მოუსმინეთ შინაგან ხმას
„უცხოტომელები, რომლებსაც [ღვთის] კანონი არა აქვთ, თავიანთი ბუნებით ასრულებენ იმას, რაც კანონშია“ (რომაელები 2:14).
1, 2. ა) რა გააკეთა ბევრმა სხვების საკეთილდღეოდ? ბ) რომელი ბიბლიური მაგალითები აჩვენებს, რომ ადამიანს აღელვებს სხვისი მდგომარეობა?
ოცი წლის ახალგაზრდას, რომელიც ეპილეფსიით იყო დაავადებული, მეტროპოლიტენის ერთ-ერთ სადგურში კრუნჩხვა დაემართა და ბაქნიდან გადავარდა. ეს რომ დაინახა იქვე მდგომმა მამაკაცმა, თავის ორ პატარა გოგონას ხელი გაუშვა და დასახმარებლად ბაქნიდან გადახტა. ეპილეფსიით დაავადებული რელსებს შორის ჩააწვინა და ზემოდან გადაეფარა. დამუხრუჭების შედეგად ინერციით მომავალი მატარებელი პირდაპირ მათ თავს ზემოთ გაჩერდა. ალბათ, ზოგი ეტყოდა, გმირი ხარო. თუმცა მამაკაცმა თავისი საქციელი შემდეგი სიტყვებით შეაფასა: „მთავარია სწორად მოიქცე. ამისკენ სიკეთის გაკეთების სურვილმა აღმძრა და არა იმან, რომ აღიარება მომეპოვებინა“.
2 შეიძლება თქვენც იცნობთ ისეთ ადამიანს, რომელსაც სხვისი გულისთვის საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაუგდია. მრავალი იქცეოდა ასე მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც სრულიად უცხო ადამიანებს თავიანთ ჭერქვეშ იფარავდნენ. გავიხსენოთ აგრეთვე პავლე მოციქულის და გემზე მასთან ერთად მყოფი 275 კაცის შემთხვევა. გემი სიცილიის მახლობლად, მალტასთან დაიმსხვრა. იქაურმა მოსახლეობამ უცხო ადამიანების მიმართ „დიდი კაცთმოყვარეობა“ გამოავლინა (საქმეები 27:27—28:2). ერთმა ისრაელმა გოგონამ კი სიკეთე სირიელ მხედართმთავარს გაუკეთა, თუმცა საფრთხეში არ ჩაუგდია სიცოცხლე (2 მეფეები 5:1—4). გავიხსენოთ იესოს ცნობილი იგავი კეთილ სამარიელზე. მღვდელმა და ლევიანმა ცოცხალმკვდარ ებრაელს ყურადღება არ მიაქციეს, სამარიელმა კი ყველაფერი გააკეთა მის დასახმარებლად. ამ იგავს საუკუნეების განმავლობაში არაერთი ადამიანი დაუფიქრებია (ლუკა 10:29—37).
3, 4. რატომ ეწინააღმდეგება ალტრუიზმი ევოლუციის თეორიას?
3 დღეს მართლაც „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ ვცხოვრობთ; ადამიანთა უმრავლესობა ‘სასტიკი, კარგის მოძულეა’ (2 ტიმოთე 3:1—3). მიუხედავად ამისა, არაერთი კეთილი საქმე გვინახავს. ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა ზოგს სხვების დახმარება სიცოცხლის ფასად უჯდება. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანს კაცთმოყვარეობა ახასიათებს.
