-
1 რატომ?საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 ოქტომბერი
-
-
ლოცვა
1 რატომ?
ლოცვა ერთ-ერთია იმ საკითხთა შორის, რომელიც ადამიანებში დიდ ინტერესს იწვევს. მოდი ვიმსჯელოთ იმ შვიდ ძირითად კითხვაზე, რომლებიც ადამიანებს ლოცვასთან დაკავშირებით უჩნდებათ, და ერთად გამოვიკვლიოთ ბიბლიური პასუხები ამ კითხვებზე. ეს სტატიები დაგეხმარებათ, დაიწყოთ ლოცვა ან თუ ლოცულობთ, გააუმჯობესოთ თქვენი ლოცვები.
ლოცვა მრავალი კულტურისა და რელიგიის განუყოფელი ნაწილია. ზოგი მარტო ლოცულობს, ზოგი ჯგუფურად. სალოცავად ზოგი ეკლესიაში მიდის, ზოგი ტაძარში, ზოგი სინაგოგასა თუ მეჩეთში. ლოცვისთვის ყველა სხვადასხვა რამეს იყენებს — ხალიჩას, კრიალოსანს, სალოცავ ბორბალს, ხატებს, ლოცვანს ან დაფებზე დაწერილ ლოცვებს, რომლებსაც კედლებზე ჰკიდებენ.
დედამიწაზე მცხოვრები სხვა ყველა ცოცხალი არსებისგან ადამიანი იმით განსხვავდება, რომ შეუძლია ღმერთს ლოცვით მიმართოს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ცხოველებთან ბევრი რამ გვაქვს საერთო. მაგალითად, მათ მსგავსად ჩვენც გვჭირდება საკვები, ჰაერი და წყალი; ჩვენც ვიბადებით, ვცოცხლობთ და ვკვდებით (ეკლესიასტე 3:19). მაგრამ ლოცვით მხოლოდ ჩვენ ვლოცულობთ. რატომ?
მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენში ჩადებულია ამის მოთხოვნილება. საყოველთაოდ მიჩნეულია, რომ ლოცვა არის საშუალება, რომელიც ადამიანს აკავშირებს სულიერ სამყაროსთან ანუ იმასთან, რასაც ის წმინდად და მარადიულად მიიჩნევს. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ადამიანი შექმნილია ზებუნებრივ ძალასთან დაკავშირების სურვილით (ეკლესიასტე 3:11). იესო ქრისტემ თქვა: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3).
მაშ, სხვა რით შეიძლება აიხსნას ამდენი რელიგიური ნაგებობისა თუ ნივთის არსებობა და ლოცვაში გატარებული უამრავი საათი, თუ არა სულიერისკენ ადამიანის სწრაფვით? ზოგი სულიერი წყურვილის მოკვლას საკუთარი ძალებით ცდილობს, ზოგი — სხვების დახმარებით. მაგრამ, ალბათ, არაერთხელ გიგრძვნიათ, რომ ადამიანის შესაძლებლობები შეზღუდულია. ჩვენ საკმაოდ უმწეოები და წინდაუხედავები ვართ. გარდა ამისა, ჩვენი სიცოცხლეც საკმაოდ ხანმოკლეა. მხოლოდ მას, ვინც მარადიულია, ჩვენზე ბრძენი და ძლიერია შეუძლია მოგვცეს ის, რაც გვჭირდება. რა არის სულიერი მოთხოვნილება, რომელიც ლოცვისკენ აღგვძრავს?
არასდროს გიგრძვნიათ, რომ გჭირდებათ სწორი მიმართულება, გონივრული რჩევა ან კითხვებზე პასუხი, რომელსაც ვერც ერთი ადამიანი ვერ მოგცემთ? არ გაგჩენიათ იმის სურვილი, რომ ვინმემ განუგეშოთ, როცა საყვარელი ადამიანის დაკარგვის გამო იტანჯებით? ან რჩევა მოგცეთ, როცა რთული გადაწყვეტილების წინაშე დგახართ? ან გაპატიოთ დანაშაული, როცა სინდისი გქენჯნით?
როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ეს ყველაფერი ლოცვისთვის კარგ საბაბს გვაძლევს. ამ საკითხში ყველაზე სანდო წიგნი ბიბლიაა, რომელშიც მრავალი ერთგული ადამიანის ლოცვაა ჩაწერილი. ისინი ლოცვით ითხოვდნენ ნუგეშს, ხელმძღვანელობას, პატიებას და პასუხს ურთულეს კითხვებზე (ფსალმუნი 23:3; 71:21; დანიელი 9:4, 5, 19; აბაკუმი 1:3).
მართალია, ეს მლოცველები სრულიად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, მაგრამ მათ რაღაც საერთოც ჰქონდათ. მათი ლოცვა შესმენილ იქნა, რადგან გამოირჩეოდა იმით, რასაც დღეს ბევრი ყურადღებას არ აქცევს. მათ იცოდნენ, ვისთვის უნდა მიემართათ ლოცვით.
