ისწავლეთ მორჩილება იმ დროს, როცა აღსასრული ახლოვდება
«დაემორჩილებიან მას [„შილოს“, აქ] ხალხები» (დაბადება 49:10, ბსგ).
1. ა) ხშირად რა იგულისხმებოდა იეჰოვასადმი მორჩილებაში წარსულში? ბ) რა წინასწარმეტყველება წარმოთქვა იაკობმა მორჩილებასთან დაკავშირებით?
იეჰოვასადმი მორჩილებაში ხშირად მისი წარმომადგენლებისადმი მორჩილება იგულისხმებოდა. წარმომადგენლებში შედიოდნენ ანგელოზები, პატრიარქები, მსაჯულები, მღვდლები, წინასწარმეტყველები და მეფეები. ისრაელის მეფეების ტახტს იეჰოვას ტახტიც კი ეწოდებოდა (პირველი ნეშტთა 29:23). მაგრამ, სამწუხაროდ, ისრაელის ბევრი მმართველი ღმერთს არ ემორჩილებოდა, რასაც უბედურება მოჰქონდა როგორც მათთვის, ისე მათი ქვეშევრდომებისთვის. მიუხედავად ამისა, იეჰოვას უიმედოდ არასოდეს დაუტოვებია თავისი ერთგული მსახურები; ის მათ ანუგეშებდა დანაპირებით, რომ მოუვლენდა მართალ მეფეს, რომელსაც ღვთის მსახურები სიხარულით დაემორჩილებოდნენ (ესაია 9:5, 6). პატრიარქი იაკობი სიკვდილის პირას იყო, როდესაც ამ მომავალი მმართველის შესახებ იწინასწარმეტყველა: «არ მოსცილდება კვერთხი იუდას და მბრძანებელს არგანი დარჩება მის ფეხთა შორის, ვიდრე არ მოვა ვისაც ის ეკუთვნის [„შილო“, აქ] და დაემორჩილებიან მას ხალხები!» (დაბადება 49:10, ბსგ).
2. რას ნიშნავს სიტყვა „შილო“ და ვისზე გავრცელდებოდა მისი სამეფო მმართველობა?
2 „შილო“ ებრაული სიტყვაა და ნიშნავს: „ის, ვისიც არის“ ან „ის, ვისაც ეკუთვნის“. დიახ, „შილო“ მმართველობის სრულ უფლებას მიიღებდა, რასაც კვერთხი ასიმბოლოებს და იქნებოდა მბრძანებელი, როგორც ამაზე არგანი მიუთითებს. უფრო მეტიც, მისი სამეფო მმართველობა არა მარტო იაკობის შთამომავლებზე, არამედ მთელი მსოფლიოს „ხალხებზე“ გავრცელდებოდა. ეს სიტყვები შეესაბამება იეჰოვას მიერ აბრაამისთვის მიცემულ აღთქმას: „დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა შენს მტერთა ქალაქებს; იკურთხებიან შენი შთამომავლობის წყალობით ქვეყნიერნი“ (დაბადება 22:17, 18). ახ. წ. 29 წელს იეჰოვამ ნათელი გახადა, ვინ იყო „თესლი“, როდესაც იესო ნაზარეველი სულიწმიდით სცხო (ლუკა 3:21—23, 34; გალატელთა 3:16).
იესოს პირველი სამეფო
3. რა გაგებით დაიწყო იესომ მმართველობა ზეცად ამაღლების შემდეგ?
3 ზეცად ამაღლების შემდეგ იესოს მაშინვე არ აუღია ხელში მსოფლიოს ხალხებზე მმართველობის კვერთხი (ფსალმუნი 109:1). მაგრამ მან მიიღო „სამეფო“ და თავის მორჩილ ქვეშევრდომებზე დაიწყო მმართველობა. მოციქულმა პავლემ დააკონკრეტა რომელ სამეფოზე იყო ლაპარაკი, როცა დაწერა: „[ღმერთმა] გვიხსნა [სულით ცხებული ქრისტიანები] სიბნელის ხელმწიფებისგან და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლასელთა 1:13). ეს დახსნა ახ. წ. 33 წელს პასექის დღესასწაულზე დაიწყო, როდესაც სულიწმიდა იესოს ერთგულ მიმდევრებზე გადავიდა (საქმეები 2:1—4; 1 პეტრე 2:9).