4 ასეთი სულისკვეთება ყველა ერისთვის არის დამახასიათებელი, რაც ეწინააღმდეგება იმ მტკიცებას, რომ ადამიანი დღემდე ჯუნგლის კანონმა მოიყვანა ანუ „ბრძოლამ გადარჩენისთვის“. ამერიკის შეერთებული შტატების ადამიანის გენომის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, გენეტიკოსმა ფრანსის კოლინზმა აღნიშნა: „ალტრუიზმი (უანგარო ზრუნვა სხვების კეთილდღეობაზე) ევოლუციონისტებს დიდ თავსატეხს უჩენს . . . ალტრუიზმი ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ გენებს გააჩნია ეგოისტური მიდრეკილება იმისკენ, რომ მუდმივად იარსებოს“. ფრანსის კოლინზი იმასაც ამბობს, რომ „ზოგიერთი დიდ მსხვერპლს იღებს მათთვის, ვისთანაც აბსოლუტურად არაფერი აკავშირებს. ასეთი მოქმედება ვერ აიხსნება დარვინის თეორიით“.
„სინდისის ხმა“
5. ხშირად რა აღძრავს ადამიანს მოქმედებისკენ?
5 ფრანსის კოლინზი ხაზს უსვამს ალტრუიზმის ერთ-ერთ დამახასიათებელ ნიშანს: „სინდისის ხმა აღგვძრავს, დავეხმაროთ სხვებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ სანაცვლოდ არაფერს მივიღებთ“a. კოლინზის სიტყვები პავლე მოციქულის სიტყვებს შეგვახსენებს: „როცა უცხოტომელები, რომლებსაც კანონი არა აქვთ, თავიანთი ბუნებით ასრულებენ იმას, რაც კანონშია, ისინი, თუმცა კანონი არა აქვთ, თავიანთი თავის კანონი არიან. ისინი აჩვენებენ, რომ კანონის არსი გულებში უწერიათ. ამას მათთან ერთად მოწმობს მათი სინდისიც და საკუთარი აზრები ხან ბრალს სდებენ მათ, ხან ამართლებენ“ (რომაელები 2:14, 15).
6. რატომ არის ყველა ადამიანი ღვთის წინაშე პასუხისმგებელი?
6 პავლე მოციქულის მიერ რომაელებისადმი მიწერილი წერილიდან ჩანს, რომ ადამიანი პასუხისმგებელია ღვთის წინაშე, რომლის არსებობა და თვისებები კარგად ჩანს „ქვეყნიერების შექმნიდან“ (რომაელები 1:18—20; ფსალმუნი 19:1—4). მიუხედავად ამისა, შემოქმედს მრავალი უარყოფს და უზნეო ცხოვრებას ეწევა. ღმერთს უნდა, რომ ადამიანებმა აღიარონ მისი სიმართლე და მოინანიონ (რომაელები 1:22—2:6). იუდეველები სწორედ ასე უნდა მოქცეულიყვნენ, რადგან მათ მოსეს მეშვეობით მიცემული ჰქონდათ ღვთის კანონი. იმ ხალხსაც კი, რომლებსაც არ ჰქონდათ „ღვთის წმინდა სიტყვები“, უნდა ეღიარებინათ ღმერთი (რომაელები 2:8—13; 3:2).
7, 8. რამდენად ბევრ ადამიანს აქვს სამართლიანობის გრძნობა, და რაზე მეტყველებს ეს?
7 ყველამ უნდა აღიაროს ღმერთი და მისი სიტყვების თანახმად იცხოვროს, რადგან ადამიანი შინაგანად გრძნობს, თუ რა არის სწორი და რა — არასწორი. სამართლიანობის გრძნობა იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანს აქვს სინდისი. მოვიყვანოთ მაგალითი. ბავშვები საქანელასთან დგანან და ელოდებიან თავიანთ რიგს. ერთი ბავშვი ურიგოდ მიდის. დანარჩენები ეუბნებიან: „რატომ მიდიხარ ურიგოდ?“ როგორ ფიქრობთ, რატომ აქვთ ბავშვებსაც კი სამართლიანობის გრძნობა? ისინი გრძნობენ, რა არის სწორი და რა — არასწორი. პავლემ დაწერა: „როცა უცხოტომელები, რომლებსაც კანონი არა აქვთ, თავიანთი ბუნებით ასრულებენ იმას, რაც კანონშია. . .“. პავლე არ ამბობს „თუ ოდესმე“, რაც იმას გულისხმობს, რომ რაღაც იშვიათად ხდება. ის იყენებს სიტყვას „როცა“, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რაღაც ხშირად ხდება. ადამიანები „თავიანთი ბუნებით ასრულებენ იმას, რაც კანონშია“; ეს იმას გულისხმობს, რომ ისინი გრძნობენ, რა არის სწორი და რა — არასწორი, და ღვთის კანონის თანახმად ცხოვრობენ.
