იეჰოვასთვის მოსაწონი მსხვერპლის შეწირვა
ერთ დროს კაცობრიობის ისტორიაში ედემის ბაღის აღმოსავლეთ შესასვლელში საოცარი რამის დანახვა შეიძლებოდაa. იქ ძლიერი ქერუბიმები იდგნენ მცველებად; მათი შიშისმომგვრელი გარეგნობა იმაზე მეტყველებდა, რომ არავის უნდა გაებედა ბაღში შესვლა. ასეთივე შემაძრწუნებელი იყო იმ მბრუნავი მახვილის მოელვარე პირი, რომელიც ღამე ირგვლივ არსებული ხეების ფონზე, როგორც ჩანს, არაჩვეულებრივად ელვარებდა (დაბადება 3:24). რამდენად საინტერესოც უნდა ყოფილიყო ეს, ახლოს მისვლას ვერავინ გაბედავდა.
კაენი და აბელი, ალბათ, ხშირად მიდიოდნენ ამ ადგილას. რადგანაც ადამსა და ევას ისინი მას შემდეგ შეეძინათ, რაც ბაღიდან იქნენ გამოდევნილი, მათ შეეძლოთ მხოლოდ წარმოედგინათ, თუ როგორი იყო ცხოვრება სამოთხეში, სადაც ერთ დროს მათი მშობლები იყვნენ — სამოთხეში, რომელიც კარგად ირწყვებოდა და სადაც ხშირი მცენარეულობა და ხილისა და ბოსტნეულის სიუხვე იყო. ახლა ედემის ის პატარა ნაწილი, რომელიც მოჩანდა, დაუმუშავებელი და ბალახმოდებული იყო.
ეჭვგარეშეა, ადამი და ევა აუხსნიდნენ შვილებს, რატომ იყო ეს ბაღი მოუვლელი და რატომ გამოაძევა ისინი ღმერთმა იქიდან (დაბადება 2:17; 3:6, 23). როგორი გულნატკენები იქნებოდნენ კაენი და აბელი. ისინი ხედავდნენ ბაღს, მაგრამ ვერ შედიოდნენ; ძალიან ახლოს იყვნენ სამოთხესთან, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან შორს. ისინი არასრულყოფილები იყვნენ და ამასთან დაკავშირებით თითქმის არაფრის გაკეთება შეეძლოთ.
მათი მშობლების ურთიერთობა, რა თქმა უნდა, არ აუმჯობესებდა მდგომარეობას. განაჩენის გამოტანისას ღმერთმა უთხრა ევას: „ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე“ (დაბადება 3:16). როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ადამი, ალბათ, ბატონობდა თავის ცოლზე და აღარ მიიჩნევდა მას მეგობრად და დამხმარედ. ევაც, როგორც ჩანს, მეტისმეტად იყო დამოკიდებული ადამზე. ერთ კომენტარში ევას „ლტოლვა“ აღწერილია „თითქმის ავადმყოფურ ვნებად“.
ბიბლიაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რამდენად ახდენდა გავლენას ადამსა და ევას შორის ასეთი ურთიერთობა კაენისა და აბელის მიერ მათ პატივისცემაზე. მაგრამ, ცხადია, მათი ასეთი ურთიერთობა შვილებს სულიერ სიმშვიდეს არღვევდა.
სხვადასხვა გზის არჩევა
დროთა განმავლობაში აბელი მწყემსი გახდა, კაენი კი — მიწათმოქმედი (დაბადება 4:2). ფარის მოვლისას აბელს, ეჭვგარეშეა, ბევრი დრო ჰქონდა იმ განსაკუთრებულ წინასწარმეტყველებაზე საფიქრელად, რომელიც ედემიდან მისი მშობლების განდევნამდე წარმოითქვა: „მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!“ (დაბადება 3:15). მას, ალბათ, აინტერესებდა, როგორ შესრულდებოდა ღვთის დანაპირები თესლის მიერ გველის გაჭყლეტასთან დაკავშირებით და როგორ იქნებოდა ეს თესლი ქუსლში დაგესლილი?
მოგვიანებით კაენმა და აბელმა, რომლებიც უკვე ზრდასრულები იყვნენ, მსხვერპლი შესწირეს იეჰოვას. რადგანაც აბელი მწყემსი იყო, გასაკვირი არაა, რომ „თავისი ფარის ნათავარი და რჩეული პირუტყვი“ მიართვა ღმერთს, კაენმა კი — „მიწის ნაყოფი“. იეჰოვამ აბელის მსხვერპლი მიიღო, „ხოლო კაენსა და მის ძღვენს არ მოჰხედა“ (დაბადება 4:3–5). რატომ?
