შეკრება
იეჰოვა სამყაროს უზენაესი ღმერთია და უფლება აქვს, თავის მსახურებს კონკრეტულ დროსა თუ ადგილას შეკრება მოსთხოვოს. ეს მოთხოვნა ისევ და ისევ მათ კეთილდღეობას ემსახურება. ძველ დროში მცხოვრები ღვთის ხალხი შეკრებებს სხვადასხვა მიზნით მართავდა. ეს შეკრებები მათ ერთიანობას უწყობდა ხელს, რადგან ყველა დამსწრე ერთდროულად ერთსა და იმავეს ისმენდა. შეკრებილები სულიერად მტკიცდებოდნენ და დიდად ხარობდნენ.
ებრაული და ბერძნული სიტყვები. ბიბლიაში შეკრების აზრს რამდენიმე ებრაული და ბერძნული სიტყვა გადმოსცემს. ყველაზე ხშირად ებრაულ ტექსტში ვხვდებით სიტყვასʽედაჰ. ის ნაწარმოებია ფუძიდან ჲაʽად, რომელიც ნიშნავს დანიშვნას, დადგენას და მიუთითებს დათქმულისამებრ შეკრებილ ხალხზე (შდრ. 2სმ. 20:5; მქ. 6:9).ʽედაჰ ხშირ შემთხვევაში ისრაელის საზოგადოებას აღნიშნავს და გვხვდება ისეთ ფრაზებში, როგორებიცაა „კრებული“ (ლვ. 8:4, 5; მსჯ. 21:10), „ისრაელის კრებული“ (გმ. 12:3; რც. 32:4), „შეკრებილი ისრაელი“ (1მფ. 8:5) და „იეჰოვას კრებული“ (რც. 27:17).
ებრაული სიტყვა მოʽედ, რომელიც იმავე ფუძიდან არის ნაწარმოები რომლიდანაც ʽედაჰ, ნიშნავს დათქმულ დროს ან დათქმულ ადგილს (1სმ. 13:8; 20:35). ეს სიტყვა ებრაულ წერილებში 223-ჯერ გვხვდება, უმეტესწილად ფრაზაში „შეხვედრის კარავი“ (გმ. 27:21). სიტყვა მოʽედ წელიწადის სხვადასხვა დროს გამართულ დღესასწაულებთან დაკავშირებით გამოიყენება (ლვ. 23:2, 4, 37, 44). ეს სიტყვა გვხვდება ესაიას 33:20-შიც, სადაც სიონს „ჩვენი დღესასწაულების ქალაქი“ ეწოდება.
ებრაული სიტყვა მიკრაʼ, რომელიც შეკრებას ნიშნავს, მომდინარეობს ზმნის ფუძიდან კარაʼ (მოხმობა). ეს სიტყვა გვხვდება ესაიას 4:5-ში, სადაც მოხსენიებულია სიონის მთის „შეკრების ადგილი“. იგი ხშირად გამოიყენება ფრაზაში „წმინდა შეკრება“ (გმ. 12:16; ლვ. 23:2, 3). ასეთი წმინდა შეკრებების დროს მუშაობა იკრძალებოდა.
შეკრების აღმნიშვნელი სხვა ებრაული სიტყვაა კაჰალ. იგი ენათესავება ზმნას, რომელიც მოხმობას, შეკრებას ნიშნავს (გმ. 35:1; ლვ. 8:4). ხშირად ეს სიტყვა გამოიყენება ორგანიზებული ჯგუფის აღსანიშნავად. ზოგჯერ კაჰალ ʽედაჰთან ერთად გამოიყენება (ლვ. 4:13; რც. 20:8, 10). ორიგინალში ორივე სიტყვა, ოღონდ სხვა ფორმით, გვხვდება გამოსვლის 12:6-ში („ისრაელის კრებული“; ებრ. კეალ ʽადათ-ჲისრაʼელ).
კიდევ ერთი ებრაული სიტყვა ʽაცარაჰ, რომელიც „საზეიმო შეკრებად“ არის ნათარგმნი, კარვობისა და პასექის დღესასწაულებთან დაკავშირებით არის გამოყენებული (ლვ. 23:36; კნ. 16:8).
