მარიამი (იესოს დედა)
განმარტება: ღვთის რჩეული ქალი, რომელსაც წილად ხვდა პატივი, გამხდარიყო იესოს მშობელი. მის გარდა ბიბლია მოიხსენიებს კიდევ ხუთ მარიამს. იესოს დედა, ელის ქალიშვილი, მეფე დავითის შთამომავალი იყო იუდას ტომიდან. მარიამის შესახებ თხრობის დაწყებისას ბიბლია ამბობს, რომ ის დანიშნული იყო იოსებზე. იოსებიც იუდას ტომელი და დავითის შთამომავალი იყო.
რას ვსწავლობთ მარიამის ცხოვრებიდან?
1) მზადყოფნით უნდა მივიღოთ ის, რასაც ღმერთი გვეუბნება თავისი წარმომადგენლების მეშვეობით, თუნდაც თავიდან ვფიქრობდეთ, რომ ეს შეუძლებელია ან პრობლემებს შეგვიქმნის (ლუკ. 1:26—37).
2) გაბედულად უნდა ვიმოქმედოთ ღვთის ნების შესასრულებლად და ბოლომდე მივენდოთ მას (იხილეთ ლუკას 1:38. როგორც მეორე კანონის 22:23, 24-დან ვხედავთ, ისრაელში გასათხოვარი ქალის დაორსულებას თან სდევდა სერიოზული შედეგები).
3) ღმერთი თავისი ნების შესასრულებლად ნებისმიერი სოციალური ფენის ადამიანებს იყენებს (ლუკას 2:22—24 შეადარეთ ლევიანების 12:1—8-ს).
4) სულიერ ინტერესებს უპირატესობა უნდა მივანიჭოთ (იხილეთ ლუკას 2:41; საქმეების 1:14. ისრაელში ცოლებს არ მოეთხოვებოდათ ქმრებთან ერთად იერუსალიმში წასვლა პასექის ყოველწლიურ დღესასწაულზე, მაგრამ მარიამი მაინც მიჰყვებოდა ქმარს).
5) უნდა ვაფასებდეთ ზნეობრივ სიწმინდეს (ლუკ. 1:34).
6) გულმოდგინედ უნდა ვასწავლოთ შვილებს ღვთის სიტყვა (მარიამი ამ მხრივაც რომ სამაგალითო იყო, კარგად გამოჩნდა მაშინ, როცა იესო 12 წლის იყო. იხილეთ ლუკას 2:42, 46—49).
ნამდვილად ქალწული იყო მარიამი, როცა იესო გააჩინა?
ლუკას 1:26—31 (სსგ) მოგვითხრობს, რომ ანგელოზმა გაბრიელმა ქალწულ მარიამს აუწყა: „აჰა, მუცლად იღებ, და შობ ძეს, და უწოდებ მას სახელად იესოს“. როგორც 34-ე მუხლში ვკითხულობთ, «მარიამმა უთხრა ანგელოზს: როგორ იქნება ეგ, მამაკაცი რომ არ ვიცი [„კაცი არ გამკარებია“, აქ]?». მათეს 1:22—25-ში (სსგ) ნათქვამია: «ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს სიტყვა უფლისა, წინასწარმეტყველის მიერ თქმული: აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს, რაც თარგმნით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი. გამოიღვიძა იოსებმა ძილისგან და მოიქცა ისე, როგორც უბრძანა ანგელოზმა უფლისა, და მოიყვანა თავისი ცოლი. და არ უცვნია იგი [„არ გაჰკარებია“, აქ, ბთი], ვიდრე არა შვა ძე თავისი პირმშო, და უწოდა სახელი მისი იესო».
შეიძლება ამის დაჯერება? შემოქმედისთვის, რომელმაც შექმნა გამრავლების ორგანოები, ნამდვილად არ იქნებოდა შეუძლებელი მარიამის საშვილოსნოში კვერცხუჯრედის ზებუნებრივი გზით განაყოფიერება. იეჰოვამ თავისი მხოლოდშობილი ძის სიცოცხლე სასწაულებრივად გადაიტანა ზეციდან მარიამის საშვილოსნოში. წმინდა სული, ღვთის მოქმედი ძალა, იცავდა ბავშვს დედის მუცელში, რათა ის სრულყოფილ ადამიანად დაბადებულიყო (ლუკ. 1:35; იოან. 17:5).
იყო მარიამი მარადქალწული?
