როგორი სახელი გაქვთ?
ერთ ეთიოპ ქალს ვაჟი გაუჩნდა; მისი სიხარული მწუხარებამ შეცვალა, როცა დაინახა, რომ ჩვილს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. ბებიამ უსიცოცხლო ბავშვი ხელში აიყვანა, რომ დაებანა; მოულოდნელად ახალშობილმა სუნთქვა დაიწყო და ატირდა. ბავშვის მამის სახელი ამჰარულად „სასწაულს“ ნიშნავდა. მშობლებმა ამ სახელს ერთი სიტყვა დაუმატეს და ჩვილს დაარქვეს სახელი, რომელიც ნიშნავს „სასწაული მოხდა“.
ბურუნდიში ახალგაზრდა კაცი ჯარისკაცებს გაექცა, რომელთაც მისი მოკვლა უნდოდათ. ის მინდორში დაიმალა; მან ღმერთს აღთქმა დაუდო, რომ მდევარს თუ თავს დააღწევდა, პირველ შვილს „მანირაკიზას“ დაარქმევდა, რაც ნიშნავს „ღმერთია მხსნელი“. ხუთი წლის შემდეგ პატარა „მანირაკიზა“ დაიბადა.
ბავშვისთვის ამა თუ იმ მნიშვნელობის მქონე სახელის დარქმევა ზოგ ქვეყანაში შეიძლება უცნაურად მიაჩნდეთ, მაგრამ ამ ჩვეულებას დიდი ხნის ისტორია აქვს. ბიბლიაშიც არის მოხსენიებული ასობით სახელი, რომლებიც რაღაც მნიშვნელობას ატარებს. განვიხილოთ ზოგიერთი სახელის მნიშვნელობა. ეს ბიბლიის კითხვას თქვენთვის უფრო საინტერესოს გახდის.
ებრაულ წერილებში მოხსენიებული სახელები
ბიბლიაში პირველად მოხსენიებულ სახელებს შორისაა შეთი, რაც ნიშნავს „სხვის ნაცვლად დანიშნულს“. შეთის დედამ, ევამ თქვა, რატომ დაარქვა შვილს ეს სახელი: „ღმერთმა სხვა შთამომავალი მომცა აბელის ნაცვლად, რადგან კაენმა მოკლაო იგი“ (დაბადება 4:25). შეთის შთამომავალმა ლამექმა თავის ვაჟს ნოე დაარქვა, რომელიც „დასვენებას, ნუგეშს“ ნიშნავს. ლამექის სიტყვებიდან კარგად ჩანს, რატომ უწოდა შვილს ეს სახელი. მან თქვა: „ნუგეშისცემით შეგვიმსუბუქებს შრომასა და ტანჯვას, რადგან დასწყევლა მიწა იეჰოვამ“ (დაბადება 5:29).
ღმერთმა ზოგიერთ ადამიანს თავად შეუცვალა სახელი. ამ ახალ სახელებს წინასწარმეტყველური მნიშვნელობა ჰქონდა. მაგალითად, ღმერთმა თავის მსახურს უთხრა, რომ აღარ ერქმეოდა აბრამი, რაც ნიშნავს „დიდების მამას“, არამედ აბრაამი, რომლის მნიშვნელობაცაა „სიმრავლის მამა“. აბრაამი მართლაც მრავალი ერის მამა გახდა (დაბადება 17:5, 6). აბრაამის ცოლს სარაი ერქვა, რაც შესაძლოა „ანჩხლს“ ნიშნავდა. ის ნამდვილად ბედნიერი იქნებოდა, როცა ღმერთმა სახელი შეუცვალა და უწოდა სარა, რაც ნიშნავს „დიდგვაროვან ქალბატონს“. მართლაც, სარას შთამომავლობიდან მეფეები წარმოიშვნენ (დაბადება 17:15, 16).
ღმერთმა ზოგიერთ ბავშვს პირადად შეურჩია სახელი. მაგალითად, მან აბრაამსა და სარას უთხრა, რომ ვაჟისთვის ისაკი დაერქმიათ, რაც „სიცილს“ ნიშნავს. ეს სახელი ყოველთვის შეახსენებდა ამ ერთგულ ცოლ-ქმარს, რა რეაქცია ჰქონდათ, როცა გაიგეს, რომ ხანდაზმულობის ასაკში ვაჟი შეეძინებოდათ. როდესაც ისაკი გაიზარდა, მისი სახელი, ალბათ, კვლავაც გაახსენებდა აბრაამსა და სარას ყველა იმ მოვლენას, რაც ბავშვის დაბადებასთან იყო დაკავშირებული (დაბადება 17:17, 19; 18:12, 15; 21:6).
