ᲐᲞᲝᲙᲠᲘᲤᲘ
ბერძნული სიტყვა აპოკრიფოს ბიბლიის სამ მუხლში თავდაპირველი მნიშვნელობით არის გამოყენებული და მიანიშნებს „საგულდაგულოდ დამალულზე“ (მრ. 4:22; ლკ. 8:17; კლ. 2:3). თავიდან, როცა ამ სიტყვას ტექსტებთან იყენებდნენ, ის მიანიშნებდა, რომ ეს ტექსტები საჯაროდ არ იკითხებოდა, ანუ სხვებისგან „დამალული“ იყო. მოგვიანებით ამ სიტყვამ ყალბისა და არაკანონიკურის მნიშვნელობა შეიძინა და დღეს უმთავრესად იმ დამატებით ტექსტებთან გამოიყენება, რომლებიც ტრიენტის საეკლესიო კრებაზე (1546 წელი) რომის კათოლიკურმა ეკლესიამ ბიბლიის კანონის ნაწილად აღიარა. პროტოკანონიკური წიგნებისგან გასამიჯნავად კათოლიკე მწერლებმა ეს წიგნები დევტეროკანონიკურ წიგნებს მიაკუთვნეს, რაც მეორეულ (გვიანდელ) კანონს ნიშნავს.
ეს წიგნებია: ტობითი, ივდითი, სიბრძნე სოლომონისა, სიბრძნე ზირაქისა, ბარუქი, 1-ლი და მე-2 მაკაბელები; აგრეთვე დანართები ესთერის წიგნზე და სამი დანართი დანიელის წიგნზე: სამი ყრმის გალობა, სუსანა და ორი უხუცესი (სუსანას თავგადასავალი), მოთხრობა ბელისა და ურჩხულის შესახებ. მათი დაწერის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ძვ. წ. მეორე ან მესამე საუკუნეებზე ადრე არ დაიწერებოდა.
რა ამტკიცებს მათ არაკანონიკურობას. თუმცა ამ წიგნებიდან ზოგს გარკვეული ისტორიული ღირებულება გააჩნია, უსაფუძვლო იქნებოდა იმის თქმა, რომ ისინი კანონიკურია. ფაქტები ცხადყოფს, რომ ებრაული კანონის წერა ძვ. წ. მეხუთე საუკუნეში ეზრას, ნეემიასა და მალაქიას წიგნებით დასრულდა. აპოკრიფული წიგნები არასდროს მიეკუთვნებოდა წმინდა წერილების იუდაისტურ კანონს და არც დღეს მიეკუთვნება.
პირველი საუკუნის ებრაელი ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის სიტყვებიდან ჩანს, რომ იმ დროს მხოლოდ ებრაულ კანონში შემავალ წიგნებს მიიჩნევდნენ წმინდად. ის წერდა: „ჩვენ არა გვაქვს ურთიერთგამომრიცხავი შინაარსის უამრავი წიგნი. ჩვენი წიგნები, რომლებიც სამართლიანად არის აღიარებული, მხოლოდ ოცდაორია [თანამედროვე დაყოფის მიხედვით ებრაული წერილების 39 წიგნის ეკვივალენტი] და ისინი დროის ყველა მონაკვეთს მოიცავს“. ის, რომ მისთვის ცნობილი იყო აპოკრიფული წიგნების არსებობა და ებრაული კანონი არ შეიცავდა მათ, ჩანს მისი შემდეგი სიტყვებიდან: „დაიწერა სრული ისტორია არტაქსერქსეს დროიდან ჩვენს დრომდე, მაგრამ მან ვერ მოიპოვა ძველი ჩანაწერების მსგავსი აღიარება, რადგან წინასწარმეტყველთა ხაზი გაწყვეტილი იყო“ (Against Apion, I, 38, 41 (8)).
შეიტანეს სეპტუაგინტაში. აპოკრიფების კანონიკურობის მხარდასაჭერად ძირითადად ის ფაქტი მოჰყავთ, რომ ისინი შედის ებრაული წერილების ბერძნული სეპტუაგინტის არაერთ ადრინდელ ასლში, რომლის თარგმნაც დაახლოებით ძვ. წ. 280 წელს დაიწყეს ეგვიპტეში. მაგრამ სეპტუაგინტის თავდაპირველი ასლები აღარ არსებობს, ამიტომ შეუძლებელია გადაჭრით იმის თქმა, რომ აპოკრიფული წიგნები თავიდანვე შედიოდა მასში. მიიჩნევენ, რომ აპოკრიფული წიგნებიდან ბევრი, შესაძლოა უმეტესობაც კი, მას შემდეგ დაიწერა, რაც სეპტუაგინტის თარგმნა დაიწყეს და, შესაბამისად, არ შედიოდა იმ სათარგმნი წიგნების სიაში, რომელიც მთარგმნელებმა შეადგინეს. ასე რომ, უკეთეს შემთხვევაში ისინი შეიძლება მხოლოდ ამ ნაშრომის დამატებად ჩაითვალოს.
