შემლოცველი
ებრაული სიტყვა ʼაშშაფ (არამ. ʼაშაფ) ნიშნავს „შემლოცველს, ნეკრომანტს, ჯადოქარს“ (A Hebrew and English Lexicon of the Old Testament, ბრაუნი, დრაივერი და ბრიგზი, 1980, გვ. 80, 1083; Lexicon in Veteris Testamenti Libros, კელერი და ბაუმგარტნერი, ლეიდენი, 1958, გვ. 95, 1055). შელოცვა ნიშნავს სიტყვების წარმოთქმას, რომლებიც „თითქოს განდევნის, დათრგუნავს ავ სულს“. ნეკრომანტია სიტყვასიტყვით ნიშნავს „მიცვალებულის შელოცვას, და ამით მომავალი ბედის გაგებას“.
ღმერთი გმობდა მიცვალებულთან ურთიერთობის ნებისმიერ მცდელობას. „თუ გეტყვიან: მიმართეთ სულების გამომძახებლებს ან მათ, ვისაც მკითხაობის სული აქვთ და ვინც ჩურჩულებენ და ბუტბუტებენო, განა თავის ღმერთს არ უნდა მიმართავდეს ხალხი?! განა ცოცხლებისთვის მკვდრებს უნდა მიმართავდნენ?!“ (ეს. 8:19). მიუხედავად იმისა, რომ სულების გამოძახება აკრძალული იყო, ენ-დორში მცხოვრები „სულების გამომძახებელი ქალი“, რომელთანაც ორგული მეფე საული მივიდა, სულის გამოსაძახებლად დემონებს დაუკავშირდა (1სმ. 28:7; ლვ. 20:27).
ბაბილონში შემლოცველთა საქმიანობა დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ბაბილონში ტყვედ წაყვანილი დანიელი და მისი სამი მეგობარი ქალდეველთა ენის სამწლიანი სწავლის განსაკუთრებული კურსის გავლის შემდეგ „ათჯერ სჯობდნენ [სიბრძნითა და გაგების უნარით] მისი [ბაბილონის მეფის] სამეფოს გრძნეულ ქურუმებსა და შემლოცველებს“ (დნ. 1:3—20).
დაახლოებით რვა წლის შემდეგ ნაბუქოდონოსორმა მოიხმო ყველა ჯადოქარი, მათ შორის შემლოცველები, და მოითხოვა, რომ ჯერ მოეყოლათ მისი სიზმარი და შემდეგ აეხსნათ ის (დნ. 2:1—3, 27). მეფე არ ენდობოდა მათ, ამიტომ უთხრა: „თქვენ პირი შეკარით, რომ ტყუილი და ცრუ სიტყვები მელაპარაკოთ“. მან ისიც კარგად იცოდა, რომ ისინი დროის მოგებას ცდილობდნენ და მდგომარეობის შეცვლას იმედოვნებდნენ. ამიტომ იმაში დასარწმუნებლად, რომ ბრძენკაცები მის შთამბეჭდავ ხილვას სწორად ახსნიდნენ, მეფემ მოითხოვა, ჯერ სიზმარი მოეყოლათ მისთვის. მან განაცხადა: „მომიყევით სიზმარი და დავინახავ, რომ შეგიძლიათ მისი ახსნა“ (დნ. 2:4—9). როცა შემლოცველებმა და სხვა ჯადოქრებმა ვერ შეასრულეს მეფის მოთხოვნა, ის განრისხდა და ბაბილონის ყველა ბრძენკაცის განადგურება ბრძანა. მაგრამ დანიელმა გაიგო მეფის ბრძანების შესახებ (რომელიც დანიელსა და მის მეგობრებზეც ვრცელდებოდა) და მას შემდეგ, რაც ღმერთმა საიდუმლო გაუმჟღავნა, ის სასწრაფოდ მივიდა მეფესთან სიზმრის მოსაყოლად და თავმდაბლად აღიარა, რომ საიდუმლოს გაგების მიზეზი ის არ ყოფილა, რომ ყველა სხვა ცოცხალზე ბრძენი იყო (დნ. 2:19—30).
ათწლეულების შემდეგ ბელშაცარს თავზარი დასცა კედელზე გამოჩენილმა წარწერამ, რომლის წაკითხვაც ვერ შეძლო. „ბრძანა მეფემ, რომ მოეყვანათ შემლოცველები, ქალდეველები და ასტროლოგები“ და მათ ასეთი რამ შესთავაზა: „ვინც წაიკითხავს და ამიხსნის ამ წარწერას, ძოწისფერი სამოსლით შემოსავენ, ოქროს ყელსაბამს ჩამოჰკიდებენ და სამეფოში მესამე კაცი იქნება ის“ (დნ. 5:5—7). შემლოცველებმა და სხვა ჯადოქრებმა ვერც წარწერა წაიკითხეს და ვერც მისი ახსნა შეძლეს. ამჯერადაც დანიელის ღმერთმა, იეჰოვამ გაამჟღავნა წარწერის მნიშვნელობა (დნ. 5:8—29).