თუ ვინმე გაიძულებს ერთ კილომეტრზე გაყოლას . . .
„ეი შენ, ახლავე მიატოვე, რასაც აკეთებ, მოდი აქ და ეს ტომარა მოიკიდე!“ თქვენი აზრით, რა რეაქცია ექნებოდა პირველ საუკუნეში მცხოვრებ ებრაელს, თუ რომაელი ჯარისკაცი ასეთი სიტყვებით მიმართავდა? მთაზე ქადაგებისას იესომ თავის მიმდევრებს ურჩია: „თუ ვინმე, ძალაუფლების მქონე, ერთ კილომეტრზე გაყოლას გაიძულებს, ორზე გაჰყევი“ (მათე 5:41). როგორ ესმოდათ ეს რჩევა იესოს მსმენელებს? რას ნიშნავს ის დღეს ჩვენთვის?
ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად საჭიროა გავიგოთ, რას ნიშნავდა ძველ დროში შრომითი ბეგარა. საბეგრო სისტემა კარგად იყო ნაცნობი იესოს დღეებში მცხოვრები ებრაელებისთვის.
შრომითი ბეგარა
საბეგრო სისტემა ახლო აღმოსავლეთში ჯერ კიდევ ძვ. წ. XVIII საუკუნიდან არსებობდა. ძველი სირიის ქალაქ ალალახის ოფიციალურ დოკუმენტებში მოხსენიებულია ადამიანთა ის ჯგუფები, რომლებსაც მთავრობა თავის სასარგებლოდ ამუშავებდა. სირიაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ უგარიტში, მიწათმოქმედები, რომლებსაც იჯარით ჰქონდათ მიწები აღებული, თუ მეფისგან ხელშეუხებლობის გარანტიას არ მიიღებდნენ, იგივე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
ცხადია, ტყვეობაში მყოფ ხალხს ხშირად უწევდა იძულებითი შრომა. ეგვიპტელებმა ისრაელები მონებად აქციეს და მათ აგურების კეთებას აიძულებდნენ. მოგვიანებით, ისრაელები აღთქმულ მიწაზე მცხოვრებ ქანაანელებს მონებივით ამუშავებდნენ. ასე გრძელდებოდა დავითისა და სოლომონის მმართველობის დროსაც (გამოსვლა 1:13, 14; 2 მეფეთა 12:31, აქ; 3 მეფეთა 9:20, 21).
როდესაც ისრაელებმა მეფე მოითხოვეს, სამუელმა აუხსნა მათ, თუ რა შედიოდა მეფის კანონიერ უფლებებში. კერძოდ, ის თავის ქვეშევრდომებს მეეტლეებად, მხედრებად, მინდვრის მხვნელებად, სამკალის მომკელებად და საბრძოლო საჭურვლის მკეთებლებად წაიყვანდა (1 მეფეთა 8:4—17). მაგრამ იეჰოვას ტაძრის მშენებლობის დროს მძიმე სამუშაოს შესრულება უცხოტომელებს ეკისრებოდათ, მაშინ როდესაც „ისრაელის ძეთაგან არავისთვის დაუდვია მას [სოლომონს] ბეგარა, რადგან მეომრებად ჰყავდა ისინი, თავის მსახურებად, მეთაურებად და სარდლებად, თავისი ეტლებისა და მხედრობის მეთაურებად“ (3 მეფეთა 9:22).
ისრაელების შესახებ, რომლებიც სამშენებლო საქმეებში მონაწილეობდნენ, 3 მეფეთას 5:13, 14-ში ნათქვამია: „დაადო ბეგარა სოლომონმა მთელს ისრაელს: ოცდაათი ათასი კაცი გაჰყავდა ბეგარაზე. და გზავნიდა მათ ლიბანში — თვეში ათი ათასს კაცს, მორიგეობით. ერთ თვეს ლიბანში იყვნენ, ორ თვეს თავ-თავის სახლებში“. ერთი სწავლული აღნიშნავს: „უეჭველია, რომ ისრაელისა და იუდას მეფეები სამშენებლო საქმეების შესასრულებლად და მათ საკუთრებაში არსებული მიწების დასამუშავებლად ხალხს ანაზღაურების გარეშე ამუშავებდნენ“.
სოლომონის მმართველობისას ხალხს უღელი დაუმძიმდა. ის იმდენად მძიმე იყო, რომ, როდესაც რობოამი (რეხებყამი) ისრაელებს დაემუქრა, ტვირთს კიდევ უფრო დაუმძიმებდა, ხალხი აუჯანყდა მეფეს და ქვებით ჩაქოლეს მის მიერ დანიშნული ზედამხედველი (3 მეფეთა 12:12—18). მიუხედავად ამისა, საბეგრო სისტემა არ გაუქმებულა. ასამ, რობოამის შვილიშვილმა, გებასა (გებაყი) და მიცფას ასაშენებლად იუდას ყველა მცხოვრებს „უკლებლივ“ მოუხმო (3 მეფეთა 15:22).
