გულმოდგინედ ეძებთ იეჰოვას?
ერთ ქრისტიან მამაკაცს მთელი გულით სურდა ბიბლიური სასიხარულო ცნობის იმ ადამიანებისთვის გაზიარება, რომლებთანაც მატარებლით რეგულარულად მგზავრობდა (მარკოზი 13:10). შიში კი ამის საშუალებას არ აძლევდა. ჩაიქნია მან ხელი? არა. მხურვალე ლოცვებში ის იეჰოვას დახმარებას სთხოვდა და პარალელურად სწავლობდა, თუ როგორ დაეწყო საუბარი. იეჰოვა ღმერთმა შეისმინა ამ კაცის სათხოვარი და ქადაგებისთვის საჭირო გამბედაობა მისცა.
მსგავსი გულმოდგინება აუცილებელია, როდესაც იეჰოვას და მის კურთხევებს ვეძებთ. პავლე მოციქულმა თქვა: „ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ის არსებობს და აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“ (ებრაელთა 11:6, აქ). იეჰოვას მხოლოდ ძებნა საკმარისი არ არის. ბერძნული ზმნა, რომელიც „გულმოდგინედ ძებნად“ არის ნათარგმნი, ისეთ ფორმაშია ჩასმული, რომ მოქმედების ინტენსივობასა და მთელი ძალის მოკრებაზე მიუთითებს. ამაში შედის მთელი გულით, სულითა და ძალით მოქმედება. თუ გულმოდგინედ ვეძებთ იეჰოვას, არ ვიქნებით გულგრილები და ზარმაცები და არ დავზოგავთ საკუთარ თავს. პირიქით, მთელი ენთუზიაზმით ვიმოქმედებთ (საქმეები 15:17).
ისინი გულმოდგინედ ეძებდნენ იეჰოვას
საღვთო წერილში მრავლადაა იმ ერთგულ ადამიანთა მაგალითები, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებდნენ იმისათვის, რომ ეძიათ იეჰოვა. ერთ-ერთი ასეთი პიროვნება იყო იაკობი. ის განთიადამდე ებრძოდა ღვთის ხორცშესხმულ ანგელოზს. იაკობს ისრაელი (ღმერთთან მებრძოლი) ეწოდა, რადგან ის „ებრძოდა“, ანუ ფარ-ხმალს არ ყრიდა, ძალ-ღონის დაუშურველად, მტკიცედ განაგრძობდა ღმერთთან ჭიდილს. ანგელოზმა აკურთხა იაკობი გულმოდგინე მცდელობისთვის (დაბადება 32:24—30).
ბიბლიაში მოთხრობილია ერთი გალილეველი ქალის შესახებ, რომლის სახელიც მოხსენიებული არ არის. ის 12 წლის განმავლობაში სისხლდენით იტანჯებოდა. ასეთი სენით დაავადებული სხვებს არ უნდა შეხებოდა. ამ ქალმა კი გამბედაობა მოიკრიბა და იესოსთან შესახვედრად გაემართა. ის თავისთვის ფიქრობდა: „მის სამოსელსაც რომ შევეხო, განვიკურნებიო“. წარმოიდგინეთ, რა დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა მას, რათა გაერღვია ‘დიდძალი ხალხის’ ბრბო, რომელიც იესოს ‘ზედ აწყდებოდა’. იესოს სამოსლის შეხებისთანავე მან იგრძნო, რომ „დაიშრიტა მისი სისხლის წყარო“, ანუ განიკურნა ქრონიკული დაავადებისგან. როცა იესომ იკითხა, ვინ შეეხო ჩემს სამოსელსო, ქალი შეშინდა. მაგრამ იესომ დაყვავებით უთხრა: „ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით და მორჩენილი ხარ შენი სენისაგან“. ქალის ძალისხმევა დაჯილდოვდა (მარკოზი 5:24—34; ლევიანები 15:25—27).
ერთხელ ერთმა ფინიკიელმა ქალმა მთელი გულით სთხოვა იესოს, განეკურნა მისი ქალიშვილი. იესომ კი უპასუხა, რომ არ იქნებოდა კარგი, შვილებისთვის წაერთმია პური და ლეკვებისთვის დაეყარა. ამ სიტყვებით იმის თქმა სურდა, რომ, იუდეველებისთვის კუთვნილი სხვებისთვის არ უნდა მიეცა. ქალი მიხვდა, თუ რისთვის მოიყვანა იესომ ეს თვალსაჩინო მაგალითი. მიუხედავად ამისა, სთხოვა: „დიახ, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ ნამცეცებს, მათი ბატონების სუფრიდან რომ ცვივა“. მისი მტკიცე რწმენითა და გულწრფელობით მოხიბლულმა იესომ თქვა: „ჰოი, დედაკაცო! დიდია შენი რწმენა, მოგეცეს, როგორც შენ გსურს“ (მათე 15:22—28).
