გეღვიძოთ, სატანას თქვენი გადაყლაპვა სურს!
„გეღვიძოთ! თქვენი მოწინააღმდეგე, ეშმაკი, დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ გადაყლაპოს“ (1 პეტ. 5:8)
1. როგორ იქცა ერთი სულიერი ქმნილება სატანად?
ერთ დროს ამ სულიერ ქმნილებას იეჰოვას თვალში კარგი სახელი ჰქონდა; თუმცა მოგვიანებით ადამიანებისგან თაყვანისცემა მოინდომა. მან არ უკუაგდო ეს არასწორი სურვილი, პირიქით, გასაქანი მისცა მას, რამაც ცოდვამდე მიიყვანა (იაკ. 1:14, 15). ჩვენთვის ეს ქმნილება სატანის სახელითაა ცნობილი, რომლის შესახებაც ბიბლიაში ვკითხულობთ: „ჭეშმარიტებაში არ დადგა“. იგი ღმერთს აუჯანყდა და სიცრუის მამა გახდა (იოან. 8:44).
2, 3. რას გვიმჟღავნებს იეჰოვას უმთავრესი მტრის შესახებ სახელები „სატანა“, „ეშმაკი“, „გველი“ და „დრაკონი“?
2 სატანა აჯანყების დღიდან მტრად ექცა იეჰოვას და შესაბამისად — კაცობრიობასაც. მისი სახელები ხაზს უსვამს მის უზომო გახრწნილებას. როგორც ვიცით, „სატანა“ „მოწინააღმდეგეს“ ნიშნავს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს ბოროტი სულიერი ქმნილება არათუ მხარს უჭერს იეჰოვას უზენაესობას, არამედ სძულს და აგრესიულად იბრძვის მის წინააღმდეგ. უფრო მეტიც, მას ყველაზე მეტად ის სურს, რომ იეჰოვას უზენაესობას წერტილი დაესვას.
3 როგორც გამოცხადების 12:9-დან ვიგებთ სატანას „ეშმაკიც“ ეწოდება, რაც „ცილისმწამებელს“ ნიშნავს. ეს შეგვახსენებს, რომ მან შეურაცხყო იეჰოვა, როდესაც ღმერთს მატყუარა უწოდა. ამ მუხლში მოხსენიებული „ძველი გველი“ გვაგონებს იმ ავბედით დღეს, როცა ედემის ბაღში სატანამ ევა გველის მეშვეობით აცდუნა. „დიდი დრაკონის“ ხსენებაზე კი თვალწინ წარმოგვიდგება საშინელი ურჩხული, რაც სატანისთვის ზედგამოჭრილი სახელია, ვინაიდან მას იეჰოვას განზრახვის ჩაშლა და მისი ხალხის განადგურება სურს.
4. რას განვიხილავთ წინამდებარე სტატიაში?
4 ნათელია, სატანა უდიდეს საფრთხეს უქმნის ჩვენს უმწიკვლობას. ამიტომაც ბიბლია გვაფრთხილებს: „იფხიზლეთ და გეღვიძოთ! თქვენი მოწინააღმდეგე, ეშმაკი, დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ გადაყლაპოს“ (1 პეტ. 5:8). ამ მუხლის გათვალისწინებით წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ სატანის სამ თვისებას, რომელიც დაგვანახვებს იმის აუცილებლობას, რომ თავი დავიცვათ იეჰოვასა და მისი ხალხის დაუძინებელი მტრისგან.
სატანა ძლიერია
5, 6. ა) მოიყვანეთ მაგალითები, საიდანაც ჩანს, რომ სულიერი ქმნილებები „ძალით ძლიერნი“ არიან. ბ) რა გაგებით იწვევს სატანა სიკვდილს?
