თავი 25
როგორ გადავეჩვიო მასტურბაციას?
„მასტურბაცია რვა წლის ასაკში დავიწყე. მოგვიანებით ამ საკითხზე ღვთის თვალსაზრისი გავიგე. ყოველთვის, როცა ჩავარდნა მქონდა, თავს საშინლად ვგრძნობდი. ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ღმერთს ჩემნაირი ადამიანი უყვარდეს-მეთქი“ (ლუიზი).
სქესობრივი მომწიფების ასაკში სექსუალური სურვილები მოზღვავებას იწყებს, რის გამოც შეიძლება მასტურბაციას დაეჩვიოa. ბევრი ამბობს: „მერე რა მოხდა, ამით ხომ არაფერი შავდება?!“ თუმცა ამ ჩვევის დაძლევა სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანია. პავლე მოციქულმა დაწერა: „ჩაკალით თქვენი სხეულის მიწიერი ნაწილები . . . ვნება“ (კოლოსელები 3:5). მასტურბაცია არა თუ კლავს ვნებას, აღვივებს მას. ამაზეც დაფიქრდი:
● მასტურბაცია აღვივებს ეგოიზმს. მაგალითად, მასტურბაციისას ადამიანს საკუთარი სიამოვნების მიღების მეტი არაფერი აინტერესებს.
● მასტურბაციას მიჩვეული ადამიანი საპირისპირო სქესის წარმომადგენელს ისე უყურებს, როგორც მხოლოდ სიამოვნების მიმნიჭებელ ობიექტს.
● მასტურბაციით გამოწვეულმა ეგოიზმმა შეიძლება ხელი შეუშალოს ცოლ-ქმარს სქესობრივი ურთიერთობით სიამოვნების მიღებაში.
იმის მაგივრად, რომ მასტურბაციით დაიკმაყოფილო მოზღვავებული სექსუალური სურვილები, ეცადე თავშეკავება ისწავლო (1 თესალონიკელები 4:4, 5). ამაში დაგეხმარება ბიბლიური რჩევის გათვალისწინება, რომ პირველ რიგში, მოერიდო ისეთ გარემოებებს, რომლებიც სექსუალურად აღგაგზნებს (იგავები 5:8, 9). როგორ უნდა მოიქცე, თუ გიჭირს მასტურბაციის ჩვევის დაძლევა? შეიძლება ეს არაერთხელ გიცდია, მაგრამ უშედეგოდ. ამ დროს ადვილი შესაძლებელია, დაასკვნა, რომ არაფერი გამოგივა, და რომ ღვთის ნორმებს ვერასოდეს დაიცავ. სწორედ ასე ფიქრობდა ახალგაზრდა პედრო, რომელიც იხსენებს: „ყოველი მარცხის შემდეგ საშინლად ვიტანჯებოდი. ვფიქრობდი, რომ ჩადენილ დანაშაულს ვერაფრით გამოვისყიდდი. ლოცვაც ძალიან მიჭირდა“.
თუ შენც იმავეს გრძნობ, გულს ნუ გაიტეხ! გამოსავალი არსებობს. მრავალმა მოზარდმა თუ მოზრდილმა დაძლია ეს ჩვევა და ამას შენც შეძლებ!
დანაშაულის გრძნობასთან გამკლავება
როგორც აღვნიშნეთ, მათ, ვისაც ჩვევად ექცა მასტურბაცია, ხშირად დანაშაულის გრძნობა აწუხებთ. უდავოა, რომ „ღვთისმოსაწონი დანაღვლიანება“ ამ ჩვევის დაძლევაში დაგეხმარება (2 კორინთელები 7:11). მაგრამ საკუთარი თავის ზედმეტად დადანაშაულებამ შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიღოს. ამან შეიძლება უკიდურეს გულგატეხილობამდე მიგიყვანოს და ბრძოლის უნარი დაგაკარგვინოს (იგავები 24:10).
