თავი 9
როგორ გავუძლო ცდუნებას?
კარინა წვეულებაზე ათიოდე წუთის მისული იქნებოდა, როდესაც ოთახში ორი ბიჭი შემოვიდა; ხელში სავსე ქაღალდის პარკები ეჭირათ. კარინამ კარგად იცოდა, რა იდო ამ პარკებში. მას ყური ჰქონდა მოკრული, რომ ეს ბიჭები „ბევრი სასმლის“ მიტანას აპირებდნენ.
უცებ კარინას ზურგს უკან ნაცნობი ხმა მოესმა: „რა ცხვირჩამოშვებული დგახარ?“ კარინა მობრუნდა და დაინახა თავისი მეგობარი ჯესიკა, რომელსაც ხელში ახალი გახსნილი ორი ლუდის ბოთლი ეჭირა. ჯესიკამ ერთი ბოთლი გაუწოდა და უთხრა: „ახლა არ მითხრა, ჩემთვის ჯერ ადრეა ლუდის სმაო!“
კარინას უარის თქმა უნდოდა, მაგრამ ზეწოლა უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე მოელოდა. ჯესიკა მისი მეგობარია, თანაც კარინას არ უნდა, რომ მთელი წვეულება „ცხვირჩამოშვებულის“ როლში იყოს. გარდა ამისა, ჯესიკა ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვისზეც შეიძლებოდა იმის თქმა, რომ კარგი გოგოა. და, თუ ის სვამდა, განა არ შეიძლებოდა, თვითონაც დაელია?! „ეს ხომ ლუდია და სხვა არაფერი — არწმუნებდა საკუთარ თავს კარინა. — ეს ხომ არც ნარკოტიკია და არც სექსი“.
ახალგაზრდა შეიძლება სხვადასხვა ცდუნების წინაშე აღმოჩნდეს. ხშირად ცდუნებად შეიძლება საპირისპირო სქესის ადამიანთან ურთიერთობა იქცეს. „სკოლაში გოგოები სულ თავს დამტრიალებენ, — ამბობს 17 წლის რემონი. — ზედ მეტმასნებიან; აინტერესებთ, რამდენის უფლებას მივცემ. ვერ ეგუებიან იმას, რომ მათთან არანაირი ურთიერთობა არ მინდა“. იმავე დღეში ჩავარდა 17 წლის დიანაც: „ერთი ბიჭი მოვიდა და ხელი მომხვია. ვუთხარი, რას აკეთებ, მე ხომ არც კი გიცნობ-მეთქი, და ხელი ვკარი!“
შეიძლება შენც დგები ხოლმე ცდუნებების წინაშე და ფიქრობ, რომ სულ ასე გაგრძელდება. განსაცდელი შეიძლება აბეზარ სტუმარს შევადაროთ, რომელიც ყურადღებას არ აქცევს კარზე გამოკრულ წარწერას „ნუ შემაწუხებთ!“ და დაჟინებით აკაკუნებს. ხშირად ხომ არ გესმის ასეთი „კაკუნი“? მაგალითად, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ცდუნება „გიკაკუნებს“ კარზე?
□ სიგარეტის მოწევა
□ პორნოგრაფიის ყურება
□ ალკოჰოლური სასმელების დალევა
□ მრუშობა
□ ნარკოტიკების მიღება
□ სხვა ․․․․․
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე აღნიშნე, ნუ დაასკვნი, რომ არ გამოგივა ქრისტიანული ნორმების შესაბამისად ცხოვრება. შენ შეგიძლია ისწავლო არასწორი სურვილების გაკონტროლება და ცდუნებებთან გამკლავება. როგორ? პირველ რიგში გავიგოთ, რატომ ვდგებით ცდუნების წინაშე. განვიხილოთ სამი ფაქტორი.
1. არასრულყოფილება. გასაკვირი არ არის, რომ არასრულყოფილ ადამიანს ცუდის კეთების სურვილი აქვს. მოწიფულმა ქრისტიანმა, მოციქულმა პავლემაც გულწრფელად აღიარა: „მინდა ვაკეთო, რაც სწორია, მაგრამ თან მდევს ცუდი“ (რომაელები 7:21). ცხადია, შეიძლება ყველაზე პატიოსანი ადამიანიც დროდადრო „ხორცის სურვილმა“ და „თვალთა სურვილმა“ აიყოლიოს (1 იოანე 2:16). მაგრამ, თუ კაცი გამუდმებით არასწორზე ფიქრობს, თავს უფრო რთულ მდგომარეობაში ჩაიგდებს. ბიბლიაში ნათქვამია: „სურვილი . . . როცა განაყოფიერდება, შობს ცოდვას“ (იაკობი 1:15).