5 სულიერი ქმნილებები, რომლებსაც ანგელოზები ჰქვიათ, „ძალით ძლიერნი“ არიან (ფსალმ. 103:20). ისინი ადამიანებზე გაცილებით მაღალ საფეხურზე დგანან — როგორც ინტელექტუალური, ისე ფიზიკური შესაძლებლობებით. ეჭვი არავის გვეპარება იმაში, რომ იეჰოვას ერთგული ანგელოზები თავიანთ ძალას სასიკეთოდ იყენებენ. მაგალითად, ერთხელ იეჰოვას ერთმა ანგელოზმა ასურელთა 185 000-კაციან ჯარს ერთ ღამეში გაავლო მუსრი; ცხადია, ამგვარ გმირულ საქციელს არამცთუ ერთი ადამიანი, არამედ მთელი ჯარიც კი ვერ ჩაიდენდა (2 მეფ. 19:35). სხვა დროს ანგელოზმა ზეადამიანური ძალისა და მოხერხებულობის წყალობით საპატიმროდან გაათავისუფლა იესოს მოციქულები. მან ისე გახსნა საპყრობილის კარები, ისე გამოიყვანა მოციქულები და შემდეგ ისე დაკეტა კარები, რომ იქვე მდგომ მცველებს არა გაუგიათ რა! (საქ. 5:18—23).
6 ერთგული სულიერი ქმნილებები თავიანთ ძალას სასიკეთოდ იყენებენ, სატანა კი თავის ძალას ბოროტების საკეთებლად მიმართავს. მას დიდი ძალა და გავლენა აქვს! საღვთო წერილი სატანას „ამ ქვეყნიერების მმართველსა“ და „ამ ქვეყნიერების ღმერთს“ უწოდებს (იოან. 12:31; 2 კორ. 4:4). სატანა ეშმაკი სიკვდილსაც კი იწვევს (ებრ. 2:14). ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი თვითონ კლავს ყველას. თუმცა ერთი რამ ფაქტია: ქვეყნიერება გაჟღენთილია მისი სულით, რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. უფრო მეტიც, ცოდვა და სიკვდილი მთელ კაცობრიობაზე მას შემდეგ გავრცელდა, რაც ევამ სატანის სიცრუე დაიჯერა და ადამი ღმერთს ეურჩა (რომ. 5:12). ეშმაკი ამ გაგებით იწვევს სიკვდილს. სწორედ ამიტომ უწოდა მას იესომ „კაცისმკვლელი“ (იოან. 8:44). ჩვენი მტერი სატანა მართლაც რომ ძალიან ძლიერია!
7. როგორ ცხადყოფენ დემონები, რომ დიდ ძალას ფლობენ?
7 როდესაც სატანას ვუპირისპირდებით, ჩვენ ფაქტობრივად ვირაზმებით არა მხოლოდ მის, არამედ ყველას წინააღმდეგ, ვინც სატანის მხარესაა და იეჰოვას უზენაესობას ეწინააღმდეგება. მის მხარდამჭერთა რიგებში შედიან მეამბოხე სულიერი ქმნილებები, დემონები (გამოცხ. 12:3, 4). მათ არაერთხელ ცხადყვეს, რომ ზეადამიანურ ძალას ფლობენ; ეს იქიდან ჩანს, რომ ისინი დიდ უბედურებას ატეხენ ადამიანებს და ტანჯავენ მათ (მათ. 8:28—32; მარ. 5:1—5). ნურასოდეს უგულებელყოფთ ამ ბოროტი ანგელოზებისა და „დემონების მმართველის“ ძალას! (მათ. 9:34). გახსოვდეთ, სატანის წინააღმდეგ ბრძოლაში იეჰოვას დახმარების გარეშე გამარჯვებას ვერ მოიპოვებთ.
სატანა სასტიკია
8. ა) რა არის სატანის მიზანი? (იხილეთ სურათი მე-9 გვერდზე) ბ) თქვენი აზრით, როგორ ირეკლავს ქვეყნიერება სატანის სასტიკ სულს?
