მიჰბაძეთ მათ რწმენას
ის ფხიზლობდა და ელოდა
ელიას ზეციერ მამასთან განმარტოება უნდოდა. მაგრამ ირგვლივ მყოფი ხალხი სულ ახლახან გახდა ამ ჭეშმარიტი წინასწარმეტყველის ლოცვის შემდეგ ზეციდან ცეცხლის ჩამოვარდნის მოწმე, და მრავალ მათგანს მისი კეთილგანწყობის მოპოვება სურდა. ვიდრე ქარმელის მთის წვერზე ავიდოდა და იეჰოვას ლოცვით მიმართავდა, ელიას არასასიამოვნო დავალების შესრულება მოუწია. მას მეფე ახაბთან უნდა ელაპარაკა.
იშვიათად თუ მოიძებნებოდა ერთმანეთისგან ასე განსხვავებული ორი ადამიანი. მდიდრულ სამეფო ტანსაცმელში გამოწყობილი ახაბი იეჰოვასგან განმდგარი, ხარბი და სუსტი ხასიათის ადამიანი იყო. ელია კი, რომელიც წინასწარმეტყველის სამოსში (უხეში, ცხოველის ტყავისგან შეკერილი ან აქლემის თუ თხის ბეწვით ნაქსოვი) იყო გამოწყობილი, ძალიან გაბედული, პატიოსანი და დიდი რწმენის მქონე კაცი იყო. იმ დღეს, რომელიც იწურებოდა, ბევრი რამ გახდა ცნობილი ამ ორი მამაკაცის ბუნების შესახებa.
ახაბისა და ბაალის სხვა თაყვანისმცემლებისთვის ეს ცუდი დღე იყო. დამტკიცდა, რომ წარმართული რელიგია, რომელიც ახაბმა და მისმა ცოლმა, დედოფალმა იზებელმა, ისრაელის ათტომიან სამეფოში გაავრცელეს, ცრუ იყო. ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ბაალი გამოგონილი ღმერთი იყო. ამ უსიცოცხლო ღმერთმა თავის წინასწარმეტყველთა გახელებულ მუდარაზე, ცეკვასა და სხეულის დასერვაზე საპასუხოდ ცეცხლიც კი ვერ აანთო. ბაალმა თავისი 450 წინასწარმეტყველი ვერ დაიცვა სიკვდილისგან, რასაც იმსახურებდნენ. ბაალმა ვერც სხვა რამ შეძლო, რაც მალე დასრულდებოდა. სამ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ბაალის წინასწარმეტყველები თავიანთ ღმერთს სთხოვდნენ გვალვის შეწყვეტას, მაგრამ ბაალმა მათ ვერ უშველა. მალე თავად იეჰოვა ცხადყოფდა თავის აღმატებულობას იმით, რომ გვალვას დაასრულებდა (1 მეფეები 16:30—17:1; 18:1—40).
როდის იმოქმედებდა იეჰოვა? მანამდე როგორ მოიქცეოდა ელია? რის სწავლა შეგვიძლია ამ ერთგული კაცისგან? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად განვიხილოთ 1 მეფეების 18:41—46.
მუდამ მლოცველი
ელია ახაბთან მივიდა და უთხრა: „წადი, ჭამე და დალიე, რადგან წვიმის ხმაური ისმის“ (41-ე მუხლი). ისწავლა რამე ამ ბოროტმა მეფემ დღის განმავლობაში მომხდარი მოვლენებიდან? ბიბლიაში ამის შესახებ კონკრეტულად არაფერია ნათქვამი, მაგრამ არც ის ჩანს, რომ მან მოინანია, იეჰოვასთან დასაახლოებლად წინასწარმეტყველს დახმარება სთხოვა და ღვთისგან პატიებას ეძებდა. ახაბი, უბრალოდ, „წავიდა . . . ჭამა და დალია“ (42-ე მუხლი). რის თქმა შეიძლება ელიაზე?