4. რა მხრივ ავლენდნენ მორჩილებას იესოს პირველი მოწაფეები და რომელი სახელით მოიხსენია იესომ ეს ჯგუფი?
4 სულითცხებულმა მოწაფეებმა, როგორც „ქრისტესმიერმა ელჩებმა“, მორჩილად დაიწყეს მათი თავმოყრა, რომლებიც იმავე სულიერი სამეფოს „თანამოქალაქენი“ გახდებოდნენ (2 კორინთელთა 5:20; ეფესელთა 2:19; საქმეები 1:8). ამასთანავე, ისინი ბოლომდე უნდა ყოფილიყვნენ „გაერთიანებული ... გონებით და აზრით“, რათა თავიანთი მეფის, იესო ქრისტეს, მოწონება დაემსახურებინათ (1 კორინთელთა 1:10). როგორც ჯგუფი, ისინი შეადგენდნენ „ერთგული და გონიერი მონის“ ანუ ერთგული „განმგებლის“ კლასს (მათე 24:45; ლუკა 12:42).
კურთხევები ღვთის „განმგებლის“ მორჩილთათვის
5. როგორ ასწავლიდა იეჰოვა თავის ხალხს უძველესი დროიდან მოყოლებული?
5 იეჰოვა ყოველთვის უზრუნველყოფდა თავის ხალხს მასწავლებლებით. მაგალითად, იუდეველების ბაბილონიდან დაბრუნების შემდეგ, ეზრა და რჯულის მცოდნე სხვა მამაკაცები არა მარტო უკითხავდნენ ხალხს ღვთის რჯულს, არამედ „განმარტავდნენ“ მას (ნეემია 8:8).
6, 7. როგორ გვაძლევს „მონა“ ხელმძღვანელი საბჭოს მეშვეობით დროულ სულიერ საზრდოს და რატომ არის მართებული „მონისადმი“ მორჩილება?
6 ახ. წ. 49 წელს, როდესაც წინადაცვეთის საკითხი წამოიჭრა, მონის კლასის იმდროინდელმა წარმომადგენელმა ხელმძღვანელმა საბჭომ ლოცვით იმსჯელა მასზე და საღვთო წერილის შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. როდესაც ის კრებებს წერილობითი სახით აცნობეს, ყველა დაემორჩილა მას; შედეგად კი უხვად მიიღეს ღვთის კურთხევები (საქმეები 15:6—15, 22—29; 16:4, 5). მსგავსად ამისა, ჩვენს დღეებშიც ერთგულმა მონამ ხელმძღვანელი საბჭოს მეშვეობით ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოჰფინა ნათელი, როგორიცაა: ქრისტიანული ნეიტრალიტეტი, სისხლის სიწმინდე, ნარკოტიკებისა და თამბაქოს გამოყენება (ესაია 2:4; საქმეები 21:25; 2 კორინთელთა 7:1). ღვთის სიტყვისა და ერთგული მონისადმი მორჩილების გამო, იეჰოვამ აკურთხა თავისი ხალხი.
7 „მონისადმი“ მორჩილება, თავისთავად, იმაზეც მეტყველებს, რომ ღვთის ხალხი თავის ბატონს, იესო ქრისტეს, ემორჩილება. ასეთი მორჩილება დღეს უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რადგან იესოს ამჟამად უფრო დიდი ძალაუფლება აქვს, როგორც ეს სიკვდილის პირას მყოფმა იაკობმა იწინასწარმეტყველა.
„შილო“ დედამიწის სრულუფლებიანი მმართველი ხდება
8. როგორ და როდის მიიღო ქრისტემ უფრო მეტი ძალაუფლება?