ვიწრო წრეში გამართული სხვადასხვა ტიპის შეკრებები გადმოცემულია ებრაული სიტყვით სოდ, რომელიც ნიშნავს საიდუმლო საუბარს, სიახლოვეს (ფს. 64:2; იობ. 29:4). ეს სიტყვა ფსალმუნის 111:1-ში ნათარგმნია როგორც სამეგობრო: „მთელი გულით ხოტბას შევასხამ იეჰოვას მართალთა სამეგობროში და კრებულში“.
სეპტუაგინტაში ებრაული სიტყვა კაჰალ, ჩვეულებრივ, ნათარგმნია ბერძნული სიტყვით ეკკლესია (ეკ გარეთ და კლესის მოხმობა). ზოგჯერ ამ სიტყვითვეა ნათარგმნი ებრაული სიტყვა ʽედაჰ, თუმცა ეს უკანასკნელი ბერძნული სიტყვა სინაგოგეთიც (ნიშნავს ერთად შეკრებას; სინ ერთად და აგო მოტანა) ითარგმნება. „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ეკკლესია ჩვეულებრივ კრებად ითარგმნება. საქმეების 7:38-ში ეს სიტყვა ისრაელის კრებულის მიმართ გამოიყენება. ბერძნული სიტყვა სინაგოგე გვხვდება საქმეების 13:43-ში („სინაგოგაში შეკრებილი ხალხი“) და იაკობის 2:2-ში („კრება“). კიდევ ერთი ბერძნული სიტყვა პანეგირის (პან მთელი და აგორა ნებისმიერი სახის შეკრება) ებრაელების 12:23-ში „ერთად შეკრებილებად“ არის ნათარგმნი (აქ).
ბიბლიაში არაერთხელ არის მოხსენიებული სულიერად გამამხნევებელი შეხვედრები, თუმცა მასში საუბარია ბოროტი თუ უღირსი მიზნით მოწყობილ შეხვედრებზეც. მოჯანყე კორახის მომხრეებს ბიბლია „მის კრებულს“ უწოდებს (რც. 16:5). დავითი ლოცვაში იეჰოვას ეუბნებოდა: „ულმობელთა მთელი კრებული დაეძებს ჩემს სულს“ (ფს. 86:14). ვერცხლის მჭედელ დემეტრიოსის მიერ ეფესოში პავლეს წინააღმდეგ შეგულიანებულ ხალხზე ბიბლიაში ნათქვამია: „ერთნი ერთს გაჰყვიროდნენ, მეორენი — მეორეს, შეკრებილ ხალხში არეულობა იყო და უმრავლესობამ არც კი იცოდა, რისთვის იყვნენ შეკრებილნი“ (სქ. 19:24—29, 32).
აღსანიშნავია, რომ იეჰოვას ხალხის შეკრებები ყოველთვის წესრიგით გამოირჩეოდა. ეს იყო ხალხმრავალი, სულიერად გამამხნევებელი და ხშირ შემთხვევაში სასიხარულო ღონისძიებები.
ღვთის ნებისამებრ მოსემ და აარონმა ეგვიპტეში ისრაელის ყველა უხუცესი შეკრიბეს. მას შემდეგ, რაც იეჰოვას სიტყვები გადასცეს და ნიშნები მოახდინეს, ხალხმა ირწმუნა მათი (გმ. 4:27—31). ამის შემდეგ ღვთის მითითებისამებრ ისრაელები სინას მთის (ხორები) ძირში შეიკრიბნენ, სადაც ამაღელვებელი სანახაობისა და კანონის გადაცემის მოწმენი გახდნენ (გმ. 19:10—19; კნ. 4:9, 10).
ისრაელის უდაბნოში ყოფნისას იეჰოვამ მოსეს უბრძანა, ორი ვერცხლის საყვირი გაეკეთებინა, რომლებიც ხალხის შესაკრებად და ბანაკის ასაშლელად უნდა დაეყვირებინათ. თუ ორივეს ჩაჰბერავდნენ, მთელი კრებული მოსეს წინაშე დათქმულ ადგილას უნდა შეკრებილიყო. თუ ერთს ჩაჰბერავდნენ, მხოლოდ თავკაცებს უნდა მოეყარათ თავი. უდაბნოში დათქმული ადგილი „შეხვედრის კარვის შესასვლელი“ იყო (რც. 10:1—4; გმ. 29:42). მოგვიანებით ისრაელები იეჰოვას ნებისამებრ იერუსალიმის ტაძარში რეგულარულად უნდა შეკრებილიყვნენ სამი ყოველწლიური დღესასწაულის აღსანიშნავად (გმ. 34:23, 24; 2მტ. 6:4—6).