„ელია კი ქარმელის მთის წვერზე ავიდა, მიწაზე დაჯდა და თავი მუხლებში ჩარგო“. როცა ახაბი მუცლის ამოსავსებად წავიდა, ელიას შესაძლებლობა მიეცა, მამისთვის ლოცვით მიემართა. ყურადღება მიაქციეთ, ელიას პოზას — მას თავმდაბლობის გამო თავი ისე ჰქონდა დახრილი, რომ სახით თითქმის მუხლებს ეხებოდა. რას აკეთებდა ელია? აქ არაფერია სავარაუდო. ბიბლია იაკობის 5:18-ში გვეუბნება, რომ ელია ლოცულობდა, გვალვა დასრულებულიყო. ეჭვგარეშეა, რომ ის ამ ლოცვას ქარმელის მთაზე წარმოთქვამდა.
ადრე იეჰოვამ ელიას უთხრა: „უნდა ვაწვიმო მიწას“ (1 მეფეები 18:1). ასე რომ, ელიამ ილოცა, შესრულებულიყო მამის სიტყვები; სწორედ ამის შესახებ ლოცვა ასწავლა იესომ თავის მიმდევრებს დაახლოებით ათასი წლის შემდეგ (მათე 6:9, 10).
ელიას მაგალითი ბევრ რამეს გვასწავლის ლოცვის შესახებ. ელიასთვის უმნიშვნელოვანესი მამის ნების შესრულება იყო. როდესაც ვლოცულობთ, კარგია, გვახსოვდეს: „რაც უნდა ვთხოვოთ მისი [ღვთის] ნებისამებრ, ის გვისმენს“ (1 იოანე 5:14). ამიტომ, ღვთისთვის მისაღები სახით რომ ვილოცოთ, საჭიროა ვიცოდეთ, რა არის მისი ნება; ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისათვის, რომ ბიბლიის შესწავლა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად ვაქციოთ. ცხადია, ელიას გვალვის დასრულება იმიტომაც სურდა, რომ მისი ხალხის ტანჯვა დასრულებულიყო. წინასწარმეტყველის გული მადლიერებით იქნებოდა სავსე იმ დღეს იეჰოვას მოხდენილი სასწაულის შემდეგ. ჩვენც უნდა ვილოცოთ სხვების კეთილდღეობაზე და ლოცვებში გულწრფელი მადლიერება გამოვხატოთ (2 კორინთელები 1:11; ფილიპელები 4:6).
დარწმუნებული და ფხიზელი
ელია დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვას ძალით გვალვა დასრულდებოდა, თუმცა არ იცოდა, როდის. რას აკეთებდა წვიმის მოლოდინში წინასწარმეტყველი? ყურადღება მიაქციეთ, რა არის ნათქვამი 43-ე მუხლში: «„წადი, ზღვისკენ გაიხედე“. ისიც წავიდა, გაიხედა და თქვა: „არაფერი მოჩანს“. მან შვიდჯერ უთხრა: „კიდევ წადი“». ელიას მაგალითიდან, სულ მცირე, ორ რამეს ვსწავლობთ: პირველი, წინასწარმეტყველი დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა შეასრულებდა დანაპირებს; მეორე, ის ფხიზლობდა, რაც მისაბაძი მაგალითია ჩვენთვის.
ელია იეჰოვას დანაპირების შესრულების რაღაც ნიშანს ელოდა; ამიტომ გაგზავნა თავისი მსახური, იქნებ ჰორიზონტზე წვიმის მომასწავებელი რაღაც ნიშანი დაენახა. მსახურმა წინასწარმეტყველს სასიამოვნო ვერაფერი უთხრა: „არაფერი მოჩანს“. ცა მოწმენდილი იყო — ღრუბლის ნასახიც კი არსად ჩანდა. შენიშნეთ რამე უჩვეულო? გაიხსენეთ, ელიამ ცოტა ხნის წინ მეფე ახაბს უთხრა: „წვიმის ხმაური ისმის“. როგორ შეეძლო წინასწარმეტყველს ამ სიტყვების თქმა მაშინ, როცა ცა მოწმენდილი იყო?
