ᲜᲔᲑᲝ
1. მოაბელთა ქალაქი, რომელზე კონტროლიც მოიპოვა ამორეველთა მეფე სიხონმა მანამ, სანამ ისრაელები აღთქმულ მიწაზე შევიდოდნენ (შდრ. რც. 21:26; 32:3; ეს. 15:2). მას შემდეგ, რაც ისრაელებმა სიხონი დაამარცხეს, ქალაქი ნებო რეუბენელებმა აღადგინეს (რც. 32:37, 38). როგორც ჩანს, ძვ. წ. მეცხრე საუკუნის ადრეულ ხანაში რეუბენელებმა დაკარგეს ქალაქი (1მტ. 5:1, 8). ამას ადასტურებს მოაბურ ქვაზე გაკეთებული წარწერა, საიდანაც ირკვევა, რომ მეფე მეშა იკვეხნიდა იმით, რომ ისრაელებს წაართვა ეს ქალაქი თავისი ღმერთის, ქემოშის ნებით. მოგვიანებით ესაიამ (ძვ. წ. მერვე საუკუნეში) და იერემიამ (ძვ. წ. მეშვიდე საუკუნეში) მოიხსენიეს ქალაქი ნებო წინასწარმეტყველებებში, რომლებიც ეხებოდა მოაბის დაცემას (ეს. 15:2; იერ. 48:1, 22).
ზოგადად ნებოს აიგივებენ ხირბეთ-მეხაიიეთთან (კარიათ-ელ-მუხაიათი), რომელიც ხეშბონიდან სამხრ.-დას. დაახლოებით 8 კმ-ში მდებარეობს. დღესდღეობით ამ ტერიტორიაზე ძველი ციხე-სიმაგრის ნანგრევებიღაა შემორჩენილი. გარდა ამისა, აღმოჩენილია დიდი რაოდენობით თიხის ფრაგმენტები, რომლებიც სავარაუდოდ, ძვ. წ. XII—VI საუკუნეებით თარიღდება.
2. ქალაქი, რომელშიც დაბრუნდნენ ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლებული ისრაელები, რომლებიც წარმოშობით ამ ქალაქიდან იყვნენ (ეზრ. 2:1, 29). როგორც ჩანს, ეს ნებო №1 ნებოდან რომ გაერჩიათ, ბიბლიურ დროში მას „სხვა ნებოს“ სახელით მოიხსენიებდნენ (ნემ. 7:33). ვარაუდობენ, რომ ნებოს ადგილზე დღეს მდებარეობს სოფელი ნუბა, რომელიც ხებრონიდან ჩრდ.-დას. დაახლოებით 11 კმ-ით არის მოშორებული. თუმცაღა, „ნებო“, რომელიც ეზრას 10:43, 44-შია მოხსენიებული, შესაძლოა იყოს იმ მამაკაცის სახელი, რომლის შთამომავლებიც დაბრუნდნენ გადასახლებიდან და გაუშვეს თავიანთი ცოლები.
3. როგორც ჩანს, ერთ-ერთი მთა აბარიმის მთათა სისტემაში. ნებოს მთიდან, ფისგის წვერიდან (სავარაუდოდ, ფისგა იყო ნებოს ნაწილი ან პირიქით, ნებო იყო ფისგის ნაწილი) მოსემ თვალი შეავლო აღთქმულ მიწას, რის შემდეგაც ის იქ მოკვდა (კნ. 32:48—52; 34:1—4). ნებოს მთას, ჩვეულებრივ, აიგივებენ ხოლმე ჯებელ-ენ-ნებასთან (ჰარ-ნევო). ეს მთა, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 800 მეტრს აღემატება, მდებარეობს დაახლოებით 17 კილომეტრში აღმ. იმ ადგილიდან, სადაც მდინარე იორდანე მკვდარ ზღვაში ჩაედინება. ითვლება, რომ ფისგა შესაძლოა იყოს მწვერვალი რას-ელ-სიიაღა, რომელიც ჯებელ-ენ-ნებასგან ჩრდ.-დას. მდებარეობს და მასზე ოდნავ დაბალია. მზიან ამინდში, როდესაც ცა მოწმენდილია, რას-ელ-სიიაღას წვერიდან შესანიშნავი ხედი იშლება: აქედან კარგად მოჩანს ხერმონის, თაბორის, ებალისა და გერიზიმის მთები, ცენტრალური მთის ქედი, რომელზეც განლაგებულია ბეთლემი და ხებრონი, და აგრეთვე იორდანეს ველი და მკვდარი ზღვა.
