იზიარებთ სამართლიანობაზე იეჰოვას თვალსაზრისს?
„გავაცხადებ იეჰოვას სახელს . . . ერთგული ღმერთია და უსამართლობა შორს არის მისგან“ (კან. 32:3, 4).
1, 2. ა) რა უსამართლობას შეხვდნენ ნაბოთი და მისი ვაჟები? ბ) რომელ ორ თვისებაზე ვისაუბრებთ ამ სტატიაში?
წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: მამაკაცს ცილს სწამებენ ისეთ რამეში, რაც სიკვდილით ისჯება. გაოგნებული და შეშფოთებული ოჯახისა და მეგობრების წინაშე მას ცრუ ბრალდებას უყენებენ ორი უვარგისი კაცის მოწმობის საფუძველზე. სამართლიანობის მოყვარულებს ამ უდანაშაულო კაცისა და მისი ვაჟების სიკვდილით დასჯის დანახვაზე გული ყელში ებჯინებათ. ეს არ გეგონოთ გამოგონილი ამბავი. ის თავს გადახდა იეჰოვას ერთგულ მსახურ ნაბოთს, რომელიც ისრაელში მეფე ახაბის მეფობის დროს ცხოვრობდა (1 მეფ. 21:11—13; 2 მეფ. 9:26).
2 ამ სტატიაში ნაბოთის შემთხვევასთან ერთად განვიხილავთ პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების ერთგული უხუცესის შემთხვევასაც, რომელმაც ერთხელ სერიოზული შეცდომა დაუშვა. ამ ბიბლიური მაგალითებიდან დავინახავთ, რომ სამართლიანობაზე იეჰოვას თვალსაზრისის ასარეკლად მნიშვნელოვანია, თავმდაბლები და მიმტევებლები ვიყოთ, როცა კრებაში უსამართლობას ვხვდებით.
სამართლის გამრუდება
3, 4. როგორი კაცი იყო ნაბოთი და რატომ არ მიჰყიდა მან მეფე ახაბს თავისი ვენახი?
3 ნაბოთი იეჰოვას ერთგული იყო, მაშინ როცა ისრაელთა უმეტესობა მეფე ახაბისა და მისი ბოროტი ცოლის, დედოფალ იზებელის ცუდ მაგალითს მიჰყვებოდა. ისინი ბაალის თაყვანისმცემლები იყვნენ და არც იეჰოვას სცემდნენ პატივს და არც მის კანონებს. მათგან განსხვავებით ნაბოთი საკუთარ სიცოცხლეზე მეტად აფასებდა იეჰოვასთან ურთიერთობას.
4 წაიკითხეთ 1 მეფეების 21:1—3. როცა ახაბმა ნაბოთს ვენახის გაყიდვა ან სანაცვლოდ უკეთესი ვენახის მიცემა შესთავაზა, ნაბოთმა უარი უთხრა და მიზეზიც აუხსნა: „იეჰოვამ დამიფაროს, ჩემი მამა-პაპის მემკვიდრეობა შენ მოგცე!“. ნაბოთმა უარი იეჰოვას კანონის საფუძველზე თქვა, რომელიც ისრაელებს ტომიდან ტომში სამკვიდრო მიწის სამუდამოდ გაყიდვას უკრძალავდა (ლევ. 25:23; რიცხ. 36:7). აშკარაა, ნაბოთი ამ საკითხს იეჰოვას თვალით უყურებდა.
5. რა გააკეთა იზებელმა ნაბოთის მოსაკლავად?
5 სამწუხაროდ, ნაბოთისგან უარის მიღების შემდეგ მეფე ახაბმა და მისმა ცოლმა არაერთი სამარცხვინო საქციელი ჩაიდინეს. ვენახის ხელში ჩასაგდებად იზებელმა ისე მოაწყო ყველაფერი, რომ ნაბოთისთვის ცრუ ბრალდებები წაეყენებინათ. ამის გამო ნაბოთიც და მისი ვაჟებიც სიკვდილით დასაჯეს. რა რეაქცია ექნებოდა იეჰოვას ამ საშინელ უსამართლობაზე?