ელიამ იცოდა იეჰოვას დანაპირები. როგორც იეჰოვას წინასწარმეტყველი და მისი წარმომადგენელი, ის დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი შეასრულებდა თავის სიტყვას. წინასწარმეტყველი იმდენად იყო დარწმუნებული, რომ მას თითქოს უკვე ესმოდა წვიმის ხმაური. შეიძლება გაგვახსენდა, რას ამბობდა ბიბლია მოსეზე: „ის მტკიცე იყო, თითქოს ხედავდა მას, ვინც უხილავია“. თქვენთვისაც ასე რეალურია ღმერთი? ის უამრავ მიზეზს გვაძლევს იმისათვის, რომ მისდამი და მისი დაპირებებისადმი ასეთი რწმენა გვქონდეს (ებრაელები 11:1, 27).
ყურადღება მიაქციეთ იმასაც, თუ როგორ ფხიზლობდა ელია. მან მსახური გაგზავნა არა ერთხელ და ორჯერ, არამედ შვიდჯერ! მსახური შეიძლებოდა დაღლილიყო ერთი და იმავე დავალების ამდენჯერ შესრულებით, მაგრამ ელია ნიშნის მოლოდინში ენთუზიაზმს არ კარგავდა. ბოლოს, მეშვიდეჯერ რომ მივიდა, მსახურმა ელიას უთხრა: „ზღვიდან ამომავალი პატარა ღრუბელი ჩანს, ხელისგულისოდენა“ (44-ე მუხლი). შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ხელგაწვდილი მსახური, რომელიც ხელის მტევნით დიდი ზღვიდან ამომავალი ღრუბლის ზომის განსაზღვრას ცდილობს?b მსახურს შეიძლებოდა ეფიქრა, რომ ამ პატარა ღრუბლის ფთილას მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ ელიასთვის ის მნიშვნელოვანი იყო. მან მსახურს სასწრაფო დავალება მისცა: „წადი და ახაბს უთხარი, მოამზადე ეტლი და წადი, რომ წვიმამ არ მოგისწროს-თქო!“
ელია ისევ ბრწყინვალე მაგალითს გვაძლევს. ჩვენც ისეთ დროს ვცხოვრობთ, როდესაც ღმერთი მალე თავის განზრახვას შეასრულებს. ელია გვალვის დასრულებას ელოდა, ჩვენ კი ამ გახრწნილი ქვეყნიერების დასასრულს ველოდებით (1 იოანე 2:17). იეჰოვა ღმერთის მიერ თავისი დანაპირების შესრულებამდე საჭიროა ელიასავით ვიფხიზლოთ. ღვთის ძემ, იესომ, თავის მიმდევრებს ურჩია: „ამიტომ იფხიზლეთ, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი“ (მათე 24:42). მაგრამ გულისხმობდა იესო, რომ მის მიმდევრებს არაფერი ეცოდინებოდათ იმის შესახებ, თუ როდის დადგებოდა აღსასრული? არა, რადგან მან დაწვრილებით აღუწერა თავის მიმდევრებს, როგორი მდგომარეობა იქნებოდა ქვეყნიერების აღსასრულის წინ. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია გაიგოს „ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი“ (მათე 24:3—7)c.
ამ ნიშნის თითოეულ ნაწილს მრავალი საფუძვლიანი, დამაჯერებელი მტკიცება აქვს. არის ეს მტკიცებები საკმარისი იმისათვის, რომ დაუყოვნებლივ აღგვძრას მოქმედებისკენ? ელიასთვის ჰორიზონტზე გამოჩენილი ერთი პატარა ღრუბელი საკმარისი იყო იმისათვის, რომ ემოქმედა. გაუცრუვდა იმედი ამ ერთგულ წინასწარმეტყველს?
იეჰოვა გვაძლევს შვებას და კურთხევას
ბიბლიაში ნათქვამია: „ამასობაში ცა მოიქუფრა, ქარი ამოვარდა და კოკისპირულმა წვიმამ დასცხო. ახაბი იზრეელში მიდიოდა“ (45-ე მუხლი). მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა. სანამ ელიას მსახური ახაბს წინასწარმეტყველის სიტყვებს გადასცემდა, პატარა ღრუბელი გადიდდა, მთელ ცას გადაეკრა და ცა მოიქუფრა. ძლიერმა ქარმა დაუბერა. ბოლოს და ბოლოს, სამწელიწად-ნახევრის შემდეგ ისრაელში წვიმა მოვიდაd. გამომშრალმა მიწამ წვიმის წყალი შეისრუტა. მალე თავსხმა წვიმა წამოვიდა, მდინარე კიშონი ადიდდა და ბაალის წინასწარმეტყველთა სისხლი გადარეცხა. თავნება ისრაელებსაც მიეცათ შესაძლებლობა, ქვეყნისთვის ბაალის თაყვანისმცემლობის სამარცხვინო ლაქა ჩამოერეცხათ.