-
-
2 ვის მიმართ?საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 ოქტომბერი
-
-
ლოცვა
2 ვის მიმართ?
დღეს მსოფლიოში მრავალი ფიქრობს, რომ მათი ლოცვები შესმენილი იქნება იმისდა მიუხედავად, ვის მიმართავენ ლოცვით. ამ აზრს იზიარებენ ეკუმენური მოძრაობის მხარდამჭერებიც, რომელთაც სხვადასხვა რელიგიების გაერთიანება სურთ. მაგრამ, რამდენად შეესაბამება მათი მოსაზრება რეალობას?
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მრავალი ლოცვით არ მიმართავს მას, ვისაც სინამდვილეში უნდა მიმართავდეს. იმ დროს, როცა ბიბლია იწერებოდა, უმეტესობა ლოცვით ქანდაკებებს მიმართავდა, რისი კეთებაც ღმერთმა მათ არაერთხელ აუკრძალა. მაგალითად კერპების შესახებ ფსალმუნის 115:4—6-ში წერია: „ყურები აქვთ და არ ესმით“. აქედან გამომდინარე, რატომ უნდა მივმართოთ ლოცვით მას, ვისაც არაფერი ესმის?
ერთი ბიბლიური ისტორია ამ საკითხს მეტ ნათელს ჰფენს. ღვთის წინასწარმეტყველმა ელიამ ბაალის წინასწარმეტყველებს შესთავაზა, რომ მათ თავიანთი ღმერთისთვის მიემართათ ლოცვით, ელია კი თავის ღმერთს მიმართავდა. ელიამ თქვა, რომ ცრუ ღმერთისგან განსხვავებით ლოცვას მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთი შეისმენდა. ბაალის წინასწარმეტყველები დათანხმდნენ ელიას წინადადებას და თავიანთ ღმერთს დიდხანს და მონდომებით მიმართავდნენ; ისინი მთელი ხმით ყვიროდნენ კიდეც, მაგრამ უშედეგოდ. ბიბლიაში წერია: „არც ხმა იყო, არც პასუხი და არც არანაირი გამოხმაურება“ (1 მეფეები 18:29). მაგრამ, რა მოხდა, როცა ელიამ ილოცა?
ლოცვის დამთავრებისთანავე ზეციდან ცეცხლი ჩამოვარდა და შთანთქა ელიას შესაწირავი, რაც იმის ნიშანი იყო, რომ ღმერთმა შეისმინა მისი ლოცვა. რა იყო ამის მიზეზი? ელიას ლოცვა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორის გამო იყო შესმენილი, რაც კარგად ჩანს 1 მეფეების 18:36, 37-დან. მოკლე ლოცვაში, რომელიც ებრაულად მხოლოდ 30 სიტყვისგან შედგებოდა, მან სამჯერ მოიხსენია ღვთის სახელი, იეჰოვა.
ქანაანელების ღმერთის, ბაალის სახელი ნიშნავს „ბატონს“ ან „პატრონს“. ამ სახელს ქანაანელთა სხვა ღმერთებიც ატარებდნენ. სახელი იეჰოვა კი განუმეორებელია, რადგან მას მთელ სამყაროში მხოლოდ ერთადერთი პიროვნება ატარებს. ის არის ღმერთი, რომელმაც თავის ხალხს უთხრა: „მე ვარ იეჰოვა. ეს არის ჩემი სახელი. ჩემს დიდებას არ მივცემ სხვას“ (ესაია 42:8).
ელიასგან განსხვავებით, რატომ არ იქნა შესმენილი ბაალის წინასწარმეტყველთა ლოცვა? მათი თაყვანისმცემლობისთვის დამახასიათებელი იყო აღვირახსნილი რიტუალები და ადამიანთა მსხვერპლშეწირვა. მათგან განსხვავებით იეჰოვას თაყვანისცემა დადებითად მოქმედებდა მის მსახურებზე და იცავდა მათ ასეთი ამაზრზენი წეს-ჩვეულებებისგან. დავუშვათ, გსურთ, წერილი გაუგზავნოთ მეგობარს, რომელსაც ძალიან აფასებთ. გაუგზავნიდით ამ წერილს სრულიად უცხო ადამიანს, რომელსაც თქვენი მეგობრისგან განსხვავებით ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს? რა თქმა უნდა, არა.
როცა იეჰოვას მიმართავთ ლოცვით, თქვენ სამყაროსა და კაცობრიობის შემოქმედს ესაუბრებით.a „შენ, იეჰოვა, ჩვენი მამა ხარ!“ — ეუბნებოდა ესაია წინასწარმეტყველი ლოცვაში ღმერთს (ესაია 63:16). სწორედ მის შესახებ უთხრა იესო ქრისტემ თავის მიმდევრებს: „მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან“ (იოანე 20:17). იეჰოვა იესოს მამაა. ის არის ღმერთი, რომელსაც თავად იესო მიმართავდა ლოცვით და რომლისთვისაც ლოცვით იესოს მიმდევრებსაც უნდა მიემართათ (მათე 6:9).