რომაელთა ბატონობის ქვეშ
მთაზე ქადაგებიდან ჩანს, რომ პირველ საუკუნეში მცხოვრები იუდეველებისთვის კარგად იყო ცნობილი, თუ რას ნიშნავდა ფრაზა ‘თუ ვინმე გაიძულებს’. „იძულებად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა „აგარევო“ თავდაპირველად გამოიყენებოდა სპარსელი მაცნეების საქმიანობასთან დაკავშირებით. საზოგადოებრივი საქმის დასაჩქარებლად მათ უფლება ჰქონდათ, იძულებით ემუშავებინათ ადამიანები და გამოეყენებინათ ცხენები, გემები ან ნებისმიერი სხვა რამ.
იესოს დღეებში ისრაელი რომაელების მიერ იყო დაპყრობილი, რომლებსაც მმართველობის მსგავსი სისტემა ჰქონდათ. აღმოსავლეთის პროვინციებში დაწესებული გადასახადების გარდა, მოსახლეობას შრომითი ბეგარა მუდმივად ან განსაკუთრებულ სიტუაციებში ეკისრებოდა. ასეთი სისტემა მოსახლეობისთვის მიუღებელი იყო. გარდა ამისა, ჩვეულებრივად ითვლებოდა ცხოველების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის საჭირო საზიდავების მიტაცება და მათ სამართავად ადამიანების იძულებით წაყვანა. როგორც ისტორიკოსი მიხეილ როსტოვცევი ამბობს, სახელმწიფო მოხელეები „ცდილობდნენ, მოეწესრიგებინათ [საბეგრო სისტემა], მაგრამ მათი მცდელობა უშედეგო იყო. ბრძანებას ბრძანება მოსდევდა; პრეფექტები გულწრფელად ცდილობდნენ, ბოლო მოჰღებოდა ამ ძალადობრივ სისტემას . . . მაგრამ ეს სისტემა კვლავაც უსამართლო რჩებოდა“.
„რომაელ დამპყრობლებს შეეძლოთ ნებისმიერი ადამიანი აეძულებინათ, გარკვეულ მანძილზე წაეღო სამხედრო აღჭურვილობა, — ამბობს ბერძენი სწავლული, — და ნებისმიერისთვის დაევალებინათ იმ საქმის გაკეთება, რასაც თავად მოისურვებდნენ“. ზუსტად ეს მოხდა კირენელი სიმონის შემთხვევაში, რომელიც რომაელმა მეომრებმა „აიძულეს“, იესოს წამების ბოძი ეტარებინა (მათე 27:32).
ამ მიუღებელი სისტემის შესახებ რაბინულ ტექსტებშიც არის მოხსენიებული. მაგალითად, ერთი რაბინი აიძულეს, მირტის ხეები მიეტანა სასახლეში. ამასთანავე, შეეძლოთ დაქირავებული მუშები იმ დროს წაეყვანათ და სხვა საქმე დაევალებინათ, როდესაც დამქირავებელი მათ ფულს უხდიდა. ასევე ხდებოდა მუშა პირუტყვის ან ხარების იძულებით წართმევა. თუ ცხოველებს ოდესმე დააბრუნებდნენ, ისინი იმდენად საცოდავ მდგომარეობაში იყვნენ, რომ თითქმის აღარაფრისთვის ვარგოდნენ. ალბათ, ახლა უკეთ გესმით, თუ რატომ აიგივებდა ხალხი იძულებით შრომას მიტაცებასთან. ერთი ებრაული ანდაზის თანახმად, «„აგარია“ სიკვდილის ტოლფასია». ერთი ისტორიკოსი ამბობს: „სოფელი შეიძლებოდა დაქცევის პირამდე მისულიყო, თუ კანონით ნებადართული გამწევი ცხოველების ნაცვლად, მოსახლეობას ართმევდნენ ხარებს, რომლებსაც მიწის სახნავად იყენებდნენ“.
ძნელი წარმოსადგენი არ არის, რომ ხალხში ეს სისტემა უკმაყოფილებას იწვევდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ ქედმაღლურად უყურებდნენ და უსამართლოდ ეპყრობოდნენ. ებრაელები, რომლებსაც ისედაც მოძულებულები ჰყავდათ მათზე გაბატონებული უცხოტომელები, უფრო მეტად ეწინააღმდეგებოდნენ ასეთ დამამცირებელ, იძულებით შრომას. არ არსებობს ოფიციალური ცნობები იმის შესახებ, თუ რა მანძილზე უნდა წაეღო ადამიანს ტვირთი. სავარაუდოა, რომ ბევრი ერთი ნაბიჯით მეტსაც კი არ გადადგამდა, თუ კანონით არ მოითხოვებოდა.