მართალია, დროთა განმავლობაში ალექსანდრიელმა ბერძნულენოვანმა იუდეველებმა ასეთი აპოკრიფული ნაშრომები ბერძნულ სეპტუაგინტაში შეიტანეს და მათ წმინდა წერილების კანონის დამატებად მიიჩნევდნენ, მაგრამ იოსებ ფლავიუსის ზემოხსენებული სიტყვებიდან ჩანს, რომ ისინი არასდროს შესულა იერუსალიმურ, იმავე პალესტინურ კანონში, და უკეთეს შემთხვევაში მეორეხარისხოვან წიგნებად ითვლებოდა, რომლებიც ღვთისგან არ იყო. ამიტომ იამნიის იუდეველთა კრებამ (დაახლ. ახ. წ. 90) ასეთი წიგნები გამორიცხა ებრაული კანონიდან.
რომაელების 3:1, 2-ში მოციქული პავლე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საჭიროა იუდეველთა პოზიციის გათვალისწინება.
სხვა უძველესი მტკიცებები. აპოკრიფული წიგნების კანონიკურობის საწინააღმდეგო ერთ-ერთი მტკიცება ის არის, რომ ქრისტიანულ-ბერძნული წერილების არც ერთი დამწერი არ ციტირებდა ამ წიგნებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ეს გადამწყვეტი არ არის, რადგან ისინი კანონიკურად აღიარებული ზოგიერთი წიგნიდანაც (მაგ., ესთერი, ეკლესიასტე და ქებათა ქება) არ ციტირებდნენ, მაინც გასათვალისწინებელია, რომ აპოკრიფული წიგნებიდან მათ ერთი ციტატაც არა აქვთ აღებული.
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ახალი წელთაღრიცხვის პირველი რამდენიმე საუკუნის გამოჩენილი ბიბლიის მკვლევრებისა და „ეკლესიის მამების“ უმეტესობა აპოკრიფებს ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნევდა. ახ. წ. მესამე საუკუნის პირველ ნახევარში მცხოვრებმა ორიგენემ საფუძვლიანი გამოკვლევის შედეგად ეს წიგნები ჭეშმარიტად კანონიკური წიგნებისგან გამიჯნა. მეოთხე საუკუნეში მოღვაწე ათანასემ, კირილე იერუსალიმელმა, გრიგოლ ნაზიანზელმა და ამფილოქემ ებრაული კანონის მიხედვით შეადგინეს წმინდა წერილების კატალოგები. მათ ან გამოტოვეს ეს დამატებითი წიგნები, ან მეორეხარისხოვანი ადგილი მიუჩინეს.
აპოკრიფულ წიგნებს რადიკალურად ეწინააღმდეგებოდა ადრინდელი ეკლესიის „საუკეთესო ჰებრაისტად“ ცნობილი იერონიმე, რომელმაც ახ. წ. 405 წელს დაასრულა ლათინურ ვულგატაზე მუშაობა. სინამდვილეში ამ წიგნების მისამართით პირველად მან გამოიყენა სიტყვა „აპოკრიფი“ არაკანონიკურის მნიშვნელობით. „სამუელისა“ და „მეფეების“ წიგნების შესავალში იერონიმემ ჩამოწერა ებრაული წერილები ებრაული კანონის მიხედვით (რომელშიც 39 წიგნი 22 წიგნად გაერთიანდა) და აღნიშნა: „ასე რომ, სულ ოცდაორი წიგნია … ამ სარწმუნო შესავლის მიხედვით უნდა ავირჩიოთ ებრაულიდან ლათინურზე სათარგმნი წიგნები; ამგვარად, თუ რომელიმე წიგნი აქ მოხსენიებული არ არის, ის აპოკრიფებს უნდა მივაკუთვნოთ“. ქალბატონ ლეტას მისი ქალიშვილის განათლებასთან დაკავშირებულ წერილში იერონიმემ ურჩია: „სასურველია, აპოკრიფული წიგნები არ წაიკითხოს, და თუ ოდესმე მოინდომებს მათ წაკითხვას, წაიკითხოს არა მათში ჭეშმარიტების საძიებლად, არამედ უბრალოდ ინტერესის გამო. მას უნდა ესმოდეს, რომ ისინი სინამდვილეში მათ არ დაუწერიათ, ვისაც მიაკუთვნებენ; ისინი უამრავ უზუსტობას შეიცავს და ტალახში ოქროს საპოვნელად დიდი ოსტატობა დასჭირდება“ (Select Letters, CVII).