ისაკის რძალმა, რახელმა თავის უმცროს ვაჟს სრულიად განსხვავებული მიზეზის გამო შეურჩია სახელი. რახელი მშობიარობას გადაყვა; ვიდრე მოკვდებოდა, მან შვილს ბენ-ონი დაარქვა, რაც „მწუხარების ვაჟს“ ნიშნავს. რახელის ქმარმა, იაკობმა ბავშვს ცოტათი შეუცვალა სახელი და ბენიამინი უწოდა, რომლის მნიშვნელობაცაა „ჩემი მარჯვენის ვაჟი“. იაკობმა იმიტომ დაარქვა თავის ვაჟს ეს სახელი, რომ მის მიმართ კეთილგანწყობილი იყო და მისი მხარდაჭერის იმედი ჰქონდა (დაბადება 35:16—19; 44:20).
ბავშვებს სახელებს ზოგჯერ გარეგნობის მიხედვითაც არქმევდნენ. მაგალითად, ისაკისა და რებეკას შვილი ისეთი თმიანი დაიბადა, თითქოს ბეწვიანი ტანსაცმელი ეცვა. ამიტომ მშობლებმა მას ესავი დაარქვეს. ებრაულ ენაზე სახელი ესავი „ბანჯგვლიანს“ ნიშნავს (დაბადება 25:25). ბიბლიის წიგნ „რუთიდან“ ვიგებთ, რომ ნაომის ორი ვაჟი ჰყავდა. პირველს ერქვა მახლონი, რაც ნიშნავს „ღონემიხდილს, უძლურს“, მეორეს კი — ქილიონი, რომლის მნიშვნელობაცაა „სუსტი“. ცნობილი არ არის, ეს სახელები დაბადებისთანავე დაარქვეს ბავშვებს თუ მოგვიანებით. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ისინი ახალგაზრდები მოკვდნენ, შეიძლება ითქვას, რომ მათ შესაფერისი სახელები ერქვათ (რუთი 1:5).
ძველ დროში აგრეთვე მიღებული იყო მდგომარეობის მიხედვით სახელების შეცვლა. როდესაც ნაომის ქმარ-შვილი დაეღუპა და ბეთლემში დაბრუნდა, არ უნდოდა, რომ მისთვის ნაომი დაეძახათ, რაც ნიშნავს „სიამოვნებას“. ის ამბობდა: «ნაომის ნუღარ დამიძახებთ. მარა („მწარე“) დამიძახეთ, რადგან მეტისმეტად გამამწარა ყოვლისშემძლემ» (რუთი 1:20, 21).
ზოგჯერ ბავშვს მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით არქმევდნენ სახელს. მაგალითად, წინასწარმეტყველ ანგიას სახელი ნიშნავს „სადღესასწაულოს“.a
ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში მოხსენიებული სახელები
იესოს სახელს უდიდესი წინასწარმეტყველური მნიშვნელობა აქვს. იესოს დაბადებამდე მის მშობლებს ღვთის ანგელოზმა უთხრა: „მას იესო უნდა დაარქვათ“, რაც ნიშნავს „იეჰოვაა ხსნა“. რატომ უნდა დაერქმიათ მისთვის ეს სახელი? იმიტომ, რომ ‘ის დაიხსნიდა თავის ხალხს მათი ცოდვებისგან’ (მათე 1:21). მას შემდეგ, რაც ნათლობისას იესოზე წმინდა სული გადმოვიდა და ის ცხებული გახდა, მას „მესია“ ეწოდა. ამ ებრაული სიტყვის ბერძნული ეკვივალენტი არის „ქრისტე“. ორივე სიტყვა „ცხებულს“ ნიშნავს (მათე 2:4).
იესომ ზოგ თავის მოწაფეს სახელები მათი ხასიათისდა მიხედვით შეუცვალა. მაგალითად, მან სიმონს სემიტური სახელი, კეფა დაარქვა, რაც „კლდეს“ ნიშნავს. თუმცა კეფა ამ სახელის ბერძნული შესატყვისით გახდა ცნობილი, რომელიც „პეტრედ“ ითარგმნება (იოანე 1:42). იესომ თავის ორ გულმოდგინე მოწაფეს, იაკობსა და იოანეს, რომლებიც ძმები იყვნენ, „ბოანერგესი“, „ქუხილის ძეები“ უწოდა (მარკოზი 3:16, 17).
იესოს მოწაფეებიც არქმევდნენ თანაქრისტიანებს შესაფერის სახელებს. მაგალითად, იოსებს მათ ბარნაბა უწოდეს, რაც „ნუგეშის ძედ“ ითარგმნება. ის ამართლებდა თავის სახელს და ბევრს ანუგეშებდა (საქმეები 4:34—37; 9:27; 15:25, 26).
როგორი სახელი გაქვს?