ღვთის სამართლიანი განაჩენი
6, 7. როგორ ცხადყო იეჰოვამ, რომ სამართლიანობის მოყვარულია და როგორ ანუგეშებდა ეს ნაბოთის ოჯახსა და მეგობრებს?
6 იეჰოვამ დაუყოვნებლივ გაგზავნა ელია ახაბის სამხილებლად. ელიამ სამართლიანად უწოდა ახაბს მკვლელი და ქურდი. იეჰოვას მიერ გამოტანილი განაჩენის თანახმად, ახაბი, მისი ცოლი და მათი ვაჟები ნაბოთისა და მისი ვაჟების ხვედრს გაიზიარებდნენ (1 მეფ. 21:17—25).
7 მიუხედავად იმისა, რომ ნაბოთის ოჯახსა და მეგობრებს დიდ ტკივილს მიაყენებდა ახაბის ჩადენილი ბოროტება, მათ გარკვეულწილად ანუგეშებდათ იმის ცოდნა, რომ იეჰოვამ იცოდა ამ უსამართლობის შესახებ და დაუყოვნებლივ იმოქმედა. მაგრამ მოვლენების შემდგომ განვითარებას შეიძლებოდა მათი თავმდაბლობა და იეჰოვასადმი ნდობა გამოეცადა.
8. რა რეაქცია ჰქონდა ახაბს, როცა იეჰოვას განაჩენი გაიგო და რა მოჰყვა ამას შედეგად?
8 იეჰოვას განაჩენის „გაგონებაზე ახაბმა შემოიხია ტანსაცმელი და ჯვალო შემოიხვია. მარხულობდა, ჯვალოში იწვა და დამწუხრებული დადიოდა“. ახაბმა თავი დაიმდაბლა. იეჰოვამ უთხრა ელიას: „რაკი დაიმდაბლა თავი ჩემ წინაშე, მის სიცოცხლეში აღარ დავატეხ მას უბედურებას, მისი ვაჟის სიცოცხლეში დავატეხ უბედურებას მის სახლს“ (1 მეფ. 21:27—29; 2 მეფ. 10:10, 11, 17). იეჰოვამ, რომელიც „გულების შემმოწმებელია“, გარკვეულწილად წყალობა გამოავლინა ახაბის მიმართ (იგავ. 17:3).
თავმდაბლობა დამცველია
9. როგორ დაიცავდა თავმდაბლობა ნაბოთის ოჯახსა და მეგობრებს?
9 როგორ იმოქმედებდა ეს გადაწყვეტილება მათზე, ვინც ახაბის საშინელი დანაშაულის შესახებ იცოდა? მოვლენების ერთი შეხედვით ასეთ რადიკალურ ცვლილებას შეიძლებოდა ნაბოთის ოჯახის წევრებისა და მეგობრების რწმენა გამოეცადა. ამ შემთხვევაში თავმდაბლობა დაეხმარებოდა მათ, რომ კვლავაც იეჰოვას ერთგულ თაყვანისმცემლებად დარჩენილიყვნენ და ეჭვი არ შეჰპაროდათ ღვთის სამართლიანობაში (წაიკითხეთ კანონის 32:3, 4). იეჰოვა ნაბოთსა და მის ოჯახს მაშინ აღუდგენს სრულ სამართალს, როცა დედამიწაზე მართლების აღდგომა იქნება (იობ. 14:14, 15; იოან. 5:28, 29). თავმდაბალ ადამიანს არც ის ავიწყდება, რომ „ყოველ საქმეს ჭეშმარიტი ღმერთი გაასამართლებს, ყველაფერს, რაც დაფარულია, და გაარჩევს, კარგია თუ ცუდი“ (ეკლ. 12:14). განაჩენის გამოტანისას იეჰოვა მხედველობაში იღებს ისეთ ფაქტებს, რომლებიც ჩვენთვის უცნობია. ამიტომ თავმდაბლობა დაზარალებულ ადამიანს სულიერი ზიანისგან იცავს.