8 ასეთი შინაგანი გრძნობა მრავალი ეროვნების ადამიანისთვის არის დამახასიათებელი. როგორც კემბრიჯის უნივერსიტეტის ერთ-ერთმა პროფესორმა აღნიშნა, ბაბილონელები, ეგვიპტელები, ბერძნები, ასევე ავსტრალიელი აბორიგენები და ამერიკელი ინდიელები არ იწყნარებდნენ ჩაგვრას, მკვლელობას, ღალატს და სიცრუეს, ამავე დროს თბილად ექცეოდნენ მოხუცებულებს, ბავშვებსა და დაუძლურებულ ადამიანებს. ფრანსის კოლინზი აღნიშნავს: „როგორც ჩანს, სწორისა და არასწორის ცნება არც ერთი მოდგმისთვის არ ყოფილა უცხო“. ეს სიტყვები რომაელების 2:14-ში ჩაწერილ სიტყვებს გვახსენებს.
რას გკარნახობთ სინდისი?
9. რა არის სინდისი და რაში გვეხმარება?
9 ბიბლიის თანახმად, სინდისი საკუთარი მოქმედების შეფასების უნარია, როდესაც ადამიანის საქციელს შინაგანი ხმა ამართლებს ან განსჯის. პავლემ დაწერა „ჩემი სინდისი მემოწმება წმინდა სულში“ (რომაელები 9:1). მაგალითად, შინაგანმა ხმამ შეიძლება წინასწარ გიკარნახოს, რამდენად სწორი იქნება ესა თუ ის მოქმედება. სინდისმა შეიძლება წინასწარ დაგანახოს ამა თუ იმ მოქმედების შედეგი და შესაბამისად, ის, თუ რას იგრძნობდი.
10. ძირითადად როდის იწყებს სინდისი მოქმედებას?
10 უფრო ხშირად კი სინდისი მას შემდეგ იწყებს მოქმედებას, როდესაც ადამიანი რაღაცას გააკეთებს. ერთხელ დავითს, მეფე საულს რომ გაურბოდა, შესაძლებლობა მიეცა, უპატივცემულოდ მოპყრობოდა ღვთის ცხებულ მეფეს, და ასეც მოიქცა. მაგრამ შემდეგ „გული მსჯავრს სდებდა დავითს“ (1 სამუელი 24:1—5; ფსალმუნი 32:3, 5). მართალია ამ მუხლებში სიტყვა სინდისი არ არის ნახსენები, მაგრამ დავითი სწორედ სინდისმა შეაწუხა. სინდისის ქენჯნა ჩვენც გვიგრძნია, როდესაც რაღაც გაგვიკეთებია და შემდეგ გვინანია. მაგალითად, ზოგიერთი, ვინც გადასახადებს არ იხდიდა, იმდენად შეაწუხა სინდისმა, რომ ბოლოს მაინც გადაიხადა. ზოგი კი სინდისმა იმისკენ აღძრა, რომ მეუღლესთან ეღიარებინა ღალატი (ებრაელები 13:4). თუმცა, როდესაც ადამიანი სინდისის ხმას უსმენს, კმაყოფილებასა და შინაგან სიმშვიდეს განიცდის.
11. ყოველთვის სწორი მოქმედებისკენ აღგვძრავს სინდისის ხმა? მოიყვანეთ მაგალითი.