გვასწავლის ბიბლია, რომ ლოცვით იესოს, მარიამს, წმინდანებს ან ანგელოზებს მივმართოთ? ბიბლიის თანახმად, ლოცვით მხოლოდ იეჰოვას უნდა მივმართოთ. ამისათვის ორი მიზეზი არსებობს. პირველი: ლოცვა ღვთის თაყვანისცემის ნაწილია და ბიბლიის მიხედვით, თაყვანისცემა მხოლოდ იეჰოვა ღმერთს ეკუთვნის (გამოსვლა 20:5). მეორე: ბიბლიაში მხოლოდ იეჰოვას ეწოდება „ლოცვების მომსმენი“ (ფსალმუნი 65:2). მართალია, მან არაერთი პასუხისმგებლობა მიანდო სხვებს, მაგრამ ლოცვების მოსმენა არავისთვის დაუვალებია. იეჰოვა გვპირდება, რომ ჩვენს ლოცვებს პირადად მოისმენს.
ასე რომ, თუ გსურთ, ღმერთმა თქვენი ლოცვებიც შეისმინოს, გახსოვდეთ ბიბლიაში ჩაწერილი მითითება: „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“ (საქმეები 2:21). მაგრამ განურჩევლად ყველა ლოცვას ისმენს ღმერთი? კიდევ რისი გათვალისწინება გვმართებს, რათა იეჰოვამ ჩვენი ლოცვები შეისმინოს?
[სქოლიო]
a ზოგიერთი რელიგიური ტრადიციის მიხედვით, ღვთის სახელის გამოყენება ლოცვის დროსაც კი იკრძალება. მაგრამ ბიბლიის ორიგინალში ღვთის სახელი დაახლოებით 7 000-ჯერ გვხვდება, უმეტესად იეჰოვას ერთგული მსახურების ლოცვებსა და ფსალმუნებში.
[სურათი 5 გვერდზე]
ბაალის წინასწარმეტყველებისა და ელიას შემთხვევიდან გამოჩნდა, რომ ღმერთი ყველა ლოცვას არ ისმენს
-
-
3 როგორ?საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 ოქტომბერი
-
-
ლოცვა
3 როგორ?
მრავალ რელიგიაში ლოცვის ისეთ გარეგნულ მხარეებზე ამახვილებენ ყურადღებას, როგორებიცაა პოზა, სიტყვები და რიტუალები. მაგრამ ბიბლიიდან ვიგებთ, რომ გარეგნულ მხარეზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, თუ როგორ ვლოცულობთ.
ბიბლიაში აღწერილია მრავალი შემთხვევა, როცა ღვთის ერთგული მსახურები სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა პოზაში ლოცულობდნენ. სიტუაციიდან გამომდინარე, ზოგი ჩუმად ლოცულობდა, ზოგიც — ხმამაღლა. ლოცვისას ზოგს ცისკენ ჰქონდა თვალები აპყრობილი, ზოგი კი მიწაზე იყო დამხობილი. ლოცვის დროს მათ არც ხატები სჭირდებოდათ, არც კრიალოსნები და არც ლოცვების წიგნები. ისინი მთელი გულით, საკუთარი სიტყვებით ლოცულობდნენ. რატომ იყო ღვთისთვის მისაღები მათი ლოცვები?
როგორც წინა სტატიაში იყო აღნიშნული, ისინი ლოცვით მხოლოდ ერთ ღმერთს, იეჰოვას მიმართავდნენ. არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც 1 იოანეს 5:14-შია ჩაწერილი: „დარწმუნებული ვართ მასში, რომ რაც უნდა ვთხოვოთ მისი ნებისამებრ, ის გვისმენს“. აქედან გამომდინარე, ჩვენ ღვთის ნებისამებრ უნდა ვილოცოთ. რას ნიშნავს ეს?
ღვთის ნებისამებრ რომ ვილოცოთ, პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რა არის ღვთის ნება. ასე ლოცვას კი ბიბლიის გამოკვლევის გარეშე ვერ შევძლებთ. ნიშნავს ეს იმას, რომ ღმერთი ჩვენს ლოცვებს არ შეისმენს, თუ მეცნიერივით არ გამოვიკვლევთ ბიბლიას? არა. ღმერთს სურს, რომ გავიგოთ მისი ნება და მის შესაბამისად ვიცხოვროთ (მათე 7:21—23). ლოცვისას უნდა გავითვალისწინოთ ის, რასაც ბიბლიიდან ვსწავლობთ.