10, 11. ა) რა და რა ვითარებაში შეიძლება გამოიცადოს ჩვენი რწმენა? ბ) რაში დაგვეხმარება თავმდაბლობა?
10 როგორ მოიქცევით, თუ უხუცესები თქვენთვის გაუგებარ ან მიუღებელ გადაწყვეტილებას მიიღებენ? მაგალითად, როგორი რეაქცია გექნებათ, თუ კრებაში პასუხისმგებლობას დაკარგავთ ან თქვენს საყვარელ ადამიანს ჩამოერთმევა პასუხისმგებლობები? რას გააკეთებთ, თუ თქვენი მეუღლე, შვილი ან ახლო მეგობარი კრებიდან გაირიცხება, თქვენ კი არ ეთანხმებით მიღებულ გადაწყვეტილებას? როგორ მოიქცევით, თუ ფიქრობთ, რომ შემცოდველის მიმართ უადგილო გულმოწყალება გამოავლინეს? ასეთმა სიტუაციებმა შეიძლება იეჰოვასა და მისი ორგანიზაციისადმი ჩვენი რწმენა გამოსცადოს. როგორ დაგიცავთ თავმდაბლობა ასეთი გამოცდების დროს? განვიხილოთ ორი მხარე.
11 პირველი, თავმდაბლობა გვეხმარება, ვაღიაროთ, რომ ყველა ფაქტი არ ვიცით. მაშინაც კი, თუ ვფიქრობთ, რომ საქმის გარშემო ყველაფერი ვიცით, ადამიანის გულის დანახვა არ შეგვიძლია; ეს მხოლოდ იეჰოვას შეუძლია (1 სამ. 16:7). ამ უდავო ჭეშმარიტებამ უნდა აღგვძრას, თავმდაბლები ვიყოთ, ვაღიაროთ ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობები და იეჰოვას თვალით შევხედოთ საკითხს. მეორე, თავმდაბლობა დაგვეხმარება, რომ მორჩილება და მოთმინება გამოვავლინოთ, ვიდრე იეჰოვა არ გამოასწორებს სიტუაციას. ბიბლიაში ნათქვამია: „ჭეშმარიტი ღვთის მოშიშებს ხელი მოემართებათ . . . ბოროტს კი ხელი არ მოემართება; მისი დღეები ჩრდილივით იქნება და ვერ შეძლებს მათ გახანგრძლივებას“ (ეკლ. 8:12, 13). ნებისმიერ შემთხვევაში თავმდაბლად მოქცევა საუკეთესო გამოსავალია (წაიკითხეთ 1 პეტრეს 5:5).
თვალთმაქცობა კრებაში
12. რა შემთხვევას განვიხილავთ და რატომ?
12 პირველ საუკუნეში სირიის ანტიოქიაში მომხდარმა შემთხვევამ იქ მცხოვრები ქრისტიანების თავმდაბლობა და მიმტევებლობა გამოსცადა. მოდი ამ შემთხვევის განხილვისას დავფიქრდეთ, ჩვენ რამდენად მიმტევებლები ვართ და დავუკვირდეთ, როგორ უკავშირდება მიმტევებლობა სამართლიანობაზე იეჰოვას თვალსაზრისს.
13, 14. რა პასუხისმგებლობებს ასრულებდა პეტრე და როგორ გამოავლინა გაბედულება?