ელიას იმედი ჰქონდა, რომ ისრაელები გამოიყენებდნენ ამ შესაძლებლობას! მოინანიებდა ახაბი და ზურგს აქცევდა ბაალის გახრწნილ თაყვანისმცემლობას? იმ დღეს განვითარებული მოვლენები ასეთი ცვლილების მოსახდენად საფუძვლიან მიზეზს იძლეოდა. ცხადია, ჩვენ არ ვიცით, რაზე ფიქრობდა ახაბი იმ მომენტში. ბიბლიაში მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ „ახაბი იზრეელში მიდიოდა“. ისწავლა მან რამე? ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ცვლილებები მოეხდინა? მისი შემდგომი საქმეები ცხადყოფს, რომ ამ კითხვებზე პასუხი უარყოფითია. მაგრამ ის დღე ახაბისთვის და ელიასთვის ამით არ დასრულებულა.
იეჰოვას წინასწარმეტყველი იმ გზას დაადგა, რა გზითაც ახაბი წავიდა. მას გრძელი, ბნელი და სველი გზა უნდა გაევლო. მაგრამ უჩვეულო რამ მოხდა.
„იეჰოვას ხელი იყო ელიასთან; მან კალთები აიკეცა, გაიქცა და ახაბზე ადრე ჩავიდა იზრეელში“ (46-ე მუხლი). ცხადია, „იეჰოვას ხელი“ ელიაზე ზებუნებრივი ძალით მოქმედებდა. იზრეელი 30 კილომეტრით იყო მოშორებული და არც ელია გახლდათ ახალგაზრდაe. წარმოიდგინეთ, წინასწარმეტყველი გრძელი სამოსის კალთებს იკეცავს, სირბილში ხელი რომ არ შეუშალოს, და წვიმის წყლით გაჟღენთილ გზაზე გარბის ისე სწრაფად, რომ ეწევა სამეფო ეტლს და უსწრებს კიდეც მას!
რა დიდი კურთხევა იქნებოდა ელიასთვის ეს! მას აღაფრთოვანებდა ისეთი ძლიერება, ენერგიულობა და ამტანობა, როგორიც შესაძლოა, ახალგაზრდობის დროსაც კი არ ჰქონია. ამან შეიძლება ის წინასწარმეტყველებები გაგვახსენა, რომლებიც ღვთის ერთგულებს დედამიწაზე სამოთხეში სრულყოფილ ჯანმრთელობასა და სიმხნევეს ჰპირდება (ესაია 35:6; ლუკა 23:43). სველ გზაზე სირბილით მიმავალმა ელიამ დანამდვილებით იცოდა, რომ თავისი მამის, ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას თვალში მოწონებით სარგებლობდა!
იეჰოვას მთელი გულით სწადია ადამიანებზე კურთხევების გადმოფრქვევა. ეს კურთხევები ღირს ძალისხმევის გამოვლენად. ელიას მსგავსად, საჭიროა ვიფხიზლოთ და დავფიქრდეთ იმ მტკიცებებზე, რომლებიც ცხადყოფს, რომ ამ საშიშ დროში იეჰოვა მალე ამოქმედდება. ელიას მსგავსად, ჩვენც ყველა მიზეზი გვაქვს იმისათვის, რომ ბოლომდე გვჯეროდეს იეჰოვას, „ჭეშმარიტების ღმერთის“, დაპირებებისა (ფსალმუნი 31:5).
