სიკვდილი
განმარტება: ყველა სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტა. სუნთქვის, გულისცემისა და ტვინის ფუნქციონირების შეწყვეტის შემდეგ თანდათანობით წყდება უჯრედებში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესები. სიკვდილი სიცოცხლის საპირისპირო მდგომარეობაა.
სიკვდილისთვის შექმნა ღმერთმა ადამიანი?
იეჰოვამ გააფრთხილა ადამი, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მოკვდებოდა (დაბ. 2:17). მოგვიანებით ღმერთი აფრთხილებდა ისრაელებს, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო მათი ნაადრევი სიკვდილის მიზეზი (ეზეკ. 18:31). გარკვეული პერიოდის შემდეგ ღმერთმა თავისი ძე გამოგზავნა, რათა მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მიეცა ყველასთვის, ვინც რწმენას გამოავლენდა მის მიერ გაღებული მსხვერპლის მიმართ (იოან. 3:16, 36).
ფსალმუნის 90:10-ში ნათქვამია, რომ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, ჩვეულებრივ, 70—80 წელია. ეს ასე იყო მაშინ, როცა მოსე ამ სიტყვებს წერდა, თუმცა თავდაპირველად ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობდნენ (შეადარეთ დაბადების 5:3—32). ებრაელების 9:27-ში ვკითხულობთ: „ადამიანები კვდებიან ერთხელ“. ესეც ასე ხდებოდა, როცა ეს სიტყვები დაიწერა. მაგრამ, ვიდრე ღმერთი ცოდვილ ადამს განაჩენს გამოუტანდა, ყველაფერი სხვაგვარად იყო.
რატომ ბერდება და კვდება ადამიანი?
იეჰოვამ პირველი ადამიანები სრულყოფილები შექმნა. მათ შეეძლოთ მარადიულად ეცოცხლათ. ადამსა და ევას ნების თავისუფლება ჰქონდათ. დაემორჩილებოდნენ ისინი სიყვარულით შემოქმედს და გამოავლენდნენ მადლიერებას იმისათვის, რაც მან მათთვის გააკეთა? ეს მათ შესაძლებლობებს არ აღემატებოდა. ღმერთმა ადამს უთხრა: „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ, იმ დღესვე მოკვდები“. გველის მეშვეობით სატანამ ევას იეჰოვას ბრძანება დაარღვევინა. ნაცვლად იმისა, რომ დაეგმო ევას საქციელი, ადამმა თვითონაც შეჭამა აკრძალული ნაყოფი. იეჰოვამ თავისი სიტყვისამებრ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ადამს. მაგრამ მან გულმოწყალება გამოავლინა ადამისა და ევას მიმართ და, ვიდრე დაიხოცებოდნენ, შვილების ყოლის უფლება მისცა (დაბ. 2:17; 3:1—19; 5:3—5; შეადარეთ მეორე კანონის 32:4 და გამოცხადების 12:9).
რომ 5:12, 17, 19: „ერთი ადამიანის [ადამის] მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა . . . ერთი ადამიანის შეცოდების გამო სიკვდილი მეფობდა . . . ერთი კაცის ურჩობით გახდა ბევრი ცოდვილი“.
1 კორ. 15:22: „ადამში კვდება ყველა“.
იხილეთ აგრეთვე „ბედისწერა“.
რატომ კვდებიან ბავშვები?
ფსალმ. 51:5: „დანაშაულში დავიბადე მშობიარობის ტკივილებით და ცოდვაში ჩავესახე დედაჩემს“ (იხილეთ აგრეთვე იობის 14:4 და დაბადების 8:21).
რომ. 3:23; 6:23: „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას . . . ცოდვის საზღაური სიკვდილია“.
ღმერთს თავისთან არ მიჰყავს ბავშვები, როგორც ამას ზოგიერთი ამბობს. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე საკვების საკმარისი მარაგია, პოლიტიკური და კომერციული სისტემა ხშირად ხელს უშლის მის სათანადოდ განაწილებას, რის გამოც ბევრი შიმშილით იღუპება. ზოგი ბავშვი უფროსების მსგავსად უბედური შემთხვევის მსხვერპლი ხდება. ჩვენ ყველანი ცოდვილები და არასრულყოფილები ვართ. ჩვენ დავიბადეთ ქვეყნიერებაში, სადაც ყველა — როგორც კარგი, ისე ცუდი ადამიანი — ადრე თუ გვიან კვდება (ეკლ. 9:5). მაგრამ იეჰოვას ძალიან სურს, რომ მკვდრეთით აღდგომის მეშვეობით ბავშვები მშობლებს დაუბრუნოს. ამისათვის მან სიყვარულით უკვე ბევრი რამ გააკეთა (იოან. 5:28, 29; იობ. 14:14, 15; შეადარეთ იერემიას 31:15, 16 და მარკოზის 5:40—42).
