მსახური
[ებრ. მეშარეთ; ბერძ. დიაკონოს]
მეშარეთ მომდინარეობს ზმნიდან შარათ, რაც ზემდგომის მომსახურებას ნიშნავს, და გამოიყენება როგორც რელიგიური, ისე არარელიგიური დატვირთვით (დბ. 39:4; კნ. 10:8). სიტყვა დიაკონოს შესახებ დ. ედმონდ ჰაიბერტი წერს: „ადრე არსებობდა მოსაზრება, რომ ეს სიტყვა ნაწარმოებია თავსართიდან [დია], რაც გამჭოლს ნიშნავს, და არსებითი სახელიდან [კონის], რაც მტვერს ნიშნავს. ამ სიტყვაში იგულისხმება ადამიანი, რომელიც მტვერში მიიჩქარის დავალების შესასრულებლად. მაგრამ ამ მოსაზრებას დღეს ბევრი არ ეთანხმება. უფრო ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ის ნაწარმოებია ზმნის ფუძიდან [დიეკო], რაც ნიშნავს ერთი ადგილიდან მეორეზე მისვლას, ხოლო მისი მონათესავე ზმნა [დიოკო] გამოდევნებას. აქედან გამომდინარე, ეს სიტყვა გულისხმობს ადამიანს, რომელიც გულმოდგინედ და შეუპოვრად ცდილობს სხვების მომსახურებას“ (Bibliotheca Sacra, 1983, ტ. 140, გვ. 153).
ებრაულ და ბერძნულ ენებში ზემოხსენებული და მათი მონათესავე სიტყვები გამოიყენება როგორც მამაკაცების, ისე ქალების მიმართ (2სმ. 13:17, 18; 1მფ. 1:4, 15; 2კრ. 3:6; რმ. 16:1). იესო ნავეს ძე სიყმაწვილიდან მოსეს მსახური იყო (რც. 11:28; იეს. 1:1). მსახური ჰყავდა ელისესაც (2მფ. 4:43; 6:15). მეფეებს სამეფო კარის მსახურები ჰყავდათ (2მტ. 22:8; ესთ. 2:2; 6:3), რომელთაგან ზოგი მეფის სუფრას ემსახურებოდა (1მფ. 10:4, 5; 2მტ. 9:3, 4).
იეჰოვას ზეციერი მსახურები. იეჰოვა ღმერთმა მილიონობით ანგელოზი შექმნა, რომლებიც მას ემორჩილებიან და რომლებსაც ის, უეჭველია, უთვალავი ვარსკვლავის მსგავსად სახელებით უხმობს (ფს. 147:4). ისინი მისი მსახურები და მთელ სამყაროში მისი ნების შემსრულებლები არიან (ფს. 103:20, 21). ფსალმუნმომღერალი იეჰოვაზე ამბობს, რომ ის „სულებად ქმნის ანგელოზებს“ და „შთამნთქმელი ცეცხლივით არიან“ მისი მსახურები (ფს. 104:4). მათ ეწოდებათ „მომსახურე სულები ... იმათ მოსამსახურებლად გაგზავნილნი, ვინც ხსნა უნდა დაიმკვიდროს“ (ებ. 1:13, 14). ანგელოზები იესო ქრისტეს უდაბნოში მოემსახურნენ მას შემდეგ, რაც მან სატანის გამოცდას გაუძლო და არ უღალატა იეჰოვას (მთ. 4:11); გეთსემანეს ბაღში მლოცველ იესოს ანგელოზი მოევლინა განსამტკიცებლად (ლკ. 22:43). წინასწარმეტყველმა დანიელმა ხილვაში იხილა „ვიღაც, კაცის ძის მსგავსი“, რომელსაც „ხალხებზე ... და ენებზე“ მარადიული მმართველობა მიეცა, და მილიონობით ანგელოზი, რომლებიც ძველ დღეთას ტახტთან იდგნენ და ემსახურებოდნენ მას (დნ. 7:9—14).