ზოგი აღნიშნავს, რომ აბელმა „თავისი ფარის ნათავარი“ შესწირა, კაენმა კი, უბრალოდ, — „მიწის ნაყოფი“. მაგრამ პრობლემა კაენის მსხვერპლის ხარისხში არ იყო. ბიბლიურ ცნობაში ნათქვამია, რომ მოჰხედა იეჰოვამ „აბელს და მის ძღვენს“, ხოლო „კაენსა და მის ძღვენს“ — არა. მაშასადამე, იეჰოვამ პირველ რიგში მსხვერპლის მომტანის გულს შეხედა. რა შენიშნა მან? ებრაელების 11:4-ში ნათქვამია, რომ „რწმენით“ შესწირა აბელმა მსხვერპლი. ასე რომ, კაენს, როგორც ჩანს, ის აკლდა, რამაც აბელის ძღვენი მისაღები გახადა, — რწმენა.
გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ აბელის მსხვერპლშეწირვაში სისხლის დაღვრაც შედიოდა. შესაძლებელია, მან სწორად დაასკვნა, რომ ღვთის დანაპირებს თესლის შესახებ, რომელიც ქუსლში იქნებოდა დაგესლილი, სიცოცხლის შეწირვა მოჰყვებოდა. ამიტომ აბელის მსხვერპლშეწირვა შეიძლება პატიების შესახებ თხოვნა იყო და გამოხატავდა რწმენას, რომ ღმერთი თავის დროზე იზრუნებდა მსხვერპლზე, რომელიც კაცობრიობას ცოდვებისგან გამოისყიდიდა და ღმერთთან შეარიგებდა.
ძმისგან განსხვავებით, კაენმა, ალბათ, ნაკლები ყურადღება მიაქცია თავის ძღვენს. „თავისი ძღვენით ის, უბრალოდ, აღიარებდა ღმერთს, როგორც მწყალობელს, — თქვა XIX საუკუნეში მცხოვრებმა ბიბლიის მიმომხილველმა, — აქედან პირდაპირ ჩანდა, რომ ის ვერ ხვდებოდა ვერც იმას, თუ რამხელა უფსკრული იყო მასსა და შემოქმედს შორის, და ვერც ცოდვების აღიარებისა და ღვთისგან პატიების საჭიროებას“.
გარდა ამისა, როგორც უფროსი შვილი, კაენი შეიძლება თვითდაჯერებულიც იყო და ფიქრობდა, რომ თვითონ წარმოადგენდა დაპირებულ თესლს, რომელიც გაანადგურებდა გველს, სატანას. შესაძლებელია, ევასაც ჰქონდა მსგავსი პატივმოყვარე სურვილი თავის პირმშოსთან დაკავშირებით (დაბადება 4:1). რა თქმა უნდა, თუ კაენი და ევა ამას მოელოდნენ, ძალიან ცდებოდნენ.
ბიბლიაში არაა ნათქვამი, როგორ გამოავლინა იეჰოვამ აბელის მსხვერპლის მოწონება. ზოგი ფიქრობს, რომ ზეციდან ცეცხლით მსხვერპლის შთანთქმით. როგორც უნდა ყოფილიყო, როდესაც გაიგო, რომ ღმერთმა არ მიიღო მისი მსხვერპლი, „ძალზე გამწარდა კაენი და თავი ჩაღუნა“ (დაბადება 4:5). კაენს უბედურება ელოდა.
იეჰოვას რჩევა და კაენის რეაქცია
იეჰოვა ცდილობდა შეეგონებინა კაენი. ღმერთმა ჰკითხა მას: „რად გამწარდი, რად ჩაღუნე თავი?“ ამან კაენს შესაძლებლობა მისცა, დაფიქრებულიყო თავის გრძნობებსა და აღძვრაზე. „თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, — განაგრძო იეჰოვამ, — ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე“ (დაბადება 4:6, 7; იხილეთ ჩარჩო 23-ე გვერდზე).
კაენმა არ ისმინა. მან მინდორში გაიყვანა აბელი და მოკლა. მოგვიანებით, როდესაც იეჰოვამ ჰკითხა, თუ სად იყო აბელი, მან ჩადენილ ცოდვას ტყუილი დაამატა. „არ ვიცი, — უპასუხა მან. — ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ?“ (დაბადება 4:8, 9).
