სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან
მან სიცოცხლის აზრი იპოვა
იესომ თქვა, რომ იცნობს თავის ცხვარს (იოანე 10:14). თუ ადამიანს კარგი გული აქვს და მშვიდობა და სამართლიანობა სწყურია, მას იესოს მიმდევრებისკენ გაუწევს გული. შედეგად, სიცოცხლის აზრსაც იპოვის. ასე მოხდა ერთი ბელგიელი ქალის შემთხვევაშიც. მოდი გავეცნოთ მის ისტორიას:
«როდესაც იეჰოვას მოწმეებმა კარზე დამიკაკუნეს, სასოწარკვეთილი ვიყავი და თვითმკვლელობაზე ვფიქრობდი. მათგან გავიგე, როგორ გადაიჭრებოდა მსოფლიო პრობლემები, რაც ძალიან მომეწონა, მაგრამ არ მესიამოვნა იმის გაგება, რომ ამას ღმერთი გააკეთებდა. ეკლესიაში უკვე რვა წელი აღარ დავდიოდი, რადგან მეზიზღებოდა თვალთმაქცობა, რომელსაც იქ ვხედავდი. თუმცა მივხვდი, რომ იეჰოვას მოწმეები სიმართლეს ამბობდნენ და, რომ ღვთის გარეშე ცხოვრება ადამიანებს ნამდვილად გაგვიჭირდებოდა.
სამწუხაროდ, რამდენიმე შეხვედრის შემდეგ მოწმეებთან კავშირი გამიწყდა. თავს ძალიან უბედურად ვგრძნობდი. დღეში ორ კოლოფ სიგარეტს ვეწეოდი და ნარკოტიკების მიღებაც დავიწყე. ისე მინდოდა, გარდაცვლილ პაპას დავლაპარაკებოდი, რომ გადავწყვიტე, სპირიტიზმში მეპოვა შვება. მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. არ დამავიწყდება, რა შიში ვჭამე, როცა ერთხელ ღამით თავს დემონები დამესხნენ. ისინი რამდენიმე თვე არ მანებებდნენ თავს. ყოველ საღამოს შიში მიპყრობდა იმის გახსენებაზე, რომ ღამით მარტო უნდა დავრჩენილიყავი.
ერთ დღეს სასეირნოდ გასულმა სხვა გზით გადავწყვიტე წასვლა. ჩემდა გასაკვირად, გზად დიდი სამშენებლო მოედანი დავინახე, სადაც ძალიან ბევრი ხალხი მუშაობდა. მათ რომ მივუახლოვდი, მივხვდი, რომ ისინი იეჰოვას მოწმეები იყვნენ და თავიანთ დარბაზს აშენებდნენ. გამახსენდა, როგორ მოდიოდნენ ხოლმე ჩემთან მოწმეები და გავიფიქრე, რა კარგი იქნებოდა, თუ მთელ მსოფლიოში მხოლოდ ასეთი ხალხი იცხოვრებდა.
ძალიან მინდოდა, რომ მოწმეები კვლავ მოსულიყვნენ ჩემთან, ამიტომ მშენებლობაზე მომუშავეებს გამოველაპარაკე. ამის შემდეგ ლოცვა დავიწყე და ათ დღეში ჩემს კართან ზუსტად ის ძმა მოვიდა, რომელმაც პირველად მიქადაგა. მან ბიბლიის შესწავლის გაგრძელება შემომთავაზა და კრებაზეც დამპატიჟა. სიხარულით დავთანხმდი. კრებაზე ნანახმა ყველა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. ამისრულდა წლების ნატვრა — როგორც იქნა, ვნახე ისეთი ხალხი, რომელსაც უყვარდა ერთმანეთი და ბედნიერი იყო.
მას შემდეგ კრების შეხვედრა აღარ გამიცდენია. დაახლოებით სამ კვირაში სიგარეტი გადავაგდე. მოვიშორე ასტროლოგიური წიგნებიც და სატანური მუსიკის ჩანაწერებიც. ნელ-ნელა დემონებმაც დამანებეს თავი. იეჰოვას ნორმებით დავიწყე ცხოვრება და სამ თვეში სასიხარულო ცნობის გაცხადებას შევუდექი. ექვს თვეში მოვინათლე, მონათვლიდან ორი დღის შემდეგ კი, დამხმარე პიონერად დავიწყე მსახურება.
ყველაფრისთვის ვემადლიერები იეჰოვას, რაც ჩემთვის გააკეთა. როგორც იქნა, ვიპოვე სიცოცხლის აზრი. ნამდვილად, ღვთის სახელი, იეჰოვა, მტკიცე კოშკია, რომელსაც შევაფარე თავი (იგავები 18:10). ზუსტად იმას ვგრძნობ, რასაც ფსალმუნმომღერალი, რომლის სიტყვებსაც 84-ე ფსალმუნის მე-10 მუხლში ვკითხულობთ: „ერთი დღე შენს ეზოებში სხვაგან გატარებულ ათასს სჯობია! ჩემი ღვთის სახლის ზღურბლზე დგომა ვარჩიე ბოროტთა კარვებში ყოფნას“».
ამ თავმდაბალმა ქალმა იპოვა სიცოცხლის აზრი. ამის გაკეთებას ნებისმიერი შეძლებს, ვინც სუფთა გულით ეძებს იეჰოვას.