8 იაკობმა იწინასწარმეტყველა, რომ „შილოს“ ‘ხალხები დაემორჩილებოდნენ’. უდავოა, რომ ქრისტეს მმართველობა მხოლოდ სულიერი ისრაელით არ უნდა შემოფარგლულიყო. რამდენად ყოვლისმომცველი იქნებოდა ის? გამოცხადების 11:15 ამბობს: «წუთისოფლის [„ქვეყნიერების“, აქ] სამეფო გახდა ჩვენი უფლისა და მისი ქრისტესი, და იმეფებს იგი უკუნითი უკუნისამდე». ბიბლია გვიმჟღავნებს, რომ იესომ ძალაუფლება ნაწინასწარმეტყველები „შვიდი დროის“ ანუ „წარმართთა ჟამის“ დასასრულს, 1914 წელს მიიღოa (დანიელი 4:13, 14; ლუკა 21:24). იმ წელს, როდესაც მოვიდა მისი დრო, ‘ებატონა მტერთა შორის’, ქრისტე უხილავად მოვიდა, როგორც მესიანური მეფე (მათე 24:3; ფსალმუნი 109:2).
9. რა გააკეთა იესომ სამეფოს მიღებისთანავე და როგორ იმოქმედა ამან კაცობრიობაზე, განსაკუთრებით კი ქრისტეს მოწაფეებზე?
9 სამეფო ძალაუფლების მიღებისთანავე იესომ სატანა — ყველაზე ურჩი ქმნილება — თავის დემონებთან ერთად ზეციდან დედამიწაზე გადმოყარა. მას შემდეგ ამ ბოროტმა სულებმა კაცობრიობას არნახული უბედურებები დაატეხეს თავს; ამასთან, ისინი ისეთ გარემოს ქმნიან, რომელიც სულ უფრო და უფრო ართულებს იეჰოვასადმი მორჩილებას (გამოცხადება 12:7—12; 2 ტიმოთე 3:1—5). ფაქტობრივად, ამ სულიერ ომში სატანის ძირითადი სამიზნეები არიან იეჰოვას ცხებულები, „რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და აქვთ იესოს მოწმობა“, და მათი თანამოაზრე „სხვა ცხვრები“ (გამოცხადება 12:17; იოანე 10:16).
10. ბიბლიის რომელი წინასწარმეტყველების შესრულება იძლევა იმის გარანტიას, რომ სატანა ვერ მიაღწევს წარმატებას ჭეშმარიტ ქრისტიანებთან ბრძოლაში?
10 სატანა განწირულია დასაღუპავად, რადგან „უფლის დღეს“ იესოს ხელს ვერაფერი შეუშლის ‘გამარჯვებაში’ (გამოცხადება 1:10; 6:2). ის საბოლოოდ დაასვამს ბეჭედს სულიერი ისრაელის 144000 წევრს და დაიცავს ‘უამრავ ხალხს, რომლის დათვლა არავის შეუძლია, ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან’ (გამოცხადება 7:1—4, 9, 14—16). მაგრამ ცხებულებისგან განსხვავებით, ეს უამრავი ხალხი იესოს მიწიერი მორჩილი ქვეშევრდომი გახდება (დანიელი 7:13, 14). მათი არსებობა აშკარად ამტკიცებს, რომ „შილო“ ნამდვილად „ქვეყნიერების სამეფოს“ მმართველია (გამოცხადება 11:5).
ახლაა დრო ‘დავემორჩილოთ სასიხარულო ცნობას’
11, 12. ა) ვინ გადარჩება ამ სისტემის აღსასრულისას? ბ) როგორი პიროვნული თვისებები უვითარდებათ მათ, რომლებიც „წუთისოფლის სულით“ არიან გაჟღენთილი?