ხალხის წარმომადგენელთა შეკრებები. ზოგჯერ ისრაელ ხალხს „კრებულის თავკაცები“ (გმ. 16:22; რც. 4:34; 31:13; 32:2; იეს. 9:15, 18; 22:30), იგივე „უხუცესები“ (გმ. 12:21; 17:5; 24:1) წარადგენდნენ. სამართლებრივი საკითხების გასარჩევად ქალაქის კარიბჭესთან შეიძლება რამდენიმე კაცი შეკრებილიყო. კარიბჭესთან თუ სხვა ადგილას შეკრებილი თავკაცები განსახილველ საკითხებს დემოკრატიული გზით კენჭის ყრით არ წყვეტდნენ. საკითხები თეოკრატიული გზით გვარდებოდა, კერძოდ, პატივდებული უხუცესები ყველაფერს ღვთის კანონის საფუძველზე აწონ-დაწონიდნენ, რის შემდეგაც თავიანთ გადაწყვეტილებას გამოაცხადებდნენ (კნ. 16:18; 17:8—13). მსგავსადვე, პირველ ქრისტიანულ კრებაში ასეთ საკითხებს წმინდა სულით დანიშნული პასუხისმგებელი მამაკაცები წყვეტდნენ (სქ. 20:28). ისრაელში ვინმესთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სასჯელს მთელი კრებული აღასრულებდა (ლვ. 24:14; რც. 15:32—36; კნ. 21:18—21).
საყოველთაო შეკრებები. ისრაელში საყოველთაო შეკრებებს მიეკუთვნებოდა რელიგიური დღესასწაულები, საზეიმო შეკრებები (2მტ. 34:29, 30; იოლ. 2:15) და ეროვნული მნიშვნელობის დღეები; ხალხის შესაკრებად ზოგჯერ მალემსრბოლებს იყენებდნენ (1სმ. 10:17—19; 2მტ. 30:6, 13). ყოველკვირეული შაბათი, იგივე „სრული დასვენების შაბათი, წმინდა შეკრება“ იყო (ლვ. 23:3). ამ დროს ღვთის სიტყვას განიხილავდნენ, ისევე როგორც მოგვიანებით სინაგოგებში, სადაც „ხმამაღლა კითხულობენ ... [მოსეს წერილებს] ყოველ შაბათს“ (სქ. 15:21). ისრაელში აგრეთვე აღნიშნავდნენ ახალმთვარობას (რც. 28:11—15), საყვირების დაყვირების დღეს (რც. 29:1—6), ყოველწლიურ გამოსყიდვის დღეს (ლვ. 16), პასექს (ეგვიპტიდან ისრაელის გათავისუფლების აღსანიშნავად; გმ. 12:14), მოგვიანებით კი ფურიმის დღესასწაულს (იმის აღსანიშნავად, თუ როგორ გადაურჩნენ ებრაელები გენოციდს სპარსეთის იმპერიაში; ესთ. 9:20—24) და მიძღვნის დღესასწაულს (ძვ. წ. 165 წლის 25 ქისლევს ტაძრის ხელახლა მიძღვნის აღსანიშნავად; ინ. 10:22, 23). გარდა ამისა, წელიწადში სამჯერ სხვადასხვა დროს იმართებოდა იეჰოვას დღესასწაულები: უფუარობის დღესასწაული, კვირების დღესასწაული (მოგვიანებით ეწოდა ორმოცდამეათე დღის დღესასწაული) და კარვობის დღესასწაული (ლვ. 23). ამ დღესასწაულების შესახებ ღმერთს ნათქვამი ჰქონდა: „ყოველი მამაკაცი წელიწადში სამჯერ გამოცხადდეს ჭეშმარიტი უფლის, იეჰოვას სახის წინაშე“ (გმ. 23:14—17). მრავალი მამაკაცი იმდენად აფასებდა ამ სულიერ ზეიმებს, რომ ამ დღესასწაულებს ოჯახთან ერთად ესწრებოდა (ლკ. 2:41—45). გარდა ამისა, მოსეს ხალხისთვის ნაბრძანები ჰქონდა, რომ ყოველ მეშვიდე წელს, კარვობის დღესასწაულის დროს, კაცები, ქალები, ბავშვები და ისრაელში მცხოვრები ხიზნები იეჰოვას მიერ არჩეულ ადგილას შეკრებილიყვნენ. მოსემ ამის მიზეზიც ახსნა: „რათა მოისმინონ და ისწავლონ, ეშინოდეთ იეჰოვასი, შენი ღვთისა, და გულდასმით შეასრულონ ამ კანონის ყველა სიტყვა“ (კნ. 31:10—12). ამგვარად, ისრაელებს ხშირად ეძლეოდათ შეკრებისა და იეჰოვას სიტყვასა და განზრახვებზე მსჯელობის საშუალება (იხ. დღესასწაული).