[სქოლიოები]
a დამატებითი ინფორმაცია იხილეთ სტატიაში „ის წმინდა თაყვანისცემას იცავდა“, 2008 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკი“.
b დღეს დიდი ზღვა ხმელთაშუა ზღვის სახელით არის ცნობილი.
c დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იესოს სიტყვები დღეს სრულდება, იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-9 თავი; გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
d ზოგი ფიქრობს, რომ ბიბლიაში გვალვის ხანგრძლივობის შესახებ ურთიერთსაპირისპირო აზრია მოცემული. იხილეთ მე-19 გვერდზე მოცემული ჩარჩო.
e ცოტა ხნის შემდეგ იეჰოვა ელიას დაავალებს, ასწავლოს ელისეს; ის მოგვიანებით ცნობილი გახდება როგორც ადამიანი, „რომელიც ელიას უსხამდა წყალს ხელზე“ (2 მეფეები 3:11). ელისე ელიას ემსახურებოდა; როგორც ჩანს, ხანდაზმულ წინასწარმეტყველს სხვადასხვა საქმეში ეხმარებოდა.
[ჩარჩო⁄სურათი 19 გვერდზე]
რამდენ ხანს გრძელდებოდა გვალვა ელიას დღეებში?
იეჰოვას წინასწარმეტყველმა ელიამ მეფე ახაბს უთხრა, რომ მალე მათ ქვეყანაში ხანგრძლივი გვალვა დასრულდებოდა. ეს მოხდა „მესამე წელს“; როგორც ჩანს, ამ წლების ათვლა ელიას მიერ გვალვის გამოცხადების დღიდან უნდა დავიწყოთ (1 მეფეები 18:1). მას შემდეგ მალევე მოვიდა წვიმა, რაც ელიამ თქვა, რომ იეჰოვა „აწვიმებდა მიწას“. ზოგმა შეიძლება დაასკვნას, რომ გვალვა მესამე წლის განმავლობაში დასრულდა და, ამგვარად, სამ წელზე ნაკლები გრძელდებოდა. მაგრამ იესო და იაკობი გვეუბნებიან, რომ გვალვა „სამი წელი და ექვსი თვე“ გრძელდებოდა (ლუკა 4:25; იაკობი 5:17). ეწინააღმდეგება ერთმანეთს ბიბლიური მუხლები?
არა. ძველ ისრაელში წვიმა შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში, მაგალითად, ექვსი თვე, არ მოსულიყო. ეჭვგარეშეა, ელია ახაბთან გვალვის შესახებ ცნობის გადასაცემად მაშინ მივიდა, როდესაც წვიმა დიდი ხნის განმავლობაში არ იყო მოსული და მიწა გამომშრალი იყო. ფაქტობრივად, გვალვა დაახლოებით ნახევარი წლის დაწყებული იყო. გვალვის დასაწყისის გამოცხადებიდან მისი დასრულების გამოცხადებამდე „სამი წელი“ იყო გასული; ასე რომ, გვალვა დაახლოებით სამწელიწად-ნახევარი გრძელდებოდა. სრული „სამი წელი და ექვსი თვე“ იყო გასული, როდესაც ქარმელის მთაზე შეკრებილი ხალხის წინაშე დიდი გამოცდა შედგა.
ვნახოთ, რა დროს მივიდა პირველად ელია ახაბთან. ხალხს სჯეროდა, რომ ბაალი „ღრუბლებზე ამხედრებული“ ღმერთი იყო, რომელსაც შეეძლო ეწვიმებინა მიწისთვის და გვალვა დაესრულებინა. თუ გვალვა უჩვეულოდ დიდხანს გაგრძელდებოდა, ხალხი, ალბათ, იფიქრებდა: „სად არის ბაალი? როდის აწვიმებს ის მიწას?“ ბაალის თაყვანისმცემლებისთვის არასასიამოვნო მოსასმენი იქნებოდა ელიას სიტყვები იმის შესახებ, რომ არც წვიმა და, არც ნამი არ მოევლინებოდა მიწას, სანამ ელია თვითონ არ გააცხადებდა (1 მეფეები 17:1).
[საავტორო უფლება]
Pictorial Archive (Near Eastern History) Est.
[სურათი 18 გვერდზე]
ელიას ლოცვებიდან ჩანდა, რომ მას მთელი გულით ეწადა, იეჰოვას ნება შესრულებულიყო