რაც უფრო მეტს ვიგებთ იეჰოვასა და მისი ნების შესახებ, მით უფრო იზრდება ჩვენი რწმენა, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ლოცვისთვის. იესომ თქვა: „ყველაფერს, რასაც კი ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ“ (მათე 21:22). რწმენა გულუბრყვილოდ ყველაფრის დაჯერებას არ ნიშნავს. ამაში იგულისხმება უხილავის დაჯერება, რომლის არსებობაც უტყუარი ფაქტებით დასტურდება (ებრაელები 11:1). ბიბლიაში უამრავი მტკიცებაა იმისა, რომ იეჰოვა, რომელსაც ვერ ვხედავთ, რეალური და სანდოა. ის მზად არის, შეისმინოს მათი ლოცვა, ვინც მას რწმენით მიმართავს. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია ყოველთვის ვთხოვოთ ღმერთს, მოგვცეს მეტი რწმენა და ისიც სიამოვნებით მოგვცემს იმას, რაც გვჭირდება (ლუკა 17:5; იაკობი 1:17).
ლოცვის დროს იესოს შემდეგი სიტყვებიც უნდა გავითვალისწინოთ: „მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“ (იოანე 14:6). აქედან გამომდინარე, მამასთან, ანუ იეჰოვასთან, მიახლოებას იესოს გარეშე ვერ შევძლებთ. ამიტომ ეუბნებოდა იესო თავის მიმდევრებს, რომ მისი სახელით ელოცათ (იოანე 14:13; 15:16). მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლოცვით იესოს უნდა მივმართოთ. ჩვენ უბრალოდ იესოს სახელით ვლოცულობთ, რადგან გვახსოვს, რომ მხოლოდ მისი წყალობით შეგვიძლია მივუახლოვდეთ ჩვენს სრულყოფილ და წმინდა მამას.
ერთხელ იესოს უახლოესმა მიმდევრებმა სთხოვეს: „უფალო, გვასწავლე ლოცვა“ (ლუკა 11:1). ფაქტია, მათ უფრო მეტი აინტერესებდათ, ვიდრე ლოცვისთვის აუცილებელი ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ჩვენ განვიხილეთ. მათ აინტერესებდათ, თუ რის შესახებ უნდა ელოცათ.
[ჩანართი 6 გვერდზე]
ღმერთი ჩვენს ლოცვებს იმ შემთხვევაში შეისმენს, თუ მისი ნებისამებრ, რწმენით და იესოს სახელით მივმართავთ
-
-
4 რის შესახებ?საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 ოქტომბერი
-
-
ლოცვა
4 რის შესახებ?
როგორც ამბობენ, ქრისტიანები ამ ლოცვას ყველაზე ხშირად წარმოთქვამენ. თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ იესოს ლოცვის ნიმუშის, ეგრეთ წოდებული უფლის ლოცვის ანუ „მამაო ჩვენოს“, მნიშვნელობა დღემდე ბევრისთვის გაუგებარია. მილიონობით ადამიანი ამ ლოცვას ყოველდღიურად, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმე მექანიკურად იმეორებს. მაგრამ იესოს ამ ლოცვის ასე წარმოთქმა არ ჰქონია მხედველობაში. რის საფუძველზე ვამბობთ ამას?
ვიდრე თავის მიმდევრებს ლოცვის ნიმუშს მისცემდა, იესომ თქვა: „ლოცვის დროს ნუ გაიმეორებთ ერთსა და იმავეს გაუთავებლად“ (მათე 6:7). ნუთუ წავიდოდა იესო თავისივე სიტყვების წინააღმდეგ და თავის მიმდევრებს მოსთხოვდა, რომ რაღაც სიტყვები დაეზეპირებინათ და ემეორებინათ?! ლოცვის ნიმუშით იესომ გვასწავლა, რის შესახებ უნდა ვილოცოთ და ლოცვის დროს რა საკითხებს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა. მოდით, დაწვრილებით განვიხილოთ ეს ლოცვა, რომელიც მათეს 6:9—13-შია ჩაწერილი.
„ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი“.
იესომ თავის მიმდევრებს შეახსენა, რომ ლოცვით მხოლოდ მისი მამისთვის, იეჰოვასთვის უნდა მიემართათ. მაგრამ იცით, რატომ არის ღვთის სახელი ასე მნიშვნელოვანი და რატომ სჭირდება მას განწმენდა?
კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში ღმერთს ცილი დასწამეს და მისი წმინდა სახელი შეურაცხყვეს. ღვთის მოწინააღმდეგე სატანამ იეჰოვას მატყუარა და ეგოისტი მმართველი უწოდა, რომელსაც არ ჰქონდა თავის ქმნილებებზე მმართველობის სამართლიანი უფლება (დაბადება 3:1—6). ბევრმა მხარი აუბა სატანას. მათი აზრით ღმერთი ცივი, სასტიკი და შურისმგებელია. ზოგი საერთოდ უარყოფს შემოქმედის არსებობას. ზოგმა მისი სახელის წინააღმდეგაც კი გაილაშქრა, რის გამოც ბიბლიის მრავალი თარგმანიდან ღვთის სახელი ამოიღეს და მისი ხსენება აკრძალეს.
როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ღმერთი თვალს არ დახუჭავს ამ უსამართლობაზე (ეზეკიელი 39:7). ამგვარად, ის თქვენს საჭიროებებზეც იზრუნებს და პრობლემებსაც მოაგვარებს. იესოს ლოცვის შემდეგი სიტყვებიდან ვიგებთ, როგორ მოხდება ეს.