ტაძრის მშენებლობის დასრულების შემდეგ სოლომონმა იერუსალიმში ამ დიდებული შენობის მიძღვნისთვის დიდძალი ხალხი შეკრიბა. ეს შეკრება მრავალ დღეს გაგრძელდა. ამის შემდეგ ხალხი თავ-თავიანთ სახლებში დაბრუნდა „გახარებული და გულმხიარული იმ ყოველივე კარგის გამო, რაც იეჰოვამ გაუკეთა დავითს, სოლომონსა და ისრაელს, თავის ხალხს“ (2მტ. 5:1—7:10).
ყოველწლიური დღესასწაულების დროს ტაძართან შეკრებილი დიდძალი ხალხი ხარობდა და სულიერად მტკიცდებოდა, მაგალითად, ხიზკიას დროს პასექის აღნიშვნისას „დიდი სიხარული სუფევდა იერუსალიმში“ (2მტ. 30:26). ნეემიას დროს მოწყობილი შეკრების გამო, იქ „დიდი სიხარული“ იყო გამეფებული (ნემ. 8:17). იერუსალიმში შეკრებილებს, ყველას, „ვისაც მოსმენა შეეძლო“, ეზრა მოსეს კანონს უკითხავდა და ისინიც ყურადღებით უსმენდნენ (ნემ. 8:2, 3). მას შემდეგ, რაც ეზრამ და სხვა ლევიანებმა ხალხი დამოძღვრეს, ყველა ხარობდა, „რადგან გაიგეს მათთვის გადაცემული სიტყვები“ (ნემ. 8:12). ამის შემდეგ მათ კარვობის დღესასწაული აღნიშნეს და მერვე დღეს „წესისამებრ, საზეიმო შეკრება მოაწყვეს“ (ნემ. 8:18; ლვ. 23:33—36).
სინაგოგები როგორც თავშეყრის ადგილები. ბაბილონის ტყვეობის დროს ან ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ მალევე დაფუძნდა სინაგოგები, ანუ შენობები, სადაც ებრაელები იყრიდნენ თავს. დროთა განმავლობაში, სინაგოგები სხვადასხვა ადგილას ჩამოყალიბდა. დიდ ქალაქებში ერთზე მეტი სინაგოგა იყო. თავდაპირველად სინაგოგა სკოლის ფუნქციას ასრულებდა, სადაც კითხულობდნენ და სწავლობდნენ წმინდა წერილებს. იქ აგრეთვე ლოცულობდნენ და ღმერთს განადიდებდნენ. იესო ქრისტე და მისი მოწაფეები ხშირად დადიოდნენ სინაგოგებში დამსწრეთა დასამოძღვრად და გასამხნევებლად (მთ. 4:23; ლკ. 4:16; სქ. 13:14, 15; 17:1, 2; 18:4). როგორც აღვნიშნეთ, წმინდა წერილები რეგულარულად იკითხებოდა სინაგოგებში, სწორედ ამიტომ უთხრა იაკობმა იერუსალიმში მყოფ ქრისტიანთა ხელმძღვანელ საბჭოს: „მოსეს ძველი დროიდან ჰყავს თავისი მქადაგებლები ყველა ქალაქში, ვინაიდან მის წერილებს ხმამაღლა კითხულობენ სინაგოგებში ყოველ შაბათს“ (სქ. 15:21). სინაგოგებში მიმდინარე რელიგიური მსახურების ძირითადი თავისებურებები ქრისტიანული შეკრებების განუყოფელი ნაწილი გახდა. ამ შეკრებების დროს იკითხებოდა და განიმარტებოდა წმინდა წერილები, თანაქრისტიანები ამხნევებდნენ ერთმანეთს, ლოცულობდნენ და ღმერთს განადიდებდნენ (1კრ. 14:26—33, 40; კლ. 4:16; იხ. სინაგოგა).