13 ქრისტიანულ კრებაში მოციქული პეტრე ყველასთვის კარგად ცნობილი უხუცესი იყო. პეტრეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა იესოსთან, რომელმაც დიდი პასუხისმგებლობები მიანდო მას (მათ. 16:19). მაგალითად, პეტრემ ახ. წ. 36 წელს სასიხარულო ცნობა უქადაგა კორნელიუსსა და მის სახლეულობას. ეს არ იყო უმნიშვნელო რამ, რადგან კორნელიუსი წინადაუცვეთელი უცხოტომელი იყო. როცა კორნელიუსმა და მისმა სახლეულობამ წმინდა სული მიიღეს, პეტრემ თქვა: „ვის შეუძლია წყალში მონათვლა აუკრძალოს ამათ, რომლებმაც ჩვენსავით მიიღეს წმინდა სული?“ (საქ. 10:47).
14 მოციქულები და უხუცესები ახ. წ. 49 წელს შეიკრიბნენ იერუსალიმში იმის გადასაწყვეტად, უნდა წინადაცვეთილიყვნენ თუ არა გაქრისტიანებული უცხოტომელები. ამ შეხვედრაზე პეტრემ გაბედულად ილაპარაკა და შეახსენა ძმებს, რომ რამდენიმე წლით ადრე წინადაუცვეთელმა უცხოტომელებმაც მიიღეს წმინდა სულის ძღვენი. ვინაიდან პეტრე ამის თვითმხილველი იყო, მისმა დამოწმებამ პირველი საუკუნის ხელმძღვანელ საბჭოს გადაწყვეტილების მიღება გაუადვილა (საქ. 15:6—11, 13, 14, 28, 29). როგორი მადლიერები იქნებოდნენ იუდეველი და უცხოტომელი ქრისტიანები იმისთვის, რომ პეტრეს სიმართლის სათქმელად გაბედულება ეყო! მათ არ გაუჭირდებოდათ ამ სულიერად მოწიფული მამაკაცის ნდობა (ებრ. 13:7).
15. რა შეცდომა დაუშვა პეტრემ სირიის ანტიოქიაში? (იხილეთ სურათი 23-ე გვერდზე)
15 ამ შეხვედრიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ პეტრე სირიის ანტიოქიაში ჩავიდა. იქ მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა უცხოტომელ ძმებთან. პეტრეს დიდი ცოდნა და გამოცდილება ჰქონდა, ამიტომ ისინი ბევრ რამეს ისწავლიდნენ მისგან. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ გაუკვირდებოდათ და გაუტყდებოდათ გული ძმებს, როცა პეტრემ მათთან ერთად ჭამა შეწყვიტა. პეტრეს საქციელმა ცუდი გავლენა მოახდინა სხვა იუდეველ ქრისტიანებზე, მათ შორის ბარნაბაზე, რომლებიც აჰყვნენ მას თვალთმაქცობაში. რამ უბიძგა მოწიფულ ქრისტიან უხუცესს ასეთი არასწორი საქციელისკენ, რასაც შეიძლებოდა კრებაში დაყოფა გამოეწვია? რის სწავლა შეგვიძლია პეტრეს შეცდომიდან და როგორ დაგვეხმარება ნასწავლი, თუ კრებაში უხუცესმა სიტყვით ან საქმით გული გვატკინა?
16. როგორ შეუსწორეს პეტრეს თვალსაზრისი და რა კითხვები წამოიჭრება?
16 წაიკითხეთ გალატელების 2:11—14. პეტრე კაცთმოშიშების მახეში გაება (იგავ. 29:25). მიუხედავად იმისა, რომ პეტრემ პირველწყაროდან იცოდა ამ საკითხზე იეჰოვას თვალსაზრისი, მას შეეშინდა, რას იფიქრებდნენ იერუსალიმის კრებიდან ჩასული წინადაცვეთილი იუდეველები. მოციქული პავლე, რომელიც აგრეთვე ესწრებოდა ახ. წ. 49 წელს იერუსალიმში გამართულ შეხვედრას, დაუპირისპირდა პეტრეს ანტიოქიაში და თვალთმაქცობაში ამხილა ის (საქ. 15:12; გალ. 2:13). როგორი რეაქცია ექნებოდათ ასეთ უსამართლობაზე უცხოტომელ ქრისტიანებს, რომელთაც პეტრემ აწყენინა? დაბრკოლდებოდნენ ისინი? დაკარგავდა პეტრე ამ შეცდომის გამო პასუხისმგებლობებს?