სწორედ ასეთი სისტემა ჰქონდა იესოს მხედველობაში, როდესაც თქვა: „თუ ვინმე, ძალაუფლების მქონე, ერთ კილომეტრზე გაყოლას გაიძულებს, ორზე გაჰყევი“ (მათე 5:41). ზოგს იესოს ნათქვამი შეიძლება არაგონივრულად მიეჩნია. რას გულისხმობდა სინამდვილეში იესო?
როგორ უნდა მოიქცნენ ქრისტიანები?
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იესო თავის მსმენელებს ეუბნებოდა, რომ, თუ უფლებამოსილი პირი მათ კანონით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებას მოსთხოვდა, ეს ხალისით, უკმაყოფილების გარეშე უნდა გაეკეთებინათ. ამგვარად ისინი ‘კეისრისას კეისარს მისცემდნენ და ღვთისას კი — ღმერთს’ (მარკოზი 12:17)a.
პავლე მოციქულმა მოუწოდა ქრისტიანებს: „ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელისუფალთ, რადგან არ არსებობს ხელისუფლება, ღვთისგან რომ არ იყოს. არსებულ ხელისუფალთ ღვთის მიერ დადგენილი სხვადასხვა მდგომარეობა უკავიათ. ამიტომ, ვინც ხელისუფლებას ეწინააღმდეგება, ღვთის მიერ დადგენილი წესრიგის წინააღმდეგია . . . თუ ბოროტებას სჩადიხარ, გეშინოდეს, რადგან ის ტყუილუბრალოდ არ ატარებს მახვილს“ (რომაელები 13:1—4).
ამგვარად იესომ და პავლემ აღიარეს მეფის ანუ მთავრობის უფლებები, აღასრულოს სასჯელი მათზე, ვინც მის მოთხოვნებს არ დაემორჩილება. რა სახის შეიძლება იყოს ეს სასჯელი? I—II საუკუნეებში მოღვაწე ბერძენი ფილოსოფოსი ეპიქტეტე გვპასუხობს: „თუ გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს ჯარისკაცს შენი სახედარი დასჭირდება, უარს ნუ ეტყვი. არ შეეწინააღმდეგო და არ იბუზღუნო, თორემ სახედარსაც დაკარგავ და პანღურიც არ აგცდება“.
დროდადრო — როგორც წარსულში, ასევე დღეს — ქრისტიანებს სინდისი არ აძლევს იმის უფლებას, დაემორჩილონ მთავრობის ყველა მოთხოვნას. ზოგჯერ ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება. ზოგ ქრისტიანს სიკვდილიც კი მიუსაჯეს. სხვები წლების მანძილზე ციხეში ისხდნენ ნეიტრალიტეტის დაცვის გამო (ესაია 2:4; იოანე 17:16; 18:36). მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ქრისტიანებს შეუძლიათ მათზე დაკისრებული მოთხოვნების შესრულება. მაგალითად, ზოგ ქრისტიანს ნებას რთავს სინდისი, სამხედრო სავალდებულო სამსახურის ნაცვლად შეასრულოს ალტერნატიული სამუშაო, რაშიც შედის საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმე. ეს შეიძლება იყოს ხანდაზმულებსა და ინვალიდებზე ზრუნვა, მეხანძრედ მუშაობა, პლაჟების გაწმენდა, ტყეებისა და პარკების მოვლა და ბიბლიოთეკებში მუშაობა.
რასაკვირველია, ყველა ქვეყანაში განსხვავებული სიტუაციაა. ამიტომ, თითოეულმა ქრისტიანმა ბიბლიით განსწავლული სინდისით უნდა განსაზღვროს, დაემორჩილოს თუ არა მთავრობის მოთხოვნებს.
