იეჰოვამ იცის, როგორ იხსნას თავისი ხალხი
„იცის იეჰოვამ, როგორ დაიხსნას განსაცდელისგან ღვთის ერთგულები“ (2 პეტ. 2:9).
რატომ ვართ დარწმუნებული, რომ . . .
თავისი განზრახვების განსახორციელებლად იეჰოვა აკონტროლებს მოვლენებს?
იეჰოვა გამოიყენებს ძალას თავისი ხალხის სასარგებლოდ?
იეჰოვამ ზუსტად იცის, როგორ განვითარდება მოვლენები დიდი გასაჭირის დროს?
1. რას უნდა ველოდოთ „დიდი გასაჭირის“ დროს?
სატანის ქვეყნიერებაზე ღვთის განაჩენი მოულოდნელად შესრულდება (1 თეს. 5:2, 3). „იეჰოვას დიდ დღეს“ დედამიწის მთელ მოსახლეობას ქაოსი მოიცავს (სოფ. 1:14—17). ტანჯვა და სიდუხჭირე ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდება. იქნება ისეთი გასაჭირი, „როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაწყისიდან დღემდე“ (წაიკითხეთ მათეს 24:21, 22).
2, 3. ა) რა განსაცდელს შეხვდება ღვთის ხალხი „დიდი გასაჭირის“ დროს? ბ) რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვა იხსნის თავის ხალხს?
2 როდესაც „დიდი გასაჭირი“ თავის კულმინაციას მიაღწევს, გოგი „მაგოგის მიწიდან“ მთელი ძალით დაესხმება თავს ღვთის ხალხს. „დიდძალი ჯარი“, რომელიც ღვთის მსახურების წინააღმდეგ გაილაშქრებს, „ღრუბელივით . . . დაფარავს მიწას“ (ეზეკ. 38:2, 14—16). არც ერთი მიწიერი ორგანიზაცია არ დაიცავს მაშინ იეჰოვას ხალხს. მათი ხსნა მხოლოდ ღმერთზე იქნება დამოკიდებული. როგორ შეხვდება ღვთის ხალხი ასეთ განსაცდელს?
3 თუ იეჰოვას ემსახურები, გწამს, რომ მას შეუძლია და იხსნის კიდეც თავის ხალხს დიდი გასაჭირის დროს? მოციქულმა პეტრემ დაწერა: „იცის იეჰოვამ, როგორ დაიხსნას განსაცდელისგან ღვთის ერთგულები, უმართლოები კი შემოინახოს სასამართლოს დღისთვის, რათა მოიკვეთონ“ (2 პეტ. 2:9). იმაზე ფიქრი, თუ როგორ იხსნა იეჰოვამ წარსულში თავისი ხალხი, დაგვეხმარება, უშიშრად შევხვდეთ იმას, რაც წინ გველოდება. განვიხილოთ სამი მაგალითი, რაც იეჰოვასადმი ნდობას განგვიმტკიცებს.
ხსნა წარღვნის დროს
4. რატომ იყო დროის ფაქტორი მნიშვნელოვანი წარღვნასთან დაკავშირებით?
4 თავდაპირველად განვიხილოთ ნოეს დროინდელი წარღვნის შემთხვევა. იეჰოვას ნების განხორციელებაში დროის ფაქტორს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა — წარღვნამდე უნდა აგებულიყო უზარმაზარი კიდობანი და ცხოველები შეეყვანათ იქ. წიგნ „დაბადებიდან“ ვიგებთ, რომ იეჰოვას კიდობნის აგების შემდეგ არ გადაუწყვეტია, როდის მომხდარიყო წარღვნა, რადგან ღმერთს არ სჭირდებოდა, შეეცვალა წარღვნის დაწყების დრო იმის მიხედვით, დასრულდებოდა თუ არა კიდობნის აგება დროულად. სინამდვილეში, იეჰოვას წარღვნის დაწყების დრო დიდი ხნით ადრე ჰქონდა გადაწყვეტილი მანამ, სანამ ნოეს კიდობნის აგებას დაავალებდა. საიდან ვიცით ეს?
