გასაჭირი
ბერძნული სიტყვა თლიფსის, რომელიც უმთავრესად „გასაჭირად“ ითარგმნება, ძირითადად ნიშნავს დარდს, მწუხარებას ან სხვადასხვა გარემოებით გამოწვეულ ტანჯვას. ეს სიტყვა გამოიყენება მშობიარობასთან (ინ. 16:21), დევნასთან (სქ. 11:19; 20:23; 2კრ. 1:8; ებ. 10:33; გმც. 1:9), პატიმრობასთან (გმც. 2:10), ქვრივ-ობლებისთვის ჩვეულ სიღარიბესა თუ სხვა გაჭირვებასთან (იაკ. 1:27), შიმშილობასა (სქ. 7:11) და ცუდი საქციელისთვის დასჯასთან (რმ. 2:9; გმც. 2:22). 2 კორინთელების 2:4-ში მოხსენიებულ გასაჭირში პავლემ, როგორც ჩანს, იგულისხმა კორინთელი ქრისტიანების ცუდი საქციელითა და მათი მკაცრი განსჯით გამოწვეული თავისი დარდი.
ქორწინებას ხორციელი გასაჭირი სდევს. პავლემ დაუქორწინებლობის უპირატესობაზე საუბრისას აღნიშნა: „რომ დაქორწინდე კიდეც, არ შესცოდავ ... მაგრამ ასეთებს ხორციელი გასაჭირი ექნებათ“ (1კრ. 7:28). დაქორწინებულებს მეუღლესა და შვილებზე ზრუნვა ევალებათ, რის გამოც მრავალი საფიქრალი და საწუხარი აქვთ (1კრ. 7:32—35). ოჯახის წევრის ავადმყოფობა შეიძლება ტვირთად ექცეს ოჯახს. ქრისტიანები შეიძლება დევნის მსხვერპლი გახდნენ და სახლების დატოვებაც კი მოუწიოთ. ოჯახისთავებს შეიძლება გაუჭირდეთ ოჯახის რჩენა. მშობლები და შვილები დაპატიმრების გამო შეიძლება დააშორონ ერთმანეთს ან მდევნელებმა აწამონ და მოკლან კიდეც.
ერთგულება გასაჭირის დროს. დევნამ შეიძლება ქრისტიანის რწმენა დაასუსტოს. მთესველის მაგალითში იესო ქრისტემ აღნიშნა, რომ გასაჭირის ან დევნის გამო ზოგი დაბრკოლდებოდა (მთ. 13:21; მრ. 4:17). მოციქულმა პავლემ იცოდა ეს, ამიტომ ძალიან აღელვებდა თესალონიკეში ახლად ჩამოყალიბებული კრების მდგომარეობა. ამ კრების წევრებმა ჭეშმარიტება დიდ გასაჭირში მიიღეს (1თს. 1:6; შდრ. სქ. 17:1, 5—10) და გაქრისტიანების შემდეგაც იტანდნენ მას. ამიტომ მოციქულმა განსამტკიცებლად და სანუგეშებლად მათ ტიმოთე გაუგზავნა, „რათა არავინ გამხდარიყო მერყევი ამ გასაჭირის გამო“ (1თს. 3:1—3, 5). პავლე ძალიან ანუგეშა ტიმოთეს მიტანილმა ამბავმა, რომ თესალონიკელები რწმენაში მტკიცენი იყვნენ (1თს. 3:6, 7). მოციქულმა თავიდანვე შეამზადა ისინი მოსალოდნელი გასაჭირისთვის, რაც ეჭვგარეშეა, მათ ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნებაში დაეხმარა (1თს. 3:4; შდრ. ინ. 16:33; სქ. 14:22).