რას მიიღებდნენ ეს ადამიანები, თუ გულს გაიტეხდნენ და თხოვნას შეწყვეტდნენ? მიიღებდნენ კურთხევას, თუ პირველივე დაბრკოლებისას ან წინააღმდეგობისას ფარ-ხმალს დაყრიდნენ? არა! ეს მაგალითები იმის მაჩვენებელია, თუ რას გულისხმობდა იესო, როცა თქვა, რომ დაუცხრომლად „თხოვნა“ მართებული და მნიშვნელოვანიც კი არის მაშინ, როდესაც იეჰოვას ვეძებთ (ლუკა 11:5—13).
მისი ნებისამებრ
იყო თუ არა ზემოთ მოხსენიებულ მაგალითებში სასწაულით განკურნებისათვის საკმარისი გულმოდგინედ, დაუცხრომლად თხოვნა? არა, მათი თხოვნა ღვთის ნებასთან შეთანხმებული უნდა ყოფილიყო. იესოს ღვთისგან სასწაულებრივი ძალა ჰქონდა მიცემული, რაც აშკარად იმაზე მეტყველებდა, რომ ის ღვთის ძე, აღთქმული მესია, იყო (იოანე 6:14; 9:33; საქმეები 2:22). იესოს მიერ მოხდენილი სასწაულები აგრეთვე გარკვეულ წარმოდგენას უქმნიდა ადამიანებს იმის შესახებ, თუ რაოდენ აკურთხებდა იეჰოვა მათ დედამიწაზე ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს (გამოცხადება 21:4; 22:2).
ახლა ღვთის ნება აღარ არის, რომ ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრებს სასწაულებრივი შესაძლებლობები, მაგალითად განკურნებისა და ენებზე ლაპარაკის უნარი, ჰქონდეთ (1 კორინთელთა 13:8, 13). დღეს ღვთის ნებაში შედის სასიხარულო ცნობის მთელ დედამიწაზე ქადაგება, რათა ‘ყველა ადამიანმა მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას’ (1 ტიმოთე 2:4; მათე 24:14; 28:19, 20). ღვთის მსახურებს შეუძლიათ თავიანთ ლოცვებზე ღვთისგან კეთილგანწყობით გამოხმაურებას მოელოდნენ, როდესაც მისი ნების თანახმად მოქმედებენ და ამისთვის ძალისხმევას არ იშურებენ.
ზოგი შეიძლება ფიქრობს: „რატომ უნდა მოვახმარო მსახურებას დიდი ძალისხმევა მაშინ, როდესაც ღვთის განზრახვა საბოლოოდ ნებისმიერ შემთხვევაში განხორციელდება?“ მართალია, იეჰოვა ადამიანთა მცდელობების გარეშეც განახორციელებს თავის განზრახვას, მაგრამ მას სიამოვნებს, როდესაც ისინი მისი ნების შესრულებაში მონაწილეობენ. იეჰოვა შეიძლება შევადაროთ ადამიანს, რომელიც სახლს აშენებს. მშენებელს სახლის ასაშენებლად აქვს პროექტი, მაგრამ ადგილობრივ სამშენებლო მასალებს იყენებს. მსგავსად ამისა, იეჰოვას აქვს გარკვეული გეგმა, რომელიც დღეს სრულდება და მას სიამოვნებს ამ საქმეში იმ მსახურების გამოყენება, რომლებიც მზადყოფნის სულისკვეთებას ავლენენ (ფსალმუნები 109:3; 1 კორინთელთა 9:16, 17).
განვიხილოთ ახალგაზრდა ტოშიოს შემთხვევა. მაღალ კლასებში გადასვლისას მან მიზნად დაისახა, სკოლაში მაქსიმალურად ექადაგა. ტოშიოს ყოველთვის თან ჰქონდა ბიბლია და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ სანიმუშო ქრისტიანი ყოფილიყო. სასწავლო წლის დასასრულს მას კლასის წინაშე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მიეცა. ტოშიომ ლოცვით მიმართა იეჰოვას და დახმარება სთხოვა. მას დიდი სიხარული მიანიჭა იმის დანახვამ, რომ მთელი კლასი სულგანაბული უსმენდა მოხსენებას: „მიზნად მაქვს დასახული, გავხდე პიონერი“. მან აღნიშნა, რომ სურდა იეჰოვას სრული დროით მსახური მოწმე გამხდარიყო. ერთ-ერთმა მოსწავლემ ბიბლიის შესწავლის სურვილი გამოთქვა, სულიერად წინ წაიწია და მოინათლა. ამგვარად, ღმერთმა აკურთხა ტოშიოს მიერ ლოცვის შესაბამისად გამოვლენილი გულმოდგინება.
რამდენად გულმოდგინე ხართ?