კათოლიკეთა განსხვავებული შეხედულებები. ამ დამატებითი წიგნების შეტანა კანონიკურ წიგნებს შორის თავდაპირველად ავგუსტინემ (ახ. წ. 354—430) დაიწყო, თუმცა მოგვიანებით დაწერილ ნაშრომებში აღიარა, რომ განსხვავება ებრაულ კანონში შემავალ წიგნებსა და ამ წიგნებს შორის აშკარა იყო. მიუხედავად ამისა, კათოლიკურმა ეკლესიამ მიჰბაძა ავგუსტინეს და ეს წიგნები ახ. წ. 397 წელს კართაგენის საეკლესიო კრებაზე დადგენილ წმინდა წიგნების კანონს დაუმატა. მათი ბიბლიის წიგნების სიაში საბოლოოდ შეტანა მხოლოდ 1546 წელს მოხდა ტრიენტის საეკლესიო კრებაზე. ასეთი ქმედება საჭიროდ ჩათვალეს, რადგან ამ წიგნებთან დაკავშირებით ეკლესიაშიც იყოფოდა აზრები. კათოლიკე მღვდელმა და მეცნიერმა, ჯონ უიკლიფმა, რომელმაც ნიკოლას ჰერიფორდელის დახმარებით მე-14 საუკუნეში ბიბლია პირველად თარგმნა ინგლისურ ენაზე, აპოკრიფული წიგნები შეიტანა თავის თარგმანში, თუმცა წინასიტყვაობაში აღნიშნა, რომ რწმენა ამ წიგნებზე არ უნდა ყოფილიყო დაფუძნებული. კარდინალმა კაიეტანმაც, რომელიც მოწინავე კათოლიკე თეოლოგი იყო (1469—1534) და რომელსაც კლემენტ VII-მ „ეკლესიის ლამპარი“ უწოდა, განასხვავა ჭეშმარიტ ებრაულ კანონში შემავალი წიგნები აპოკრიფული წიგნებისგან და იერონიმეს ნაშრომები ავტორიტეტულად მოიხსენია.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტრიენტის საეკლესიო კრებამ არ აღიარა კართაგენის საეკლესიო კრებაზე მოწონებული ზოგი წიგნი, კერძოდ, მენაშეს (მანასე) ლოცვა და მე-2 და მე-3 ეზრა (ეზდრა). ასე რომ, ეს სამი წიგნი, რომლებიც 1 100 წელზე მეტი ხნის მანძილზე საყოველთაოდ აღიარებული ვულგატის ნაწილი იყო, ბიბლიის წიგნების სიიდან ამოიღეს.
ეწინააღმდეგება საკუთარ თავს. აპოკრიფული წიგნების კანონიკურობის წინააღმდეგ ყველაზე მეტად თავად ტექსტში არსებული ხარვეზები მოწმობს. მათში საერთოდ არ არის მოცემული წინასწარმეტყველებები. მათი შინაარსი და სწავლებები შიგადაშიგ ეწინააღმდეგება როგორც კანონიკურ წიგნებს, ისე ერთმანეთს. ეს წიგნები სავსეა ისტორიული, გეოგრაფიული თუ ქრონოლოგიური უზუსტობებით. ზოგიერთი დამწერი თავის წიგნს ადრე მცხოვრები ღვთივშთაგონებული დამწერის წიგნად ასაღებდა. ამ წიგნებიდან ჩანს, რომ მათი ავტორები წარმართულ ელინისტურ გავლენაში იყვნენ. ზოგჯერ ისინი იყენებდნენ ღვთისგან შთაგონებული წმინდა წერილებისთვის უცხო მაღალფარდოვან ენასა და ლიტერატურულ სტილს. ორმა დამწერმა ირიბად მიანიშნა, რომ ისინი ღვთივშთაგონებით არ წერდნენ (იხ. სიბრძნე ზირაქის წინასიტყვაობა; 2 მაკაბელები 2:24—32; 15:37—39, სსგ). ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ აპოკრიფების კანონიკურობის წინააღმდეგ საუკეთესო მტკიცება თავად აპოკრიფებია, რომლებიც განხილულია ქვემოთ.
ტობითი (ტობია). ეს წიგნი მოგვითხრობს ნაფთალელ ღვთისმოშიშ ებრაელზე, რომელიც ნინევეში იყო გადასახლებული. მას თვალებში ჩაუვარდა ფრინველის სკორე და ორივე თვალით დაბრმავდა. მან თავისი ვაჟი, ტობია, მიდიაში გაგზავნა ვალის ასაღებად. ეკბატანამდე (იგივე რაგე) ტობიას უძღვებოდა ხორცშესხმული ანგელოზი. გზაზე ტობიამ დაიჭირა თევზი და ამოუღო გულ-ღვიძლი და ნაღველი. შემდეგ ის შეხვდა შვიდჯერ გათხოვილ ქალწულ ქვრივს, რომლის ქმრებსაც ბოროტი სული, ასმოდავსი, ქორწილის ღამეს კლავდა. ანგელოზის რჩევისამებრ ტობიამ ცოლად მოიყვანა ქვრივი ქალწული, თევზის გულ-ღვიძლს ცეცხლი წაუკიდა, აკმია და დემონი განდევნა. შინ დაბრუნებულმა თავის მამას თევზის ნაღვლით განუკურნა თვალები.