იყავით მიმტევებლები
17. რის შესაძლებლობა მისცა პეტრეს იეჰოვას მიმტევებლობამ?
17 როგორც ჩანს, პეტრემ თავმდაბლად მიიღო პავლესგან გაკიცხვა. ბიბლიაში არსად არის ნათქვამი, რომ მან პასუხისმგებლობები დაკარგა. ღვთივშთაგონებით მან მოგვიანებით ორი წერილი დაწერა, რომლებიც ბიბლიის ნაწილი გახდა. აღსანიშნავია, რომ პეტრე თავის მეორე წერილში პავლეს „საყვარელ ძმად“ მოიხსენიებს (2 პეტ. 3:15). მიუხედავად იმისა, რომ პეტრეს არასწორი საქციელი ტკივილს მიაყენებდა უცხოტომელ ქრისტიანებს, კრების თავი, იესო, კვლავაც აძლევდა მას დავალებებს (ეფეს. 1:22). ამგვარად, კრების წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, იეჰოვასა და იესოს მსგავსად გამოევლინათ მიმტევებლობა. იმედი გვაქვს, რომ ამ არასრულყოფილი კაცის შეცდომის გამო არც ერთი მათგანი არ დაბრკოლებულა.
18. როდის გვჭირდება სამართლიანობაზე იეჰოვას თვალსაზრისის არეკვლა?
18 როგორც პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებებში, ისე დღესაც არ არსებობენ სრულყოფილი უხუცესები, რადგან „ჩვენ ყველა ხშირად ვცდებით“ (იაკ. 3:2). სათქმელად ადვილია, მაგრამ სირთულე მაშინ იჩენს თავს, როცა ძმების არასრულყოფილებას პირადად ვაწყდებით. ავირეკლავთ ამ დროს სამართლიანობაზე იეჰოვას თვალსაზრისს? მაგალითად, როგორი რეაქცია გექნებათ, თუ უხუცესი ისეთ რამეს იტყვის, რაშიც მიკერძოება გამოჩნდება? დაბრკოლდებით, თუ უხუცესი გაუაზრებლად გაწყენინებთ ან გულს გატკენთ თავისი სიტყვებით? ცხელ გულზე იმის დასკვნის ნაცვლად, რომ ეს ძმა უხუცესი აღარ უნდა იყოს, გამოავლენთ მოთმინებას და მიანდობთ ამ საქმეს კრების თავს, იესოს? შეეცდებით, რომ შეცდომის იქით გაიხედოთ და დაინახოთ, რამდენი წელი ემსახურება ეს ძმა იეჰოვას ერთგულად? გაიხარებთ იმ ძმასთან ერთად, რომელმაც გაწყენინათ, თუ ის ისევ უხუცესად იმსახურებს და დამატებით პასუხისმგებლობებსაც მიიღებს? თუ მიმტევებლები იქნებით, შეძლებთ სამართლიანობაზე იეჰოვას თვალსაზრისის არეკვლას (წაიკითხეთ მათეს 6:14, 15).
19. რა უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი?
19 სამართლიანობის მოყვარულები მოუთმენლად ელიან იმ დროს, როცა იეჰოვა სრულად აღმოფხვრის სატანისა და მისი ბოროტი ქვეყნიერების მიერ გამოწვეულ უსამართლობას (ეს. 65:17). მანამდე მოდი გადაწყვეტილი გვქონდეს, რომ თავმდაბლად ვაღიაროთ ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობები, მთელი გულით ვაპატიოთ სხვებს და ამგვარად გავიზიაროთ სამართლიანობაზე იეჰოვას თვალსაზრისი.