11 ყველამ, ვისაც მარადიული სიცოცხლე სურს, უნდა ისწავლოს მორჩილება, რადგან ბიბლია გარკვევით ამბობს, რომ ისინი, «ვინც არ შეიცნო ღმერთი და არ ემორჩილება უფალ იესოს სახარებას [„სასიხარულო ცნობას“, აქ]», ვერ გადარჩებიან ღვთის შურისგების დღეს (2 თესალონიკელთა 1:8). მაგრამ ბოროტი ქვეყნიერება და ღვთის კანონებისა და პრინციპებისადმი მისთვის დამახასიათებელი დაუმორჩილებლობის სული ართულებს სასიხარულო ცნობისადმი მორჩილებას.
12 ბიბლია ღვთისადმი დაუმორჩილებლობის სულს „წუთისოფლის სულს“ უწოდებს (1 კორინთელთა 2:12). მოციქულმა პავლემ პირველ საუკუნეში მცხოვრებ ეფესელებს წერილში აუხსნა, როგორ მოქმედებდა წუთისოფლის სული ადამიანებზე: „ოდესღაც იარებოდით ამ წუთისოფლის წესისამებრ, ჰაერის ძალთა მთავრის, იმ სულის ნებით, ამჟამად ურჩ შვილებში რომ მოქმედებს. ჩვენც ყველანი მათ შორის ვცხოვრობდით ოდესღაც ჩვენი ხორციელი გულისთქმებით და ვასრულებდით ხორცისა და გონების ნებას, და ბუნებით რისხვის შვილები ვიყავით სხვების მსგავსად“ (ეფესელთა 2:2, 3).
13. როგორ შეუძლიათ ქრისტიანებს, შეეწინააღმდეგონ წუთისოფლის სულს და რა დადებითი შედეგი მოჰყვება ამას?
13 საბედნიეროდ, ეფესელი ქრისტიანები არ დარჩენილან დაუმორჩილებლობის სულის მონობაში. პირიქით, ღვთის სულისადმი დაქვემდებარებით ღვთის მორჩილი შვილები გახდნენ და შედეგად უხვ და სასარგებლო ნაყოფს იმკიდნენ (გალატელთა 5:22, 23). ღვთის სული — სამყაროში არსებული უძლიერესი ძალა — დღესაც ეხმარება მილიონებს, დაემორჩილონ იეჰოვას, რათა „სრულიად და ბოლომდე დარწმუნებული იყვნენ იმედში“ (ებრაელთა 6:11, აქ; ზაქარია 4:6).
14. როგორ გააფრთხილა იესომ უკანასკნელ დღეებში მცხოვრები ქრისტიანები იმ განსაკუთრებული პრობლემების შესახებ, რომლებითაც მათი მორჩილება გამოიცდებოდა?
14 ნურც იმას დავივიწყებთ, რომ „შილოს“ სახით ძლიერი მფარველი გვყავს, რომელიც თავის მამასთან ერთად ნებას არ მისცემს მტერს — დემონი იქნება ეს თუ ადამიანი — ჩვენს შესაძლებლობებზე მეტად გამოსცადოს ჩვენი მორჩილება (1 კორინთელთა 10:13). აღსანიშნავია, რომ ამ სულიერ ბრძოლაში დასახმარებლად, იესომ აღწერა ის ძირითადი პრობლემები, რომლებთანაც ამ ბოლო დღეებში მოგვიწევდა გამკლავება. მან ეს ინფორმაცია შვიდი წერილის სახით ხილვაში მისცა იოანეს (გამოცხადება 1:10, 11). რა თქმა უნდა, წერილებში ჩაწერილი მნიშვნელოვანი რჩევები იმდროინდელ ქრისტიანებს ეხებოდა, მაგრამ მასში, ძირითადად, ყურადღება მახვილდებოდა „უფლის დღეზე“, რომელიც 1914 წლიდან დაიწყო. მაშ, რამდენად მართებულია, რომ ყურად ვიღოთ ეს რჩევებიb!
ნუ იქნებით გულგრილი, უზნეო და სიმდიდრის მოყვარული
15. რატომ უნდა დავიცვათ თავი იმ პრობლემისგან, რომელმაც პირველი საუკუნის ეფესოს კრებაზე მოახდინა ზეგავლენა და როგორ შეიძლება ამის გაკეთება? (2 პეტრე 1:5—8).