2. გარემოს გავლენა. სადაც კი გაიხედავ, ყველგან შეიძლება ცდუნების წინაშე დადგე. თრუდი ამბობს: „სკოლაში თუ სამუშაოზე, ხალხი სექსის გარდა არაფერზე ლაპარაკობს. ტელეგადაცემებსა თუ ფილმებში სექსი ყოველთვის მიმზიდველად არის წარმოჩენილი, ხოლო სექსის უარყოფით შედეგებს იშვიათად თუ წარმოაჩენენ“. თრუდიმ საკუთარი გამოცდილებიდან დაინახა, თუ რამხელა გავლენის მოხდენა შეუძლიათ როგორც თანატოლებს, ისე მედიას. ის იხსენებს: „როცა 16 წლის ვიყავი, თავი შეყვარებული მეგონა. დედამ დამსვა და მითხრა, რომ თუ ასე გავაგრძელებდი, დაფეხმძიმება არ ამცდებოდა. გავბრაზდი, დედაჩემმა ჩემზე ასეთი რამ როგორ გაიფიქრა-მეთქი! ორი თვის შემდეგ მართლაც დავფეხმძიმდი“.
3. „ახალგაზრდული სურვილები“ (2 ტიმოთე 2:22). ამ სიტყვებში ახალგაზრდებისთვის დამახასიათებელი ნებისმიერი სურვილი იგულისხმება. ეს შეიძლება იყოს სხვების თვალში ამაღლების ან ჩამოყალიბებულ ადამიანად მიჩნევის სურვილი. ამგვარ სურვილებში თავისთავად ცუდი არაფერია, მაგრამ, თუ არ გააკონტროლე, შეიძლება გაგიჭირდეს ცდუნებასთან გამკლავება. მაგალითად, საკუთარი ინდივიდუალობის ხაზგასმის სურვილმა შეიძლება უარი გათქმევინოს იმ ფასეულობებზე, რომლებიც მშობლებმა ჩაგინერგეს. სწორედ ეს დაემართა 17 წლის სტივს. ის იხსენებს: „მონათვლიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ მშობლებს არ ვუჯერებდი და ყველაფერს მათი ნების საწინააღმდეგოდ ვაკეთებდი“.
როგორ უნდა გაუძლო ცდუნებას?
გულახდილად რომ ვთქვათ, ზემოთ ჩამოთვლილი ცდუნებების გაძლება საკმაოდ რთულია. მიუხედავად ამისა, შენ შეგიძლია ამის გაკეთება. როგორ?
● პირველ რიგში, გაარკვიე, რომელი ცდუნების გაძლება გიჭირს ყველაზე მეტად (შეიძლება ეს უკვე აღნიშნე 65-ე გვერდზე).
● შემდეგ საკუთარ თავს დაუსვი კითხვა: ყველაზე ხშირად როდის ვდგები ამ ცდუნების წინაშე? პასუხი ამ ნიშნით ✔ აღნიშნე.
□ სკოლაში
□ როდესაც მარტო ვარ
□ სამსახურში
□ სხვა ․․․․․
იმის ცოდნა, თუ როდის დგები ცდუნების წინაშე, დაგეხმარება თავი აარიდო მას. მაგალითად, განვიხილოთ ამ თავის დასაწყისში მოხსენიებული სიტუაცია. რით შეიძლებოდა კარინა მიმხვდარიყო, რომ ამ შეხვედრაზე ყველაფერი რიგზე არ იქნებოდა?
․․․․․
როგორ შეეძლო ცდუნების თავიდან არიდება?
․․․․․
● როდესაც იცი, რა ცდუნების წინაშე დადგები და როდის, მზად უნდა იყო მოქმედებისთვის. ჯერ უნდა განსაზღვრო, როგორ შეგიძლია მინიმუმამდე დაიყვანო ან აღმოფხვრა ცდუნების წინაშე აღმოჩენის შესაძლებლობა. ჩამოწერე, რისი გაკეთება შეგიძლია.
․․․․․
(მაგალითები: თუ გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ყოველდღე გხვდებიან თანასკოლელები, რომლებიც მოწევას გთავაზობენ, შეგეძლო სხვა გზით წასულიყავი სახლში და ასე აგერიდებინა მათთან შეხვედრა. თუ უცნობი პირებისგან ინტერნეტით ხშირად იღებ პორნოგრაფიულ მასალას, შეგიძლია დააყენო პროგრამა, რომელიც დაბლოკავდა ყველა მსგავს გზავნილს თუ საიტს. აგრეთვე, ინტერნეტში მასალის ძიებისას შეგეძლო უფრო კონკრეტული სიტყვები შეგეყვანა).
ცხადია, ყველა ცდუნების არიდება შეუძლებელია. ადრე თუ გვიან, დადგები რომელიმე დიდი ცდუნების წინაშე და ეს, ალბათ, მაშინ მოხდება, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელი. რას გააკეთებ მაშინ?
მზად იყავი
როცა „სატანა ცდილობდა ეცდუნებინა“, იესომ მაშინვე უკუაგდო მისი შემოთავაზება (მარკოზი 1:13). რატომ? იმიტომ, რომ მან კარგად იცოდა, ვისი მხარე ეკავა საკამათო საკითხში. იესოს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ყოველთვის მამის ნება შეესრულებინა (იოანე 8:28, 29). მან ბოლომდე შეასრულა თავისი სიტყვები: „ზეციდან ჩემი ნების შესასრულებლად კი არ ჩამოვსულვარ, არამედ ჩემი გამომგზავნელისა“ (იოანე 6:38).
