თავისუფლება
იეჰოვა ღმერთი, როგორც სამყაროს ყოვლისშემძლე უზენაესი მმართველი და ყოველივეს შემოქმედი, აბსოლუტურ, შეუზღუდავ თავისუფლებას ფლობს (დბ. 17:1; იერ. 10:7, 10; დნ. 4:34, 35; გმც. 4:11). მისგან განსხვავებით მისი ქმნილებები შეზღუდული თავისუფლებით სარგებლობენ და სამყაროში არსებულ კანონებს ემორჩილებიან (ეს. 45:9; რმ. 9:20, 21). ისინი იზღუდებიან გრავიტაციისა და ქიმიის კანონებით; ექვემდებარებიან მზის გავლენას, ზრდის პროცესს, ზნეობრივ კანონებს. მათ თავისუფლებაზე გავლენას ახდენს სხვების უფლებები თუ ქმედებები. ასე რომ, ღვთის ქმნილებათა თავისუფლება პირობითია.
აღსანიშნავია, რომ შეზღუდული თავისუფლება მონობას არ ნიშნავს. ღვთისგან დაწესებულ შეზღუდვებს ბედნიერება მოაქვს; ქმნილებების, საკუთარი არასრულყოფილებისა თუ სისუსტეების და მცდარი იდეოლოგიის მონობას კი — ჩაგვრა და უბედურება. თავისუფლება, ამავე დროს, განსხვავდება თვითნებობისგან, რაც ღვთის კანონების უგულებელყოფასა და სწორისა და არასწორის საკუთარი ნორმების დადგენაში გამოიხატება. ეს სხვების უფლებების ხელყოფისა და სხვა ბევრი საწუხარის მიზეზი ხდება. ამის მაგალითია ის სავალალო შედეგები, რომლებიც სატანის მიერ ადამისა და ევასთვის შეთავაზებულ დამოუკიდებლობასა და თვითნებობას მოჰყვა (დბ. 3:4, 6, 11—19). ჭეშმარიტი თავისუფლება ღვთის კანონით იზღუდება. ღვთის კანონი პიროვნებას საკუთარი ნების გამომჟღავნების საშუალებას აძლევს, ოღონდ არა სხვების საზიანოდ, ცნობს სხვის უფლებებს და საყოველთაო კეთილდღეობას ემსახურება (ფს. 144:15; ლკ. 11:28; იაკ. 1:25).
განმათავისუფლებელი ღმერთი. იეჰოვა თავისუფლების ღმერთია. მან ისრაელი ერი ეგვიპტის მონობისგან იხსნა და უთხრა, რომ თუ მის მცნებებს დაემორჩილებოდნენ უზრუნველად იცხოვრებდნენ (კნ. 15:4, 5). უნდა აღინიშნოს, რომ კანონი გაღარიბებულ კაცს უფლებას აძლევდა ოჯახის სარჩენად მონად დასდგომოდა თანამოძმეს. თავისუფლებას ის მონად გახდომიდან მეშვიდე წელს დაიბრუნებდა (გმ. 21:2). საიუბილეო წელს (ყოველი 50-ე წელი) ისრაელის მიწის ყველა მკვიდრისთვის თავისუფლება ცხადდებოდა. ყოველი ებრაელი მონა თავისუფლდებოდა და თავის სამკვიდროს უბრუნდებოდა (ლვ. 25:10—19).
ქრისტეს მიერ ბოძებული თავისუფლება. პავლე მოციქული „ხრწნის მონობისგან“ კაცობრიობის დახსნის საჭიროებაზე ლაპარაკობდა (რმ. 8:21). იესო ქრისტემ იმ ებრაელებს, რომლებსაც მისი სწამდათ, უთხრა: „თუ ჩემს სიტყვაში რჩებით, ნამდვილად ჩემი მოწაფეები ხართ, შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“. მათ კი, ვისაც თავი თავისუფალი ეგონა აბრაამის შთამომავლობის გამო, უთხრა, რომ ცოდვის მონები იყვნენ, და დასძინა: „ამიტომ, თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით“ (ინ. 8:31—36; შდრ. რმ. 6:18, 22).
ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ქრისტეს მიმდევრებს თავისუფლები ეწოდებათ. პავლემ აღნიშნა, რომ ისინი „მოახლისა კი არა, თავისუფალი ქალის“ (გლ. 4:31) ანუ „ზედა იერუსალიმის“ შვილები არიან (გლ. 4:26). შემდეგ მან მოუწოდა ქრისტიანებს: „ქრისტემ ასეთი თავისუფლებისთვის გაგვათავისუფლა. ამიტომ მყარად იდექით და ნუღარ მოექცევით მონობის უღელქვეშ“ (გლ. 5:1). პავლეს დროს გალატიის კრებებში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც ქრისტიანებად მოჰქონდათ თავი. ისინი უბიძგებდნენ გალატელ ქრისტიანებს, დაეთმოთ ქრისტეს მეშვეობით მიღებული თავისუფლება და ქრისტესადმი რწმენით კი არ ყოფილიყვნენ მართლად აღიარებული, არამედ კანონის საქმეებით. პავლემ უთხრა მათ, რომ ასეთი მიდგომით ისინი სწყდებოდნენ ქრისტეს წყალობას (გლ. 5:2—6; 6:12, 13).