შეეცადე, რეალურად შეაფასო პრობლემა. მასტურბაცია უწმინდური ჩვევაა. ამან შეიძლება „სხვადასხვა სურვილისა და განცხრომის“ მონა გაგხადოს და თანდათანობით გონება გაგირყვნას (ტიტე 3:3). ამასთანავე, მასტურბაცია არ არის ისეთი უკიდურესი სექსუალური გარყვნილება, როგორიც სიძვაა (იუდა 7). ამიტომ, თუ მასტურბაციის პრობლემა გაქვს, არ უნდა დაასკვნა, რომ მიუტევებელ ცოდვას სჩადიხარ. მთავარია, წინააღმდეგობა გაუწიო ამ სურვილს და ბრძოლა არასდროს შეწყვიტო!
მარცხის შემთხვევაში შეიძლება ადვილად გაგიტყდეს გული. ამ დროს გაიხსენე იგავების 24:16-ში ჩაწერილი სიტყვები: „მართალი შვიდჯერაც რომ დაეცეს, უეჭველად წამოდგება, ბოროტი კი წაბორძიკდება უბედურების დროს“. დროებითი მარცხი სულაც არ ნიშნავს, რომ ბოროტი ადამიანი გახდი. ამიტომ იმედს ნუ დაკარგავ. ნაცვლად ამისა, დაფიქრდი, რამ გამოიწვია მარცხი და ეცადე, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.
იფიქრე ღვთის სიყვარულსა და გულმოწყალებაზე. ფსალმუნმომღერალი დავითისთვის სისუსტეებთან ბრძოლა უცხო არ იყო. ის წერდა: „როგორც მამა იწყალებს შვილებს, იეჰოვაც ისე იწყალებს თავის მოშიშებს. მან კარგად იცის ჩვენი აგებულება და ახსოვს, რომ მტვერი ვართ“ (ფსალმუნი 103:13, 14). იეჰოვა ითვალისწინებს ჩვენს არასრულყოფილებას და ‘მზად არის პატიებისთვის’ (ფსალმუნი 86:5). თუმცა მას ისიც სურს, რომ ძალისხმევა არ დავიშუროთ გამოსასწორებლად. რა ნაბიჯები უნდა გადადგა, რომ მასტურბაციას გადაეჩვიო?
დაფიქრდი, რით ერთობი. ხომ არ უყურებ ისეთ ფილმებს ან ტელეგადაცემებს, ან ხომ არ შედიხარ ისეთ ვებ-გვერდებზე, რომლებიც სექსუალურ სურვილებს აღვივებს? ფსალმუნმომღერალი გონივრულად მოიქცა, როდესაც ღმერთს სთხოვა: „თვალი ამარიდებინე არარაობას“b (ფსალმუნი 119:37).
ძალა დაატანე გონებას, რომ სხვა რამეზე იფიქრო. ერთი ქრისტიანი, სახელად უილიამი, ასეთ რჩევას იძლევა: „დაწოლის წინ წაიკითხე რაიმე სულიერი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღე სულიერზე ფიქრით დაამთავრო“ (ფილიპელები 4:8).