„მოვიდეს შენი სამეფო“.
დღეს სასულიერო პირებს სხვადასხვა აზრი აქვთ იმის შესახებ, თუ რა არის ღვთის სამეფო. მაგრამ იესოს მსმენელებმა წინასწარმეტყველებებიდან იცოდნენ, რომ მესია, ანუ ღვთის მიერ არჩეული მხსნელი, იმ სამეფოს მმართველი იქნებოდა, რომელიც მთელ მსოფლიოს შეცვლიდა (ესაია 9:6, 7; დანიელი 2:44). ეს სამეფო განწმენდს ღვთის სახელს, რადგან გამოააშკარავებს სატანის სიცრუეს და ბოლოს მოუღებს სატანასა და მის საქმეებს. ღვთის მმართველობის დროს აღარ იქნება ომები, ავადმყოფობა, შიმშილი და სიკვდილიც კი (ფსალმუნი 46:9; 72:12—16; ესაია 25:8; 33:24). როცა ღვთის სამეფოს მოსვლაზე ლოცულობთ, თქვენ ფაქტობრივად ღმერთს ყველა ამ დანაპირების შესრულებას სთხოვთ.
„იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“.
იესოს სიტყვებიდან ჩანს, რომ ღვთის ნება დედამიწაზე ისევე შესრულდება, როგორც ზეცაში შესრულდა. ზეცაში ღვთის ნების შესრულებას ხელი ვერაფერმა შეუშალა. ღვთის ძე სატანასა და მის დემონებს შეებრძოლა და დედამიწაზე გადმოყარა (გამოცხადება 12:9—12). როგორც პირველი ორი თხოვნა, ლოცვის ნიმუშში მოცემული მესამე თხოვნაც გვეხმარება, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ღვთის ნება ჩვენს სურვილებზე უფრო მნიშვნელოვანია. ყველა ქმნილებისთვის ბედნიერება მხოლოდ იმას მოაქვს, რაც ღვთის ნებით სრულდება. სწორედ ამიტომ ეუბნებოდა იესო მამას: „იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი“ (ლუკა 22:42).
„მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური“.
ამ სიტყვებით იესომ ისიც გვიჩვენა, რომ შეგვიძლია პირად მოთხოვნილებებზეც ვილოცოთ. ცუდი არაფერია იმაში, თუ ღმერთს ჩვენი ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებას ვთხოვთ. ამაზე ლოცვა შეგვახსენებს, რომ მხოლოდ იეჰოვა „აძლევს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვასა და ყოველივეს“ (საქმეები 17:25). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთს, როგორც მოსიყვარულე მშობელს სიამოვნებს თავისი შვილების მოთხოვნილებებზე ზრუნვა, მაგრამ როგორც კარგი მშობელი, ის არ გვისრულებს ისეთ სათხოვარს, რომელიც საზიანო იქნება ჩვენთვის.
„გვაპატიე ჩვენი ვალები“.
მართლა გვაქვს ღვთის ვალი? გვჭირდება ღვთისგან პატიება? დღეს ბევრს ბოლომდე არ ესმის, რას ნიშნავს ცოდვა და რამდენად სერიოზულია ის. მაგრამ ბიბლია გვასწავლის, რომ ცოდვა დღეს არსებული ყველა პრობლემის, მათ შორის სიკვდილის გამომწვევი ძირითადი მიზეზია. ჩვენ, როგორც ცოდვის შვილები, ხშირად ვცოდავთ; ჩვენი მომავალი იმაზეა დამოკიდებული, მოგვიტევებს თუ არა ღმერთი ცოდვებს (რომაელები 3:23; 5:12; 6:23). ბიბლიაში ასეთ გამამხნევებელ სიტყვებს ვკითხულობთ: „კარგი ხარ, იეჰოვა, და მზად ხარ პატიებისთვის“ (ფსალმუნი 86:5).
„გვიხსენი ბოროტისგან“.
ხვდებით, როგორ გვჭირდება ღვთის მფარველობა? ბევრს არც კი სჯერა ბოროტის ანუ სატანის არსებობის. მაგრამ იესომ კარგად იცოდა, რომ სატანა რეალურად არსებობს და მას „ქვეყნიერების მმართველიც“ უწოდა (იოანე 12:31; 16:11). სატანამ გახრწნა ეს ქვეყნიერება, რომელიც მის ხელშია. მას ჩვენი გახრწნაც სურს, რათა არ მოგვცეს ჩვენს ზეციერ მამასთან, იეჰოვა ღმერთთან ახლო ურთიერთობის საშუალება (1 პეტრე 5:8). მაგრამ იეჰოვა სატანაზე გაცილებით ძლიერია და სურს, დაიცვას თავისი მოყვარულები.