სად მიდიან გარდაცვლილები?
დაბ. 3:19: „პიროფლიანი შეჭამ პურს, სანამ მიწას დაუბრუნდები, რადგან მისგან ხარ აღებული; მტვერი ხარ და მტვრადვე იქცევი“.
ეკლ. 9:10: „ყველაფერი, რასაც ხელს მოჰკიდებ, აკეთე მთელი შენი ძალით, რადგან არც საქმე, არც ჩანაფიქრი, არც ცოდნა და არც სიბრძნე არ არის სამარეში, სადაც მიდიხარ“.
რა მდგომარეობაში არიან მკვდრები?
ეკლ. 9:5: „ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან“.
ფსალმ. 146:4: «ამოსდის სული, თვითონ კი უბრუნდება მიწას, იმ დღეს ქრება მისი ფიქრები [„მისი აზრები“, ბსგ (145:4); „ყოველნი ზრახვანი მისნი“, ძვო (რმე-დ)]».
იოან. 11:11—14: «„ჩვენმა მეგობარმა ლაზარემ დაიძინა, მე მის გასაღვიძებლად მივდივარ“ . . . იესომ პირდაპირ უთხრა მათ: „ლაზარე მოკვდა“» (აგრეთვე ფსალმუნის 13:3).
განაგრძობს სული სიცოცხლეს სხეულის სიკვდილის შემდეგ?
ეზეკ. 18:4: «სული [„სული“, სსგ, ბსგ, მხ], რომელიც სცოდავს, მოკვდება».
ეს. 53:12: «სიკვდილს გადასცა თავისი სული [„სული“, ბსგ, მხ; „თავი“ სსგ]» (შეადარეთ მათეს 26:38).
იხილეთ აგრეთვე „სული“.
შეუძლიათ მკვდრებს, დაეხმარონ ან ზიანი მიაყენონ ცოცხლებს?
ეკლ. 9:6: „ქრება მათი სიყვარული, სიძულვილი და შური; რაც მზის ქვეშ ხდება, აღარაფერში აღარასოდეს ექნებათ წილი“.
ეს. 26:14: „ისინი მკვდრები არიან, ვერ იცოცხლებენ. უსიცოცხლოები არიან, ვერ ადგებიან“.
ზოგი, ვინც განსაზღვრული დროის მანძილზე „მკვდარი“ იყო, ამბობს, რომ საიქიო ცხოვრება ნახა. რა შეიძლება ითქვას ამაზე?
ჩვეულებრივ, სუნთქვისა და გულისცემის შეწყვეტიდან რამდენიმე წუთი გადის, სანამ უჯრედებში სასიცოცხლო პროცესების თანდათანობით შეჩერება დაიწყება. თუ სხეულს ძალიან ცივ ადგილზე მოათავსებენ, ეს პროცესი შეიძლება საათობით გაგრძელდეს. ამის გამო ზოგჯერ შესაძლებელია ადამიანის გამოცოცხლება გულ-ფილტვის რეანიმაციის მეშვეობით. ასეთ მდგომარეობას უწოდებენ „კლინიკურ სიკვდილს“, რომლის დროსაც სხეულის უჯრედები ჯერ კიდევ ცოცხალია.
ბევრ ადამიანს „კლინიკური სიკვდილის“ შემდეგ არაფერი ახსოვს. ზოგი ამბობს, რომ სასიამოვნო განცდები ჰქონდა ან ულამაზესი სანახაობა ნახა, ზოგი კი შიშით იხსენებს განცდილს.
აქვს რაიმე ახსნა ამ მოვლენას მედიცინაში?
ერთ გაზეთში ეწერა: „როდესაც სასიცოცხლო პროცესები მაქსიმალურად ქვეითდება (როგორც, მაგალითად, ანესთეზიის, ზოგიერთი დაავადების ან ტრავმის შემთხვევაში ხდება), შესაბამისად ქვეითდება ორგანიზმის ფუნქციათა თვითრეგულაციაც. შედეგად, ნერვული სისტემა დიდი რაოდენობით გამოყოფს ნეიროჰორმონებსა და კატექოლამინებს. სხვა ნიშნებთან ერთად, ეს იწვევს ჰალუცინაციას. ცნობიერების დაბრუნების შემდეგ კი ადამიანი ამბობს, რომ ის მკვდარი იყო და გაცოცხლდა“ („The Arizona Republic“, 28 მაისი, 1977, გვ. C-1; აგრეთვე „Fortschritte der Medizin“, №41, 1979 და „Psychology Today“, იანვარი, 1981).