აბელის მოკვლამდეც და მერეც კაენმა უარი თქვა ‘სიკეთის ქმნაზე’. მან არჩია, ცოდვას ებატონა მასზე, რის გამოც ღმერთმა განდევნა იქიდან, სადაც ხალხი ცხოვრობდა; დაადო მას „ნიშანი“, რომელიც, შესაძლებელია, სერიოზული ბრძანება იყო, რომ არავის ეძია შური აბელის მკვლელობისთვის და არ მოეკლათ კაენი (დაბადება 4:15).
მოგვიანებით კაენმა ქალაქი გააშენა და თავისი ვაჟის სახელი უწოდა. გასაკვირი არაა, რომ მისი შთამომავლები მოძალადეობით გახდნენ ცნობილი. საბოლოოდ, როდესაც ნოეს დღეებში მომხდარმა წარღვნამ გაანადგურა ყველა უსამართლო ადამიანი, კაენის მოდგმა შეწყდა (დაბადება 4:17–24; 7:21–24).
ბიბლიური ცნობა კაენისა და აბელის შესახებ არ შემონახულა, უბრალოდ, გართობის მიზნით წასაკითხად. ის „ჩვენს სასწავლებლად დაიწერა“ და „სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად“ (რომაელთა 15:4; 2 ტიმოთე 3:16). რის სწავლა შეგვიძლია ამ ცნობიდან?
გაკვეთილი ჩვენთვის
კაენისა და აბელის მსგავსად, დღეს ქრისტიანები მოწოდებული არიან, შესწირონ ღმერთს მსხვერპლი — არა პირდაპირი გაგებით მსხვერპლი, რომელიც უნდა დაიწვას, არამედ ‘ქების მსხვერპლი, ესე იგი, მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფი’ (ებრაელთა 13:15). დღეს ეს მსოფლიო მასშტაბით კეთდება, რადგან იეჰოვას მოწმეები 230-ზე მეტ ქვეყანაში ქადაგებენ კეთილ ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ (მათე 24:14). მონაწილეობთ ამ საქმეში? თუ დიახ, დარწმუნებული იყავით, რომ „ღმერთი არაა უსამართლო, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რომელიც გამოიჩინეთ მისი სახელისათვის“ (ებრაელთა 6:10).
ისევე როგორც კაენისა და აბელის შემთხვევაში, თქვენი ძღვენი არ ფასდება იმით, რაც ჩანს, მაგალითად მსახურებაში გატარებული საათებით. იეჰოვა სიღრმეებს ჭვრეტს. იერემიას 17:10-ში ნათქვამია, რომ ის ‘გულთამხილავია’ და ‘იცნობს ზრახვებს’ — ადამიანის აზრებს, გრძნობებსა და აღძვრას. ასე რომ, მთავარია აღძვრა და არა რაოდენობა. ნამდვილად, ბევრი იქნება თუ ცოტა, ძღვენი მაშინაა ღვთისთვის ძვირფასი, როცა სიყვარულითაა შეწირული (შეადარეთ მარკოზი 12:41–44 14:3–9-ს).
ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ იეჰოვა არ მიიღებს კოჭლ ძღვენს, ისევე როგორც არ მიიღო კაენის მსხვერპლი, რომელიც მთელი გულით არ იყო შეწირული (მალაქია 1:8, 13). იეჰოვა ითხოვს, რომ საუკეთესო ვუძღვნათ — ვემსახუროთ მთელი გულით, სულით, გონებით და ძალით (მარკოზი 12:30). აკეთებთ ამას? თუ დიახ, საფუძვლიანი მიზეზი გაქვთ იმისთვის, რომ კმაყოფილი იყოთ თქვენი მსხვერპლით. პავლემ დაწერა: „ყველამ თავისი საქმე გამოსცადოს და მაშინ ექნება სიქადული თავისით და არა სხვისით“ (გალატელთა 6:4).
კაენი და აბელი ერთნაირად აღიზარდნენ, მაგრამ დრომ და პირობებმა ორივეს შესაძლებლობა მისცა, პირადი თვისებები განევითარებინათ. კაენს სულ უფრო მეტად ტანჯავდა შური, მეტოქეობის გრძნობა და რისხვა.