გაანდე სხვას შენი პრობლემა. შეიძლება გრცხვენია და გიჭირს ამ საკითხზე დალაპარაკება იმ ადამიანთან, ვისაც ენდობი, მაგრამ ეს შეიძლება მასტურბაციის დაძლევაში დაგეხმაროს. ერთ ქრისტიანს, დევიდსაც, სწორედ ეს დაეხმარა. ის ამბობს: „მამაჩემს ველაპარაკე ამაზე. არასოდეს დამავიწყდება მისი სიტყვები. ოდნავ მომღიმარი, იმედიანი სახით მითხრა, ვამაყობ შენითო. იცოდა მამაჩემმა, რა რთული იყო ჩემთვის ამაზე ლაპარაკი. მისმა სიტყვებმა ერთიორად ამიმაღლა განწყობა და უფრო მეტი შემართება მომცა. შემდეგ მაჩვენა რამდენიმე მუხლი ბიბლიიდან და დამანახვა, რომ ღრმად არ მქონდა შეტოპილი. შემდეგ კი მაჩვენა მუხლები, საიდანაც დავინახე ჩემი არასწორი საქციელის სერიოზულობა. ბოლოს მითხრა, გარკვეული დროის შემდეგ კიდევ ვისაუბროთო ამაზე. მამამ დამაიმედა, რომ ჩავარდნის შემთხვევაში გული არ გამეტეხა და მეცადა, ამის შემდეგ უფრო დიდხანს გამომეჩინა თავშეკავება“. საბოლოოდ, რა დასკვნამდე მივიდა დევიდი? მან თქვა: „ჩემთვის დიდი მხარდაჭერა იყო ის, რომ ვიღაცამ გაიგო ამ პრობლემის შესახებ და დამეხმარა“c.
თავისუფალი სექსი ღვთის თვალში მიუღებელია. გაიგე, რატომ.
[სქოლიოები]
a მასტურბაცია არ უნდა აგვერიოს უნებლიე აღგზნებაში. მაგალითად, ბიჭმა დილით შეიძლება აღგზნებულმა გაიღვიძოს ან ღამით უნებლიე თესლდენა ჰქონდეს. გოგოებიც შეიძლება უნებლიეთ აღიგზნონ, განსაკუთრებით მენსტრუაციამდე ან მის შემდეგ. ამისგან განსხვავებით, მასტურბაცია არის საკუთარი სასქესო ორგანოების განზრახ გაღიზიანება.
b დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე მე-2 ტომის 33-ე თავი.
c დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე მე-2 ტომის 239—241-ე გვერდები.
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„გაექეცი ახალგაზრდულ სურვილებს და ესწრაფე სიმართლეს, რწმენას, სიყვარულსა და მშვიდობას მათთან ერთად, ვინც სუფთა გულით უხმობს უფალს“ (2 ტიმოთე 2:22).
რჩევა
ილოცე მანამ, სანამ სექსუალური სურვილები აგიყოლიებს. სთხოვე იეჰოვა ღმერთს, რომ მოგცეს „ძალა, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“, რათა ცდუნებას გაუძლო (2 კორინთელები 4:7).
იცოდი, რომ . . . ?
სექსუალური სურვილების აყოლა სუსტი ნებისყოფის მაჩვენებელია, ხოლო თავშეკავების გამოვლენა, განსაკუთრებით კი მარტო ყოფნისას, ვაჟკაცობის ნიშანია.
რა უნდა გავაკეთო
შევძლებ ვიფიქრო იმაზე, რაც წმინდაა, თუ ․․․․․
იმის მაგივრად, რომ სექსუალურ სურვილებს დავემონო, მე ․․․․․
რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․
როგორ ფიქრობ?
● რატომ არის მნიშვნელოვანი გახსოვდეს, რომ ‘იეჰოვა მზად არის პატიებისთვის’? (ფსალმუნი 86:5).
● თუკი ღმერთმა ჩადო ჩვენში სექსუალური სურვილები, მაგრამ ამავე დროს მოითხოვს, რომ თავშეკავება გამოვავლინოთ, რას უნდა მოელოდეს ჩვენგან?
[ჩანართი 182 გვერდზე]
„რაც ეს ჩვევა დავძლიე, იეჰოვას წინაშე სუფთა სინდისი მაქვს და ამას არაფერზე არ გავცვლი“ (სარა).
[სურათი 180 გვერდზე]
სირბილის დროს წაქცევა არ ნიშნავს იმას, რომ სტარტის ხაზიდან ხელახლა უნდა დაიწყო სირბილი. მსგავსად ამისა, თუ მასტურბაციის ჩვევამ თავი გაგახსენა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არავითარი პროგრესისთვის არ მიგიღწევია.