15 იესოს პირველი წერილი ეფესოს კრებისთვის იყო დაწერილი. იესომ ჯერ შეაქო კრება ამტანობისა და მოთმინებისთვის, შემდეგ კი უთხრა: „მაგრამ შენს საწინააღმდეგოდ ისა მაქვს, რომ მიატოვე შენი პირველი სიყვარული“ (გამოცხადება 2:1—4). დღესაც ზოგ, ოდესღაც გულმოდგინე, ქრისტიანს გაუნელდა ის მგზნებარე სიყვარული, რომელიც ერთ დროს ღვთისადმი ჰქონდა. ამას კი შეუძლია შეასუსტოს ღმერთთან მათი ურთიერთობა. ამიტომ, რაც შეიძლება მალე უნდა გამოსწორდეს მდგომარეობა. როგორ შეიძლება ამ სიყვარულის კვლავ გაღვივება? ბიბლიის რეგულარული შესწავლითა და წაკითხულზე ფიქრით, შეხვედრებზე დასწრებითა და ლოცვით (1 იოანე 5:3). მართალია, ეს ყველაფერი „ყოველ ღონეს“ მოითხოვს, მაგრამ ნამდვილად ღირს ამის გაკეთება (2 პეტრე 1:5—8). თუ საკუთარი თავის გულწრფელი გამოკვლევის შედეგად დაასკვნით, რომ თქვენი პირველი სიყვარული განელდა, დაემორჩილეთ იესოს მოწოდებას: „გაიხსენე, საიდან დაეცი, და მოინანიე, და აკეთე შენი პირვანდელი საქმეები“. ასე რომ, სასწრაფოდ გამოასწორეთ სიტუაცია (გამოცხადება 2:5).
16. სულიერობისთვის რა საშიში ზეგავლენა არსებობდა პერგამოსა და თიატირის კრებებში და რატომ არის იესოს მიერ მათი მისამართით ნათქვამი სიტყვები სათანადო დღესაც?
16 იესომ პერგამოსა და თიატირაში მცხოვრები ქრისტიანებიც შეაქო მათი უმწიკვლობის, მოთმინებისა და გულმოდგინების გამო (გამოცხადება 2:12, 13, 18, 19). მაგრამ ისინი იმათ გავლენაში მოექცნენ, ვინც ბალაამისა და იზებელისთვის დამახასიათებელ უზნეო სულს ირეკლავდა. ბალაამმა და იზებელმა ძველი ისრაელის გასახრწნელად უზნეობა და ბაალის თაყვანისცემა გამოიყენეს (რიცხვნი 31:16; მესამე მეფეთა 16:30, 31; გამოცხადება 2:14, 16, 20—23). რა შეიძლება ითქვას იმ დროზე — „უფლის დღეზე“ — რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ? შეიმჩნევა მსგავსი გამხრწნელი ზეგავლენა? დიახ, რადგან უმეტეს შემთხვევაში ქრისტიანები უზნეობის გამო ირიცხებიან კრებიდან. მაშ, რამდენად მნიშვნელოვანია, მოვერიდოთ ისეთ ადამიანებს — იქნება ეს კრების შიგნით თუ გარეთ — რომლებიც ზნეობრივად გამხრწნელ ზეგავლენას ახდენენ ჩვენზე! (1 კორინთელთა 5:9—11; 15:33). ისინი, რომლებსაც სურთ „შილოს“ მორჩილი ქვეშევრდომები იყვნენ, უნდა მოერიდონ საეჭვო გართობებსა და პორნოგრაფიას ინტერნეტსა თუ ჟურნალ-გაზეთებში (ამოსი 5:15; მათე 5:28, 29).
17. რით განსხვავდებოდა სარდისა და ლაოდიკიის კრებების წევრთა თვალსაზრისი თავიანთ სულიერ მდგომარეობასთან დაკავშირებით იესოს თვალსაზრისისგან?