აბელი კი ღმერთმა მართალ კაცად დაიმახსოვრა (მათე 23:35). აბელი საგრძნობლად განსხვავდებოდა თავისი ოჯახის უმადური წევრებისგან: ადამის, ევასა და კაენისგან, რადგან გადაწყვეტილებით იყო აღსავსე, რადაც უნდა დასჯდომოდა, ღვთისთვის ესიამოვნებინა. ბიბლია გვამცნობს, რომ, მიუხედავად სიკვდილისა, აბელი „კვლავ ლაპარაკობს“. ღვთისადმი მისი ერთგული მსახურება ბიბლიაში ჩაწერილი მარადიული ისტორიული ცნობის ნაწილია. მოდი მივყვეთ აბელის მაგალითს ღვთისთვის მუდამ მოსაწონი მსხვერპლის შეწირვით (ებრაელთა 11:4).
[სქოლიო]
a ფიქრობენ, რომ ედემის ბაღი დღევანდელი თურქეთის აღმოსავლეთ მთიან რაიონში მდებარეობდა.
[ჩარჩო⁄სურათი 23 გვერდზე]
მაგალითი ქრისტიანი მრჩეველებისთვის
„რად გამწარდი, რად ჩაღუნე თავი?“ ამ კითხვით იეჰოვამ გულთბილად მიმართა კაენს. მას არ დაუძალებია კაენი, შეცვლილიყო, რადგან ის ნების თავისუფლების მქონე ადამიანი იყო (შეადარეთ 2 რჯული 30:19). მაგრამ იეჰოვამ პირდაპირ დაანახვა, თუ რა შედეგები მოჰყვებოდა მის თვითნება საქციელს. მან გააფრთხილა კაენი: „თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა“ (დაბადება 4:6, 7).
აღსანიშნავია, რომ ამ მკაცრი შეგონებისასაც კი იეჰოვა არ მოპყრობია კაენს, როგორც „გამოუსწორებელ ადამიანს“. პირიქით, მან უთხრა მას, რომ კურთხევები ელოდა, თუ შეიცვლებოდა, და გამოხატა იმედი, რომ კაენი, თუ მოინდომებდა, გადალახავდა ამ პრობლემას. „თუ სიკეთის მქნელი ხარ, — უთხრა იეჰოვამ, — განა თავაწეული არ უნდა იყო?“ კაენის დაუნდობელ რისხვასთან დაკავშირებით ღმერთმა აგრეთვე უთხრა მას: „შენ კი იბატონე მასზე“.
დღეს ქრისტიანული კრების უხუცესებმა უნდა მიბაძონ იეჰოვა ღმერთის მაგალითს. როგორც 2 ტიმოთეს 4:2-შია აღნიშნული, მათ ზოგჯერ უწევთ შემცოდველის ‘მხილება’ და ‘შერისხვა’ და თვითნება საქციელის შედეგების პირდაპირ დანახვება. ამავე დროს, უხუცესებმა უნდა ‘შეაგონონ’. ამ სიტყვის ბერძნული შესატყვისი „პარაკალეო“ აგრეთვე ნიშნავს „გამხნევებას“. „დარიგება არ ნიშნავს სიმკაცრეს, აგრესიულობას ან კრიტიკულობას, — ნათქვამი იყო ერთ ნაშრომში. — ამას ამტკიცებს ის ფაქტიც, რომ სიტყვა ნუგეში შეიძლება იყოს ამ სიტყვის მეორე მნიშვნელობა“ (Theological Dictionary of the New Testament).
აღსანიშნავია, რომ მონათესავე ბერძნული სიტყვა „პარაკლიტოს“ შეიძლება ეხებოდეს დამხმარეს ან დამცველს სამართლებრივ საკითხებში. მაშინაც კი, როდესაც უხუცესები სათანადოდ ამხელენ, უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი დამხმარეები არიან — და არა მტრები — პიროვნებისა, რომელსაც რჩევა სჭირდება. იეჰოვას მსგავსად, უხუცესები დადებითად უნდა იყვნენ განწყობილები და ამჟღავნებდნენ იმედს, რომ მას, ვისაც რჩევას აძლევენ, შეუძლია ‘იბატონოს’ პრობლემაზე (შეადაეთ გალატელთა 6:1).
საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, თითოეულის პირადი გადასაწყვეტია, ისმინოს თუ არა დარიგება (გალატელთა 6:5; ფილიპელთა 2:12). მრჩეველები შეიძლება ხედავენ, რომ ზოგი ყურადღებას არ აქცევს მათს გაფრთხილებას, ისევე როგორც კაენმა არ ისმინა თვით შემოქმედის მხილება. მიუხედავად ამისა, როდესაც უხუცესები ქრისტიანი მრჩეველები, სრულყოფილ მაგალითს, იეჰოვა ღმერთს, ბაძავენ, შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ, რომ აკეთებენ იმას, რაც უნდა გააკეთონ.