5. რა განაცხადა იეჰოვამ დაბადების 6:3-ის თანახმად და როდის?
5 ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ იეჰოვამ ეს განაცხადი ზეცაში გააკეთა. დაბადების 6:3-ში იეჰოვა ამბობს: „მუდამ არ მოუთმენს ჩემი სული ადამიანს, რადგან მხოლოდ ხორცია ის. ამიტომ მისი დღეები ითვლიდეს ას ოც წელიწადს“. ეს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას არ ეხებოდა. ამაში იგულისხმებოდა, თუ როდის გაანადგურებდა იეჰოვა ბოროტებს დედამიწაზე.a რადგან წარღვნა ძვ. წ. 2370 წელს მოხდა, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს განაცხადი მან ძვ. წ. 2490 წელს გააკეთა. მაშინ ნოე 480 წლის იყო (დაბ. 7:6). დაახლოებით 20 წლის შემდეგ ძვ. წ. 2470 წელს ნოეს შეეძინა ვაჟები (დაბ. 5:32). წარღვნამდე 100 წლამდე იყო დარჩენილი, მაგრამ იეჰოვას ნოესთვის არ უთქვამს, თუ რა განსაკუთრებული დავალება უნდა შეესრულებინა კაცობრიობის გადასარჩენად. როდის ეტყოდა ღმერთი ნოეს ამის შესახებ?
6. როდის დაავალა იეჰოვამ ნოეს კიდობნის აგება?
6 იეჰოვა ათწლეულები იცდიდა, სანამ ნოეს ეტყოდა, თუ რის გაკეთებას აპირებდა. რის საფუძველზე შეგვიძლია ამის თქმა? წმინდა წერილებში ვკითხულობთ, რომ როცა იეჰოვამ ნოეს კიდობნის აგება დაავალა, მისი შვილები უკვე დაქორწინებული იყვნენ. იეჰოვამ უთხრა მას: „შეთანხმებას გიდებ. შედი კიდობანში შენს ვაჟებთან, შენს ცოლთან და შენი ვაჟების ცოლებთან ერთად“ (დაბ. 6:9—18). შესაძლოა, სანამ ღმერთი ნოეს კიდობნის აგებას დაავალებდა, წარღვნამდე დაახლოებით 40-50 წელი იყო დარჩენილი.
7. ა) როგორ გამოავლინეს ნოემ და მისმა ოჯახმა რწმენა? ბ) როდის უთხრა ღმერთმა ნოეს წარღვნის დაწყების ზუსტი დრო?
7 კიდობნის აგების დროს ნოე და მისი ოჯახის წევრები, შესაძლოა, ფიქრობდნენ, როგორ განახორციელებდა იეჰოვა თავის განზრახვას და როდის დაიწყებოდა წარღვნა. მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდნენ ეს დეტალები, მათ არ შეუწყვეტიათ კიდობნის აგება. ბიბლია გვამცნობს: „ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც ღმერთმა უბრძანა. სწორედ ისე გააკეთა“ (დაბ. 6:22). წარღვნამდე 7 დღით ადრე იეჰოვამ უთხრა ნოეს წარღვნის დაწყების ზუსტი დრო. ეს 7 დღე სავსებით საკმარისი იყო, რომ ნოეს და მის ოჯახს ცხოველები შეეყვანათ კიდობანში. ასე რომ, როდესაც ცის კარიბჭეები გაიხსნა, ანუ „ნოეს სიცოცხლის მეექვსასე წლის მეორე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს“ ყველაფერი მზად იყო (დაბ. 7:1—5, 11).
8. როგორ გვარწმუნებს წარღვნის შესახებ ცნობა, რომ იეჰოვამ იცის, როდის იხსნას თავისი ხალხი?
8 წარღვნის შემთხვევიდან იმასაც ვიგებთ, რომ იეჰოვა არა მარტო დროის გამგებელი, არამედ მხსნელიცაა. ამ ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულისას შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვას ყველა განზრახვა მის მიერ დანიშნულ „დღესა და საათზე“ შესრულდება (მათ. 24:36; წაიკითხეთ აბაკუმის 2:3 ).