იესოს ლოცვის ნიმუშის ამ მოკლე მიმოხილვით არ შემოიფარგლება ის, თუ კიდევ რაზე შეიძლება ვილოცოთ. გახსოვდეთ, რა წერია ღვთის შესახებ 1 იოანეს 5:14-ში: „რაც უნდა ვთხოვოთ მისი ნებისამებრ, ის გვისმენს“. ასე რომ, ნუ იფიქრებთ, რომ თქვენი პრობლემებით არ ღირს ღმერთის შეწუხება (1 პეტრე 5:7).
რა შეიძლება ითქვას დროსა და ადგილზე? აქვს მნიშვნელობა სად და როდის ვილოცებთ?
-
-
5 აქვს მნიშვნელობა სად და როდის?საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 ოქტომბერი
-
-
ლოცვა
5 აქვს მნიშვნელობა სად და როდის?
დღეს რელიგიათა უმეტესობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მდიდრულ სამლოცველოებს. გარდა ამისა, მათ დადგენილი აქვთ კონკრეტული დრო ამა თუ იმ ლოცვის წარმოსათქმელად. მაგრამ შეგვიძლია ბიბლიის საფუძველზე იმის თქმა, რომ აუცილებლად კონკრეტულ დროსა და ადგილას უნდა ვილოცოთ?
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ კონკრეტულ სიტუაციებში აუცილებელია ლოცვა. მაგალითად, ვიდრე თავის მიმდევრებთან ერთად ივახშმებდა, იესომ ღმერთს მადლობა შესწირა (ლუკა 22:17). როცა იესოს მოწაფეები თაყვანსაცემად იკრიბებოდნენ, ისინი ერთად ლოცულობდნენ. ამგვარად ისინი მიჰყვებოდნენ იმ ტრადიციას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში სრულდებოდა იუდეველთა სინაგოგებსა თუ იერუსალიმის ტაძარში. ღმერთმა თავის ტაძარს „ყველა ხალხის სამლოცველო სახლი“ უწოდა (მარკოზი 11:17).
ღმერთი ისმენს თავისი მსახურების ლოცვას, როცა ისინი ერთად იკრიბებიან. მას სიამოვნებს, როდესაც ისინი ბიბლიური პრინციპების გათვალისწინებით ერთსულოვნად ლოცულობენ. ლოცვამ შეიძლება აღძრას იეჰოვა გააკეთოს ის, რასაც სხვაგვარად არ გააკეთებდა (ებრაელები 13:18, 19). იეჰოვას მოწმეები თავიანთ შეხვედრებზე რეგულარულად ლოცულობენ. გულთბილად გიწვევთ თქვენს სახლთან ახლოს მდებარე სამეფო დარბაზში, სადაც თავადაც შეძლებთ ამ შეხვედრებზე წარმოთქმული ლოცვების მოსმენას.
ბიბლია ლოცვისთვის არ გვიდგენს კონკრეტულ დროსა და ადგილს. მასში ჩაწერილია მრავალი ლოცვა, რომლებიც ღვთის მსახურებმა სხვადასხვა დროსა და ადგილას წარმოთქვეს. იესომ თქვა: „შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ლოცვით მიმართე დაფარულში მყოფ შენს მამას, და მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ“ (მათე 6:6).
წარმოიდგინეთ, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, განმარტოებით ესაუბროთ უზენაეს ღმერთს და დარწმუნებული იყოთ, რომ ის გისმენთ. გასაკვირი არ არის, რატომ ცდილობდა იესო, რომ ლოცვისთვის განმარტოებულიყო. ერთხელ ის მთელი ღამე ლოცულობდა და ღმერთს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მისაღებად ხელმძღვანელობას სთხოვდა (ლუკა 6:12, 13).
ბიბლიაში არაერთი შემთხვევაა ჩაწერილი იმისა, თუ როგორ ლოცულობდნენ ღვთის მსახურები სერიოზული პრობლემისა თუ გადაწყვეტილების წინაშე ყოფნისას. ზოგჯერ ისინი ხმამაღლა ლოცულობდნენ, ზოგჯერ კი — ჩუმად, ზოგჯერ — განმარტოებით ან ჯგუფურად. ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ის იყო, რომ ისინი ლოცულობდნენ. ღმერთი თავის მსახურებს მოუწოდებს: „განუწყვეტლივ ილოცეთ“ (1 თესალონიკელები 5:17). მას თავისი ნების შემსრულებელთა მოსმენა არ ბეზრდება. განა ეს იეჰოვას სიყვარულზე არ მოწმობს?!
მსოფლიოში, სადაც ხალხი ყველაფერს სკეპტიკურად უყურებს, ბევრს არ ესმის, რაში შეიძლება დაეხმაროთ მათ ლოცვა. შეიძლება თქვენც გაინტერესებთ, მართლა დაგეხმარებათ თუ არა ლოცვა?
[ჩანართი 9 გვერდზე]
ჩვენ ნებისმიერ დროსა და ადგილას შეგვიძლია ვილოცოთ
-
-
6 ნამდვილად დაგვეხმარება?საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 ოქტომბერი
-
-
ლოცვა
6 ნამდვილად დაგვეხმარება?
