ხსნა
განმარტება: საფრთხისგან ან სიკვდილისაგან თავის დაღწევა, გადარჩენა. ადამიანს შეიძლება სჭირდებოდეს ხსნა მჩაგვრელების ან მდევნელების ხელიდან. თავისი ძის მეშვეობით იეჰოვა ღმერთი ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს საშუალებას აძლევს, თავი დააღწიოს ბოროტ ქვეყნიერებას და ცოდვისა და სიკვდილის მონობას. „ბოლო დღეებში“ მცხოვრებ უამრავ ერთგულ მსახურს იეჰოვა იხსნის დიდი გასაჭირის დროს.
გადარჩება საბოლოოდ ყველა ადამიანი იმის წყალობით, რომ ღმერთი მიმტევებელია?
ამტკიცებს 2 პეტრეს 3:9 იმას, რომ ყველა გადარჩება? ამ მუხლში ვკითხულობთ: „არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად მიაჩნიათ, არამედ სულგრძელია თქვენდამი და არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ რომ ყველა მივიდეს მოსანანიებლად“ (ბსგ). ღმერთს სურს, რომ ადამის ყველა შთამომავალმა მოინანიოს. მან იზრუნა იმაზე, რომ მონანიების მსურველებს ცოდვების პატიების შესაძლებლობა ჰქონოდათ. მაგრამ ის არავის აძალებს ცოდვების მონანიებას (შეადარეთ მეორე კანონის 30:15—20). ბევრი არ იყენებს ამ შესაძლებლობას. ისინი ჰგვანან ადამიანს, რომელიც იხრჩობა, მაგრამ არ სურს მაშველის მიერ გადაგდებული რგოლის გამოყენება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოუნანიებლობის შემთხვევაში ადამიანი მარადიულად არ დაიტანჯება ჯოჯოხეთის ცეცხლში. როგორც 2 პეტრეს 3:9-დან ჩანს, ვინც არ მოინანიებს, დაიღუპება. მე-7 მუხლში (ბსგ) მოხსენიებულია ‘უღვთო კაცთა მოსპობა’. ეს მუხლი გამორიცხავს იმ აზრს, რომ ყველა გადარჩება (იხილეთ აგრეთვე „ჯოჯოხეთი“).
ამტკიცებს 1 კორინთელების 15:22 იმას, რომ საბოლოოდ ყველა ადამიანი გადარჩება? ამ მუხლში წერია: „როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში“ (ბსგ). კონტექსტიდან ვხედავთ, რომ აქ პავლე მკვდრეთით აღდგომაზე საუბრობდა. ვინ აღდგება? ყველა, ვინც მოკვდა ადამის ცოდვის გამო (იხილეთ 21-ე მუხლი), მაგრამ შეგნებულად არ სჩადიოდა ცოდვებს, რის შესახებაც ებრაელების 10:26—29-შია ლაპარაკი. როგორც იესო აღდგა (საქ. 2:31), ისე „გაცოცხლდება“ ყველა მკვდრეთით აღდგომის საშუალებით (გამოცხ. 1:18; 20:13). გადარჩება საბოლოოდ ყველა აღდგენილი? მათ ექნებათ ამის შესაძლებლობა, მაგრამ ყველა არ გამოიყენებს მას. იოანეს 5:28, 29-დან აშკარად ჩანს, რომ აღდგენილთაგან ზოგი არასასურველ განაჩენს დაექვემდებარება.
რა შეიძლება ითქვას იმ მუხლებზე (მაგალითად ტიტეს 2:11-ზე), რომლებშიც ზოგიერთი თარგმანის თანახმად „ყველას ხსნაზეა“ ლაპარაკი? მსგავს აზრს ვხვდებით ისეთ მუხლებშიც, როგორიცაა იოანეს 12:32, რომაელების 5:18 და 1 ტიმოთეს 2:3, 4 (სსგ, ბსგ, ბთი, აფ). ამ მუხლებში „ყველას“ ადგილზე ბერძნულ ტექსტში გვხვდება სიტყვა „პას“ სხვადასხვა ფორმით. ერთ თეოლოგიურ ლექსიკონში აღნიშნულია, რომ ეს სიტყვა შეიძლება აგრეთვე ნიშნავდეს „ყველანაირს ან მრავალგვარს“ („Expository Dictionary of New Testament Words“, ვაინი, ლონდონი, 1962, ტ. I, გვ. 46). ამრიგად, ზემოხსენებულ მუხლებში „ყველას“ ნაცვლად შეიძლება სიტყვა „ყველანაირის“ გამოყენება, როგორც ეს აქ-შია გაკეთებული. რომელია უფრო სწორი — „ყველა“ თუ „ყველანაირი“? რომელი ვარიანტი შეესაბამება მთელ ბიბლიას? მეორე ვარიანტი. ამ აზრს მხარს უჭერს საქმეების 10:34, 35, გამოცხადების 7:9, 10 და 2 თესალონიკელების 1:9 (შენიშვნა: ამ ბერძნულ სიტყვას სხვა თარგმანებიც იყენებენ ასეთი მნიშვნელობით. ამის მაგალითია მათეს 5:11 [„ყოველგვარი“, სსგ; „ყოველნაირად“, ბსგ, ბთი, აფ] და რომაელების 7:8 [„ყოველგვარი“, ბსგ, ბთი, აფ]).