ხსნა წითელ ზღვასთან
9, 10. როგორ გამოიყენა იეჰოვამ თავისი ხალხი ეგვიპტელთა ჯარის მახეში გასაბმელად?
9 როგორც დავინახეთ, იეჰოვა სრულად აკონტროლებს მოვლენებს თავისი განზარხვის შესასრულებლად. მეორე მაგალითიდან დავინახავთ კიდევ ერთ მიზეზს, თუ რატომ შეგვიძლია ვენდოთ იეჰოვას, რომ მას შეუძლია თავისი ხალხის ხსნა; ღმერთი უსაზღვრო ძალას გამოიყენებს თავისი ნების შესასრულებლად. უეჭველია, იეჰოვას ყოველთვის შეუძლია თავისი მსახურების ხსნა, მაგრამ ხანდახან ის მათ მტრების მახეში გასაბმელად იყენებს. ასე მოხდა მაშინ, როცა ღმერთმა ისრაელები ეგვიპტის მონობიდან დაიხსნა.
10 ეგვიპტე, შესაძლოა, 3 მილიონამდე ისრაელმა დატოვა. მოსეს წინამძღოლობით იეჰოვამ ისეთი მიმართულებით წაიყვანა ხალხი, რომ ფარაონს ეგონა, მათ გზა აებნათო (წაიკითხეთ გამოსვლის 14:1—4). ფარაონი წამოეგო სატყუარას. ის დაედევნა ისრაელებს და წითელ ზღვასთან მოიმწყვდია. ხსნა არსაიდან ჩანდა (გამ. 14:5—10). მაგრამ ისრაელებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდათ, რადგან იეჰოვა მათ სასარგებლოდ მოქმედებდა.
11, 12. ა) როგორ იმოქმედა იეჰოვამ ისრაელი ხალხის სასარგებლოდ? ბ) რა მოჰყვა შედეგად ღვთის ჩარევას და რას ვსწავლობთ იეჰოვას შესახებ აქედან?
11 „ღრუბლის სვეტმა“, რომელიც ისრაელს მიუძღოდა, უკან გადაინაცვლა, ფარაონის ჯარი სიბნელეში მოაქცია და ისრაელებთან მიახლოების საშუალება არ მისცა. ღვთის ხალხს კი „ღრუბლის სვეტი“ ღამეს უნათებდა (წაიკითხეთ გამოსვლის 14:19, 20). შემდეგ იეჰოვამ აღმოსავლეთის ძლიერი ქარით გაყო ზღვა და „დევნიდა წყალს და ზღვის ფსკერს აშრობდა“. უეჭველია, ამას დიდი დრო დასჭირდებოდა. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ქარი მთელი ღამე ქროდა. ამის შემდეგ „გაიარეს ისრაელის ძეებმა შუა ზღვაში ხმელეთზე“. ფარაონის საომარ ეტლებთან შედარებით ისრაელები ნელა მიიწევდნენ წინ. ეგვიპტელები ვერ ეწეოდნენ მათ, ვინაიდან იეჰოვა იბრძოდა მათთვის. ღმერთმა ფარაონის ჯარს „თავგზა აუბნია. აძრობდა ბორბლებს მათ ეტლებს და უჭირდათ დევნა“ (გამ. 14:21—25).
12 როგორც კი ისრაელები სამშვიდობოს გავიდნენ, იეჰოვამ უთხრა მოსეს: „გაიწოდე ხელი ზღვისკენ, რათა თავზე დაემხოთ წყალი ეგვიპტელებს, მათ საომარ ეტლებსა და მხედრებს“. როცა ფარაონის ჯარისკაცები წყლისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ, „იეჰოვამ ისინი შუა ზღვაში ჩაყარა“. ეგვიპტელები ვერსად გაიქცეოდნენ. „არც ერთი მათგანი არ გადარჩენილა“ (გამ. 14:26—28). ამით იეჰოვამ ცხადყო, რომ მას აქვს ძალა, ნებისმიერ ვითარებაში იხსნას თავისი ხალხი.