მართლა გვეხმარება ლოცვა? როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ლოცვა ნამდვილად ეხმარება ღვთის ერთგულ მსახურებს (ლუკა 22:40; იაკობი 5:13). ლოცვას შეუძლია დაგვეხმაროს, როგორც სულიერად, ისე ემოციურად. როგორ?
დაუშვათ, თქვენს შვილს ვინმემ საჩუქარი აჩუქა. ნუთუ არ ასწავლით მას, რომ მადლიერებას მხოლოდ კი არ უნდა გრძნობდეს, არამედ გამოხატავდეს კიდეც? როცა გრძნობებს სიტყვებით გადმოვცემთ, ეს ამ გრძნობებს უფრო გვიძლიერებს. იმავეს თქმა შეიძლება, როცა ღმერთს ვესაუბრებით. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.
სამადლობელი ლოცვები. როცა მადლობას ვუხდით ჩვენს მამას ყოველივე კარგისთვის, ფაქტობრივად, ყურადღებას ვამახვილებთ იმ კურთხევებზე, რაც ცხოვრებაში გვაქვს. ეს უფრო დადებითად განგვაწყობს, უფრო ბედნიერად ვიგრძნობთ თავს და უფრო მადლიერები ვიქნებით (ფილიპელები 4:6).
მაგალითი: იესომ მადლიერება გამოხატა მამისადმი იმის გამო, რომ ისმენდა და პასუხობდა მის ლოცვებს (იოანე 11:41).
სინანულის ლოცვები. როცა ღმერთს პატიებას ვთხოვთ, სწორ მიმართულებას ვაძლევთ ჩვენს სინდისს, ვიღრმავებთ სინანულის გრძნობას და უკეთ აღვიქვამთ ცოდვის სერიოზულობას. შედეგად კი დანაშაულის გრძნობა აღარ გვაწუხებს.
მაგალითი: დავითი ლოცვაში სინანულსა და მწუხარებას გამოხატავდა (ფსალმუნი 51).
ლოცვა ხელმძღვანელობისა და სიბრძნის მისაღებად. როცა იეჰოვას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად ხელმძღვანელობასა და სიბრძნეს ვთხოვთ, ამით თავმდაბლობას ვავლენთ. ეს შეგვახსენებს, რომ ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია და გვასწავლის ჩვენს ზეციერ მამაზე მინდობას (იგავები 3:5, 6).
მაგალითი: სოლომონმა თავმდაბლურად სთხოვა ღმერთს ხელმძღვანელობა და სიბრძნე, რათა ისრაელის კარგი მმართველი ყოფილიყო (1 მეფეები 3:5—12).
ლოცვა გაჭირვებისას. თუ გაჭირვებისას გულს გადავუშლით ღმერთს, ეს შვებას მოგგვრის და საკუთარ თავზე მინდობის ნაცვლად, იეჰოვა ღმერთზე მინდობას გვასწავლის (ფსალმუნი 62:8).
მაგალითი: მეფე ასამ ილოცა, როცა მტრისგან საფრთხე ელოდა (2 მატიანე 14:11).
ლოცვა სხვების კეთილდღეობისთვის. ასეთი ლოცვები გვეხმარება, მოვერიოთ ეგოიზმს და თანაგრძნობით განვეწყოთ სხვების მიმართ.
მაგალითი: იესო თავისი მიმდევრებისთვის ლოცულობდა (იოანე 17:9—17).
სადიდებელი ლოცვები. როცა იეჰოვას განვადიდებთ მისი დიდებული საქმეებისა და თვისებებისთვის, უფრო გვიღრმავდება მისდამი მადლიერებისა და მოწიწების გრძნობა. ასეთი ლოცვები გვეხმარება, დავუახლოვდეთ ჩვენს მამასა და ღმერთს.
მაგალითი: დავითი გულმხურვალედ განადიდებდა ღმერთს მისი შემოქმედებისთვის (ფსალმუნი 8).
ლოცვასთან დაკავშირებული კიდევ ერთი კურთხევა არის „ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება“ (ფილიპელები 4:7). სიმშვიდის პოვნა დღეს არსებული პრობლემების მიუხედავად დიდი მიღწევაა. ეს დადებითად აისახება ჩვენს ფიზიკურ მდგომარეობაზეც (იგავები 14:30). ეს მშვიდობა მხოლოდ ჩვენი მცდელობით მოდის თუ კიდევ სხვა რამეა საჭირო?
[ჩანართი 10 გვერდზე]
ლოცვა გვეხმარება არა მარტო ფიზიკურად და ემოციურად, არამედ, რაც მთავარია, სულიერად
-
-
7 ისმენს და პასუხობს ღმერთი?საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 ოქტომბერი
-
-
ლოცვა
7 ისმენს და პასუხობს ღმერთი?