წერია ბიბლიაში, რომ ზოგი არ გადარჩება?
2 თეს. 1:9, ბსგ: „ვინც სასჯელად მიიზღავს მარადიულ დაღუპვას უფლის პირისაგან და მისი ძლიერების დიდებისგან“ (კურსივი ჩვენია).
გამოცხ. 21:8, ბსგ: „მხდალთა და ურწმუნოთა, შებილწულთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ყველა ცრუთა ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლითა და გოგირდით, რომელიც მეორე სიკვდილია“.
მათ. 7:13, 14, ბსგ: „შედით ვიწრო კარიბჭით, ვინაიდან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისაკენ მიჰყავს, და მრავალნი დადიან მასზე. ვინაიდან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს, და მცირედნი ჰპოვებენ მას“.
ექნება ადამიანს გარანტირებული სამუდამო ხსნა, თუ ქრისტეს იწამებს?
იუდ. 5, ბსგ: „მინდა შეგახსენოთ, უკვე ყველაფრის მცოდნეთ, რომ უფალმა იხსნა ხალხი ეგვიპტის ქვეყნიდან და შემდეგ დაღუპა ურწმუნონი“ (კურსივი ჩვენია).
მათ. 24:13, ბსგ: „ბოლომდე დამთმენი კი გადარჩება“ (ასე რომ, ადამიანის საბოლოო გადარჩენის საკითხი მაშინ არ წყდება, როცა ის იწყებს ქრისტესადმი რწმენის გამოვლენას).
ფილ. 2:12, ბსგ: „როგორც ყოველთვის იყავით მორჩილნი, არა მარტო ჩემი ყოფნისას, არამედ უფრო მეტად ახლა, ჩემი არყოფნის დროს, შიშით და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად“ (როგორც ფილიპელების 1:1-დან ვხედავთ, ამ სიტყვებით პავლემ მიმართა ფილიპელ „წმიდებს“. მათ პავლემ მოუწოდა, რომ თავდაჯერებულნი არ ყოფილიყვნენ, რადგან არ ჰქონდათ გარანტირებული ხსნა).
ებრ. 10:26, 27, ბსგ: „თუ ჩვენ, მას აქეთ, რაც მივიღეთ ჭეშმარიტების შეცნობა, კვლავ ნებსით ვცოდავთ, აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვებისათვის, არამედ სამსჯავროს რაღაც საშინელი მოლოდინი და მოწინააღმდეგეთა შთანთქმისათვის გამზადებული შურის ცეცხლი“ (ზოგი ფიქრობს, რომ სერიოზული ცოდვების ჩადენის შემთხვევაშიც არ დაიღუპება, რადგან ღმერთმა უკვე „იხსნა“ ის. ეს მუხლები ადასტურებს, რომ ბიბლია არ უჭერს მხარს ამ აზრს. ღვთის სიტყვა ერთგულებისკენ მოგვიწოდებს. იხილეთ აგრეთვე ებრაელების 6:4—6, საიდანაც ჩანს, რომ წმინდა სულით ცხებულმა ადამიანმაც კი შეიძლება დაკარგოს გადარჩენის შესაძლებლობა).
საკმარისია მხოლოდ რწმენა გადასარჩენად?
ეფეს. 2:8, 9, ბთი: «ვინაიდან მადლით [„წყალობით“, აქ] ხართ გადარჩენილები, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგან კი არ არის, არამედ ღვთის ნიჭია. არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიკვეხნოს» (რომ არა ღვთის წყალობა, ვერავინ გადარჩებოდა. ადამის ვერც ერთი შთამომავალი ვერ დაიმსახურებს ხსნას, რაც არ უნდა კარგი საქმეები აკეთოს. ღმერთი „ჩუქნის“ ხსნას მათ, ვისაც სწამს, რომ მისი ძის მსხვერპლს ცოდვების გამოსყიდვის ძალა აქვს).
ებრ. 5:9, ბსგ: „იგი [იესო] სრულქმნილი, საუკუნო ხსნის მიზეზი შეიქმნა ყველა მისი მორჩილისათვის“ (კურსივი ჩვენია) (ეწინააღმდეგება ეს მუხლი იმ აზრს, რომ ქრისტიანების გადარჩენა „რწმენის მეშვეობით“ ხდება? არა. ისინი მორჩილებით ამტკიცებენ, რომ ნამდვილი რწმენა აქვთ).