თქვენ მრავალი სახით შეგიძლიათ ცხადყოთ, რომ გულმოდგინედ ეძებთ იეჰოვასა და მის კურთხევებს. არსებობს ძირითადი მხარეები, რომლებშიც გამოავლენდით ამას. კრების შეხვედრებისთვის კარგად მომზადებითა და გააზრებული კომენტარებით, კონკრეტული ნაბიჯებისკენ აღმძვრელი მოხსენებების წარმოთქმითა და ეფექტური ინსცენირებების გაკეთებით ნათელყოფთ, რამდენად ახმართ ძალისხმევას იეჰოვას გულმოდგინედ ძებნას. გულმოდგინების გამოვლენა მსახურების ხარისხის გაუმჯობესებითაც შეიძლება. რას იტყოდით იმაზე, რომ მობინადრეებთან საუბრისას უფრო მეგობრული ტონი გამოგემუშავებინათ და თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი უფრო ეფექტური შეთავაზებები გამოგეყენებინათ? (კოლასელთა 3:23). თუ ქრისტიანი მამაკაცი გულმოდგინებას გამოავლენს, შეიძლება კრებაში სხვადასხვა პასუხისმგებლობა დააკისრონ. მაგალითად, თანაშემწედ ან უხუცესად დანიშნონ (1 ტიმოთე 3:1, 2, 12, 13). მზადყოფნის სულისკვეთების გამოვლენა გაცემით გამოწვეულ სიხარულს განგაცდევინებთ. შეგეძლოთ იეჰოვას მოწმეთა ფილიალის მშენებლობაში მიგეღოთ მონაწილეობა ან ფილიალში გემსახურათ. ან, თუ სულიერად მოწიფული დაუქორწინებელი მამაკაცი ხართ, შეგიძლიათ გაიაროთ მსახურებაში დახელოვნების სკოლის კურსი, რომლის დახმარებითაც სულიერი მამაკაცები კარგი მწყემსები ხდებიან. თუ დაქორწინებული ხართ, იეჰოვასთვის უფრო მეტად მსახურების სურვილის გამოხატვა მისიონერული მსახურების დაწყებით შეიძლებოდა. იქნებ მსახურებაში გულმოდგინება იმ ადგილებში გადასვლით გამოგევლინათ, სადაც მქადაგებლებზე მეტი მოთხოვნილებაა? (1 კორინთელთა 16:9).
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, თუ რა სულისკვეთებით ასრულებთ თეოკრატიულ დავალებებს. რაც უნდა დაგავალონ, მთელი გულმოდგინებით, ენთუზიაზმითა და „წრფელი გულით“ მოეკიდეთ მას (საქმეები 2:46, აქ; რომაელთა 12:8). თითოეული დავალება გულმოდგინების გამოსავლენად და, ამგვარად, იეჰოვას განსადიდებლად გამოიყენეთ. გამუდმებით ილოცეთ! ლოცვებში დახმარება სთხოვეთ ღმერთს, შემდეგ კი ძალ-ღონე არ დაიშუროთ იმისათვის, რომ ლოცვის შესაბამისად მოიქცეთ. ასეთი სახით მოქმედებას იეჰოვას კურთხევები მოაქვს.
გულმოდგინება ჯილდოვდება
გახსოვთ ქრისტიანი მამაკაცი, რომელიც ლოცულობდა, რომ დაეძლია შიში და ექადაგა მათთვის, ვისთან ერთადაც მატარებლით მგზავრობდა? იეჰოვამ აკურთხა მისი გულითადი სურვილი. ეს ძმა ცდილობდა საუბრის წამოსაწყებად სათანადო შესავალი და თემა შეერჩია. მან ეფექტურად გამოიყენა ბიბლია ერთ მამაკაცთან საქადაგებლად, რომელსაც ადამიანთა შორის არსებული დაძაბული ურთიერთობები აღელვებდა. მატარებელში რამდენიმე განმეორებით მონახულებას ბიბლიის საშინაო შესწავლა მოჰყვა. იეჰოვამ ნამდვილად აკურთხა მისი გულმოდგინე მცდელობა!
თქვენც შეძლებთ მსგავსი შედეგების მიღწევას, თუ გულმოდგინედ განაგრძობთ იეჰოვას ძებნას. სიძნელეების მიუხედავად, თუ თავმდაბლურად და მთელი გულით განაგრძობთ ნებისმიერი თეოკრატიული დავალების შესრულებას, იეჰოვა თავისი განზრახვის შესრულებაში მიგაღებინებთ მონაწილეობას და უხვად გაკურთხებთ.
[სურათი 26 გვერდზე]
რა იქნებოდა, ამ ქალს თხოვნა რომ არ განეგრძო?
[სურათი 27 გვერდზე]
დაუცხრომლად სთხოვთ იეჰოვას, რომ გაკურთხოთ?
[სურათები 28 გვერდზე]
რით ცხადყოფთ, რომ გულმოდგინედ ეძებთ იეჰოვას?