ლევიანთა ტომი. ეგვიპტიდან ისრაელის გამოსვლისა და კანონის შეთანხმების საფუძველზე ერად ჩამოყალიბების შემდეგ იეჰოვამ ლევის ტომიდან მამაკაცები აირჩია განსაკუთრებული მსახურებისთვის (რც. 3:6; 1მტ. 16:4). მათგან ისინი, ვინც აარონის შტოს ეკუთვნოდნენ, მღვდლებად მსახურობდნენ (კნ. 17:12; 21:5; 1მფ. 8:11; იერ. 33:21). ლევიანებს სხვადასხვა დავალების შესრულება ევალებოდათ, კერძოდ, საწმინდარსა და მთელ მის მოწყობილობაზე ზრუნვა, გალობა და სხვა (რც. 3:7, 8; 1მტ. 6:32).
წინასწარმეტყველები. ღვთის ხალხის მოსამსახურებლად იეჰოვას ლევიანების გარდა წინასწარმეტყველებიც ჰყავდა არჩეული. იეჰოვა მათ თავად ირჩევდა და სხვადასხვა დავალებას აძლევდა. ზოგიერთი მათგანი სამღვდელო შტოს მიეკუთვნებოდა, თუმცა უმეტესობა ისრაელის სხვა ტომებიდან იყო (იხ. წინასწარმეტყველი). ისინი იეჰოვას მაცნეებად მსახურობდნენ. როცა ერი კანონს არღვევდა, ღმერთი ხალხს მათი მეშვეობით აფრთხილებდა. წინასწარმეტყველები ცდილობდნენ, მეფეები და ხალხი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისკენ მოებრუნებინათ (2მტ. 36:15, 16; იერ. 7:25, 26). მათი წინასწარმეტყველებები ამხნევებდა და განამტკიცებდა გულმართალ ადამიანებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ერი სულიერად და ზნეობრივად წამხდარი იყო და მტრის თავდასხმის საფრთხე ემუქრებოდა (2მფ. 7; ეს. 37:21—38).
წინასწარმეტყველნი იესო ქრისტესა და მესიანური სამეფოს შესახებაც წინასწარმეტყველებდნენ (გმც. 19:10). იოანე ნათლისმცემელი უმნიშვნელოვანეს საქმეს ასრულებდა. ის გულს უბრუნებდა „მამებს ძეებისკენ და ძეებს მამებისკენ“, რითაც გზას უმზადებდა იეჰოვას წარმომადგენელს, უფალ იესო ქრისტეს (მლ. 4:5, 6; მთ. 11:13, 14; ლკ. 1:77—79). წინასწარმეტყველები მხოლოდ თავიანთ თანამედროვეებს არ ემსახურებოდნენ, რაზეც პეტრე მოციქულის სიტყვებიც მოწმობს: „მათ გამოუცხადდათ, რომ არა საკუთარი თავისთვის, არამედ თქვენთვის ემსახურებოდნენ იმას, რაც ახლა გეუწყათ მათი მეშვეობით, რომლებმაც ზეციდან გამოგზავნილი წმინდა სულით გაუწყეს სასიხარულო ცნობა. ანგელოზებს სურთ, ჩაუკვირდნენ ამ ყველაფერს“ (1პტ. 1:10—12).
იესო ქრისტე. იესო ქრისტე იეჰოვას მთავარი მსახურია (დიაკონოს). ის „გახდა წინადაცვეთილთა მსახური, რათა დაედასტურებინა ღვთის მიერ მათი მამა-პაპისთვის მიცემული დანაპირები და ხალხებს განედიდებინათ ღმერთი მისი გულმოწყალებისთვის“. ამიტომ ხალხები მასზე დაამყარებდნენ იმედს (რმ. 15:8—12).