8 მოციქულმა პეტრემ სატანა „მბრდღვინავ ლომს“ შეადარა. ერთი ნაშრომის თანახმად, ბერძნული სიტყვა, რომელიც „ბრდღვინვად“ ითარგმნება, ნიშნავს „გააფთრებული, მშიერი მხეცის ღრიალს“. მართლაც, რა კარგად აღწერს ეს განმარტება სატანის სასტიკ ხასიათს. მართალია, მთელი ქვეყნიერება სატანის ხელშია, მაგრამ ის არ კმაყოფილდება ამით (1 იოან. 5:19). მისთვის ქვეყნიერება შეიძლება უბრალოდ „ხემსია“ და მეტი არაფერი. ფაქტობრივად, სატანას მთელი ყურადღება გადატანილი აქვს „ძირითად კერძზე“ — ცხებულთა დარჩენილ ნაწილზე და მათ მხარდამჭერ „სხვა ცხვარზე“ (იოან. 10:16; გამოცხ. 12:17). მისი მიზანი იეჰოვას ხალხის „გადაყლაპვაა“. პირველი საუკუნიდან მოყოლებული დღემდე იესოს მიმდევრების წინააღმდეგ აგორებული დევნების ტალღა სწორედ მის სისასტიკეზე მეტყველებს.
9, 10. ა) როგორ ცდილობდა სატანა, ხელი შეეშალა ისრაელ ერთან დაკავშირებული ღვთის განზრახვისთვის? (მოიყვანეთ მაგალითები) ბ) რა განსაკუთრებული მიზეზის გამო ამოიღო სატანამ ძველი ისრაელი მიზანში? გ) თქვენი აზრით, რა რეაქცია აქვს ეშმაკს, როდესაც იეჰოვას რომელიმე მსახური სერიოზულად სცოდავს?
9 ღვთის განზრახვის ჩასაშლელად სატანა თავის სისასტიკეს სხვა მხრივაც ავლენს. მაგალითად, მშიერ ლომს თავისი მსხვერპლი არ ებრალება. მსხვერპლს არც ცოცხალს ინდობს და არც მისი მოკვლის შემდეგ ქენჯნის სინდისი. მსგავსადვე, არც სატანას ებრალება ის ადამიანები, ვისი „გადაყლაპვაც“ სწადია. ალბათ, ის ხშირად ადევნებდა თვალს ისრაელებს, როდესაც ისინი ცოდვებს სჩადიოდნენ და უზნეობისა თუ სიხარბის ჭაობში ეფლობოდნენ. როდესაც ბიბლიაში კითხულობთ, თუ რა ტრაგიკული შედეგები მოჰყვა ზიმრის უზნეობასა და გეხაზის სიხარბეს, ნუთუ ვერ „ხედავთ“, გამარჯვებით მოზეიმე „მბრდღვინავ ლომს“?! (რიცხ. 25:6—8, 14, 15; 2 მეფ. 5:20—27).
10 სატანამ ძველი ისრაელი განსაკუთრებული მიზეზის გამო ამოიღო მიზანში. მან შესანიშნავად იცოდა, რომ სწორედ ამ ერს უნდა ეშვა მესია, ის, ვინც მას თავს გაუჭეჭყავდა და ვინც იეჰოვას უზენაესობას დაიცავდა (დაბ. 3:15). სატანას სურდა, რომ ისრაელ ერს ღვთის მოწონება დაეკარგა; ის მთელი სიმძაფრით ცდილობდა, რომ ისრაელი ერი ცოდვაში გაეხვია. მას ერთი წუთითაც არ შესცოდებია დავითი, როდესაც მეფემ იმრუშა; არც მოსე შეჰბრალებია მაშინ, როცა წინასწარმეტყველმა აღთქმულ მიწაზე შესვლის უფლება დაკარგა. პირიქით, ის ხარობს, როდესაც ღვთის რომელიმე მსახური სერიოზულად სცოდავს. გამორიცხული არაა, რომ ეშმაკი სხვა ყველაფერთან ერთად ასეთ გამარჯვებებსაც იყენებდეს იეჰოვას დასაცინად (იგავ. 27:11).