მომდევნო გვერდზე ჩამოწერე ორი მიზეზი, რის გამოც არ უნდა აჰყვე ცდუნებას, რომლის წინაშეც ყველაზე ხშირად დგები, და ორი სტრატეგია, რომლებსაც ამ ცდუნებასთან გასამკლავებლად გამოიყენებ.
რატომ არ უნდა აჰყვე ცდუნებას:
1 ․․․․․
2 ․․․․․
რა სტრატეგიას გამოიყენებ:
1 ․․․․․
2 ․․․․․
გახსოვდეს, როდესაც ცდუნებას ჰყვები, საკუთარი სურვილის მონა ხდები (ტიტე 3:3). რატომ უნდა ბატონობდეს შენზე შენი სურვილები? შენ თვითონ მართე ისინი, და ნუ მისცემ შენი მართვის უფლებას! (კოლოსელები 3:5). განაგრძე ლოცვა, რომ შეძლო შენი სურვილების გაკონტროლება (მათე 6:13)a.
წაიკითხე დამატებითი მასალა მე-2 ტომის მე-15 თავში.
ამ ბოლო დროს სისუსტეს ხომ არ უჩივი? გაიგე, როგორ გაიუმჯობესო ჯანმრთელობა და დაიბრუნო ენერგია!
[სქოლიო]
a იხილე აგრეთვე ამავე წიგნის 33-ე და 34-ე თავები.
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„ღმერთი ერთგულია და არ დაუშვებს ისეთ ცდუნებას, რომელიც თქვენს შესაძლებლობას აღემატება, და გამოსავალსაც მოგცემთ, რომ მოითმინოთ“ (1 კორინთელები 10:13).
რჩევა
გამოიყენე წიგნის „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ (ტომი 2) 132-ე და 133-ე გვერდებზე მოცემული „ჩემი სამოქმედო გეგმა“, რათა წინასწარ განსაზღვრო, თუ რას ეტყვი მას, ვინც ცუდი საქციელისკენ გიბიძგებს.
იცოდი, რომ . . . ?
მართალია, ღმერთმა იწინასწარმეტყველა, რომ იესო ერთგულებას შეინარჩუნებდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის იყო რობოტი და მასში მორჩილება იყო „ჩაპროგრამებული“. მას ჰქონდა ნების თავისუფლება. ერთგულების შენარჩუნება მისი არჩევანი იყო და არა წინასწარ განსაზღვრული შედეგი. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ლოცულობდა იგი გამუდმებით განსაცდელების დროს (ებრაელები 5:7).
რა უნდა გავაკეთო
კარგად რომ ვიყო მომზადებული ცდუნებასთან გასამკლავებლად, მე ․․․․․
რომელ ადამიანებს, ადგილებსა და გარემოებებს მოვერიდებოდი? ․․․․․
რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․
როგორ ფიქრობ?
● შეიძლება თუ არა სრულყოფილი ქმნილებები ცდუნებას აჰყვნენ? (დაბადება 6:1—3; იოანე 8:44).
● როდესაც ცდუნებას უძლებ, როგორ მოქმედებს შენი ერთგულება სხვებზე? (იგავები 27:11; 1 ტიმოთე 4:12).
[ჩანართი 68 გვერდზე]
„მეხმარება იმაზე ფიქრი, რომ სამყაროში უძლიერესი პიროვნების მხარდაჭერა მაქვს და შემიძლია მას დახმარებისთვის ნებისმიერ დროს მივმართო“ (კრისტოფერი).
[ჩარჩო⁄სურათი 67 გვერდზე]
ჩაატარე ექსპერიმენტი
აიღე კომპასი და ისე დაიჭირე, რომ მისი ისარი ჩრდილოეთისკენ იყოს მიმართული. ახლა კომპასის გვერდით მაგნიტი დაიჭირე. რა მოხდება? ისარი სწორ მიმართულებას აღარ გიჩვენებს — ის მაგნიტისკენ გადაიხრება.
შენი სინდისიც კომპასივითაა. სწორად განსწავლული სინდისი „ჩრდილოეთისკენ“ იქნება მიმართული და გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარება. მაგრამ საზიანო ურთიერთობები მაგნიტივით შეუცვლის შენს სინდისს „მიმართულებას“ და შენს ზნეობრივ ნორმებს დააკნინებს. რისი სწავლა შეგიძლია ამ მაგალითიდან? მოერიდე იმ ადამიანებსა თუ სიტუაციებს, რომლებიც შენს ზნეობრივ ნორმებს დააკნინებენ (იგავები 13:20).
[სურათი 69 გვერდზე]
როდესაც ცდუნებას ჰყვები, საკუთარი სურვილის მონა ხდები.