იესო მსახურად თავად იეჰოვამ დანიშნა. როცა იესო მოინათლა, «გაიხსნა ცა და იოანემ დაინახა, რომ იესოზე მტრედის სახით ეშვებოდა ღვთის სული. ციდან ხმაც გაისმა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“» (მთ. 3:16, 17). განკაცებამდე იესო ათასწლეულების განმავლობაში ემსახურებოდა იეჰოვას, მაგრამ დედამიწაზე მოსვლის შემდეგ ახალი სახის მსახურებას შეუდგა. იესომ თავისი ცხოვრებით დაამტკიცა, რომ ნამდვილად ღვთის მსახური იყო; ის ღვთისთვისაც იღვწოდა და კაცთათვისაც. მასზე შესრულდა ესაიას 61:1, 2-ში ჩაწერილი სიტყვები, რომლებიც მან თავისი მშობლიური ქალაქის, ნაზარეთის სინაგოგაში ამოიკითხა: „უზენაესი უფლის, იეჰოვას სულია ჩემზე, რადგან იეჰოვამ მცხო თვინიერთათვის სასიხარულო ცნობის საუწყებლად. მან გამომგზავნა გულგატეხილთათვის ჭრილობების შესახვევად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და პატიმართათვის თვალების ფართოდ გასახელად, იეჰოვას კეთილგანწყობის წელიწადის ... გამოსაცხადებლად“. შემდეგ სინაგოგაში მყოფთ იესომ უთხრა: „დღეს შესრულდა წმინდა წერილების ეს ადგილი, რაც ახლა მოისმინეთ“ (ლკ. 4:16—21).
კორნელიუსთან (ქრისტიანობაზე მოქცეული პირველი უცხოტომელი) ქადაგებისას პეტრემ ყურადღება გაამახვილა დედამიწაზე იესოს სამწელიწადნახევრიან მსახურებაზე. მან ისაუბრა „იესო ნაზარეთელზე, როგორ სცხო მას ღმერთმა წმინდა სული და მისცა ძალა და როგორ დადიოდა ყველგან, სიკეთეს აკეთებდა და კურნავდა ეშმაკის მიერ დაჩაგრულებს, რადგან ღმერთი იყო მასთან“ (სქ. 10:38). ღვთისა და ხალხის სამსახურში იესომ მთელი ის ტერიტორია მოიარა, სადაც ღმერთმა გაგზავნა. ადამიანთა გამოსასყიდად მან საკუთარი სიცოცხლეც კი გაიღო. იესომ თქვა: „კაცის ძეც არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ თვითონ მოემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ (მთ. 20:28).
ქრისტიანი მსახურები. იესომ თავის მოციქულებსა და მოწაფეებს მსახურება ასწავლა, რათა მისი წამოწყებული საქმე გაეგრძელებინათ. მან ჯერ 12 გაგზავნა საქადაგებლად, შემდეგ — 70. ღვთის წმინდა სულის დახმარებით ისინი მრავალ სასწაულს ახდენდნენ (მთ. 10:1, 5—15, 27, 40; ლკ. 10:1—12, 16). მაგრამ მათი უმთავრესი მოვალეობა ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება და სწავლება იყო. სასწაულები ერთ ძირითად მიზანს ემსახურებოდა — ყველასთვის ცხადი უნდა გამხდარიყო, რომ მოწაფეები იეჰოვას მიერ დანიშნული და მოწონებული მსახურები იყვნენ (ებ. 2:3, 4).
იესო მოწაფეებს სიტყვითა თუ საქმით ასწავლიდა ქადაგებას. საჯაროდ სწავლების გარდა ის ხალხს სახლებში აკითხავდა, პირადად მიჰქონდა სასიხარულო ცნობა მათ ყურამდე (მთ. 9:10, 28; ლკ. 7:36; 8:1; 19:1—6). სახარებები იმაზე მოწმობს, რომ სხვადასხვა კატეგორიის ადამიანთან ქადაგების დროს იესოს ხშირად თან ახლდნენ მოწაფეები. „მოციქულთა საქმეებიდან“ ჩანს, რომ მოწაფეები იესოს მსგავსად სამეფოს შესახებ ცნობას კარდაკარ აუწყებდნენ (სქ. 5:42; 20:20; იხ. ქადაგება, მქადაგებელი [კარდაკარ]).