17 რამდენიმე გამონაკლისის გარდა, სარდის კრების წევრებს, მთლიანობაში, ქება არ დაუმსახურებიათ. მათ ჰქონდათ „სახელი“, ანუ ერთი შეხედვით ცოცხლების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, მაგრამ სულიერად იმდენად იყვნენ მოდუნებული, რომ იესოსთვის „მკვდრებად“ ითვლებოდნენ. ისინი ფორმალურად ემორჩილებოდნენ სასიხარულო ცნობას. როგორი მხილებაა! (გამოცხადება 3:1—3). ლაოდიკიის კრებაშიც იგივე მდგომარეობა იყო. ის მატერიალური სიმდიდრით იკვეხნიდა და ამბობდა: „მე მდიდარი ვარ“, თუმცა ქრისტესთვის „უბედური ... საცოდავი, ღატაკი, ბრმა და შიშველი“ იყო (გამოცხადება 3:14—17).
18. როგორ დავაღწევთ თავს სულიერ მოდუნებას?
18 დღესაც ზოგი, ერთ დროს ღვთის ერთგული ქრისტიანი, ასეთივე დაუმორჩილებლობას ავლენს. შეიძლება წუთისოფლის სულმა მათ დაავიწყა გადაუდებელი მოქმედების აუცილებლობა და, აქედან გამომდინარე, ბიბლიის შესწავლას, ლოცვას, ქრისტიანულ შეხვედრებსა და მსახურებას უხალისოდ ეკიდებიან (2 პეტრე 3:3, 4, 11, 12). რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ასეთები დაემორჩილონ ქრისტეს და ქრისტესგან ‘იყიდონ ცეცხლით განწმენდილი ოქრო’ ანუ დააგროვონ სულიერი სიმდიდრე (გამოცხადება 3:18). ამ ნამდვილ სიმდიდრეში ისიც შედის, რომ ‘გავმდიდრდეთ კეთილი საქმეებით, ვიყოთ გულუხვნი და გამზიარებელნი’. ასეთი, მართლაც ძვირფასი, სულიერი ქონების დაგროვებით, ჩვენ ‘დავიუნჯებთ საუნჯეს მტკიცე საფუძვლად მომავლისათვის, რათა მივაღწიოთ ჭეშმარიტ სიცოცხლეს’ (1 ტიმოთე 6:17—19).
მორჩილთა შექება
19. როგორ შეაქო იესომ სმირნელი და ფილადელფიელი ქრისტიანები და რისკენ მოუწოდა მათ?
19 სმირნისა და ფილადელფიის კრებები მორჩილების ჩინებულ მაგალითს იძლეოდნენ, რადგან იესოს არ გაუკიცხავს ისინი. სმირნის კრების მისამართით იესომ თქვა: „ვიცი შენი გასაჭირი და სიღატაკე, — თუმცა შენ მდიდარი ხარ“ (გამოცხადება 2:9). როგორ განსხვავდებოდნენ ისინი ლაოდიკიის კრების წევრებისგან, რომლებიც ქვეყნიური სიმდიდრით იკვეხნიდნენ, სინამდვილეში კი ღარიბ-ღატაკნი იყვნენ! ცხადია, ეშმაკს არ უხაროდა, როდესაც ვინმე ერთგულებასა და მორჩილებას ავლენდა ქრისტესადმი. ამიტომ იესო აფრთხილებდა მათ: „ნუ გეშინია ნურაფრისა, რისი გადატანაც მოგიწევს. აჰა, ეშმაკი ჩააგდებს ზოგ თქვენგანს საპყრობილეში, რათა გამოიცადოთ. და გექნებათ ჭირი ათ დღეს. სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს“ (გამოცხადება 2:10). მსგავსად, იესომ ფილადელფიელებიც შეაქო: „შეინახე ჩემი სიტყვა [ანუ დამემორჩილე] და არ უარყავი ჩემი სახელი. აჰა, მოვალ მალე; გეპყრას, რაც გაქვს, რათა არავინ წაგართვას შენი გვირგვინი“ (გამოცხადება 3:8, 11).