ეს ამბავი, როგორც ჩანს, თავდაპირველად არამეულ ენაზე დაიწერა, სავარაუდოდ, ძვ. წ. მესამე საუკუნეში. ის ვერ იქნება ღვთივშთაგონებული წიგნი, რადგან მხარს უჭერს ცრურწმენას და არაერთ უზუსტობას შეიცავს. მაგალითად, წიგნში ნათქვამია, რომ ტობითი სიყმაწვილეში ჩრდილოეთი ტომების განდგომილების თვითმხილველი იყო, რომელიც ძვ. წ. 997 წელს სოლომონის სიკვდილის შემდეგ მოხდა (ტობითი 1:4, 5), და მოგვიანებით ძვ. წ. 740 წელს ნაფთალის ტომთან ერთად ნინევეში გადაასახლეს (ტობითი 1:10—13). ეს ნიშნავს, რომ მან სულ მცირე 257 წელი იცოცხლა. თუმცა ტობითის 14:11-ში ნათქვამია, რომ ის 158 წლისა მოკვდა (ზოგიერთი თარგმანის მიხედვით 102 წლისა (ტობითი 14:1—3, Dy)).
ივდითი. ეს არის ქალაქ ბეთულიაში მცხოვრები მშვენიერი ებრაელი ქვრივის ისტორია. ნაბუქოდონოსორმა დასავლეთით სალაშქროდ გაგზავნა თავისი მთავარსარდალი ოლოფერნე, რათა აღმოეფხვრა ყველანაირი თაყვანისმცემლობა, გარდა ნაბუქოდონოსორის თაყვანისმცემლობისა. მისმა ჯარმა ალყაში მოაქცია იუდეველები ბეთულიაში. ივდითმა იუდეველების გამცემად გაასაღა თავი. ის ბანაკში მიიყვანეს ოლოფერნესთან, რომელსაც ქალაქის მდგომარეობის შესახებ არასწორი ინფორმაცია გადასცა. ნადიმზე ოლოფერნე დათვრა, ივდითმა მას მისივე მახვილით მოჰკვეთა თავი და ბეთულიაში წაიღო. მეორე დილით მტრის ბანაკი არეულობამ მოიცვა და იუდეველებმა დაამარცხეს ისინი.
ბიბლიის ერთ-ერთ კათოლიკურ თარგმანში (The Jerusalem Bible) ტობითის, ივდითისა და ესთერის წიგნების წინასიტყვაობაში ნათქვამია: „ისტორიული და გეოგრაფიული უზუსტობებით განსაკუთრებით ივდითის წიგნი გამოირჩევა“. წინასიტყვაობაში მოხსენიებულ უზუსტობათაგან ერთ-ერთი ის არის, რომ წიგნში აღწერილი მოვლენები თითქოს ნაბუქოდონოსორის მმართველობის პერიოდში ხდებოდა, რომელიც ვითომდა „მეფობდა აშურელებზე დიდ ქალაქ ნინევეში“ (ივდითი 1:1, 7). ზემოხსენებული თარგმანის წინასიტყვაობასა და სქოლიოებში წერია, რომ ნაბუქოდონოსორი ბაბილონის მეფე იყო და მას არასდროს უმეფია ნინევეში, რადგან იმ დროისთვის ნინევე უკვე განადგურებული იყო ნაბუქოდონოსორის მამის, ნაბუფალასარის მიერ.
ოლოფერნეს ლაშქრის მარშრუტის შესახებ იმავე თარგმანის წინასიტყვაობაში წერია, რომ ამ მარშრუტის განხორციელება გეოგრაფიული თვალსაზრისით შეუძლებელი იყო. ერთ-ერთ ბიბლიურ ლექსიკონში ნათქვამია: „ეს ისტორია თავიდან ბოლომდე გამოგონილი ამბავია. წინააღმდეგ შემთხვევაში მასში არსებული უზუსტობების ახსნა შეუძლებელია“ (The Illustrated Bible Dictionary, ჯ. დ. დაგლასის რედაქციით, 1980, ტ. 1, გვ. 76).
სავარაუდოდ, ეს წიგნი ებრაულ ენაზე დაიწერა პალესტინაში ბერძნების ბატონობის დროს, ძვ. წ. მეორე საუკუნის მიწურულს ან პირველი საუკუნის დასაწყისში.
ესთერის წიგნის დამატებები. შედგება ექვსი დამატებითი მონაკვეთისგან. ზოგ უძველეს ბერძნულ და ლათინურ ტექსტებში პირველი მონაკვეთი (17 მუხლი) ჩასმულია პირველი თავის წინ (ესთ. 11:2—12:6, „მცხეთური ხელნაწერები“). მასში აღწერილია მორდოქაის სიზმარი და მის მიერ მეფის წინააღმდეგ შეთქმულთა მხილება. მეორე დამატება მოყვება 3:13-ს (13:1—7, მხ) და ეხება ებრაელების წინააღმდეგ მეფის განკარგულებას. მე-4 თავის დასასრულს (13:8—14:19, მხ) მესამე დამატებაში ჩაწერილია მორდოქაისა და ესთერის ლოცვები. მეოთხე დამატება მოსდევს 5:2-ს (15:1—19, მხ) და ეხება მეფის წინაშე ესთერის წარდგომას. მეხუთე დამატება ჩაწერილია 8:12-ის შემდეგ (16:1—24, მხ) და შეიცავს მეფის განკარგულებას, რომლის თანახმადაც ებრაელებს შეეძლოთ, თავი დაეცვათ მტრებისგან. წიგნის დასასრულს (10:5—11:1, მხ) მოყვანილია აპოკრიფულ შესავალში ჩაწერილი სიზმრის ახსნა.