ქრისტიანული შეკრებები. იესო ქრისტესთან არაერთხელ შეკრებილა უამრავი ადამიანი, მაგალითად, მთაზე ქადაგებისას, რადგან ხალხს ესმოდა, რაოდენ სასიკეთო იქნებოდა მათთვის იესოს მოსმენა (მთ. 5:1—7:29). ეს საგანგებოდ მოწყობილი შეკრებები არ ყოფილა. ზოგჯერ ისინი დიდხანს გრძელდებოდა, რის გამოც საჭირო ხდებოდა შეკრებილი ხალხის დაპურება. ასეთ შემთხვევებში იესო ხალხს სასწაულებრივად აძლევდა საკვებს (მთ. 14:14—21; 15:29—38). ქრისტე ხშირად კრებდა თავის მოწაფეებს და მოძღვრავდა მათ. იესოს სიკვდილის შემდეგ მისი მიმდევრებიც იკრიბებოდნენ, მაგალითად, ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, როცა შეკრებილებზე წმინდა სული გადმოვიდა (სქ. 2:1—4).
ადრინდელი ქრისტიანები რეგულარულად, ჩვეულებრივ, პატარა ჯგუფებად იკრიბებოდნენ. მაგრამ ზოგჯერ მათ შეხვედრებზე „დიდძალი ხალხი“ იყრიდა თავს (სქ. 11:26). იესოს ნახევარძმამ, იაკობმა, მართებულად მიიჩნია, სულიერი ისრაელებისთვის რჩევა მიეცა, რომ კრების შეხვედრებზე (ბერძ. სინაგოგე) მდიდრებისადმი მიკერძოება არ გამოეჩინათ (იაკ. 2:1—9).
შეკრების აუცილებლობა. სულიერი მხნეობისთვის იეჰოვას მიერ გათვალისწინებულ შეკრებებში მონაწილეობის აუცილებლობა კარგად ჩანდა ყოველწლიური პასექის აღნიშვნასთან დაკავშირებული მითითებებიდან. ნებისმიერი მამაკაცი, რომელიც არც გაუწმინდურებული იყო და არც შორ გზაზე იყო წასული, მაგრამ პასექს არ აღნიშნავდა, სიკვდილით დაისჯებოდა (რც. 9:9—14). მეფე ხიზკიამ პასექის აღსანიშნავად იერუსალიმში მოწვეულ იუდასა და ისრაელის მცხოვრებთ შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ისრაელის ძეებო, დაუბრუნდით იეჰოვას ... ნუ იქნებით ქედმოუხრელნი თქვენი მამა-პაპის მსგავსად! დაემორჩილეთ იეჰოვას და მოდით მის საწმინდარში, რომელიც მან სამარადისოდ განწმინდა, და ემსახურეთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს, რათა აგარიდოთ თავისი მრისხანება ... რადგან მწყალობელი და გულმოწყალეა იეჰოვა, თქვენი ღმერთი, და პირს არ მოგარიდებთ, თუ დაუბრუნდებით მას“ (2მტ. 30:6—9). პასექზე შეგნებულად არდასწრება ღვთის უარყოფის ტოლფასი იქნებოდა. პასექის მსგავსი დღესასწაულების აღნიშვნა ქრისტიანებს აღარ მოეთხოვებათ, მაგრამ პავლე მართებულად მოუწოდებდა ღვთის ხალხს, არ მიეტოვებინათ ქრისტიანული შეკრებები: „ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ გავამხნეოთ ერთმანეთი და მით უფრო მეტად, რაც უფრო ვხედავთ იმ დღის მოახლოებას“ (ებ. 10:24, 25; იხ. კრება, კრებული).