მათ. 13:53—56, სსგ: «როცა დაასრულა იესომ ეს იგავნი, წავიდა იქიდან. და მივიდა თავის მამულში, და ასწავლიდა მათს სინაგოგაში, ისე რომ უკვირდათ მათ და ამბობდნენ: ვინ მისცა მას ესოდენი სიბრძნე და ძალა? განა ხუროს შვილი არ არის? და განა დედამისს არა ჰქვია მარიამი, ხოლო მის ძმებს [ბერძნულად „ადელფოი“] იაკობი და იოსე, სიმონი და იუდა? და განა ჩვენთან არ არიან მისი დები [ბერძნულად „ადელფაი“]? ვინ მისცა მას ყოველივე ეს?» (ამ მუხლებიდან გამომდინარე, მხოლოდ იესო იყო მარიამის შვილი თუ მას სხვა შვილებიც ჰყავდა?)
როგორც ერთ ენციკლოპედიაშია აღნიშნული, მათეს 13:55, 56-ში გამოყენებულ ბერძნულ სიტყვებში — „ადელფოი“ და „ადელფაი“ „ელინისტურ სამყაროში სახარებების დაწერის დროს ღვიძლ და-ძმებს გულისხმობდნენ და ბუნებრივია, რომ მკითხველი ამ სიტყვებს სხვა მნიშვნელობით არ გაიგებდა. მე-4 საუკუნის მიწურულს (დაახლ. 380) ჰელვიდიუსი თავის ერთ ნაშრომში, რომელმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია, ამ ფაქტს ეჭიდებოდა იმის საჩვენებლად, რომ მარიამს იესოს გარდა სხვა შვილებიც ჰყავდა და ის მაგალითი უნდა ყოფილიყო მრავალშვილიანი დედებისთვის. წმინდა იერონიმემ თავის ნაშრომში (ახ. წ. 383) გააკრიტიკა ჰელვიდიუსი და ჩამოაყალიბა მარიამის მარადქალწულობაზე ეკლესიის ტრადიციული შეხედულების მხარდამჭერი არგუმენტაცია . . . რომელსაც დღემდე მიმართავენ თეოლოგები“ („New Catholic Encyclopedia“, 1967, ტ. IX, გვ. 337).
მარ. 3:31—35, სსგ: „მოვიდნენ მისი დედა და ძმები, გარეთ გაჩერდნენ და კაცი შეუგზავნეს დასაძახებლად. დიდძალი ხალხი ეხვია ირგვლივ, და უთხრეს მას: აჰა, დედა შენი და ძმები შენი გარეთ დგანან და შენ გკითხულობენ. ხოლო იესომ მიუგო მათ: ვინ არის დედა ჩემი, ან ძმები ჩემი? თვალი მოავლო ირგვლივ მსხდომთ და თქვა: აი, დედა ჩემი და ძმები ჩემი. რადგან ვინც აღასრულებს ღმერთის ნებას, იგია ჩემი ძმაც, ჩემი დაცა და დედაც“ (აქ აშკარა განსხვავებას ვხედავთ იესოს ხორციელ ძმებსა და სულიერ ძმებს ანუ მოწაფეებს შორის. დღეს არავინ ამბობს, რომ იესოს დედაში სხვა ვინმეა ნაგულისხმევი. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია იმის თქმა, რომ იესოს ძმებში იგულისხმებოდნენ, მაგალითად, მისი ბიძაშვილები? იმ შემთხვევებში, როცა ნათესავებზე მიდის საუბარი, გამოყენებულია სხვა ბერძნული სიტყვა [„სიგგენონ“]. ამის მაგალითია ლუკას 21:16).
ღვთისმშობელია მარიამი?
ანგელოზს მარიამისთვის არ უთქვამს, რომ ვაჟი, რომელიც მას შეეძინებოდა, ღმერთი იქნებოდა. მან უთხრა: „მუცლად იღებ, და შობ ძეს, და უწოდებ მას სახელად იესოს. დიდი იქნება იგი, და უზენაესის ძედ იწოდება . . . და ამიტომაც ღმერთის ძედ იწოდება წმიდა შობილი“ (ლუკ. 1:31—35, სსგ, კურსივი ჩვენია).
ებრ. 2:14, 17, სსგ: „რაკი ყრმანი ხორცისა და სისხლის მოზიარენი არიან, თავადაც [იესო] ეზიარა მათ . . . ამიტომაც ყოველნაირად უნდა დამსგავსებოდა ძმებს“ (იქნებოდა იესო ყოველნაირად ძმების მსგავსი, თუ ღმერთ კაცი იყო?).
ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „თუ მარიამი ჭეშმარიტად ღვთისმშობელია, უნდა დაკმაყოფილდეს ორი პირობა: ის ნამდვილად უნდა იყოს იესოს დედა და იესო ნამდვილად ღმერთი უნდა იყოს“ („New Catholic Encyclopedia“, 1967, ტ. X, გვ. 21). ბიბლიაში ნათქვამია, რომ მარიამი იესოს დედა იყო. მაგრამ იყო იესო ღმერთი? მეოთხე საუკუნეში, ბიბლიის წერის დასრულებიდან კარგა ხნის შემდეგ, ეკლესიამ ჩამოაყალიბა სამების დოგმატი (იხილეთ გვერდი 270, „სამება“). იმ პერიოდში ეკლესიამ ნიკეის კრების სიმბოლოში იესო ქრისტეს „ღმერთი“ უწოდა. ამის შემდეგ, ახ. წ. 431 წელს ეფესოს საეკლესიო კრებაზე ეკლესიამ მარიამს უწოდა „თეოტოკოს“, რაც ნიშნავს „ღვთისმშობელს“ ან „დედა ღვთისას“. თუმცა არც ეს სიტყვა და არც ამ სიტყვის მხარდამჭერი აზრი არ გვხვდება ბიბლიის არც ერთ თარგმანში (იხილეთ გვერდები 172—176, „იესო ქრისტე“).
უბიწოდ ჩაისახა მარიამი და ჩასახვისთანავე განიწმინდა მემკვიდრეობითი ცოდვისგან?
„ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ ამ სწავლების წარმოშობის შესახებ ნათქვამია: «უბიწოდ ჩასახვის სწავლება ბიბლიაში ნათლად არ არის გადმოცემული . . . ეკლესიის პირველი მამები მარიამს წმინდად თვლიდნენ, მაგრამ არა ყოველმხრივ უცოდველად . . . რთულია იმის დადგენა, თუ ზუსტად როდის დამკვიდრდა ეს მრწამსი, მაგრამ VIII-IX საუკუნეებში, როგორ ჩანს, უკვე საყოველთაოდ იყო აღიარებული . . . [1854 წელს პაპმა პიუს IX-მ ამ დოგმატის განმარტებისას აღნიშნა, რომ] „ყოვლადკურთხეული ქალწული მარიამი ჩასახვის მომენტიდანვე დაცული იყო პირველქმნილი ცოდვის ყოველგვარი ბიწიერებისგან“». (1967, ტ. VII, გვ. 378—381) ამ დოგმატს, რომელსაც აღიარებს კათოლიკური ეკლესია, მხარი დაუჭირა ვატიკანის II საეკლესიო კრებამ (1962—1965) („The Documents of Vatican II“, ნიუ-იორკი, 1966, რედაქტორი უ. აბოტი, გვ. 88).
ბიბლიაში ნათქვამია: „როგორც ერთი ადამიანის [ადამის] მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომ. 5:12). მარიამსაც ეხება ეს სიტყვები? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იესოს დაბადებიდან 40 დღის შემდეგ მარიამმა მოსეს კანონის თანახმად იერუსალიმის ტაძარში განწმენდის მიზნით ცოდვის შესაწირავი მიიტანა. ადამისგან მასაც ჰქონდა მემკვიდრეობით მიღებული ცოდვა და არასრულყოფილება (ლუკ. 2:22—24; ლევ. 12:1—8).
ამაღლდა ზეცაში მარიამი ხორციელად?
1950 წელს პაპმა პიუს XII-მ ეს სწავლება კათოლიკური მრწამსის ოფიციალურ დოგმატად გამოაცხადა. ამასთან დაკავშირებით „ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ ნათქვამია: „მარიამის ხორციელად ზეცაში ამაღლების შესახებ ბიბლიაში კონკრეტულად არაფერია ნათქვამი. მიუხედავად ამისა, დოგმატის ფორმულირებისას პაპი ამბობს, რომ ამ ჭეშმარიტების მთავარი საყრდენი ბიბლიაა“ (1967, ტ. I, გვ. 972). მართლმადიდებლურ მრწამსთან დაკავშირებით ერთ წიგნში აღნიშნულია: „V საუკუნეში III მსოფლიო კრებაზე ეკლესიამ საზეიმოდ გამოაცხადა ყოვლადწმიდა ქალწული ღვთისმშობლად . . . რაც შეეხება ღვთისმშობლის დასაფლავების შემდგომ მისი ხორციელად ამაღლების შესახებ გადმოცემას, მისდამი რწმენა არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიაში და გამოხატულია ღვთისმშობლის მიძინების სადღესასწაულო მსახურებაში . . . ეკლესიამ მიიღო გადმოცემა ღვთისმშობლის ხორციელი ამაღლების შესახებ, მაგრამ არ მიაკუთვნა და არც აკუთვნებს ამ კეთილწესიერ გადმოცემას ქრისტიანული სარწმუნოების ძირითად ჭეშმარიტებებს — დოგმატებს“ („დოგმატური ღვთისმეტყველება“, მეორე გამოცემა, თბილისი, 2006, გვ. 161, 164, 165).