ჩვენ არ აგვირჩევია სახელი, რომელიც დაბადებისას დაგვარქვეს, მაგრამ როგორი სახელი გვექნება სხვების თვალში, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული (იგავები 20:11). ჰკითხეთ საკუთარ თავს: „შესაძლებელი რომ ყოფილიყო, რას დამარქმევდნენ იესო და მოციქულები? ჩემი თვისებებიდან გამომდინარე, რომელი სახელი იქნებოდა ჩემთვის შესაფერისი?“
მეფე სოლომონის სიტყვებიდან ჩანს, რომ ამ კითხვებზე სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ. ის წერდა: „კარგი სახელი დიდ სიმდიდრეს სჯობია“ (იგავები 22:1). მართლაც, თუ საზოგადოებაში კარგი სახელი გვექნება, დიდ სიმდიდრეს შევიძენთ, ხოლო თუ ღვთის წინაშე გვექნება კარგი სახელი, მარადიულ კურთხევებს მივიღებთ. ღმერთი გვპირდება, რომ „სამახსოვრო წიგნში“ ჩაწერს თავის მოშიშთა სახელებს და მარადიული სიცოცხლით დააჯილდოებს მათ (მალაქია 3:16; გამოცხადება 3:5; 20:12—15).
[სქოლიო]
a აფრიკაში მცხოვრებ მრავალ იეჰოვას მოწმეს, რომლებიც იმ პერიოდში დაიბადნენ, როცა მათ მხარეში კონგრესები ტარდებოდა, კონგრესების დევიზებთან დაკავშირებული სახელები ჰქვიათ.
[ჩანართი 15 გვერდზე]
ჩემი თვისებებიდან გამომდინარე, რომელი სახელი იქნებოდა ჩემთვის შესაფერისი?
[ჩარჩო⁄სურათი 14 გვერდზე]
ვინ იყო ემანუელი?
ბიბლიაში მოხსენიებული ზოგიერთი ადამიანის სახელს წინასწარმეტყველური მნიშვნელობა ჰქონდა და მიუთითებდა იმაზე, რასაც ეს პიროვნება გააკეთებდა. მაგალითად, წინასწარმეტყველმა ესაიამ ღვთის შთაგონებით დაწერა: „აი, დაორსულდება ქალწული, გააჩენს ვაჟს და დაარქმევს მას ემანუელს“ (ესაია 7:14). სახელი ემანუელი ნიშნავს „ღმერთი ჩვენთანაა“. ბიბლიის ზოგი კომენტატორი ცდილობს, რომ ამ წინასწარმეტყველების პირველი შესრულება ისრაელის რომელიმე მეფეს ან ესაიას ერთ-ერთ ვაჟს დაუკავშიროს. მაგრამ სახარების დამწერი მათე გვატყობინებს, რომ ესაიას წინასწარმეტყველება მთლიანად იესოზე შესრულდა (მათე 1:22, 23).
ზოგის აზრით, რამდენადაც ბიბლიაში სახელი ემანუელი იესოსთან დაკავშირებით გამოიყენება, ეს იმას ნიშნავს, რომ იესო ყოვლისშემძლე ღმერთია. მაგრამ, თუ ამ ლოგიკით ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ იობთან სანუგეშებლად მისული ახალგაზრდა კაცი ელიჰუც ღმერთი იყო, რადგან მისი სახელი ნიშნავს „ის ჩემი ღმერთია“.
იესოს არასოდეს უთქვამს, რომ ღმერთი იყო (იოანე 14:28; ფილიპელები 2:5, 6). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ის სრულყოფილად ირეკლავდა მამის პიროვნებას. მესიის შესახებ ღვთის ყველა დანაპირები იესოზე შესრულდა (იოანე 14:9; 2 კორინთელები 1:20). სახელი ემანუელი საუკეთესოდ აღწერს იესოს როლს — იესო არის მესია, დავითის შთამომავალი და ის, ვინც გვარწმუნებს, რომ ღმერთი თავის თაყვანისმცემლებთანაა.
[სურათი]
ემანუელი „ღმერთი ჩვენთანაა“
[ჩარჩო⁄სურათი 15 გვერდზე]
ყველაზე მნიშვნელოვანი სახელი
ღვთის სახელი ბიბლიაში დაახლოებით 7 000-ჯერ გვხვდება. ეს სახელი წარმოდგენილია ოთხი ებრაული თანხმოვნით יהוה. ქართულად ამ სახელის ყველაზე გავრცელებული ფორმაა „იეჰოვა“. რას ნიშნავს ეს სახელი? როდესაც მოსემ ღმერთს სახელი ჰკითხა, მან უპასუხა: „მე ვიქცევი იმად, რადაც ვიქცევი“ (გამოსვლა 3:14). ამგვარად, ღვთის სახელი იმის გარანტიაა, რომ ღმერთი იქცევა იმად, რაც საჭიროა მისი განზრახვების შესასრულებლად (ესაია 55:8—11). ღვთის სახელი იეჰოვა გვარწმუნებს, რომ შეგვიძლია ცხოვრება იეჰოვას დაპირების შესაბამისად წარვმართოთ, რადგან ის აუცილებლად შეასრულებს თავის დანაპირებს.
[სურათი 13 გვერდზე]
აბრაამი „სიმრავლის მამა“
[სურათი 13 გვერდზე]
სარა „დიდგვაროვანი ქალბატონი“