თუმცა გასაჭირი არავის სიამოვნებს, ქრისტიანმა შეიძლება გაიხაროს მისი გადატანით, რადგან იცის, რომ ღმერთი იწონებს მის ერთგულებას და, საბოლოოდ, ერთგულთა დიდებული იმედი რეალობად იქცევა (რმ. 5:3—5; 12:12). გასაჭირი ხანმოკლე და მსუბუქია იმ მარადიულ დიდებასთან შედარებით, რომელსაც ის ერთგულებისთვის მიიღებს (2კრ. 4:17, 18). ამ ერთგულ მსახურს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ღმერთი ერთგულია და, რა გასაჭირშიც არ უნდა ჩავარდეს, მისდამი სიყვარული არასდროს გაუნელდება (რმ. 8:35—39).
კორინთელებისთვის მიწერილ წერილში მოციქულმა პავლემ მოიხსენია სხვა ფაქტორები, რომლებიც ქრისტიანებს გასაჭირის ატანაში ეხმარება: „კურთხეული იყოს ... თანაგრძნობისა და ყოველგვარი ნუგეშის მამა, რომელიც ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს, რათა ჩვენც შევძლოთ ყოველგვარ გასაჭირში მყოფთა ნუგეშისცემა იმავე ნუგეშით, რომლითაც ღმერთი გვანუგეშებს ... თუ გასაჭირში ვართ, თქვენი ნუგეშისცემისა და ხსნისთვის ვართ, და თუ ნუგეშცემულნი ვართ, თქვენი ნუგეშისთვის ვართ, რომ გაუძლოთ იმავე ტანჯვებს, რომლითაც ჩვენ ვიტანჯებით“ (2კრ. 1:3—6). გასაჭირში მყოფი ქრისტიანებისთვის მანუგეშებელია ღვთის ძვირფასი დაპირებები, წმინდა სულის დახმარება და ლოცვებზე პასუხი. გამოცდილებიდან გამომდინარე, მათ შეუძლიათ გაამხნეონ და ანუგეშონ სხვები. მათი ერთგულება და რწმენის გამომხატველი საუბრები აღძრავს თანამორწმუნეებს, თავადაც ერთგულები დარჩნენ.
პავლე მადლიერი იყო, რომ გასაჭირის დროს თანამორწმუნეები ანუგეშებდნენ. ამისთვის მან შეაქო ფილიპელი ქრისტიანები: „თქვენ კარგად მოიქეცით, ჩემი გასაჭირი რომ გაიზიარეთ“ (ფლ. 4:14). მათ გული შესტკიოდათ პავლეზე, რომელიც რომში იყო დაპატიმრებული, და მდგომარეობის შესამსუბუქებლად მატერიალურად ეხმარებოდნენ (ფლ. 4:15—20).
ზოგიერთი ქრისტიანი შეიძლება შეაშინოს თანამორწმუნეების გასაჭირმა. პავლეს ეს ჰქონდა მხედველობაში, როცა ეფესოელ ქრისტიანებს მისწერა: „გთხოვთ, გულს ნუ გაიტეხთ ჩემი გასაჭირის გამო, რომელშიც თქვენი გულისთვის აღმოვჩნდი, რადგან ეს თქვენი დიდებაა“ (ეფ. 3:13). პავლე ეფესოელი თუ სხვა ქრისტიანების მომსახურების გამო იტანდა დევნასა და გასაჭირს. სწორედ ამიტომ ამბობდა, რომ მათი გულისთვის აღმოჩნდა გასაჭირში. გასაჭირის დროს პავლეს ერთგულება დიდება იყო ეფესოელი ქრისტიანებისთვის, რადგან აქედან ჩანდა, რომ ის, რაც მათ ჰქონდათ, როგორც ქრისტიანებს (ღვთის უტყუარი დაპირებები, იეჰოვა ღმერთთან და იესო ქრისტესთან ძვირფასი ურთიერთობა), ღირდა გასაჭირის ატანად (შდრ. კლ. 1:24). თუ პავლე, როგორც მოციქული, ერთგულებას ვერ შეინარჩუნებდა, ეს კრებას შეარცხვენდა, ზოგს კი დაბრკოლების საბაბს მისცემდა (შდრ. 2კრ. 6:3, 4).