მოციქულების მიერ სასიხარულო ცნობის თავისუფლად და მთელი სითამამით გაცხადება იმაზე მოწმობს, რომ პირველი ქრისტიანები გათავისუფლებული იყვნენ ცოდვის, სიკვდილისა და შიშის მონობისგან („რადგან ღმერთმა მოგვცა არა სიმხდალის სული, არამედ ძლიერების, სიყვარულისა და საღი აზროვნების“) (2ტმ. 1:7; სქ. 4:13; ფლ. 1:18—20). ისინი თვლიდნენ, რომ ქრისტეზე თავისუფლად საუბარი დიდი ძღვენი იყო, რომელსაც დახვეწა და მოფრთხილება სჭირდებოდა ღვთის თვალში მოწონების მოსაპოვებლად. მათ უნდა ელოცათ ამ ძღვნის მისაღებად (1ტმ. 3:13; ებ. 3:6; ეფ. 6:18—20).
ქრისტიანული თავისუფლების მართებულად გამოყენება. ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ღვთივშთაგონებულ მწერლებს კარგად ესმოდათ, რა მიზნით გამოავლინა ღმერთმა წყალობა ქრისტეს მეშვეობით („თქვენ თავისუფლებისთვის ხართ მოწოდებულნი, ძმებო“), ამიტომ ისინი არაერთხელ შეახსენებდნენ ქრისტიანებს, რომ მოფრთხილებოდნენ თავიანთ თავისუფლებას და იგი ბოროტად არ გამოეყენებინათ ხორცის საამებლად (გლ. 5:13) და ბოროტების საფრად (1პტ. 2:16). იაკობი წერდა, რომ ქრისტიანები უნდა ჩაკვირვებოდნენ „თავისუფლების სრულყოფილ კანონს“ და რომ ბედნიერი იქნებოდა საქმის შემსრულებელი და არა გულმავიწყი მსმენელი (იაკ. 1:25).
მოციქული პავლე სარგებლობდა ქრისტესგან ნაბოძები თავისუფლებით, მაგრამ ამ თავისუფლებას საკუთარი სიამოვნებისთვის თუ სხვების საზიანოდ არ იყენებდა. კორინთის კრებისთვის მიწერილ წერილში მან ახსნა, რომ ის არ გააკეთებდა ისეთ რამეს, რის უფლებასაც წმინდა წერილი აძლევდა, მაგრამ ნაკლებად გათვითცნობიერებულის სინდისს ავნებდა. მან მაგალითად მოიყვანა კერპთშენაწირი ხორცი, რომელიც ბაზარში იყიდებოდა. ღვთისგან ბოძებული თავისუფლება პავლეს ასეთი ხორცის ჭამის უფლებას აძლევდა, მაგრამ სუსტი სინდისის მქონეს შეიძლება ამის გამო ის გაეკრიტიკებინა და ამგვარად პავლეს მოსამართლე გამხდარიყო, რაც მართებული არ იქნებოდა. ამიტომ პავლე წერდა: „რატომ უნდა გასამართლდეს ჩემი თავისუფლება სხვისი სინდისით? თუ მადლიერებით ვჭამ, რატომღა უნდა დავიგმო იმის გამო, რისთვისაც ღმერთს მადლობას ვუხდი?“. და მაინც, პავლე თავის თავისუფლებას სხვების აღსაშენებლად იყენებდა და არა საზიანოდ (1კრ. 10:23—33).
ქრისტიანული ბრძოლა და კაცობრიობის იმედი. მართალია, „სულის კანონმა, რომელიც სიცოცხლეს იძლევა ქრისტე იესოსთან ერთობაში, ცოდვისა და სიკვდილის კანონისგან“ გაათავისუფლა ქრისტიანები (რმ. 8:1, 2), მაგრამ პავლეს თქმით ქრისტიანის სხეულში მოქმედებს ცოდვისა და სიკვდილის კანონი, რომელიც კვლავ მის დამონებას ცდილობს. ამ კანონზე გასამარჯვებლად ქრისტიანმა სულისაზე უნდა იფიქროს (რმ. 7:21—25; 8:5—8).
პავლე განაგრძობს თავის მსჯელობას და ქრისტეს თანამემკვიდრეებს „ღვთის ძეებს“ უწოდებს. შემდეგ ის მთელ კაცობრიობას „ქმნილებად“ მოიხსენიებს და ღვთის საოცარ განზრახვას ასე აყალიბებს: „ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნის მონობისგან და მიიღებს ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას” (რმ. 8:12—21).
გადატანითი მნიშვნელობით. ტანჯული იობი სიკვდილში ეძებდა შვებას, ამიტომ სიკვდილი ტანჯულთა გათავისუფლებას შეადარა. მან, როგორც ჩანს, მონების მძიმე ყოფა იგულისხმა, როცა თქვა: „[სიკვდილის შემდეგ] მონა თავისუფალია ბატონისგან“ (იობ. 3:19; შდრ. 21, 22-ე მუხლებთან).