განა არ ამტკიცებს „საიქიოდან დაბრუნებულთა“ სიტყვებს იმ ადამიანთა შემთხვევები, რომლებსაც გარდაცვლილი ახლობლები გამოეცხადნენ და ელაპარაკნენ?
კიდევ ერთხელ წაიკითხეთ მუხლები, რომლებიც ზემოთ იყო ციტირებული მკვდრების მდგომარეობასთან დაკავშირებით. რას ამბობს ღვთის ჭეშმარიტი სიტყვა მკვდრების მდგომარეობაზე?
ვინ არის დაინტერესებული იმით, რომ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა შეუქმნას? მას შემდეგ, რაც იეჰოვამ გააფრთხილა ადამი და ევა, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მოკვდებოდნენ, ვინ გამოთქვა საპირისპირო აზრი? «გველმა [რომელსაც სატანა ალაპარაკებდა; იხილეთ გამოცხადების 12:9] უთხრა ქალს: „არა, არ მოკვდებით“» (დაბ. 3:4). ადამი და ევა ნამდვილად მოკვდნენ. აქედან გამომდინარე, ვის უნდა გაევრცელებინა ის აზრი, რომ ადამიანის სხეულის სიკვდილის შემდეგ სული აგრძელებს არსებობას? როგორც უკვე დავინახეთ, ეს შეხედულება არ ეთანხმება ღვთის სიტყვას. ძველი ისრაელისთვის მიცემული ღვთის კანონი მკვდართა გამოკითხვის ჩვეულებას „უწმინდურებასა“ და „სისაძაგლეს“ უწოდებდა (ლევ. 19:31; კან. 18:10—12; ეს. 8:19). ღმერთს უყვარს ადამიანები. განა დაგმობდა ის ჩვეულებას, რომელიც მათ გარდაცვლილ ახლობლებთან ურთიერთობის საშუალებას მისცემდა? მეორე მხრივ, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ დემონები ანუ ბოროტი სულები მიცვალებულების სახით ევლინებიან ადამიანებს, რათა შეცდომაში შეიყვანონ და სიცრუე დააჯერონ. ღმერთი კი იცავს თავის მსახურებს ასეთი სიცრუისგან, რაც ნამდვილად მეტყველებს მის სიყვარულზე (ეფეს. 6:11, 12).
რატომ არ მონაწილეობენ იეჰოვას მოწმეები გლოვის ტრადიციულ წეს-ჩვეულებებში?
ნორმალურია, თუ ადამიანი გლოვობს ახლობლის დაღუპვას და მწუხარებას სათანადოდ გამოხატავს.
„იესო აცრემლდა“, როცა მისი ახლო მეგობარი ლაზარე მოკვდა (იოან. 11:35). ზოგჯერ ღვთის მსახურები დიდ მწუხარებას გამოხატავდნენ (2 სამ. 1:11, 12).
ქრისტიანებს აღდგომის იმედი აქვთ. ამიტომ ბიბლიაში წერია: „არ გვინდა, ძმებო, არ იცოდეთ სიკვდილის ძილით მიძინებულთა შესახებ, რათა არ წუხდეთ დანარჩენებივით, რომლებსაც იმედი არ გააჩნიათ“ (1 თეს. 4:13).
იეჰოვას მსახურები არ უარყოფენ სიკვდილთან დაკავშირებულ ყველა წეს-ჩვეულებას.
დაბ. 50:2, 3: „უბრძანა იოსებმა თავის მსახურებსა და მკურნალებს, რომ დაებალზამებინათ მამამისი . . . ორმოცი დღე აბალზამებდნენ, რადგან ამდენი დღეა საჭირო ბალზამირებისთვის“.
იოან. 19:40: „იესოს ცხედარი გაახვიეს და სახვევებში სურნელოვანი მცენარეები ჩაატანეს დასაკრძალავად მომზადების ჩვეულების თანახმად, რომელიც იუდეველებს აქვთ“.
ვისაც სურს, ასიამოვნოს ღმერთს, არ მონაწილეობს იმ წეს-ჩვეულებებში, რომლებსაც ბიბლია არ ამართლებს.
ზოგი ჩვეულებით, ადამიანმა სხვების დასანახად უნდა იგლოვოს. მაგრამ იესომ თქვა: „როცა მარხულობთ [მწუხარების გამო], ნუღარ მიიღებთ დაღვრემილ სახეს თვალთმაქცებივით, რადგან ისინი სახეებს იღუშავენ, რათა სხვებს დაანახვონ, რომ მარხულობენ. ჭეშმარიტებას გეუბნებით: მათ უკვე სრულად მიიღეს თავიანთი საზღაური. შენ კი, როცა მარხულობ, თავზე ზეთი იცხე და პირი დაიბანე, რათა სხვებმა კი არ დაგინახონ, რომ მარხულობ, არამედ დაფარულში მყოფმა შენმა მამამ, და მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ“ (მათ. 6:16—18).