11. რატომ შეიძლება გამხდარიყო სარა სატანის სამიზნე?
11 სატანა განსაკუთრებით იმ საგვარეულო ხაზს ემტერებოდა, რომელშიც მესია უნდა დაბადებულიყო. მაგალითად, გაიხსენეთ, რა მოხდა ცოტა ხანში, როდესაც იეჰოვამ აბრაამს უთხრა, რომ დიდ ხალხად იქცეოდა (დაბ. 12:1—3). როდესაც აბრაამი და სარა ეგვიპტეში იყვნენ, ფარაონმა სარა თავის სახლში წაიყვანა. როგორც ჩანს, მას სურდა, რომ იგი მისი ცოლი გამხდარიყო. თუმცა საქმეში იეჰოვა ჩაერია და სარა რთული ვითარებიდან დაიხსნა (წაიკითხეთ დაბადების 12:14—20). ისაკის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე, აბრაამი და სარა ასეთი სირთულის წინაშე გერარშიც აღმოჩნდნენ (დაბ. 20:1—7). თქვენი აზრით, ამ ყველაფრის მიღმა ეშმაკი იდგა? ხომ არ ფიქრობდა ის, რომ სარა, რომელმაც აყვავებული ქალაქი ური დატოვა და კარვებში ცხოვრობდა, ცდუნდებოდა ფარაონისა და აბიმელექის მდიდრული სასახლეებით? იქნებ მას ეგონა, რომ სარა ქმარსა და იეჰოვას უღალატებდა, უზნეობას ჩაიდენდა და სხვა კაცის ცოლი გახდებოდა? მართალია, ბიბლია ამ კითხვებზე პასუხს არ გვცემს, მაგრამ საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, გვჯეროდეს, რომ ეშმაკი გაიხარებდა, თუკი სარა აღთქმული შთამომავლის წინაპარი ვეღარ გახდებოდა. სატანას დანაშაულის გრძნობა ნამდვილად არ შეაწუხებდა, თუკი ამ პატიოსან ქალს ოჯახი დაენგრეოდა, ღმერთთან ურთიერთობა გაუფუჭდებოდა და რეპუტაცია შეელახებოდა. ხედავთ, რა სასტიკი და ბოროტია სატანა?!
12, 13. ა) როგორ გამოავლინა სატანამ სისასტიკე იესოს დაბადების შემდეგ? ბ) როგორ ფიქრობთ, რას გრძნობს სატანა იმ ახალგაზრდების მიმართ, რომელთაც იეჰოვა უყვართ და ცდილობენ, მას ემსახურონ?
12 იესო აბრაამის დედამიწაზე ცხოვრებიდან საუკუნეების გასვლის შემდეგ დაიბადა. ნუ იფიქრებთ, რომ სატანისთვის ჩვილი იესო პატარა, ლამაზი და საყვარელი არსება იყო. სატანამ კარგად უწყოდა, რომ ახალშობილი გაიზრდებოდა და აღთქმული მესია გახდებოდა. დიახ, იესო აბრაამის შთამომავლის მთავარი ნაწილი იყო, ანუ ის, ვინც მოგვიანებით ეშმაკის საქმეებს „დაამსხვრევდა“ (1 იოან. 3:8). ნუთუ სატანა მოსაკლავად ბავშვსაც გაიმეტებდა? რა თქმა უნდა! მას ხომ ზნეობრივი ნორმები არ გააჩნია?! ამიტომაც იყო, რომ სატანამ პატარა იესოს წინააღმდეგ მალევე იმოქმედა. მოდი, ვნახოთ, როგორ.
