ბადე
ძაფის, კანაფის ან ბაწრის თანაბარ მანძილზე ჯვარედინად გადანასკვით მიღებული წნული. ბადეებს ხმარობდნენ თევზების (ეკ. 9:12; ეს. 19:8; მთ. 4:18—21), ფრინველების (იგ. 1:17) და ცხოველების (ეს. 51:20) დასაჭერად. ამზადებდნენ, ძირითადად, სელისგან, პალმისა და პაპირუსისგან.
მეთევზეები თევზსაჭერ ბადეს წყალში ისროდნენ და თავიანთკენ ექაჩებოდნენ (ეზკ. 26:5, 14; 47:10). ძველ ეგვიპტეში ბადეებს სელისგან ამზადებდნენ; ქვედა მხარეს ტყვიას ჰკიდებდნენ, ხოლო ზედა მხარეს — ხის ტივტივებს. სავარაუდოდ, ებრაელებიც ასეთივე ბადეებს იყენებდნენ.
სავარაუდოდ, ბადით თევზჭერის მეთოდები ახლო აღმოსავლეთში დიდად არ შეცვლილა. ძველად, ნავიდან ბადეს წყალში ისე ისროდნენ, რომ მასში თევზი დიდი რაოდენობით მოხვედრილიყო. შემდეგ ბადის ორივე ბოლოში მობმული გრძელი თოკები ნაპირისკენ მიჰქონდათ, სადაც რამდენიმე კაცი ორივე თოკს ეჭიდებოდა და ბადეს ნელ-ნელა ნაპირისკენ ექაჩებოდა ისე, რომ იგი ნახევარწრის ფორმას იღებდა (მთ. 13:47, 48). ნავზე მყოფი მეთევზეები წყალში გადასროლილ ბადეს წრის ფორმას აძლევდნენ. შემდეგ რამდენიმე მეთევზე წყალში ჩახტებოდა და ბადის იმ მხარეს, რომელსაც ტყვია ეკიდა, ისე კეცავდა, რომ ბადე ძირს იკეთებდა, რის შემდეგაც ის ერთ ან ერთზე მეტ ნავზე აჰქონდათ (ლკ. 5:6, 7). ზოგჯერ ბადე დაბალ წყალში გამოჰქონდათ და მოგვიანებით ცლიდნენ (შდრ. ინ. 21:8, 11).
ლითონის ბადეები სრულიად განსხვავებული მიზნებისთვის გამოიყენებოდა. სპილენძის ბადეებით გაფორმებული იყო ტაძრის სვეტების, იაქინისა და ბოაზის ბუღაურები. სამსხვერპლოს შიგნითაც სპილენძის ბადე ანუ ცხაურა იყო მოთავსებული (გმ. 27:4, 5; 38:4; 1მფ. 7:16—18, 41, 42; იერ. 52:22, 23).
გადატანითი მნიშვნელობით. ბიბლიაში ბადე გადატანითი მნიშვნელობით ხალხის შეკრებასთან დაკავშირებით გამოიყენება (მთ. 13:47, 48). ბადე გადატანითი მნიშვნელობით მაშინაც იხმარება, როცა საუბარია ვინმეს შეცდომაში შეყვანაზე, დატყვევებაზე ან გაუბედურებაზე (იობ. 18:8; 19:6; ფს. 66:11; გდ. 1:13; ეზკ. 12:13; 17:20; 19:8; 32:3; ოს. 5:1; 7:12; მქ. 7:2). ის მეთოდები, რომლებსაც ქალდეველები სხვა ერების დასაპყრობად და თავიანთი სამეფოს საზღვრების გასაფართოებლად იყენებდნენ, ბადესთანაა შედარებული (აბკ. 1:6, 15—17). პირფერობა და უზნეო ქალის მზაკვარი გულიც ბადესთანაა შედარებული (იგ. 29:5; ეკ. 7:26). ფსალმუნმომღერალს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ იეჰოვა გაათავისუფლებდა ბადიდან (ფს. 25:15; 31:4; 140:5, 12), და ვინც სხვას უშლიდა ბადეს, თავად გაებმებოდა მასში (ფს. 9:15; 35:7, 8; 57:6; 141:10).
იმის შესახებ, თუ როგორ ამზადებდნენ და იყენებდნენ სხვადასხვა ბადეს, იხილეთ სტატიები: ჩიტებზე მონადირე, ნადირობა და თევზაობა.