სხვადასხვა თარგმანში ეს დამატებები სხვადასხვა ადგილას არის ჩასმული, ზოგში — წიგნის ბოლოს (მაგ., იერონიმეს თარგმანი), ზოგში კი — ძირითად კანონიკურ ტექსტში.
ამ აპოკრიფული დამატებების პირველ ნაწილში მორდოქაი მოხსენიებულია ძვ. წ. 617 წელს ნაბუქოდონოსორის მიერ წაყვანილ ტყვეებს შორის და ნათქვამია, რომ ერთ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, ახაშვეროშის (ბერძნულ ტექსტში არტაქსერქსე) მეფობის მეორე წელს ის გავლენიანი კაცი იყო მეფის კარზე. ის, რომ მორდოქაის ასეთი მნიშვნელოვანი მდგომარეობა ეკავა სამეფო კარზე ახაშვეროშის მეფობის ადრეულ წლებში, ეწინააღმდეგება ესთერის წიგნის კანონიკურ ნაწილს. მიაჩნიათ, რომ ეს აპოკრიფული დამატებები ძვ. წ. მეორე საუკუნეში ეგვიპტეში მცხოვრებმა ებრაელმა დაწერა.
სიბრძნე სოლომონისა. ამ ნაშრომში აღწერილია ის დიდებული კურთხევები, რომელთაც ღვთის სიბრძნის მაძიებელნი იღებენ. მასში სიბრძნე ზეციერ ქალად არის წარმოდგენილი. ტექსტში შესულია სოლომონის ლოცვა-ვედრება სიბრძნისთვის. წიგნის ბოლო ნაწილი შეიცავს ისტორიას ადამიდან ქანაანის დაპყრობამდე, საიდანაც აღებულია მაგალითები იმის დასანახვებლად, თუ რა კურთხევები მოჰყვება სიბრძნეს და რა უბედურება — მის არქონას. აგრეთვე განხილულია, რამხელა უგუნურებაა კერპების თაყვანისცემა.
მართალია, პირდაპირ არ არის ნათქვამი, მაგრამ ზოგი მუხლი მიანიშნებს, რომ წიგნის ავტორი სოლომონია (სიბრძნე სოლომონისა 9:7, 8, 12). წიგნში ციტირებულია მუხლები ისეთი ბიბლიური წიგნებიდან, რომლებიც სოლომონის სიკვდილიდან (დაახლ. ძვ. წ. 998) საუკუნეების შემდეგ დაიწერა და აღებულია სეპტუაგინტიდან, რომლის თარგმნაც დაახლოებით ძვ. წ. 280 წელს დაიწყეს. მიიჩნევენ, რომ წიგნის დამწერი იყო ალექსანდრიელი (ეგვიპტე) ებრაელი, რომელმაც ის ძვ. წ. პირველი საუკუნის შუა ხანებში დაწერა.
დამწერი ბერძნულ ფილოსოფიას ეყრდნობა. სულის უკვდავების მხარდასაჭერად ის იყენებს პლატონის ტერმინოლოგიას (სიბრძნე სოლომონისა 2:23; 3:2, 4). წიგნში გვხვდება სხვა წარმართული შეხედულებებიც, რომელთა თანახმადაც ადამიანის დაბადებამდე არსებობს მისი სული და სხეული ამძიმებს და აბრკოლებს სულს (8:19, 20; 9:15). ადამიდან მოსემდე მომხდარი ისტორიული მოვლენები შელამაზებულია უამრავი არარეალური დეტალით, რომლებიც ხშირად არ ემთხვევა კანონიკურ წიგნებში ჩაწერილს.
ზოგი მკვლევარი ცდილობს აპოკრიფულ წიგნებსა და მოგვიანებით დაწერილ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებს შორის მსგავსების დანახვას, თუმცა ხშირ შემთხვევაში მსგავსებები უმნიშვნელოა. მაშინაც, როცა მსგავსება შედარებით დიდია, ეს არ ნიშნავს, რომ ქრისტიანი დამწერები აპოკრიფებს ეყრდნობოდნენ. სინამდვილეში ისინი კანონიკურ ებრაულ წერილებს იყენებდნენ, რასაც თავად აპოკრიფების დამწერებიც აკეთებდნენ.
სიბრძნე ზირაქისა. ეს წიგნი, რომელსაც აგრეთვე ეწოდება „სიბრძნე ისუ ზირაქისა“, აპოკრიფულ წიგნებს შორის იმით გამოირჩევა, რომ ის ყველაზე დიდი მოცულობისაა და ცნობილია მისი ავტორი — იერუსალიმელი იესო (ისუ) ბენ ზირაქი. დამწერი დეტალურად საუბრობს სიბრძნეზე და წარმატების მისაღწევად მის გამოყენებაზე. ის განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს კანონის დაცვაზე. წიგნში მოცემულია რჩევები ურთიერთობებზე და ყოველდღიურ ყოფაზე, მათ შორის საუბარია სუფრასთან ქცევაზე, სიზმრებსა და მოგზაურობაზე. წიგნის ბოლო ნაწილი ეხება გამოჩენილ ისრაელთა მოღვაწეობას და მთავრდება მღვდელმთავარ სიმონ II-ის (სიმეონი) მოღვაწეობის განხილვით.
