მეფეები — წიგნი მეორე
12 იეჰუს+ მეფობის მე-7 წელს გამეფდა იეჰოაში+ და 40 წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი ბეერ-შებელი ციბია იყო.+ 2 სწორად იქცეოდა იეჰოაში იეჰოვას თვალში, სანამ მღვდელი იეჰოიადა არიგებდა, 3 ოღონდ სათაყვანო მაღლობები+ არ იყო გაუქმებული. ხალხი კვლავაც მაღლობებზე წვავდა და აბოლებდა შესაწირავს.
4 უთხრა იეჰოაშმა მღვდლებს: „აიღეთ იეჰოვას ტაძარში წმინდა შესაწირავად მიტანილი ფული+ — იქნება ეს ყველასთვის დადგენილი გადასახადი,+ თითოეულ სულზე დაწესებული თანხა თუ ის ფული, რომლის გაღებასაც იეჰოვას ტაძრისთვის თითოეული გულით მოისურვებს.+ 5 გამოართვან ის მღვდლებმა შემწირველებს და შეაკეთონ ტაძარში ყველაფერი, რაც შესაკეთებელი იქნება“.+
6 იეჰოაშის მეფობის 23-ე წლისთვის მღვდლებს ჯერ კიდევ არაფერი შეეკეთებინათ ტაძარში.+ 7 მოუხმო მეფე იეჰოაშმა მღვდელ იეჰოიადასა+ და სხვა მღვდლებს, და ჰკითხა მათ: „რატომ არ შეაკეთეთ ტაძარი? აღარ გამოართვათ ფული შემწირველებს, თუ მას ტაძრის შესაკეთებლად არ გამოიყენებთ“.+ 8 მაშინ მღვდლებმა თქვეს, რომ აღარ გამოართმევდნენ ფულს ხალხს და ტაძრის შეკეთების საქმესაც შეეშვებოდნენ.
9 აიღო მღვდელმა იეჰოიადამ ყუთი,+ თავსახური გაუხვრიტა და სამსხვერპლოს გვერდით დადგა, იეჰოვას ტაძარში შემსვლელთაგან მარჯვნივ. კარის მცველებად მომსახურე მღვდლები იქ ყრიდნენ იეჰოვას ტაძარში მიტანილ მთელ ფულს.+ 10 როცა ისინი დაინახავდნენ, რომ ყუთი გაივსო, მეფის მწერალი და მღვდელმთავარი მივიდოდნენ და იეჰოვას ტაძარში მიტანილ ფულს ტომრებში ყრიდნენ და თვლიდნენ.+ 11 დათვლილ ფულს იეჰოვას ტაძრის სამუშაოთა ზედამხედველებს აძლევდნენ, ისინი კი — იეჰოვას ტაძარში მომუშავე დურგლებსა და მშენებლებს,+ 12 აგრეთვე კალატოზებსა და ქვის მჭრელებს. ყიდულობდნენ ხის მასალასა და თლილ ქვებს, რათა შეეკეთებინათ ყველაფერი, რაც შესაკეთებელი იყო იეჰოვას ტაძარში; ყველა ხარჯი ამ თანხით იფარებოდა.
13 იეჰოვას ტაძარში მიტანილი ფულით იეჰოვას ტაძრისთვის არ გაკეთებულა ვერცხლის ქვაბები, პატრუქის საქრობები, ჯამები, საყვირები+ თუ ოქრო-ვერცხლის სხვა ნივთები.+ 14 ფულს სამუშაოთა ზედამხედველებს აძლევდნენ, რითაც მათ იეჰოვას ტაძარი შეაკეთეს. 15 ანგარიში არ მოუთხოვიათ სამუშაოთა ზედამხედველებისთვის, რომლებიც ფულს აძლევდნენ სამუშაოთა შემსრულებლებს, რადგან სანდო ხალხი იყვნენ ისინი.+ 16 დანაშაულის შესაწირავისა+ და ცოდვის შესაწირავისთვის გაღებული ფული არ ხმარდებოდა იეჰოვას ტაძრის შეკეთებას; ის მღვდლებს ეკუთვნოდათ.+
17 გაილაშქრა სირიის მეფე ხაზაელმა+ გათზე+ და დაიპყრო, შემდეგ კი იერუსალიმისკენ აიღო გეზი.+ 18 აიღო იუდას მეფე იეჰოაშმა მთელი წმინდა შესაწირავი, რაც მის მამა-პაპას, იუდას მეფეებს — იეჰოშაფატს, იეჰორამსა და ახაზიას — განეწმინდათ, აგრეთვე თავისი წმინდა შესაწირავი, მთელი ოქრო, რაც იეჰოვას ტაძრის საგანძურსა და მეფის სასახლის საგანძურში იყო, და სირიის მეფე ხაზაელს გაუგზავნა;+ ისიც გაეცალა იერუსალიმს.
19 იეჰოაშის დანარჩენი საქმეები, ის ყოველივე, რაც მან გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 20 შეითქვნენ მისი მსახურები მეფის წინააღმდეგ+ და მოკლეს იეჰოაში მილოზე*+ აგებულ სახლში, სილისკენ მიმავალ გზაზე. 21 თავისმა მსახურებმა მოკლეს იგი, შიმათის ვაჟმა იოზაქარმა და შომერის ვაჟმა იეჰოზაბადმა.+ დამარხეს იგი თავისი მამა-პაპის გვერდით დავითის ქალაქში. მის შემდეგ მისი ვაჟი ამაცია გამეფდა.+