ბიბლიაში ნათქვამია: „ხორცი და სისხლი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს, და ვერც ხრწნილება დაიმკვიდრებს უხრწნელებას“ (1 კორ. 15:50, სსგ). იესომ თქვა, რომ „ღმერთი სულია“. აღდგომის შემდეგ იესო კვლავ სულიერი ქმნილება, „ცხოველმყოფელი სული“ გახდა. ანგელოზებიც სულები არიან (იოან. 4:24; 1 კორ. 15:45, სსგ; ებრ. 1:13, 14). მაგრამ იძლევა ბიბლია იმის თქმის საფუძველს, რომ ზეცაში ცხოვრება შესაძლებელია ხორციელი სხეულით, რომელსაც საარსებოდ დედამიწაზე არსებული პირობები სჭირდება? (იხილეთ გვერდები 41—43, „აღდგომა“).
უნდა მივმართავდეთ ლოცვით მარიამს, როგორც შუამავალს?
იესო ქრისტემ თქვა: „ლოცვით ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა . . .“; „მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემს მიერ. და რაც უნდა ითხოვოთ ჩემი სახელით, შეგისრულებთ“ (მათ. 6:9, სსგ; იოან. 14:6, 14, სსგ, კურსივი ჩვენია).
ზოგი ფიქრობს, რომ მარიამი თანამგრძნობი შუამავალი იქნება, რადგან ერთ დროს ისიც ადამიანი იყო. განა დიდი თანაგრძნობით არ შეისმენს ღმერთი ჩვენს ლოცვებს, თუ მას იესო ქრისტეს მეშვეობით მივმართავთ? ღვთის შესახებ ბიბლია გვეუბნება: „როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, შეიწყნარა უფალმა მოშიშნი მისნი. რადგან უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ“. ის არის ‘ღმერთი მწყალობელი და შემბრალებელი, სულგრძელი, დიდმადლიანი და ჭეშმარიტი’ (ფსალმ. 102:13, 14, სსგ [103:13, 14]; გამ. 34:6, სსგ). ქრისტეს შესახებ კი ნათქვამია: „ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ არ შეეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს უძლურებაში, არამედ თანაბრად გამოცდილი ყველაფერში, გარდა ცოდვისა. მაშ, თამამად მივეახლოთ მადლის საყდარს, რათა მივიღოთ წყალობა, და ვპოვოთ მადლი დროული შეწევნისათვის“ (ებრ. 4:15, 16, სსგ).
აქვს თუ არა ბიბლიური საფუძველი მარიამის გამოსახულებების თაყვანისცემას?
პასუხისთვის იხილეთ გვერდები 93—97, „გამოსახულებები (ხატები)“.
მიაგებდნენ მარიამს განსაკუთრებულ პატივს პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებაში?
მოციქული პეტრე თავის წერილებში არსად არ მოიხსენიებს მარიამს. არც მოციქულ პავლეს მოუხსენებია მისი სახელი ღვთისგან შთაგონებულ წერილებში. ერთ შემთხვევაში, სადაც პავლეს მარიამი ჰყავს მხედველობაში, ნახსენებია მხოლოდ „ქალი“ (გალ. 4:4).
როგორი დამოკიდებულება ჰქონდა თავად იესოს დედის მიმართ?
იოან. 2:3, 4, სსგ: «რაკი ღვინო შემოაკლდათ [კანაში გამართულ ქორწილში], იესოს დედამ უთხრა მას: ღვინო არა აქვთ. და უთხრა მას იესომ: მერედა, რა ჩემი და შენი საქმეა, დედაო [„რაჲ არს ჩემდა და შენდა, დედაკაცო“, უპ, ვეგ; „რა მე და შენ, დედაკაცო“, აფ]? ჯერ კიდევ არ დამდგარა ჩემი საათი» (ბავშვობაში იესო ემორჩილებოდა დედასა და მამობილს. მაგრამ, როცა გაიზარდა, თავაზიანად, თუმცა მტკიცედ თქვა უარი დედის მითითებებით ცხოვრებაზე. მარიამმა თავმდაბლურად გაითვალისწინა იესოს ნათქვამი).