ზოგ წეს-ჩვეულებას საფუძვლად უდევს იმის რწმენა, რომ ადამიანს აქვს უკვდავი სული, რომელიც განაგრძობს სიცოცხლეს და რომელმაც იცის, თუ რას აკეთებენ ცოცხლები. მაგრამ ბიბლიაში წერია: „მკვდრებმა . . . არაფერი იციან“ (ეკლ. 9:5). „სული, რომელიც სცოდავს, მოკვდება“ (ეზეკ. 18:4).
ბევრ წეს-ჩვეულებას იმ რწმენით ასრულებენ, რომ გარდაცვლილები ცოცხლებისგან დახმარებას საჭიროებენ; ზოგი შიშობს, რომ გარდაცვლილები ცოცხლებს ზიანს მიაყენებენ, თუ მათზე არ იზრუნებენ. მაგრამ ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, რომ მკვდრები არც ტკივილს განიცდიან და არც სიამოვნებას. „ამოსდის სული, თვითონ კი უბრუნდება მიწას, იმ დღეს ქრება მისი ფიქრები“ (ფსალმ. 146:4; იხილეთ აგრეთვე 2 სამუელის 12:22, 23). „ქრება მათი სიყვარული, სიძულვილი და შური; რაც მზის ქვეშ ხდება, აღარაფერში აღარასოდეს ექნებათ წილი“ (ეკლ. 9:6).
თუ ვინმე გეუბნება. . .
„ეს ღვთის ნებაა“.
შეგიძლია ასე უპასუხო: „ბევრი ფიქრობს ასე. მე ძალიან დამეხმარა იმის გამოკვლევა, რასაც თავად ღმერთი ამბობს ამ საკითხზე“. შემდეგ შეგიძლია უთხრა: 1) „(წაიკითხე დაბადების 2:17) დავუშვათ, მამა შვილს აფრთხილებს, რომ გარკვეული მოქმედება სიცოცხლის ფასად დაუჯდება. ნიშნავს ეს იმას, რომ მამას შვილის სიკვდილი სურს?“ 2) «რა არის სინამდვილეში ღვთის ნება ადამიანებისთვის? იესომ თქვა: „მამაჩემის ნება ის არის, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს [ანუ გონების თვალით დაინახავს და აღიარებს, რომ იესო ნამდვილად ღვთის ძეა] და ირწმუნებს, მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს“» (იოან. 6:40).
„სანამ ადამიანი არსებობს, სიკვდილი ყოველთვის იქნება“.
შეგიძლია ასე უპასუხო: „დღემდე ეს ნამდვილად ასე ხდება“. შემდეგ შეგიძლია უთხრა: „ნახეთ, რას გვპირდება ღმერთი გამოცხადების 21:3, 4-ში (ან ესაიას 25:8-ში)“.
„ვისაც როდის გვიწერია, მაშინ მოვკვდებით“.
შეგიძლია ასე უპასუხო: „ამას ბევრი ამბობს. სხვათაშორის, ძველ საბერძნეთშიც ბევრს ჰქონდა ასეთი აზრი. მათ სჯეროდათ, რომ არსებობდა სამი ქალღმერთი, რომლებიც ადგენდნენ, ვინ რამდენ ხანს იცოცხლებდა. თუმცა ბიბლია სულ სხვა რამეს ამბობს“. შემდეგ შეგიძლია უთხრა: 1) „(წაიკითხე ეკლესიასტეს 9:11) მაგალითი: ვთქვათ, შენობიდან აგური ჩამოვარდა და გამვლელს დაეცა. ღვთის განგებით მოხდა ეს? თუ ასეა, სამართლიანი იქნებოდა შენობის მესაკუთრის დადანაშაულება? . . ბიბლიიდან გამომდინარე, გამვლელი გაუთვალისწინებელი შემთხვევის მსხვერპლი გახდა, რადგან ზუსტად აგურის ჩამოვარდნის დროს მოხვდა იქ“. 2) „ბიბლია გვეუბნება, როგორ გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს (იგავ. 16:17). თუ შვილები გყავთ, დარწმუნებული ვარ, ეუბნებით მათ, რას უნდა მოერიდონ, რომ საფრთხეში არ ჩაიგდონ სიცოცხლე. დღეს იეჰოვა ღმერთი მსგავსად აფრთხილებს ადამიანებს“. 3) „იეჰოვამ იცის, რა მოხდება მომავალში. ბიბლიის საშუალებით ის გვეუბნება, როგორ შეგვიძლია სიცოცხლის გახანგრძლივება მათგან განსხვავებით, ვინც არ უსმენს მას“ (იოან. 17:3; იგავ. 12:28) (იხილე აგრეთვე „ბედისწერა“).