11 ყოველთვის სწორი მოქმედებისკენ აღგვძრავს სინდისის ხმა? კარგია, როდესაც სინდისის ხმას ვუსმენთ, მაგრამ შინაგანმა ხმამ შეიძლება შეგვაცდინოს კიდეც (2 კორინთელები 4:16). გავიხსენოთ ერთი შემთხვევა. ბიბლია მოგვითხრობს ქრისტეს ერთგული მიმდევრის, „მადლითა და ძალით სავსე“ სტეფანეს შესახებ. ერთხელ იუდეველებმა სტეფანე იერუსალიმიდან გაიყვანეს და ჩაქოლეს. სავლე, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც მოციქული პავლე, შორიახლოს იდგა და „იწონებდა მის მოკვლას“. როგორც ჩანს, იუდეველები იმდენად იყვნენ დარწმუნებულები, რომ სწორად იქცეოდნენ, სინდისი არ აწუხებდათ. ალბათ, ასევე ფიქრობდა პავლეც, რადგან სტეფანეს ჩაქოლვის შემდეგ ის „ჯერ კიდევ ემუქრებოდა უფლის მოწაფეებს“. როგორც ვხედავთ, სინდისი პავლეს არასწორი მოქმედებისკენ აღძრავდა (საქმეები 6:8; 7:57—8:1; 9:1).
12. რამ შეიძლება იმოქმედოს ჩვენს სინდისზე?
12 რას შეიძლებოდა ემოქმედა სავლეს სინდისზე? სხვებთან ახლო ურთიერთობას. მაგალითად, ზოგჯერ ტელეფონით გვილაპარაკია ადამიანთან, რომლის ხმაც მამამისის ხმას წააგავს. შვილის ხმის ტემბრი გარკვეულწილად შეიძლება მემკვიდრეობითმა ფაქტორმა განაპირობოს, მაგრამ ის, რომ ბავშვი მამის მსგავსად ლაპარაკობს, ეს მამასთან ახლო ურთიერთობის შედეგია. როგორც ჩანს, სავლეზეც იმოქმედა იმ იუდეველებთან ახლო ურთიერთობამ, რომელთაც სძულდათ იესო და ეწინააღმდეგებოდნენ მის სწავლებებს (იოანე 11:47—50; 18:14; საქმეები 5:27, 28, 33). სწორედ ეს ახდენდა გავლენას სავლეს სინდისზე.
13. რა მხრივ შეიძლება იმოქმედოს გარემომ სინდისზე?
13 სინდისზე აგრეთვე შეიძლება იმოქმედოს იმ კულტურამ თუ გარემომ, სადაც ადამიანი ცხოვრობს, ისევე როგორც რომელიმე კუთხემ შეიძლება განაპირობოს ლაპარაკის ესა თუ ის კილო (მათე 26:73). მაგალითად, ძველი ასურეთი საომარი მოქმედებებით იყო ცნობილი, ამიტომ მათ ხელოვნების ნიმუშებზე ამოკვეთილია ტყვეების წამება (ნაუმი 2:11, 12; 3:1). იონას დროს მცხოვრებ ნინეველებზე ბიბლიაში ნათქვამია, რომ ‘მარჯვენა ხელს მარცხენისგან ვერ არჩევდნენ’. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ვერ არჩევდნენ, რა იყო სწორი იეჰოვას თვალში და რა — არასწორი. წარმოიდგინეთ, როგორ იმოქმედებდა ასეთი გარემო ნინევეში გაზრდილი ადამიანის სინდისზე (იონა 3:4, 5; 4:11). აქედან გამომდინარე, სინდისის ხმაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს მათმა განწყობამ, ვისთანაც ადამიანს ურთიერთობა აქვს.
როგორ გავაუმჯობესოთ შინაგანი ხმა
14. რა კავშირია სინდისსა და დაბადების 1:27-ში ჩაწერილ სიტყვებს შორის?
