დემონით შეპყრობილი
უხილავი ბოროტი სულის ტყვეობასა და გავლენაში მყოფი ადამიანი. ბიბლიურ დროში დემონის გავლენა ასეთ ადამიანზე სხვადასხვანაირად ვლინდებოდა: ზოგი ვეღარ ლაპარაკობდა, ზოგი ვეღარ ხედავდა, ზოგი შეშლილივით იქცეოდა, ზოგი კი ზეადამიანურ ძალას ფლობდა. ეს უხილავი მჩაგვრელები ყველა მათგანს საშინლად ტანჯავდნენ (მთ. 9:32; 12:22; 17:15; მრ. 5:3—5; ლკ. 8:29; 9:42; 11:14; სქ. 19:16). დემონების სამიზნეები იყვნენ კაცები, ქალები და ბავშვები (მთ. 15:22; მრ. 5:2). ზოგჯერ ერთსა და იმავე ადამიანს ბევრი დემონი ერთდროულად ჰყავდა, რის გამოც მისი მდგომარეობა აუტანელი იყო (ლკ. 8:2, 30). დემონის განდევნის შემდეგ ადამიანს საღი გონება უბრუნდებოდა. დემონით შეპყრობილსა და ჩვეულებრივ ავადმყოფს შორის დიდი განსხვავება იყო, თუმცა იესო ორივე კატეგორიის ადამიანებს კურნავდა (მთ. 8:16; 17:18; მრ. 1:32, 34).
იესოს უდიდეს სასწაულთა შორის იყო დემონების ტყვეობისგან ადამიანთა გათავისუფლება. დემონები უძლურები იყვნენ იესოს წინაშე. მაგრამ ყველა იუდეველს როდი ახარებდა ეს. ფარისევლები ბრალს დებდნენ მას, რომ დემონების მმართველის, ბელზებელის თანამზრახველი იყო, სინამდვილეში კი, როგორც იესომ თქვა, ისინი იყვნენ ეშმაკის შთამომავლები (მთ. 9:34; 12:24; მრ. 3:22; ლკ. 11:15; ინ. 7:20; 8:44, 48—52). იესომ კარგად იცოდა, ვისი ძალით იმორჩილებდა დემონებს და სახალხოდ ამბობდა, რომ ამას იეჰოვას სულით აკეთებდა (მთ. 12:28; ლკ. 8:39; 11:20). დემონებმაც იცოდნენ, ვინ იყო იესო და მას „ღვთის ძედ“, „ღვთის წმინდად“ და „უზენაესის ძედ“ მოიხსენიებდნენ (მთ. 8:29; მრ. 1:24; 3:11; 5:7; ლკ. 4:34, 41; სქ. 19:15; იაკ. 2:19). მაგრამ იესო არასდროს აძლევდა მათ უფლებას, მის შესახებ დაემოწმებინათ (მრ. 3:12). თუმცა დემონების ტყვეობიდან გათავისუფლებულ კაცს მოუწოდა, ნათესავებისთვის მოეყოლა, რა გაუკეთა იეჰოვამ (მრ. 5:18—20).
იესომ დემონების დამორჩილების ძალაუფლება თავის 12 მოციქულს, მოგვიანებით კი საქადაგებლად გაგზავნილ 70 მოწაფეს უბოძა, რათა მათ დემონით შეპყრობილები იესოს სახელით განეკურნათ (მთ. 10:8; მრ. 3:15; 6:13; ლკ. 9:1; 10:17). იესოს სახელით დემონებს დევნიდა ერთი კაციც, რომელსაც იესოსა და მის მოციქულებთან უშუალო ურთიერთობა არ ჰქონდა (მრ. 9:38—40; ლკ. 9:49, 50). მოციქულებს იესოს სიკვდილის შემდეგაც ჰქონდათ დემონების განდევნის ძალაუფლება. პავლემ მოახლე გოგონასგან განდევნა დემონი, „რომელიც მკითხაობის ძალას აძლევდა“ მას. მისი ფულის მოყვარული ბატონები ამან ძალიან განარისხა (სქ. 16:16—19). მაგრამ, როცა მღვდელი სკევას თვითმარქვია შვიდი ვაჟი ცდილობდა დემონის განდევნას „იესოს სახელით“, რომელსაც პავლე ქადაგებდა, დემონით შეპყრობილი კაცი ეცა მათ, შვიდივე დაასახიჩრა და გააშიშვლა (სქ. 19:13—16).
ხშირად ფსიქიკურად შეშლილი ადამიანის გაუკონტროლებელი საქციელი განპირობებულია სატანის დამქაშების ზემოქმედებით. ზოგჯერ ამბობენ, რომ მედიუმები დევნიან დემონებს. ეს გვახსენებს იესოს სიტყვებს: «ბევრი მეტყვის იმ დღეს: „უფალო, უფალო ... განა შენი სახელით არ ვდევნიდით დემონებს?“ ... მაშინ მე განვუცხადებ მათ: არასოდეს გიცნობდით თქვენ!» (მთ. 7:22, 23). ჩვენ ნამდვილად გვაქვს საფუძვლიანი მიზეზები, გავითვალისწინოთ შემდეგი რჩევები: „იფხიზლეთ“ და „შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურვლით, რათა მტკიცედ დაუდგეთ ეშმაკის [და მისი დემონების] ხრიკებს“ (1პტ. 5:8; ეფ. 6:11).