13 როდესაც მეფე ჰეროდემ ასტროლოგებისგან იუდეველთა მეფის დაბადების შესახებ შეიტყო, დიდად დამწუხრდა; მან ახალშობილის მოკვლა გადაწყვიტა (მათ. 2:1—3, 13). საქმის სისრულეში მოსაყვანად, მეფემ ბრძანა, რომ ბეთლემსა და მთელ მის შემოგარენში მცხოვრები 2 წლამდე ასაკის ყველა ბიჭი დაეხოცათ (წაიკითხეთ მათეს 2:13—18). მართალია, ამ საზარელ სასაკლაოს იესო გადაურჩა, მაგრამ რას გვამცნობს ეს ფაქტი ჩვენი მტრის, სატანის, შესახებ? უდავოა, რომ ეშმაკისთვის ადამიანის სიცოცხლეს ჩალის ფასი აქვს. მას სათუთი გრძნობები ბავშვების მიმართაც კი არა აქვს. ის მართლაც „მბრდღვინავი ლომია“. ასე რომ, არასდროს დაგავიწყდეთ, რამდენად ულმობელია სატანა!
სატანა მატყუარაა
14, 15. როგორ დაუბრმავა სატანამ გონება ურწმუნოებს?
14 სატანა მხოლოდ და მხოლოდ ტყუილების მეშვეობით უმხედრებს ხალხს მოსიყვარულე ღმერთს, იეჰოვას (1 იოან. 4:8). სწორედ ტყუილით შეჰყავს მას ადამიანები შეცდომაში და აფიქრებინებს, რომ არ სჭირდებათ სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება (მათ. 5:3). ამგვარად, ეშმაკმა „დაუბრმავა გონება [ურწმუნოებს], რათა მათზე არ ებრწყინა ქრისტეს შესახებ დიდებული სასიხარულო ცნობის სინათლეს, ქრისტესი, რომელიც უხილავი ღვთის ანარეკლია“ (2 კორ. 4:4).
15 სატანის ერთ-ერთი დიდი ტყუილი, რითაც ადამიანები შეცდომაში შეჰყავს, ცრუ რელიგიაა. ალბათ, მას კმაყოფილების განცდა ეუფლება, როდესაც ხედავს, რომ ადამიანები თაყვანს სცემენ წინაპრებს, ბუნებას ან ცხოველებს — ყველას და ყველაფერს იეჰოვას გარდა, ღვთისა, რომელიც „განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნი“ ღმერთია! (გამ. 20:5). მრავალი ადამიანიც კი, ვინც ფიქრობს, რომ მართებულად სცემს ღმერთს თაყვანს, ცრუ სწავლებების გავლენაშია მოქცეული და სრულიად უსარგებლო რიტუალებში იღებს მონაწილეობას. მათი სავალალო მდგომარეობა, იმ ადამიანთა მდგომარეობას ჰგავს, ვისაც იეჰოვამ უთხრა: „რატომ იხდით ფულს იმაში, რაც პური არ არის და რატომ შრომობთ იმისთვის, რაც არ აძღებს? ყურადღებით მომისმინეთ, ჭამეთ კარგი საჭმელი და ნეტარება პოვოს თქვენმა სულმა ნოყიერებაში!“ (ეს. 55:2).
16, 17. ა) რატომ უთხრა იესომ პეტრეს: „მომცილდი, სატანა!“? ბ) როგორ შეიძლება სატანამ მოგვატყუოს და დაგვაკარგვინოს იმის შეგრძნება, რომ დრო არ იცდის?
16 სატანას იეჰოვას გულმოდგინე მსახურების შეცდენაც შეუძლია. მაგალითად, გავიხსენოთ, რა მოხდა მას შემდეგ, რაც იესომ მოწაფეებს უთხრა, რომ ცოტა ხანში უნდა მომკვდარიყო. პეტრე მოციქულმა, რა თქმა უნდა, კარგი მოტივებით, იესო გვერდზე გაიყვანა და უთხრა: „შეიწყალე თავი, უფალო! ნუ დამართებ თავს ამას“, რაზედაც იესომ მტკიცედ უპასუხა: „მომცილდი, სატანა!“ (მათ. 16:22, 23). რატომ უწოდა იესომ პეტრეს „სატანა“? იმიტომ, რომ მას ესმოდა, რომ ახლოვდებოდა მისი სიკვდილის საათი — იგი მსხვერპლად გაღებული სიცოცხლით გამოისყიდდა კაცობრიობას და ამით დაამტკიცებდა, რომ ეშმაკი მატყუარაა. კაცობრიობის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში ნამდვილად არ იყო იმის დრო, რომ იესოს საკუთარი თავი „შეეწყალებინა“. ეშმაკსაც ხომ ის სურდა, რომ მას სიფხიზლე მოედუნებინა?!