სიბრძნე ზირაქის 25:24-ში ნათქვამია: „ქალისაგანაა სათავე ცოდვისა და მის გამო ვიხოცებით ყველანი“. ეს ეწინააღმდეგება პავლეს მიერ რომაელების 5:12—19-ში ჩაწერილ სიტყვებს, რომელთა თანახმადაც ცოდვაზე პასუხისმგებლობა ადამს ეკისრება. წიგნის დამწერის აზრით, შესაძლებელია, მოითმინო „ყოველი სიავე, მაგრამ არა სიავე ქალისა“ (25:12).
წიგნი დაიწერა ებრაულ ენაზე ძვ. წ. მეორე საუკუნის პირველ ნახევარში. თალმუდი შეიცავს ციტატებს ამ წიგნიდან.
ბარუქი და იერემიას ეპისტოლე. ბარუქის წიგნი, რომელიც ხუთი თავისგან შედგება, ისეთ შთაბეჭდილებას გვიქმნის, თითქოს ის იერემიას მეგობარმა და მწერალმა, ბარუქმა დაწერა, იერემიას ეპისტოლე კი — თავად იერემიამ. ამ წიგნებში ჩაწერილია ბაბილონში გადასახლებულ იუდეველთა მონანიების სიტყვები და ვედრება. წიგნები მოუწოდებს მათ, გამოავლინონ სიბრძნე და ჰქონდეთ დაპირებული ხსნის იმედი. აგრეთვე იგმობა ბაბილონური კერპთაყვანისმცემლობა.
ბარუქის წიგნში ნათქვამია, რომ ის ბაბილონში იყო (ბარუქი 1:1, 2), მაშინ როცა ბიბლიაში წერია, რომ ის იერემიასთან ერთად ეგვიპტეში წავიდა. არ არსებობს მტკიცება, რომ ბარუქი ოდესმე ყოფილა ბაბილონში (იერ. 43:5—7). იერემიას წინასწარმეტყველებაში წერია, რომ იუდა 70 წელი იქნებოდა გაპარტახებული ბაბილონში იუდეველთა გადასახლების დროს (იერ. 25:11, 12; 29:10), იერემიას ეპისტოლეს მეორე მუხლში კი ნათქვამია, რომ იუდეველები ბაბილონში მეშვიდე თაობამდე იქნებოდნენ.
იერონიმემ იერემიას წიგნის წინასიტყვაობაში დაწერა: „საჭიროდ არ ჩავთვალე ბარუქის წიგნის თარგმნა“ (ამ წიგნში იერემიას ეპისტოლეც შედიოდა). „იერუსალიმის ბიბლიაში“ (JB, გვ. 1128) ამ წიგნის შესავალში ნათქვამია, რომ ამ ნაწარმოების ზოგიერთი მონაკვეთი, შესაძლოა, დაიწერა არაუადრეს ძვ. წ. მეორე ან პირველ საუკუნეში. აქედან გამომდინარე, წიგნის ავტორი ბარუქი ვერ იქნებოდა. როგორც ჩანს, ის ებრაულ ენაზე დაიწერა.
სამი ყრმის გალობა. ეს დანართი დანიელის 3:23-ის შემდეგ არის ჩასმული. იგი შედგება 67 მუხლისგან. ამ დანართში ჩაწერილია სავარაუდოდ აზარიას მიერ გავარვარებულ ღუმელში წარმოთქმული ლოცვა. მოთხრობილია, თუ როგორ ჩააქრო ანგელოზმა ცეცხლის ალი. ბოლო მუხლებში კი ჩაწერილია სამი ებრაელის სიმღერა, რომელიც ღუმელშივე იმღერეს. ეს სიმღერა ძალიან ჰგავს 148-ე ფსალმუნს. მაგრამ სიმღერაში მოხსენიებული ტაძარი, მღვდლები და ქერუბიმები არ შეესაბამება იმ პერიოდს, რომლის შესახებაც ეს დანართი მოგვითხრობს. შესაძლოა, ის ძვ. წ. პირველ საუკუნეში დაიწერა ებრაულ ენაზე.
სუსანა და ორი უხუცესი (სუსანას თავგადასავალი). ეს მოკლე ისტორია მოგვითხრობს ბაბილონში მცხოვრები მდიდარი იუდეველი კაცის, იოაკიმის ლამაზი ცოლის, სუსანას ცხოვრებიდან ერთ მონაკვეთს. როცა სუსანა ბანაობდა, მასთან ორი იუდეველი უხუცესი მივიდა და უთხრეს, რომ მათთან თუ არ დაწვებოდა, ცრუბრალდებას წაუყენებდნენ. სასამართლოზე სუსანას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, მაგრამ ახალგაზრდა დანიელმა ჭკვიანურად იმოქმედა და ორი უხუცესი სიცრუეში ამხილა, სუსანას კი ბრალდება მოუხსნეს. უცნობია, რომელ ენაზე დაიწერა ეს მოთხრობა. ვარაუდობენ, რომ ის ძვ. წ. პირველ საუკუნეში დაიწერა. სეპტუაგინტაში ის კანონიკური წიგნის, დანიელის წინასწარმეტყველების წინ იყო ჩასმული, ვულგატაში კი — მის შემდეგ. ზოგიერთ თარგმანში, მათ შორის ქართულ თარგმანებში, ის დაერთო დანიელის წიგნს, როგორც მე-13 თავი.