იაკ. 2:14, 26, ბსგ: „ჩემო ძმებო, რა სარგებელია, თუ ვინმე იტყვის, რომ რწმენა აქვს, საქმენი კი არ გააჩნია? განა ამ რწმენას შეუძლია მისი ხსნა? რადგან, როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე, ასევე რწმენაც მკვდარია საქმეთა გარეშე“ (ადამიანი თავისი საქმეებით ვერ დაიმსახურებს ხსნას. მაგრამ ვისაც ნამდვილად აქვს რწმენა, შესაბამისად იმოქმედებს — საქმეებით დაამტკიცებს, რომ ემორჩილება ღვთისა და ქრისტეს მითითებებს და, ამგვარად, ავლენს რწმენასა და სიყვარულს. ასეთი საქმეების გარეშე რწმენა მკვდარია).
საქ. 16:30, 31, ბსგ: «„ბატონებო, რა ვქნა, რომ გადავრჩე?“ ხოლო მათ [პავლემ და სილამ] უთხრეს: „იწამე უფალი იესო და გადარჩები შენც და მთელი შენი სახლიც“» (თუ ამ კაცმა და მისმა ოჯახმა ნამდვილად იწამეს იესო, განა რწმენას საქმეებით არ დაამტკიცებდნენ?).
თუ ვინმე გეუბნება. . .
„მე მწამს ქრისტე და დარწმუნებული ვარ, რომ გადავრჩები“.
შეგიძლია ასე უპასუხო: „კარგია, რომ იესო ქრისტე გწამთ. იესომ თავის მიმდევრებს დაავალა ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგება და მეც ამიტომ მოვედი თქვენთან“ (მათ. 24:14). შემდეგ შეგიძლია უთხრა: 1) „რა არის ეს სამეფო? შეცვლის ის რამეს დედამიწაზე?“ (დან. 2:44). 2) „რა პირობები იქნება დედამიწაზე, როცა ღვთის სამეფო იზრუნებს ხალხზე?“ (ფსალმ. 37:11; გამოცხ. 21:3, 4).
ან შეგიძლია უთხრა: „ესე იგი, თქვენ გჯერათ ის, რაც საქმეების 4:12-ში წერია? . . როგორ ფიქრობთ, ვისგან გვაქვს მოცემული ეს სახელი?“ შემდეგ შეგიძლია უთხრა: 1) „იესო თვითონ გვცემს ამ კითხვაზე პასუხს“ (იოან. 17:3). 2) „იესომ თქვა, რომ მამის სახელი გამოუცხადა ადამიანებს (იოან. 17:6). რა ჰქვია ღმერთს? რა თვისებები აქვს მას?“ (გამ. 3:15; 34:5—7).
„დარწმუნებული ხართ, რომ გადარჩებით?“
შეგიძლია ასე უპასუხო: „მე მაქვს იმის იმედი, რომ გადავრჩები. მაგრამ ხვალ რა იქნება, არ ვიცი, რადგან ბიბლია გვირჩევს, რომ თავდაჯერებულები არ ვიყოთ. იცით, სად წერია ეს?“ (1 კორ. 10:12). შემდეგ შეგიძლია უთხრა: „რატომ გვაძლევს ბიბლია ასეთ გაფრთხილებას? ხელახლა დაბადებულ ქრისტიანებს, რომლებსაც ზეცაში ცხოვრების იმედი ჰქონდათ (ებრ. 3:1), მოციქულმა პავლემ მისწერა . . . (ებრ. 3:12—14). მტკიცენი რომ ვიყოთ რწმენაში, უფრო და უფრო მეტი უნდა გავიგოთ ბიბლიიდან“.
ან შეგიძლია უთხრა: „მე მწამს, რომ გადავრჩები. მაგრამ, როგორც ბიბლიიდან ჩანს, ხსნა მხოლოდ ზეციერ ცხოვრებასთან არ არის დაკავშირებული. დაფიქრებულხართ, თუ რა მნიშვნელობა აქვს გამოცხადების 7:9, 10, 14-ში ჩაწერილ სიტყვებს? . . აქედან გამომდინარე, მრავალი ადამიანი გადაურჩება დიდ გასაჭირს და დედამიწაზე იცხოვრებს“ (მათ. 5:5).
„აღიარებთ იესოს თქვენს მხსნელად?“
იხილე გვერდები 179, 180 („იესო ქრისტე“).
„თქვენ ამბობთ, რომ მხოლოდ 144 000 გადარჩება“.
შეგიძლია ასე უპასუხო: „საინტერესო საკითხი წამოჭერით. სინამდვილეში ჩვენ გვწამს, რომ გადარჩენის შესაძლებლობა აქვს ყველას, ვინც ნამდვილად ირწმუნებს, რომ იესოს მსხვერპლს აქვს ხსნის ძალა. თუმცა ბიბლიაში ნათქვამია, რომ მხოლოდ 144 000 ადამიანი წავა ზეცაში ქრისტესთან. წაგიკითხავთ ეს აზრი ბიბლიაში? . . ეს გამოცხადების 14:1, 3-ში წერია“. შემდეგ შეგიძლია უთხრა: 1) „რას გააკეთებენ ისინი ზეცაში?“ (გამოცხ. 20:6). 2) „თქვენი აზრით, ვის უნდა უხელმძღვანელონ მათ? . . “ (მათ. 5:5; 6:10).