17 რაც უფრო ვუახლოვდებით ქვეყნიერების აღსასრულს, ჩვენთვისაც უფრო რთული ხდება ცხოვრება. სატანას სურს, რომ აღარ ვიფხიზლოთ, საკუთარი თავი „შევიწყალოთ“, ვეძიოთ ქვეყნიური კომფორტი და ამგვარად დავკარგოთ იმის შეგრძნება, რომ დრო არ იცდის. არასდროს დაუშვათ, რომ ეს თქვენს შემთხვევაში მოხდეს! ნაცვლად ამისა, „იფხიზლეთ“! (მათ. 24:42). ნურასოდეს დაიჯერებთ სატანის ცრუ პროპაგანდას, რომ აღსასრული ძალიან შორსაა ან საერთოდ არ მოვა.
18, 19. ა) როგორ შეიძლება შეეცადოს სატანა ჩვენ მოტყუებას და საკუთარ თავზე არასწორად გვაფიქრებინოს? ბ) როგორ გვეხმარება იეჰოვა, რომ ვიფხიზლოთ და გვეღვიძოს?
18 სატანა ჩვენ შეცდენას სხვაგვარადაც ცდილობს. მას სურს, დაგვაჯეროს, რომ ღვთის თვალსაზრისით ჩვენ სიყვარულს არ ვიმსახურებთ და არც ცოდვები გვეპატიება. გახსოვდეთ, ეს ყველაფერი სატანის ცრუ პროპაგანდის ნაწილია. სინამდვილეში ვინ არის ის, ვინც იეჰოვას სიყვარულს არ იმსახურებს? სატანა! და, სინამდვილეში ვის არ ეპატიება ცოდვები? რა თქმა უნდა, სატანას! ბიბლია გვაიმედებს: „ღმერთი უმართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა და სიყვარული, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ“ (ებრ. 6:10). იეჰოვა ძალიან აფასებს ჩვენს მცდელობას, რომ ვასიამოვნოთ მას; ჩვენი მსახურება ნამდვილად არ არის ფუჭი (წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:58). ასე რომ, მოდი, ნუ მოვიტყუებთ თავს სატანის ცრუ პროპაგანდით!
19 როგორც ამ სტატიიდან დავინახეთ, სატანა ძლიერი, სასტიკი და მატყუარაა. მაგრამ, როგორ შეგვიძლია მოვიპოვოთ გამარჯვება ამ საშიშ მტერთან გამართულ ბრძოლაში? გვახსოვდეს, იეჰოვა გვიცავს. იგი თავისი სიტყვის მეშვეობით გვიმხელს სატანის მეთოდებს და „ჩვენთვის უცნობი არ არის მისი ზრახვები“ (2 კორ. 2:11). ამიტომ, ვინაიდან ვიცით სატანის ტაქტიკა, უფრო ადვილია, რომ ვიფხიზლოთ და გვეღვიძოს. თუმცა სატანის ზრახვების მხოლოდ ცოდნა არ კმარა. ბიბლია მოგვიწოდებს: „წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან“ (იაკ. 4:7). შემდეგ სტატიაში განხილული იქნება სამი მახე, რომელსაც სატანა გვიგებს. თუ ამ მახეებს თავს დავაღწევთ, ეშმაკის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში გავიმარჯვებთ.