ხსნა იერუსალიმის განადგურებისას
13. რა მითითებები მისცა იესომ თავის მიმდევრებს და რა კითხვაზე პასუხი აინტერესებდათ მათ?
13 იეჰოვამ ზუსტად იცის, როგორ განავითაროს მოვლენები მისი განზრახვის განსახორციელებლად. ამას მესამე მაგალითიდან დავინახავთ. პირველ საუკუნეში იერუსალიმს ალყა შემოარტყეს. სანამ იერუსალიმი ახ. წ. 70 წელს განადგურდებოდა, იეჰოვამ თავისი ძის მეშვეობით იერუსალიმში და იუდეაში მცხოვრებ ქრისტიანებს მისცა მითითებები, თუ როგორ გადარჩენილიყვნენ. იესომ უთხრა მათ: „როცა დაინახავთ, რომ დანიელ წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი გამაპარტახებელი სისაძაგლე წმინდა ადგილზე დგას . . . მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიქცნენ“ (მათ. 24:15, 16). მაგრამ როგორ უნდა მიმხვდარიყვნენ იესოს მიმდევრები, როდის შესრულდებოდა ეს წინასწარმეტყველება?
14. როგორ მოეფინა ნათელი იესოს მითითებებს მოვლენების განვითარებით?
14 მოვლენების განვითარებამ ნათელი მოჰფინა იესოს სიტყვებს. ახ. წ. 66 წელს იუდეველთა აჯანყების ჩასახშობად რომაელთა ჯარი ცესტიუს გალუსის მეთაურობით იერუსალიმის გარშემო დაბანაკდა. ზელოტების სახელით ცნობილმა იუდეველმა მეამბოხეებმა ტაძარს შეაფარეს თავი. რომაელმა ჯარისკაცებმა კი ტაძრის კედლის ძირის თხრა დაიწყეს. იმ ქრისტიანებისთვის, რომლებიც ფხიზლობდნენ, ყველაფერი ცხადი იყო. რომის ჯარი თავისი კერპთაყვანისმცემლური დროშებით („სისაძაგლე“) ტაძრის კედელს („წმინდა ადგილი“) მიადგა. იესოს მიმდევრებისთვის ეს იყო ნიშანი, რომ „მთებში გაქცეულიყვნენ“. მაგრამ როგორ გაიქცეოდნენ ალყაშემორტყმული ქალაქიდან? ვითარება მოულოდნელად უნდა შეცვლილიყო.
15, 16. ა) რა კონკრეტული მითითება მისცა იესომ თავის მიმდევრებს და რატომ იყო მორჩილება მნიშვნელოვანი? ბ) რაზე იქნება ჩვენი ხსნა დამოკიდებული?
15 გაურკვეველი მიზეზის გამო ცესტიუს გალუსს ჯარი იერუსალიმიდან გაჰყავს და მოულოდნელად უკან იხევს. ზელოტები მათ მისდევენ. ეს იესოს მიმდევრებს გაქცევის შესაძლებლობას აძლევს. იესოს კონკრეტული მითითება ჰქონდა მიცემული მათთვის, რომ ყველაფერი დაეტოვებინათ და დაუყოვნებლივ გასულიყვნენ ქალაქიდან (წაიკითხეთ მათეს 24:17, 18). რატომ უნდა ეღოთ ყურად ეს მითითება? პასუხი მოკლე ხანში ხდება ნათელი. მალე ზელოტები ბრუნდებიან და იერუსალიმის და იუდეის მოსახლეობას აიძულებენ, აჯანყებაში შეუერთდნენ მათ. ქალაქში ვითარება იძაბება, რადგან იუდეველთა დაჯგუფებები ერთმანეთს უპირისპირდებიან. ქალაქის დატოვება უფრო რთულდება. როდესაც ახ. წ. 70 წელს რომაელები იერუსალიმში კვლავ ბრუნდებიან, გაქცევა საერთოდ შეუძლებელი ხდება (ლუკ. 19:43). ყველა, ვინც მაშინვე არ დატოვა ქალაქი, მახეში გაება. იესოს მითითების მიყოლამ, რომ მთებში გაქცეულიყვნენ, ქრისტიანებს სიცოცხლე შეუნარჩუნა. ისინი პირადად დარწმუნდნენ იმაში, რომ იეჰოვამ იცის, როგორ იხსნას თავისი ხალხი. რას ვსწავლობთ ამ შემთხვევიდან?