14 იეჰოვამ ადამსა და ევას მისცა სინდისი, რაც ჩვენც გადმოგვეცა მემკვიდრეობით. დაბადების 1:27-ში ვკითხულობთ, რომ ადამიანი ღვთის მსგავსებად არის შექმნილი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთს გარეგნულად ვგავართ. ღმერთი სულია, ჩვენ კი ფიზიკური სხეული გვაქვს. ჩვენ ღვთის მსგავსებად იმ გაგებით ვართ შექმნილნი, რომ ჩვენში დევს ისეთივე თვისებები, როგორიც ღმერთს აქვს. ამავე დროს, შინაგანად ვგრძნობთ, თუ რა არის სწორი და რა — არასწორი, და სინდისიც შესაბამისად რეაგირებს. აქედან გამომდინარე, სინდისმა რომ სწორი მიმართულება მოგვცეს, საჭიროა მეტი გავიგოთ ჩვენი შემოქმედის შესახებ და უფრო დავუახლოვდეთ მას.
15. როგორ დავუახლოვდეთ ჩვენს ზეციერ მამას და რაში დაგვეხმარება ეს?
15 იეჰოვა, შეიძლება ითქვას, ყველა ჩვენგანის მამაა, როგორც ეს ბიბლიაშია ნათქვამი (ესაია 64:8). ერთგულ ქრისტიანებს, ზეციერი ცხოვრების იმედი აქვთ თუ დედამიწაზე ცხოვრების, შეუძლიათ მიმართონ ღმერთს, როგორც მამას (მათე 6:9). ჩვენ ყოველთვის უნდა გვქონდეს იმის სურვილი, რომ უფრო დავუახლოვდეთ მას და უკეთესად გავიგოთ მისი თვალსაზრისი და მოთხოვნები (იაკობი 4:8). უმრავლესობას ამის სურვილი არ გააჩნია. ისინი იმ იუდეველებს ჰგვანან, რომელთაც იესომ უთხრა: „თქვენ არც მისი ხმა მოგისმენიათ და არც ის გინახავთ. მისი სიტყვა არ რჩება თქვენში“ (იოანე 5:37, 38). ღვთის ხმა პირდაპირი გაგებით არც ჩვენ გვესმის, მაგრამ ბიბლიის შესწავლით შეგვიძლია დავუახლოვდეთ მას და ისეთივე აზროვნება გვქონდეს, როგორიც მას აქვს.
16. რატომაა მნიშვნელოვანი, რომ განვსწავლოთ და ყური დავუგდოთ სინდისის ხმას, როგორც ეს იოსების შემთხვევიდან გამოჩნდა?
16 გავიხსენოთ, თუ როგორ მოიქცა იოსები ფოტიფარის სახლში. ფოტიფარის ცოლი შეეცადა იოსების შეცდენას. იოსები იმ დროს ცხოვრობდა, როდესაც არც ათი მცნება არსებობდა და არც ბიბლიის რომელიმე წიგნი. მიუხედავად ამისა, მან ფოტიფარის ცოლს უთხრა: „როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?!“ (დაბადება 39:9). იოსები ასე იმიტომ როდი მოიქცა, რომ თავისი ოჯახი არ შეერცხვინა; ისინი შორს ცხოვრობდნენ. იოსებს უნდოდა, რომ ღმერთის გული გაეხარებინა. მან იცოდა ღვთის თვალსაზრისი, რომ კაცს ერთი ცოლი უნდა ჰყავდეს, ორნი „ერთი ხორცი“ უნდა იყვნენ. იოსებს აგრეთვე ეცოდინებოდა, როგორი რეაქცია ჰქონდა აბიმელექს, როდესაც გაიგო, რომ რებეკას ქმარი ჰყავდა. აბიმელექის აზრით, დიდი დანაშაული იქნებოდა, თუ ვინმე რებეკასთან დაწვებოდა. იეჰოვას წყალობით ყველაფერი კარგად დასრულდა, საიდანაც გამოჩნდა, თუ რა შეხედულება აქვს იეჰოვას მრუშობაზე. იოსებმა იცოდა იეჰოვას თვალსაზრისი. ამიტომ სინდისმა ნება არ დართო, რომ უზნეობა ჩაედინა (დაბადება 2:24; 12:17—19; 20:1—18; 26:7—14).
17. რატომ ვართ ჩვენ იოსებზე უკეთეს მდგომარეობაში?