იესომ მოწაფეებს აუხსნა, როგორი უნდა ყოფილიყო ღვთის ჭეშმარიტი მსახური: „ხალხებზე მეფეები ბატონობენ და ძალაუფლების მქონეებს კეთილისმყოფელებს უწოდებენ. თქვენ კი ასე არ უნდა იყოთ. თქვენ შორის უდიდესი იყოს როგორც ყველაზე უმცროსი, ხოლო ვინც უფროსობს, იყოს როგორც მსახური. ვინ უფრო დიდია: ვინც სუფრას უზის თუ ვინც ემსახურება? განა ის არა, ვინც სუფრას უზის?“. შემდეგ საკუთარი მაგალითი მოუყვანა: „მე კი მომსახურე ვარ თქვენ შორის“ (ლკ. 22:25—27). იესომ იმავე საღამოს ფეხები დაჰბანა მოწაფეებს, რითაც თვალსაჩინოდ დაანახვა თავმდაბლობის არსი (ინ. 13:5).
იესომ მოწაფეებს ისიც დაანახვა, რომ ღვთის ჭეშმარიტ მსახურებს უარი უნდა ეთქვათ საპატიო რელიგიურ წოდებებზე და არც სხვების მიმართ უნდა გამოეყენებინათ ასეთი წოდებები. „თქვენ კი ნუ გიწოდებენ რაბის, რადგან ერთია თქვენი მოძღვარი, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ; არც მამა უწოდოთ ვინმეს დედამიწაზე, რადგან ერთი მამა გყავთ — ზეციერი; ნურც წინამძღოლს გიწოდებენ, რადგან ერთი გყავთ წინამძღოლი — ქრისტე. თქვენ შორის უდიდესი თქვენი მსახური იყოს; ვინც თავს იმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს იმდაბლებს, ამაღლდება“ (მთ. 23:8—12).
როგორც პავლეს, ისე უფალ იესო ქრისტეს სხვა ცხებულ მიმდევრებსაც „სასიხარულო ცნობის მსახურები“ ეწოდებათ (კლ. 1:23). ისინი „ახალი შეთანხმების მსახურნიც“ არიან, რომელიც იეჰოვა ღმერთმა მათ იესო ქრისტეს შუამავლობით დაუდო (2კრ. 3:6; ებ. 9:14, 15). აქედან გამომდინარე, ისინი როგორც ღვთის, ისე ქრისტეს მსახურები არიან (2კრ. 6:4; 11:23). მსახურებისთვის გამოსადეგს მათ ღმერთი ხდის იესო ქრისტეს მეშვეობით, და არა რომელიმე ადამიანი ან ორგანიზაცია. მათ მსახურებას არც რაიმე ქაღალდი ამოწმებს და არც რაიმე „საშუამდგომლო წერილი“. მათი „საშუამდგომლო წერილები“ ის ადამიანები არიან, რომლებიც ქრისტეს მსახურებად მოამზადეს. ამის თაობაზე მოციქული პავლე ამბობს: „ნუთუ კვლავ ვიწყებთ საკუთარი თავისთვის შუამდგომლობას? თუ ზოგიერთივით საშუამდგომლო წერილები გვჭირდება თქვენთვის ან თქვენგან? თქვენ თვითონ ხართ ჩვენი წერილი, ჩვენს გულებზე დაწერილი, რომელიც ყველამ იცის და რომელსაც ყველა კითხულობს. თვალნათლივ ჩანს, რომ ქრისტეს წერილი ხართ, ჩვენ მიერ, მსახურთა მიერ დაწერილი, არა მელნით, არამედ ცოცხალი ღვთის სულით, არა ქვის ფილებზე, არამედ ხორციელ ფილებზე — გულებზე“ (2კრ. 3:1—3). პავლეს ამ სიტყვებიდან ჩანს ის სიყვარული, თბილი გრძნობები და მზრუნველობა, რომლებიც ქრისტიან მსახურს აქვს მათ მიმართ, ვისაც ემსახურება და ვინც გულზე ჰყავს დაწერილი.