‘ორ კილომეტრზე გაჰყევი’
იესოს მიერ მოცემული ეს პრინციპი არა მარტო მთავრობის კანონიერი მოთხოვნების შესრულებისას უნდა გამოვიყენოთ, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. მაგალითად, შეიძლება რომელიმე უფლებამოსილმა პირმა ისეთი საქმის შესრულება დაგავალოთ, რომელიც არ ეწინააღმდეგება ღვთის კანონს, მაგრამ არ გეხალისებათ მისი გაკეთება. როგორ მოიქცევით? შესაძლოა ეს მოთხოვნა არაგონივრულად მიგაჩნიათ, რადგან მისი შესრულება დროსა და ენერგიას მოითხოვს. ამან შეიძლება გაგაღიზიანოთ და თქვენ შორის უთანხმოება გამოიწვიოს. მეორე მხრივ, თუ ამ საქმეს წუწუნით გააკეთებთ, შინაგან სიმშვიდეს დაკარგავთ. რა გამოსავალი არსებობს? გაითვალისწინეთ იესოს რჩევა: ‘ორ კილომეტრზე გაჰყევი’. იმაზე მეტი გააკეთეთ, ვიდრე გთხოვენ, თანაც ხალისით. თუ ასეთ თვალსაზრისს განივითარებთ, აღარ დაგეუფლებათ ისეთი გრძნობა, თითქოს ვიღაცა გიყენებთ. ამასთანავე, კვლავაც საკუთარი თავის ბატონ-პატრონი იქნებით.
„ბევრი მთელი ცხოვრება მხოლოდ იმას აკეთებს, რასაც აიძულებენ, — შენიშნავს ერთი მწერალი. — მათთვის ცხოვრება მომაბეზრებელი ხდება და ყოველთვის ქანცგამოლეულები არიან. სხვები კი ხალისით აკეთებენ იმაზე მეტს, ვიდრე სთხოვენ“. ხშირ შემთხვევაში ადამიანი თავად წყვეტს, ერთ კილომეტრზე წავიდეს, თუ — ორზე. პირველ შემთხვევაში ადამიანი თავის უფლებებს იცავს, მეორე შემთხვევაში კი სიხარულსა და კურთხევებს იღებს. თქვენ რომელი კატეგორიის ადამიანს მიეკუთვნებით? თუ დაკისრებულ საქმეს ვალდებულების გამო კი არ შეასრულებთ, არამედ იმიტომ, რომ გულით გინდათ მისი გაკეთება, უფრო მეტ სიხარულს იგძნობთ და თქვენ მიერ შესრულებული სამუშაო უფრო ნაყოფიერი იქნება.
რისი თქმა შეიძლება, თუ თავად ხართ უფლებამოსილი პირი? ცხადია, თუ სხვებს აიძულებთ, დაგემორჩილონ, ეს არც სიყვარულის გამოვლენა იქნება და არც ქრისტიანისთვის შესაფერისი საქციელი. იესომ თქვა: „ხალხთა მმართველნი ბატონობენ მათზე და დიდებულთა ძალაუფლებაში არიან ისინი“. მაგრამ ქრისტიანები ასე არ იქცევიან (მათე 20:25, 26). შეიძლება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებამ შედეგი მოიტანოს. მაგრამ რამდენად უკეთესი იქნება, თუ ვინმეს თავაზიანად დავავალებთ რამეს და ისიც ხალისითა და პატივისცემით შეასრულებს მას! დიახ, თუ ერთი კილომეტრის ნაცვლად ორზე წახვალთ და ამას ხალისით გააკეთებთ, ეს ნამდვილად გაამდიდრებს თქვენს ცხოვრებას.
[სქოლიოები]
a უფრო უკეთ რომ გაიგოთ, რას ნიშნავს ქრისტიანებისთვის „კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს“, იხილეთ 1996 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 25—31.
[ჩარჩო 25 გვერდზე]
ძველ დროში ძალაუფლების ბოროტად გამოყენება
საბეგრო სისტემას ხშირად ბოროტად იყენებდნენ. ამას ადასტურებს ის, რომ უამრავ ბრძანებას გამოსცემდნენ ამ სისტემის მოსაწესრიგებლად. ძვ. წ. 118 წელს ეგვიპტის მმართველმა პტოლემე VIII ევერგეტმა ბრძანება გამოსცა, რომ სახელმწიფო მოხელეებს „არც მოსახლეობა უნდა აეძულებინათ, მათ სასარგებლოდ ემუშავათ, არც მათი მსხვილფეხა ცხოველები არ უნდა გამოეყენებინათ . . . არც გემებით უნდა ესარგებლათ, რა მიზეზიც უნდა ჰქონოდათ ამისთვის“. ახ. წ. 49 წლით დათარიღებულ წარწერებში რომაელმა პრეფექტმა ვერგილიუს კაპიტომ აღიარა, რომ ჯარისკაცები არაკანონიერად ითვისებდნენ ხალხის ქონებას. მან ასეთი კანონი გამოსცა: „არავის აქვს ამის გაკეთების უფლება ჩემი წერილობითი ნებართვის გარეშე“.
[სურათი 24 გვერდზე]
კირენელი სიმონი აიძულეს, იესოს წამების ბოძი ეტარებინა.
[სურათი 26 გვერდზე]
ბევრი ქრისტიანი ნეიტრალიტეტის დაცვის გამო ციხეში იჯდა.