20. როგორ დაიცვა ჩვენს დღეებში ბევრმა იესოს სიტყვა და რა განსაცდელებს გაუძლეს მათ?
20 „უფლის დღესაც“, რომელიც 1914 წლიდან დაიწყო, ერთგულ ცხებულთა დარჩენილმა ნაწილმა და მათმა თანამსახურმა სხვა ცხვრებმა, რომელთა რიცხვიც დღეს რამდენიმე მილიონს შეადგენს, გულმოდგინე მსახურებითა და უმწიკვლობის შენარჩუნებით დაიცვეს იესოს სიტყვა. პირველ საუკუნეში მცხოვრები ძმების მსგავსად, ზოგმა მძიმე განსაცდელი გადაიტანა ქრისტესადმი მორჩილების გამო. მათ ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებშიც კი მოუწიათ ყოფნა. სხვებმა იესოს სიტყვა ‘თვალის სუფთად’ შენახვით დაიცვეს მიუხედავად იმისა, რომ ფუფუნების მოყვარული და გაუმაძღარი საზოგადოების გარემოცვაში ცხოვრობდნენ (მათე 6:22, 23). დიახ, ჭეშმარიტი ქრისტიანები ნებისმიერ პირობებსა და ვითარებაში ავლენენ მორჩილებას და გულს უხარებენ იეჰოვას (იგავნი 27:11).
21. ა) რომელი სულიერი ვალდებულების შესრულებას განაგრძობს მონის კლასი? ბ) როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ნამდვილად გვსურს, დავემორჩილოთ „შილოს“?
21 დიდი გასაჭირი სულ უფრო და უფრო გვიახლოვდება. „ერთგულ და გონიერ მონას“ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ბოლომდე დაემორჩილოს ქრისტეს — თავის ბატონს. ამაში ღვთის სახლეულისთვის დროული სულიერი საზრდოს მომზადებაც შედის. მაშ, მოდი მადლიერება გამოვავლინოთ იეჰოვას საოცარი თეოკრატიული ორგანიზაციისა და მის მიერ მოწოდებული სულიერი საკვებისადმი. ამგვარად დავემორჩილებით „შილოს“, რომელიც ყველა მის მორჩილ ქვეშევრდომს მარადიული სიცოცხლით დააჯილდოებს (მათე 24:45—47; 25:40; იოანე 5:22—24).
[სქოლიოები]
a „შვიდი დროის“ დაწვრილებითი ახსნა იხილეთ წიგნ „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნების“ მეათე თავში; გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
b შვიდივე წერილის დეტალურად განსახილველად იხილეთ წიგნი „გამოცხადება — მისი გრანდიოზული აპოგეა ახლოსაა!“ [რუს.], 33-ე გვერდიდან დაწყებული; გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
შეგიძლიათ გაიხსენოთ?
• სიკვდილის პირას მყოფი იაკობის წინასწარმეტყველების თანახმად, რა როლი უნდა შეესრულებინა იესოს?
• როგორ ვაღიარებთ იესოს „შილოდ“ და რომელი სულისგან უნდა დავიცვათ თავი?
• „გამოცხადებაში“ ჩაწერილი „შვიდი კრებისადმი მიწერილი“ წერილებიდან რომელი რჩევებია ჩვენთვის დროული?
• რა მხრივ შეგვიძლია მივბაძოთ სმირნისა და ფილადელფიის კრებების წევრებს?
[სურათები 18 გვერდზე]
იეჰოვა აკურთხებს თავის ხალხს ერთგული „განმგებლისადმი“ მორჩილების გამო.
[სურათი 19 გვერდზე]
სატანის ზეგავლენა ართულებს ღვთისადმი მორჩილებას.
[სურათები 21 გვერდზე]
იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა მისადმი მორჩილებაში გვეხმარება.