ამ კითხვაზე პასუხი მრავალ ადამიანს აინტერესებს. ბიბლიაში წერია, რომ იეჰოვა ღმერთი დღესაც ისმენს ლოცვებს. მაგრამ მოისმენს თუ არა ღმერთი ჩვენს ლოცვებს, ძირითადად ჩვენზეა დამოკიდებული.
იესომ გაკიცხა მის დროს მცხოვრები რელიგიური წინამძღოლები, რომლებიც თვალთმაქცურად ლოცულობდნენ. მათთვის მთავარი ის იყო, რომ სხვების თვალში გამოჩენილიყვნენ ღვთისმოსავები. იესომ თქვა, რომ ასეთებმა „სრულად მიიღეს თავიანთი საზღაური“. ეს იმას ნიშნავდა, რომ მათ მიიღეს მხოლოდ ის, რაც ყველაზე მეტად უნდოდათ, ანუ ადამიანებისგან ყურადღება და არა ის, რაც ყველაზე მთავარი იყო — მათი ლოცვები ღმერთმა არ შეისმინა (მათე 6:5). მსგავსად, დღესაც ბევრი არ ითვალისწინებს ღვთის ნებას და ისე ლოცულობს, როგორც თავად სურს. ღმერთი არ ისმენს მათ ლოცვებს, ვინც ზემოთ განხილულ ბიბლიურ პრინციპებს უგულებელყოფს.
რა შეიძლება ითქვას თქვენზე? მოისმენს ღმერთი თქვენს ლოცვებს და გიპასუხებთ? ეს არ არის დამოკიდებული თქვენს რასაზე, ეროვნებასა თუ სოციალურ მდგომარეობაზე. ბიბლია გვარწმუნებს: „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქმეები 10:34, 35). შეიძლება ეს სიტყვები თქვენზეც ითქვას? ღვთისმოშიშება ნიშნავს იმას, რომ ღრმა პატივს ვცემდეთ ღმერთს და გვეშინოდეს, არ ვაწყენინოთ მას. სიმართლის ქმნა კი იმის კეთებას ნიშნავს, რასაც ღმერთი თვლის სიმართლედ და არა იმის კეთებას, რასაც ადამიანები თვლიან სწორად. გინდათ, რომ ღმერთმა შეისმინოს თქვენი ლოცვები? ბიბლიიდან ვიგებთ, როგორ უნდა ვილოცოთ, რომ ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ლოცვები.a
ბევრს უნდა, რომ ღმერთმა ლოცვაზე სასწაულებრივად უპასუხოს. ბიბლიურ დროშიც კი ღმერთი იშვიათად ახდენდა სასწაულებს. ზოგჯერ საუკუნეები გადიოდა ერთი სასწაულიდან მეორე სასწაულამდე. გარდა ამისა, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მოციქულების სიკვდილის შემდეგ სასწაულების დრო დამთავრდებოდა (1 კორინთელები 13:8—10). ნიშნავს ეს იმას, რომ დღეს ღმერთი აღარ პასუხობს ჩვენს ლოცვებს? რა თქმა უნდა, არა. განვიხილოთ, როგორ პასუხობს ღმერთი ლოცვებს.
ღმერთი გვაძლევს სიბრძნეს. იეჰოვა ღმერთი ჭეშმარიტი სიბრძნის წყაროა. ის არ უკავებს სიბრძნეს მათ, ვინც სთხოვს და მიჰყვება მის ხელმძღვანელობას (იაკობი 1:5).
ღმერთი გვაძლევს თავის წმინდა სულს. წმინდა სული ღვთის მოქმედი ძალაა. სამყაროში მასზე ძლიერი ძალა არ არსებობს. ეს ძალა გვეხმარება პრობლემების დროს. ის გასაჭირის დროსაც გვაძლევს შინაგან სიმშვიდეს. წმინდა სული შესანიშნავი თვისებების განვითარებაში გვეხმარება (გალატელები 5:22, 23). იესომ თავისი მიმდევრები დაარწმუნა, რომ ღმერთი გულუხვად აძლევს ამ ძალას თავის მსახურებს (ლუკა 11:13).
ღმერთი აძლევს ცოდნას მათ, ვინც გულწრფელად ეძებს მას. (საქმეები 17:26, 27). არსებობენ ადამიანები, რომლებიც გულწრფელად ეძებენ ჭეშმარიტებას. მათ ღვთის უკეთ გაცნობა სურთ ანუ უნდათ გაიგონ მისი სახელი, მისი განზრახვა ადამიანებთან და დედამიწასთან დაკავშირებით და ის, თუ როგორ შეიძლება მასთან დაახლოება (იაკობი 4:8). იეჰოვას მოწმეები ხშირად ხვდებიან ასეთ ხალხს და ბიბლიის მეშვეობით სიამოვნებით ესაუბრებიან ამ საკითხებზე.
განა თქვენც ამიტომ არ კითხულობთ ამ ჟურნალს?! გინდათ გაიცნოთ ღმერთი? იქნებ სწორედ ასე პასუხობს ღმერთი თქვენს ლოცვას?!
[სქოლიო]
-