16 დიდი გასაჭირის დროს ქრისტიანები უნდა მიჰყვნენ იმ მითითებებს, რომლებიც ღვთის სიტყვაშია მოცემული და რომლებსაც მისი ორგანიზაცია გვაძლევს. მაგალითად, იესოს მითითებას „მთებში გაქცევასთან“ დაკავშირებით ჩვენც მივიღებთ. თუმცა ჯერ არ ვიცით, რა იგულისხმება ამ სიტყვებში.b მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ საჭირო დროს იეჰოვა ნათელს მოჰფენს იმ მითითებებს, რომელსაც უნდა მივყვეთ. რადგან ჩვენი ხსნა მორჩილებაზეა დამოკიდებული, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: „როგორ ვეხმაურები იმ მითითებებს, რომლებსაც იეჰოვა დღეს თავის ხალხს აძლევს? მივყვები მაშინვე ღვთის მითითებებს, თუ მიჭირს მორჩილება?“ (იაკ. 3:17).
მომავლის იმედით გაძლიერებულნი
17. რას ვიგებთ აბაკუმის წინასწარმეტყველებიდან ღვთის ხალხზე თავდასხმის შესახებ?
17 როგორც სტატიის დასაწყისში მოვიხსენიეთ, გოგი მთელი ძალით გაილაშქრებს ღვთის ხალხის წინააღმდეგ. წინასწარმეტყველმა აბაკუმმა თქვა: „გავიგონე და შემეძრა შიგნეული, ამის გაგონებაზე ბაგე ამითრთოლდა, ლპობა შეეპარა ჩემს ძვლებს; თუმცა შევშფოთდი, მაინც მშვიდად დაველოდები გასაჭირის დღეს, როცა ის [ღმერთი] მოვა ხალხზე [შიშის მომგვრელ ჯარებზე] თავდასასხმელად“ (აბაკ. 3:16). ამ სიტყვების შემდეგ წინასწარმეტყველს შიგნეული შეეძრა, ბაგე აუთრთოლდა და ძალები გამოეცალა. აბაკუმის რეაქციიდან ვიგებთ, რომ როდესაც გოგის მომხრეები ჩვენ წინააღმდეგ წამოვლენ, ჩვენც შეიძლება დაგვეუფლოს ასეთივე გრძნობები. მიუხედავად ამისა, აბაკუმი მოთმინებით ელოდებოდა იეჰოვას დიდ დღეს და დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი იხსნიდა თავის ხალხს. ჩვენც მსგავსი ნდობა უნდა გამოვავლინოთ (აბაკ. 3:18, 19).
18. ა) რატომ არ უნდა შეგვეშინდეს, როცა ჩვენი მტრები თავს დაგვესხმიან? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
18 ზემოთ განხილული სამივე შემთხვევა გვარწმუნებს, რომ იეჰოვამ იცის, როგორ იხსნას თავისი ხალხი. ღვთის განზრახვა აუცილებლად განხორციელდება. გამარჯვება გარდაუვალია. თუ გვინდა, რომ ეს დიდი სიხარული გავიზიაროთ, ბოლომდე ერთგული უნდა დავრჩეთ. როგორ გვეხმარება იეჰოვა დღეს ერთგულების შენარჩუნებაში? ამაზე შემდეგ სტატიაში ვისაუბრებთ.
[სქოლიოები]
[სურათი 24 გვერდზე]
ემუქრებოდათ ისრაელებს ფარაონის ჯარისგან საფრთხე?