ზეცად ამაღლების შემდეგ ქრისტემ კრებას მისცა „ძღვენი ადამიანთა სახით“. ესენი არიან: მოციქულები, წინასწარმეტყველები, მახარობლები, მწყემსები და მასწავლებლები, რომლებიც წმინდების გამოსწორებას, მსახურების საქმესა და ქრისტეს სხეულის აღშენებას უნდა მომსახურებოდნენ (ეფ. 4:7—12). ისინი ღვთის წყალობით გახდნენ მსახურებისთვის გამოსადეგნი (2კრ. 3:4—6).
მოციქულმა იოანემ ხილვაში იხილა „უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“. იესო ქრისტეს ცხებული ძმებისგან განსხვავებით მათზე არ არის ნათქვამი, რომ ახალი შეთანხმების მონაწილენი და, შესაბამისად, ამ შეთანხმების მსახურნი არიან. თუმცა ხილვიდან ვიგებთ, რომ ისინი ღვთის თვალში წმინდებად ითვლებიან და „მის ტაძარში წმინდა მსახურებას ასრულებენ მისთვის დღე და ღამე“. აქედან გამომდინარე, მათაც შეგვიძლია ღვთის მსახურები ვუწოდოთ. იოანეს „გამოცხადებიდან“ და იესოს მოყვანილი მაგალითიდან ჩანს, რომ ქრისტეს მოსვლისა და დიდებულ ტახტზე დაჯდომის შემდეგ ისინი იესო ქრისტეს ძმებს მთელი გულით მოემსახურებოდნენ, დაეხმარებოდნენ და მათზე იზრუნებდნენ (გმც. 7:9—15; მთ. 25:31—40).
მომსახურეები კრებაში. ზედამხედველად (ეპისკოპე) მსახურების მოთხოვნების გარდა პავლე მოციქულმა ის მოთხოვნები ჩამოთვალა, რომლებსაც მომსახურეები (დიაკონე) უნდა აკმაყოფილებდნენ (1ტმ. 3:1—10, 12, 13). ბერძნული სიტყვა დიაკონოს ზოგადად მსახურს ნიშნავს (მთ. 20:26; 22:13). მაგრამ რამდენადაც ყველა ქრისტიანი ღვთის მსახური იყო, დიაკონემ ამ შემთხვევაში უფრო ვიწრო, კერძოდ, კრების ორგანიზაციულ სტრუქტურასთან დაკავშირებული მნიშვნელობა შეიძინა. ამგვარად, კრებაში პასუხისმგებლობები მამაკაცების ორ ჯგუფს ეკისრა — „ზედამხედველები“ ანუ „უხუცესები“ და „მომსახურეები“. როგორც წესი, ყოველ კრებაში რამდენიმე ზედამხედველი და მომსახურე იყო (ფლ. 1:1; სქ. 20:17, 28).
თუ მომსახურეებისა და ზედამხედველებისთვის დაწესებულ მოთხოვნებსა და თავად მათ წოდებებს ერთმანეთს შევადარებთ, დავინახავთ, რომ მომსახურეების მოვალეობაში არ შედიოდა კრების სწავლება და მწყემსვა (მწყემსი ეწოდებოდა სამწყსოს ზედამხედველს). ვინმეს მომსახურედ დასანიშნად სწავლების უნარის ქონა გადამწყვეტი არ იყო. თავად წოდება დიაკონოს იმაზე მიუთითებს, რომ კრებაში ეს მამაკაცები ზედამხედველთა საბჭოს დამხმარეებად მსახურობდნენ და ასრულებდნენ ისეთ დავალებებს, რაც კრების მწყემსვასა და სწავლებას არ უკავშირდებოდა, რათა ზედამხედველებს მთელი ყურადღება და დრო მწყემსობისა და მასწავლებლობისთვის დაეთმოთ.
