისგან ისევე, როგორც დღეს — ჩვენ. იმ პერიოდში მოსეს კანონი კრძალავდა ახლო ნათესავებს შორის სქესობრივ კავშირს (ლევიანები 18:6).