მოთხრობა ბელისა და ურჩხულის შესახებ. ზოგიერთ თარგმანში, მათ შორის ქართულ თარგმანებში, ეს მესამე დანართი დანიელის წიგნს დაემატა, როგორც მე-14 თავი. ამ ისტორიაში მოთხრობილია, რომ მეფე კიროსმა დანიელისგან ბელის კერპის თაყვანისცემა მოითხოვა. დანიელმა დაამტკიცა, რომ კერპისთვის მიტანილ საკვებს, სინამდვილეში, ქურუმები და მათი ოჯახები ჭამდნენ, რადგან ტაძრის იატაკზე წინასწარ მოფრქვეულ ნაცარზე მათი ნაფეხურები დარჩა. ქურუმები დახოცეს, დანიელმა კი დაამსხვრია კერპი. მეფემ დანიელს ცოცხალი ურჩხულის თაყვანისცემა მოსთხოვა. დანიელმა მოკლა ურჩხული, მაგრამ ის გახელებულმა ბრბომ ლომების ხაროში ჩააგდო. ხაროში შვიდდღიანი ტყვეობის დროს დანიელს საკვები მიუტანა აბაკუმმა, რომელიც ანგელოზმა თმით ასწია და იუდეიდან ბაბილონში გადაიყვანა. შემდეგ აბაკუმი დაბრუნდა იუდეაში. დანიელი ხაროდან ამოიყვანეს და ხაროში მისი მტრები ჩაყარეს, რომლებიც ლომებმა შეჭამეს. მიიჩნევენ, რომ ეს მონაკვეთიც ძვ. წ. პირველ საუკუნეში იყო დაწერილი. დანიელის წიგნის სამივე დამატება ერთ-ერთ ლექსიკონში მოხსენიებულია როგორც „შელამაზებული ლეგენდები ღვთისმოშიშებაზე“ (The Illustrated Bible Dictionary, ტ. 1, გვ. 76).
პირველი მაკაბელები. ეს ისტორიული წიგნი ეხება ებრაელთა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ძვ. წ. მეორე საუკუნეში ანტიოქე ეპიფანეს მმართველობიდან (ძვ. წ. 175) სიმონ მაკაბელის სიკვდილამდე (დაახლ. ძვ. წ. 134). მასში ყურადღება ძირითადად მახვილდება სირიელებთან ბრძოლის დროს მღვდელ მატათიასისა და მისი ვაჟების, იუდას, იონათანისა და სიმონის საგმირო საქმეებზე.
ეს არის ყველაზე ღირებული აპოკრიფული წიგნი, რადგან ის იმ პერიოდის ისტორიულ ცნობებს შეიცავს. თუმცა ერთ ენციკლოპედიაში აღნიშნულია: „ისტორია დაწერილია ადამიანური გადასახედიდან“ (The Jewish Encyclopedia, 1976, ტ. VIII, გვ. 243). სხვა აპოკრიფული წიგნების მსგავსად, ეს წიგნიც არ მიეკუთვნება ებრაული კანონის ღვთივშთაგონებულ წიგნებს. როგორც ჩანს, ის ებრაულ ენაზე დაახლ. ძვ. წ. მეორე საუკუნის მეორე ნახევარში დაიწერა.
მეორე მაკაბელები. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი პირველ მაკაბელებს მოსდევს, ის იმავე პერიოდს ეხება (დაახლ. ძვ. წ. 180—160), თუმცა სხვა ავტორის მიერ არის დაწერილი. დამწერი წიგნს წარმოადგენს იმ წიგნების შეჯამებად, რომლებიც იასონ კირენელმა დაწერა. წიგნი მოგვითხრობს ანტიოქე ეპიფანეს მიერ ებრაელების დევნის, ტაძრის გაძარცვისა და მისი ხელმეორედ მიძღვნის შესახებ.
წიგნში ნათქვამია, რომ იერუსალიმის განადგურებისას იერემიამ კარავი და შეთანხმების კიდობანი იმ მთის გამოქვაბულში წაიღო, საიდანაც მოსემ ქანაანის მიწა იხილა (2 მაკაბელები 2:1—16). მაგრამ აღსანიშნავია, რომ კარავი დაახლოებით 420 წლით ადრე უკვე ტაძრით იყო შეცვლილი.
სხვადასხვა მუხლი გამოყენებულია ისეთი კათოლიკური დოგმების მხარდასაჭერად, როგორიცაა სიკვდილის შემდეგ დასჯა (2 მაკაბელები 6:26), წმინდანების შუამდგომლობა (15:12—16) და მიცვალებულთათვის ლოცვა (12:41—46).