პრინციპი, რომელიც საფუძვლად უდევს კრებაში პასუხისმგებლობების განაწილებას, შეიძლება დავინახოთ „მოციქულთა საქმეების“ იმ ეპიზოდიდან, როცა იერუსალიმში გაჭირვებული ქრისტიანებისთვის ყოველდღიური საკვების განაწილების (სიტყვასიტყვით მსახურება, დიაკონია) პრობლემა წამოიჭრა. მას შემდეგ, რაც მოციქულებმა განაცხადეს, რომ მათთვის კარგი არ იქნებოდა ღვთის სიტყვის მიტოვება და სუფრების მომსახურება, მოწაფეებს ასეთი დავალება მისცეს: „თავად გამონახეთ თქვენ შორის შვიდი სანდო კაცი, სულითა და სიბრძნით სავსე, რათა ისინი ამ საჭირო საქმეზე დავნიშნოთ. ჩვენ კი ლოცვასა და სიტყვის მსახურებას [დიაკონიე] უნდა მივუძღვნათ თავი“ (სქ. 6:1—6). ეს იყო ამოსავალი პრინციპი, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ შერჩეულ შვიდ კაცს უხუცესად (პრესბიტერე) ემსახურა. შექმნილი სიტუაცია არ იყო რიგითი და ჩვეულებრივი. საქმე მეტად დელიკატური იყო, რადგან და-ძმების აზრით, კრებაში ეროვნულ ნიადაგზე დისკრიმინაცია შეიმჩნეოდა. ვინაიდან ეს მთელ ქრისტიანულ კრებას ეხებოდა, ამ პრობლემის გადასაჭრელად „სული და სიბრძნე“ იყო საჭირო. მაშასადამე, სავსებით შესაძლებელია, რომ შვიდივე მამაკაცი უხუცესი ყოფილიყო. მათ დროებით მოჰკიდეს ხელი იმ საქმეს, რომელიც წესითა და რიგით მომსახურეს უნდა შეესრულებინა. მართალია ეს „საჭირო საქმე“ იყო, მაგრამ „სიტყვის მსახურებას“ მაინც ვერ შეედრებოდა.
მოციქულების გადაწყვეტილებიდან გამოჩნდა, რომ მათ სწორად შეაფასეს შექმნილი ვითარება. სავსებით დასაშვებია, რომ იერუსალიმის გარეთ ჩამოყალიბებულ კრებებში ზედამხედველთა საბჭოებს მომსახურეთათვის მოვალეობების განაწილებისას ამ მაგალითით ეხელმძღვანელათ. უდავოა, რომ კრებებში ბევრი იყო გასაკეთებელი, მაგალითად: მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებული, რუტინული ან მექანიკური სამუშაო, მათ შორის ბიბლიის წიგნების გადასაწერად საწერი მასალის შეძენა თუ ბიბლიის წიგნების გადაწერა.
მომსახურეებისთვის დაწესებული მოთხოვნები კრების დაცვას ემსახურებოდა, რათა არავის დასდებოდა ბრალი შეუფერებელი მამაკაცების არჩევაში. ამგვარად, კრებას ღვთის წინაშე კარგი სახელი, ხოლო გარეშეებისგან კარგი მოწმობა ექნებოდა (შდრ. 1ტმ. 3:10). ეს მოთხოვნები ეხებოდა ზნეობრიობას, საქციელს, სულიერობას და ა. შ. ამ მსახურებისთვის გამოსადეგნი იყვნენ გონიერი, პატიოსანი, კეთილსინდისიერი და სანდო მამაკაცები. თავისი მოვალეობების კეთილსინდისიერად შემსრულებელი „კარგ სახელს და სიტყვაში დიდ სითამამეს“ იძენდა „რწმენაში, რომელიც ქრისტე იესოშია“ (1ტმ. 3:13).