4. ღვთაება, რომლის შესახებაც ესაია წინასწარმეტყველმა იწინასწარმეტყველა, რომ ბაბილონის დაცემის დროს დამცირდებოდა (ეს. 46:1, 2). ნებოს თაყვანს სცემდნენ როგორც ბაბილონეთში, ისე ასურეთში. მას აიგივებდნენ პლანეტა მერკურისთან და მიიჩნევდნენ მარდუქისა და სარპანიტუს ძედ და ქალღმერთ ტაშმეტუს მეუღლედ. ნებო ითვლებოდა სიბრძნის, შემეცნების და დამწერლობის „ღმერთად, რომელიც ფლობს ცოდნას“, „რომელსაც ესმის შორიდან“ და „რომელიც ასწავლის“ (The Seven Great Monarchies of the Ancient Eastern World, ჯ. როულინსონი, 1885, ტ. I, გვ. 91; Ancient Near Eastern Texts, ჯ. პრიჩარდის რედაქციით, 1974, გვ. 450).
ბაბილონში ამ ღვთაებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ეს კარგად ჩანს იქიდან, რომ მეფე ნაბონიდი მას მოიხსენიებს როგორც „მთელი ზედა და ქვედა სამყაროს განმგებელს, რომელიც დღეგრძელობას მატებს ... [მის] სიცოცხლეს“, და მას, „ვინც ახანგრძლივებს... [მისი] მმართველობის წლებს“. ნაბონიდს მიაჩნდა, რომ ნებომ დააკავებინა ხელში „სწორი სკიპტრა, კანონიერი კვერთხი (ერთადერთი რამ), რაც უზრუნველყოფდა ქვეყნის კეთილდღეობას“ (Ancient Near Eastern Texts, გვ. 310). მეორე ფაქტორს, რომელიც ხაზს უსვამს ღვთაება ნებოს განსაკუთრებულ ადგილს ბაბილონურ რელიგიაში, წარმოადგენს ის, რომ მისი სახელი ამა თუ იმ ფორმით გვხვდება ბაბილონელ მეფეთა სახელებში: ნაბუქოდონოსორი, ნაბოფალასარი, ნაბონიდი და ნებუზარადანი (2მფ. 25:8), და სავარაუდოდ, სახელში აბედნეგო (დნ. 1:7).
ნებოს კულტის ცენტრად მიჩნეულია ძველი ქალაქი ბორსიპა (თანამედროვე ბირსი ანუ ბირს-ნიმრუდი), რომელიც ბაბილონთან ახლოს მდებარეობდა. ყოველი ახალი წლის აღნიშვნის დღეს, გაზაფხულზე, საზეიმო პროცესიის დროს ნებოს ქანდაკება ბორსიპადან ბაბილონში გადაჰქონდათ. შემდეგ, როდესაც ქანდაკებას ბორსიპაში, თავის საწმინდარში აბრუნებდნენ, გზის ნაწილზე მასთან ერთად მარდუქის (აგრეთვე მოიხსენიებდნენ როგორც ბელს, ანუ ბატონს) ქანდაკებაც გადაჰქონდათ. აქედან გამომდინარე, ძალზე საგულისხმოა ესაიას წინასწარმეტყველება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაბილონის დაცემისას ბელსაც და ნებოსაც დამცირება და შერცხვენა არ ასცდებოდათ (ეს. 46:1, 2).