„დიდი გასაჭირი“. თავისი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის შესახებ მოწაფეების კითხვაზე პასუხის გაცემისას იესომ თქვა: „იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაწყისიდან დღემდე და აღარც იქნება“ (მთ. 24:3, 21). თუ მათეს 24:15—22-ს შევადარებთ ლუკას 21:20—24-ს, გავიგებთ, რომ იესოს სიტყვები პირველად იერუსალიმზე შესრულდებოდა. ეს მოხდა ახ. წ. 70 წელს, როცა რომის ჯარმა მხედართმთავარ ტიტუსის ხელმძღვანელობით იერუსალიმი ალყაში მოაქცია. ამ დროს დიდი შიმშილობა ჩამოვარდა და ბევრი დაიხოცა. ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი გვამცნობს, რომ 1 100 000 ებრაელი მოკვდა ან მოკლეს, 97 000 ტყვედ წაიყვანეს, ტაძარი კი მიწასთან გაასწორეს. რომაელი მხედართმთავრის, ტიტუსის ნების საწინააღმდეგოდ ჯარისკაცებმა ტაძარი ცეცხლს მისცეს. როგორც იოსებ ფლავიუსი ამბობს, ეს ზუსტად იმავე დღეს მოხდა, რა დღესაც ბაბილონელებმა პირველი ტაძარი დაწვეს („იუდეველთა ომი“, VI, 249—270 (iv, 5—8), 420 (ix, 3), ინგლ.; 2მფ. 25:8, 9). რომაელების მიერ განადგურებული ტაძარი არასდროს აღდგენილა. ასეთი „დიდი გასაჭირი“ იერუსალიმს აღარასოდეს დასტყდომია. მაგრამ, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ახ. წ. 70 წელს იერუსალიმს თავსდატეხილი გასაჭირი გაცილებით დიდ გასაჭირზე მიუთითებდა, რომელიც ყველა ერზე გავრცელდებოდა.
შემდეგ იესომ აღწერა მოვლენები, რომლებიც იერუსალიმის განადგურებიდან საუკუნეების შემდეგ განვითარდებოდა (მთ. 24:23—28; მრ. 13:21—23). მათეს 24:29-ში მან დასძინა, რომ „იმ დღეების გასაჭირის შემდეგ“ შიშის მომგვრელი ციური მოვლენები მოხდებოდა. მარკოზის 13:24, 25-ის თანახმად, ეს მოვლენები მოხდებოდა „იმ დღეებში, იმ გასაჭირის შემდეგ“ (იხ. აგრეთვე ლკ. 21:25, 26). რომელ გასაჭირზე საუბრობდა იესო?
ზოგი ბიბლეისტი ასკვნის, რომ ეს იყო ახ. წ. 70 წელს იერუსალიმზე თავსდატეხილი გასაჭირი, თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ იესოს მიერ აღწერილი შემდეგი მოვლენები, ადამიანის გადასახედით, შორეულ მომავალში შესრულდებოდა. მათი აზრით, ფრაზა „მაშინვე, იმ დღეების გასაჭირის შემდეგ“ ან ღვთის გადასახედიდან იყო ნათქვამი, ან მკითხველს მოვლენების დაუყოვნებლივ განვითარების შეგრძნებას უტოვებდა მათი გარდაუვალობის საჩვენებლად.