17 დღეს ჩვენ გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვართ. გვაქვს ბიბლია, საიდანაც ვიცით, თუ რა შეხედულება აქვს ზეციერ მამას ამა თუ იმ საკითხზე, რას განიცდის, რას იწონებს და რას არ იწონებს. რაც უფრო ღრმად ჩავწვდებით ბიბლიას, მით მეტად დავუახლოვდებით ღმერთს და მივბაძავთ. თუ ასე მოვიქცევით, ჩვენი სინდისი ღვთის ნების თანახმად იმოქმედებს (ეფესოელები 5:1—5).
18. წარსულის გავლენის მიუხედავად, რა უნდა გავაკეთოთ, რომ სინდისმა უკეთესად იმოქმედოს?
18 კიდევ რამ შეიძლება იმოქმედოს ჩვენს სინდისზე? ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა და იმ გარემომ, სადაც აღვიზარდეთ. სინდისმა შეიძლება არასწორად დაიწყოს მოქმედება, ისე როგორც გარშემომყოფთა სინდისი მოქმედებს. მართალია, წარსულს ვერ შევცვლით, მაგრამ შეგვიძლია ისეთ ადამიანებთან გვქონდეს ურთიერთობა, რომლებიც ჩვენს სინდისზე დადებითად იმოქმედებენ, მაგალითად იმ ერთგულ ქრისტიანებთან, რომლებიც დიდი ხანია, რაც ზეციერ მამას ჰბაძავენ. ამისათვის საუკეთესო საშუალებაა ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება და კრებამდე და კრების შემდეგ და-ძმებთან ურთიერთობა. ჩვენ დავინახავთ მოწიფული ქრისტიანების აზროვნებას, რომლებიც უსმენენ ღვთის სიტყვით განსწავლული სინდისის ხმას. ეს კი დაგვეხმარება, რომ ჩვენმა სინდისმა ბიბლიური პრინციპების თანახმად იმოქმედოს, და უკეთესად მივბაძავთ ღმერთს. თუ ჩვენი შინაგანი ხმა ზეციერი მამის პრინციპების თანახმად მოქმედებს და თანაქრისტიანების მხრიდან დადებით გავლენას განიცდის, სწორ მიმართულებას მოგვცემს და სინდისის ხმას უფრო ადვილად მოვუსმენთ (ესაია 30:21).
19. სინდისთან დაკავშირებით კიდევ რა საკითხებს განვიხილავთ?
19 ზოგს უძნელდება, ყოველთვის მოუსმინოს სინდისის ხმას. მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ სიტუაციებში აღმოჩენილან ქრისტიანები. ეს უკეთესად დაგვანახვებს, რა როლს თამაშობს სინდისი, როგორ განსხვავდება ერთის სინდისი მეორისგან და რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ სინდისის ხმამ უფრო და უფრო სწორი მიმართულება მოგვცეს (ებრაელები 6:11, 12).
[სქოლიო]
a ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, ასტრონომი ოუენ გინგრიჩი აღნიშნავს: „ალტრუიზმი წარმოშობს ისეთ შეკითხვას, რომელსაც არ მოეძებნება . . . მეცნიერული პასუხი ცხოველთა სამყაროზე დაკვირვებით. სარწმუნო პასუხს, ალბათ, ღვთისგან ბოძებული თვისებები, მათ შორის სინდისი, გასცემს“.
რა ისწავლეთ?
• რატომ გვაქვს ყველას სინდისი, ანუ შინაგანი ხმა, რაც გვკარნახობს, რა არის სწორი და რა — არასწორი?
• რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ სინდისმა არ შეგვაცდინოს?
• რა დაგვეხმარება, რომ ჩვენმა სინდისმა უკეთესად იმოქმედოს?
[სურათები 23 გვერდზე]
დავითს აწუხებდა სინდისი,
მაგრამ ტარსუსელ სავლეს — არა
[სურათი 24 გვერდზე]
სინდისის განსწავლა შესაძლებელია