ლუკ. 11:27, 28, სსგ: „ამას რომ ამბობდა [იესო], ერთმა ქალმა აიმაღლა ხმა ხალხში, და უთხრა მას: ნეტარ არს მუცელი, რომელმაც გიტვირთა შენ, და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი! ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას“ (ეს ნამდვილად კარგი შემთხვევა იყო იმისათვის, რომ იესოს განსაკუთრებული პატივი მიეგო დედისთვის. მაგრამ მან ეს არ გააკეთა).
საიდან იღებს სათავეს მარიამის თაყვანისცემა?
„მარიამის კულტს ერთ-ერთი უმთავრესი ადგილი ეკავა დასავლეთის ქვეყნების ისტორიაში . . . მარიამის თაყვანისცემა ქრისტიანობას აკავშირებს უძველეს რელიგიებთან, რომლებშიც გავრცელებული იყო დედა-ღვთაებების თაყვანისცემა“ („The Making of the Popes 1978“, ენდრიუ გრილი, აშშ, 1979, გვ. 227).
საინტერესოა ისიც, თუ ოფიციალურად სად აღიარეს მარიამი ღვთისმშობლად. «431 წელს ქალაქ ეფესოში, ღვთისმშობლის ბაზილიკაში გაიმართა მსოფლიო საეკლესიო კრება. ქალაქი, რომელიც განთქმული იყო არტემიდას ანუ დიანას (როგორც რომაელები უწოდებდნენ) თაყვანისცემით, ცით მოვლენილი მისი ქანდაკებითა და ძვ. წ. 330 წელს „დიადი დედისთვის“ მიძღვნილი ტაძრით, და რომელშიც გადმოცემის თანახმად დროებით ცხოვრობდა მარიამი, საუკეთესო ადგილი აღმოჩნდა მისთვის ღვთისმშობლის წოდების მისანიჭებლად» („The Cult of the Mother-Goddess“, ნიუ-იორკი, 1959, ე. ჯეიმსი, გვ. 207).
თუ ვინმე გეუბნება. . .
„გწამთ, რომ მარიამი ქალწული იყო?“
შეგიძლია ასე უპასუხო: „ბიბლია ნათლად ამბობს, რომ იესო ქრისტეს დედა ქალწული იყო და ჩვენ ეს გვჯერა. ქრისტეს მამა ღმერთი იყო. ბავშვი, რომელიც მარიამმა გააჩინა, ნამდვილად ღვთის ძე იყო, როგორც ანგელოზს ჰქონდა მისთვის ნათქვამი“ (ლუკ. 1:35). შემდეგ შეგიძლია უთხრა: „გიფიქრიათ იმაზე, თუ რატომ უნდა დაბადებულიყო იესო ასეთი სახით? . . ეს აუცილებელი იყო, რათა მას შესაბამისი გამოსასყიდი გაეღო სიკვდილისა და ცოდვისგან ჩვენ გასათავისუფლებლად“ (1 ტიმ. 2:5, 6; შემდეგ შეგიძლია წაუკითხო იოანეს 3:16).
ან შეგიძლია უთხრა: „დიახ, გვწამს. ჩვენ გვწამს ყველაფრის, რასაც ბიბლია მარიამზე ამბობს. მასში კი პირდაპირ წერია, რომ ის ქალწული იყო, როცა იესო გააჩინა. ბიბლია მარიამის შესახებ მხოლოდ ამას არ გვეუბნება და მისგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია“ (გამოიყენე 209-ე და 210-ე გვერდებზე მოცემული მასალა).
„თქვენ არ გწამთ, რომ მარიამი ქალწული იყო“.
შეგიძლია ასე უპასუხო: „დღეს ბევრს არ სჯერა, რომ ღვთის ძე ქალწულისგან იშვა. მაგრამ ჩვენ გვწამს, რომ ეს ნამდვილად ასე მოხდა“ (გადაუშალე ჩვენი რომელიმე წიგნი იმ ადგილზე, სადაც ეს საკითხი განიხილება). შემდეგ შეგიძლია უთხრა: „მაგრამ საკმარისია ეს გადასარჩენად? . . ყურადღება მიაქციეთ, რა უთხრა იესომ მამას ლოცვაში“ (იოან. 17:3).