ვინაიდან მათეს 24:4—22-ში (აგრეთვე მრ. 13:5—20 და ლკ. 21:8—24ა) ჩაწერილ წინასწარმეტყველებას ორი შესრულება აქვს, შეგვიძლია თუ არა იმის თქმა, რომ მათეს 24:29-სა და მარკოზის 13:24-ში მოხსენიებული გასაჭირი მათეს 24:21-სა და მარკოზის 13:19-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველების მეორე და საბოლოო შესრულებაზე მიანიშნებს? თუ მხედველობაში მივიღებთ მთლიან ბიბლიას, ეს სავსებით შესაძლებელია. ამასთანავე, ბერძნულ ტექსტში გამოყენებული სიტყვები ასეთი დასკვნის გაკეთების უფლებას იძლევა. ბერძნული გრამატიკიდან გამომდინარე, სწორედ ასე შეგვიძლია გავიგოთ მათეს 24:29-სა და მარკოზის 13:24-ში მოხსენიებული „ის დღეები“ და „ის გასაჭირი“. როგორც ჩანს, იესოს წინასწარმეტყველება იმაზე მიუთითებს, რომ მომავალი მასშტაბური გასაჭირის დაწყების შემდეგ მოხდება უჩვეულო მოვლენები (წარმოდგენილია მზისა და მთვარის დაბნელებით, ვარსკვლავების ჩამოცვენითა და ციური ძალების შერყევით) და გამოჩნდება „კაცის ძის ნიშანი“.
იერუსალიმის განადგურებიდან დაახლოებით 30 წლის შემდეგ უამრავი ხალხის შესახებ, რომლებიც ყველა ერიდან, ტომიდან და ხალხიდან იყვნენ, ანგელოზმა მოციქულ იოანეს უთხრა: „ესენი დიდი გასაჭირიდან მოსულები არიან“ (გმც. 7:13, 14). მანამდე იოანემ იხილა „ოთხი ანგელოზი“, რომლებიც გამანადგურებელ ქარებს აკავებდნენ, სანამ არ დასრულდებოდა 144 000 ღვთის მონის ბეჭედდასმა. როგორც ჩანს, ბეჭედდასმა იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველებ რჩეულთა შეკრებას უკავშირდება (მთ. 24:31). ამგვარად, „დიდი გასაჭირი“ კულმინაციას რჩეულთა შეკრებისა და ბეჭედდასმის შემდეგ მიაღწევს, როცა ოთხი ანგელოზი გაუშვებს ოთხ ქარს, რათა მათ ხეებზე, მიწასა და ზღვაზე იქროლონ (გმც. 7:1—4). უამრავი ხალხის დიდი გასაჭირიდან მოსვლა იმაზე მოწმობს, რომ ისინი გადაურჩნენ მას. ეს აზრი ეთანხმება საქმეების 7:9, 10-ში ჩაწერილ სიტყვებს: „ღმერთი მასთან [იოსებთან] იყო, დაიხსნა ის ყველა გასაჭირიდან“. ეს მხოლოდ იმას კი არ ნიშნავდა, რომ ღმერთმა იოსებს გადაატანინა გასაჭირი, არამედ იმასაც, რომ ის ცოცხალი გადარჩა.
აღსანიშნავია, რომ პავლე მოციქული უღვთოებზე ღვთის განაჩენის აღსრულებას გასაჭირს უწოდებს. ის წერს: „ღვთის მხრიდან სამართლიანია, გასაჭირი მიუზღოს მათ, ვინც თქვენ გაგდებთ გასაჭირში, ხოლო თქვენ, გასაჭირში ჩაცვენილებს, მოგიზღოთ შვება ჩვენთან ერთად, როცა უფალი იესო ზეციდან თავისი ძლიერი ანგელოზებითურთ გამოგვეცხადება აბრიალებულ ცეცხლში და შურს იძიებს მათზე, ვინც არ იცნობს ღმერთს და ვინც არ ემორჩილება სასიხარულო ცნობას ჩვენი უფლის იესოს შესახებ“ (2თს. 1:6—8). „გამოცხადებიდან“ ჩანს, რომ ღვთის წმინდებს „დიდი ბაბილონი“ და „მხეცი“ ყრიდნენ გასაჭირში (გმც. 13:3—10; 17:5, 6). ამიტომ ლოგიკურია, დავასკვნათ, რომ „დიდ ბაბილონსა“ და „მხეცს“ ნაწინასწარმეტყველები გასაჭირი „დიდი გასაჭირის“ დროს დაატყდებათ თავს (გმც. 18:20; 19:11—21).