მაკაბელების წიგნების წინასიტყვაობაში „იერუსალიმის ბიბლია“ მეორე მაკაბელების შესახებ ამბობს: „დაწერის სტილი შეესაბამება ელინისტურ მწერლებს, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ საუკეთესოა: ზოგჯერ გადაპრანჭულია, ზოგჯერ კი — მაღალფარდოვანი“. წიგნის დამწერი არ აცხადებს, რომ ის ღვთის შთაგონებით დაწერა. მეორე თავის ბოლოს ის თავს იმართლებს, რომ სათქმელის გადმოსაცემად თავისებური სტილი აირჩია (2 მაკაბელები 2:24—32). ის თავის ნაშრომს შემდეგი სიტყვებით ასრულებს: „მეც ამით დავასრულებ სათქმელს. თუ მწყობრად და გონივრულად დავალაგე სიტყვა, მეც ეს მინდოდა. როგორც შემეძლო, ისე ვქმენ და თუ მწირად და უღიმღამოდ გამომივიდა, ის ვქმენ, რაც ძალმედვა“ (2 მაკაბელები 15:37, 38).
როგორც ჩანს, წიგნი ბერძნულ ენაზე დაიწერა ძვ. წ. 134 წელსა და ახ. წ. 70 წელს შორის, იერუსალიმის დაცემამდე.
გვიანდელი აპოკრიფები. განსაკუთრებით ახ. წ. მეორე საუკუნიდან ჩნდება უამრავი ნაწარმოები, რომლებიც პრეტენზიას აცხადებდა ღვთივშთაგონებულობაზე, კანონიკურობასა და ქრისტიანულ რწმენასთან კავშირზე. ეს ე. წ. ახალი აღთქმის აპოკრიფები მიმსგავსებულია ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში შემავალ სახარებებს, მოციქულთა საქმეებს, წერილებსა და გამოცხადების წიგნს. მათი დიდი ნაწილი ცნობილია მხოლოდ ფრაგმენტების ან სხვა მწერლების მიერ მოყვანილი ციტატების სახით, ან გაკვრით არის მოხსენიებული სხვა ნაწარმოებებში.
ეს ნაწარმოებები ღვთის შთაგონებით დაწერილ წიგნებში შეგნებულად გამოტოვებული ინფორმაციის შესავსებად დაიწერა, მაგალითად, ბავშვობიდან ნათლობამდე იესოს ცხოვრებისა და საქმიანობის აღსაწერად, ან იმ სწავლებებისა და ტრადიციების მხარდასაჭერად, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ ბიბლიასთან ან აშკარად ეწინააღმდეგებიან მას. ამგვარად, ე. წ. სიყრმე უფლისა, რომელიც თომას სახარებას უკავშირდება, და იაკობის პირველსახარება სავსეა ვითომდა იესოს მიერ ბავშვობაში მოხდენილი სასწაულების შესახებ დაუჯერებელი და უცნაური ამბებით. სინამდვილეში ისინი იესოს აღწერენ არაჩვეულებრივი ძალის მქონე ჭირვეულ და თავნება ბავშვად (შდრ. ლკ. 2:51, 52-ში ჩაწერილ ღვთივშთაგონებულ სიტყვებს). აპოკრიფული საქმენი, როგორიცაა პავლეს საქმენი და პეტრეს საქმენი, დიდ ყურადღებას ამახვილებს სქესობრივი კავშირისგან სრულ თავშეკავებაზე და ისე აღწერს მოციქულებს, თითქოს ისინი მოუწოდებდნენ ქალებს, გაშორებოდნენ ქმრებს, რაც ეწინააღმდეგება პავლეს მიერ 1 კორინთელების მე-7 თავში ჩაწერილ ღვთივშთაგონებულ რჩევას.
მოციქულების სიკვდილის შემდეგ დაწერილ აპოკრიფულ ნაწარმოებებზე ერთ ბიბლიურ ლექსიკონში ნათქვამია: „ბევრი მათგანი არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, ზოგი ზედმეტად თეატრალიზირებულია, ზოგი კი საზიზღრობაა, გულისამრევიც კი“ (The Interpreter’s Dictionary of the Bible, ჯ. ა. ბატრიკის რედაქციით, 1962, ტ. 1, გვ. 166). სხვა ლექსიკონში ამ ნაწარმოებების შესახებ აღნიშნულია: „ისინი საფუძვლად დაედო უამრავ წმინდა ლეგენდასა და ეკლესიურ ტრადიციას. კათოლიკური ეკლესიის ზოგიერთი დოგმა სწორედ ამ წიგნებიდან იღებს სათავეს“ (Funk and Wagnalls New Standard Bible Dictionary, 1936, გვ. 56).
როგორც ადრინდელი აპოკრიფები არ შევიდა ქრისტიანობამდელ კანონიკურ ებრაულ წერილებში, ისე ეს გვიანდელი აპოკრიფები არ იქნა აღიარებული ღვთივშთაგონებულად და არ შევიდა ქრისტიანულ-ბერძნული წერილების კანონიკურ წიგნთა უძველეს კრებულებსა თუ ნუსხებში (იხ. ᲑᲘᲑᲚᲘᲘᲡ ᲙᲐᲜᲝᲜᲘ).