მიწიერი მმართველები. ღმერთმა დაუშვა მიწიერი მთავრობების არსებობა იქამდე, სანამ ბოლოს მოუღებს მათ, რის შემდეგაც მხოლოდ ქრისტეს სამეფო იმმართველებს დედამიწაზე (დნ. 2:44; გმც. 19:11—21). ვიდრე მმართველობის უფლება აქვთ, ისინი მოსახლეობას სხვადასხვა მომსახურებას უწევენ, იქნება ეს გზებით, სკოლებით, პოლიციით, სახანძროთი უზრუნველყოფა და სხვა. მათ აგრეთვე შემუშავებული აქვთ კანონები, რომლებიც ქურდების, მკვლელებისა და სხვა ბოროტმოქმედთა დასჯას ითვალისწინებს. როცა მთავრობები სხვადასხვა მომსახურებით უზრუნველყოფენ ხალხს და სამართლიანად იცავენ დადგენილ კანონებს, ისინი, შეიძლება ითქვას, რომ ღვთის მსახურები (დიაკონე) არიან. თუ ვინმე, თუნდაც ქრისტიანი, ამ კანონებს დაარღვევს და შესაბამისი სამთავრობო ორგანოს მიერ სათანადოდ დაისჯება, ეს იქნება არაპირდაპირი სასჯელი ღვთისგან, რადგან მას სძულს ყოველგვარი ბოროტება. მთავრობა ღვთის მსახურის როლს ასრულებს მაშინაც, როცა ქრისტიანს კანონის დამრღვევთაგან იცავს. აქედან გამომდინარე, თუ ძალაუფლების მქონე პირი ბოროტად გამოიყენებს თავის ძალაუფლებას და ღვთის წინააღმდეგ წავა, ის პასუხს აგებს ღვთის წინაშე. თუ არაკეთილსინდისიერი უფლებამოსილი პირი ქრისტიანს ღვთის კანონის დარღვევას აიძულებს, ის აღარ ჩაითვლება ღვთის მსახურად და ღვთისგან სასჯელს დაიტეხს (რმ. 13:1—4).
ცრუმსახურები. ზოგი, ვისაც თავი ღვთის მსახურად მოაქვს, თვალთმაქცია, რადგან სატანას ემსახურება და ღმერთს ეწინააღმდეგება. ერთხელ მოციქული პავლე დაუპირისპირდა მათ, ვინც კორინთის კრებას ზიანს აყენებდა. მათ შესახებ პავლემ თქვა: „ასეთები ცრუმოციქულები არიან, ცბიერი მუშები, რომლებიც ქრისტეს მოციქულთა სახეს იღებენ. თუმცა რა გასაკვირია, თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს. ამიტომ, რა დიდი ამბავია, თუ მისი მსახურებიც სიმართლის მსახურთა სახეს იღებენ, მაგრამ მათი აღსასრული მათივე საქმეებისამებრ იქნება“ (2კრ. 11:13—15).
ცრუმსახურების გამოჩენა ბიბლიაში არაერთხელაა ნაწინასწარმეტყველები. პავლემ ეფესოს კრების ზედამხედველები გააფრთხილა, რომ მისი წასვლის შემდეგ კრებაში ულმობელი მგლები შეიჭრებოდნენ და სამწყსოს არ დაინდობდნენ; ისინი უკუღმართად ილაპარაკებდნენ, რათა თან გაეყოლებინათ მოწაფეები (სქ. 20:29, 30). განდგომილთა შესახებ გაფრთხილებას პავლე თავის წერილებშიც იძლეოდა (2თს. 2:3—12; 1ტმ. 4:1—5; 2ტმ. 3:1—7; 4:3, 4); მათ შესახებ პეტრეც წინასწარმეტყველებდა (2პტ. 2:1—3). განდგომილთა გამოჩენისა და განადგურების შესახებ იესო ქრისტემაც იწინასწარმეტყველა (მთ. 13:24—30, 36—43; იხ. უკანონობის კაცი).