წმინდა ბოძი
ებრაული სიტყვა ʼაშერაჰ (მრ. ’აშერიმ), სავარაუდოდ, გულისხმობს 1) წმინდა ბოძს — ქანაანელთა ნაყოფიერების ქალღმერთ აშერას სიმბოლოს (მსჯ. 6:25, 26) და 2) თავად ღვთაება აშერას (2მფ. 13:6, სქ. Rbi8). აღსანიშნავია, რომ ყოველთვის არ არის შესაძლებელი იმის დადგენა, ამა თუ იმ მუხლში სათაყვანებელი ობიექტია ნაგულისხმევი თუ თავად ქალღმერთი. ბიბლიის ზოგ თარგმანში დედნისეული სიტყვა ʼაშერაჰ ნათარგმნია „წმინდა ბოძად“, თუმცა როცა კონტექსტი აშკარად ქალღმერთზე მიანიშნებს, ის აშერადაა ნათარგმნი (AT, JB, სსგ). ზოგ თარგმანში ამ ებრაული სიტყვის მხოლოდ ტრანსლიტერაციას ვხვდებით (RS), ზოგში კი ის ყველგან „წმინდა ბოძადაა“ ნათარგმნი (აქ). ბიბლიის ძველ ქართულ თარგმანებში ʼაშერაჰ ნათარგმნია ხემხვივნებად, მუხნარებად და სერტყებად (სსგ, ძვო), თუმცა „მეფე ჯეიმზის თარგმანში“, მსაჯულების 3:7-სა და მეორე მეფეების 23:6-ში — „კორომებად“, რაც არაა მართებული, რადგან ამ მუხლებში საუბარია „კორომების“ მსახურებასა და იერუსალიმის ტაძრიდან „კორომების“ გამოტანაზე.
წმინდა ბოძები. წმინდა ბოძები, სავარაუდოდ, ვერტიკალურად იდგა და მთლიანად ან ნაწილობრივ ხისა იყო. ღმერთს ისრაელებისთვის ნაბრძანები ჰქონდა, რომ აეჩეხათ და დაეწვათ ისინი (გმ. 34:13; კნ. 12:3). წმინდა ბოძები შესაძლოა ეწოდებოდა გაუთლელი ხის ბოძებს ან უშუალოდ ხეებს, რადგან ღვთის ხალხს ნაბრძანები ჰქონდა: „არ დარგო არანაირი ხე, როგორც წმინდა ბოძი“ (კნ. 16:21).
ისრაელმაც და იუდამაც არაფრად ჩააგდეს ღვთის გაფრთხილება და „ყოველ მაღალ გორაზე და ყოველი ფოთოლხშირი ხის ქვეშ“ სამსხვერპლოების გვერდით წმინდა სვეტები და ბოძები აღმართეს. როგორც ვარაუდობენ, ბოძები წარმოადგენდა ქალურ საწყისს, ხოლო სვეტები — მამაკაცურს. იქ, სადაც ეს კერპთაყვანისმცემლური საგნები, სავარაუდოდ, ფალოსური სიმბოლოები იდგა, სექსუალურ აღვირახსნილობას ეწეოდნენ, რაზეც ჯერ კიდევ რობოამის მეფობის დროიდან მეძავი კაცების არსებობა მოწმობს (1მფ. 14:22—24; 2მფ. 17:10). იყვნენ ერთეული მეფეები, მაგალითად, ხიზკია და იოშია, რომლებიც სპობდნენ მაღლობებს, ლეწავდნენ წმინდა სვეტებს და ჭრიდნენ წმინდა ბოძებს (2მფ. 18:4; 2მტ. 34:7).
აშერა. რას-შამრაში ნაპოვნ ტექსტებში აშერა ღმერთ ელის, „ცოცხალ არსებათა შემოქმედის“ ცოლად არის წარმოდგენილი და მოხსენიებულია როგორც „ზღვის ქალბატონი აშერა“ და „ღვთაებათა გამზრდელი“. აქედან გამომდინარე, ის ბაალის მშობელიც არის. ბიბლიური თუ არაბიბლიური ტექსტები ცხადყოფს, რომ ბაალის კულტის სამი მთავარი ქალღმერთის, ანათის, აშერასა და აშთორეთის ფუნქციები თითქმის არ ყოფილა გამიჯნული. მართალია, აშთორეთია ბაალის ცოლად წარმოდგენილი, მაგრამ ზოგჯერ აშერაც მის ცოლად მიიჩნევა.
მსაჯულების პერიოდში განდგომილი ისრაელები „ბაალებსა და წმინდა ბოძებს [აშერებს] ემსახურებოდნენ “ (მსჯ. 3:7; შდრ. 2:13). ეს ღვთაებები მრავლობით რიცხვში, სავარაუდოდ, იმიტომ მოიხსენიება, რომ თითოეულ ადგილს თავისი ბაალი და აშერა ჰყავდა (მსჯ. 6:25). ისრაელის მეფე ახაბის სიდონელი ცოლის, იზებელის, სუფრიდან ბაალის 450 წინასწარმეტყველი და წმინდა ბოძის ანუ აშერას 400 წინასწარმეტყველი ჭამდა (1მფ. 18:19).
აშერას უწმინდურმა კულტმა იეჰოვას ტაძარშიც კი შეაღწია. მეფე მენაშემ იქ წმინდა ბოძი, სავარაუდოდ, ქალღმერთ აშერას გამოსახულება დადგა (2მფ. 21:7). ამის გამო მენაშე დაისაჯა და ტყვედ იქნა წაყვანილი ბაბილონში. სასჯელმა მას ჭკუა ასწავლა, ამიტომ იერუსალიმში დაბრუნების შემდეგ იეჰოვას ტაძარი კერპებისგან განწმინდა. მაგრამ მისმა ვაჟმა ამონმა აღადგინა ბაალისა და აშერას უწმინდური კულტები, მათ შორის რიტუალური პროსტიტუციაც (2მტ. 33:11—13, 15, 21—23). სამაგიეროდ ამონის ვაჟმა, ღვთის ერთგულმა მეფე იოშიამ „სახლები დაუნგრია ტაძრის მეძავ კაცებს, რომლებიც იეჰოვას სახლში იყვნენ, სადაც ქალები წმინდა ბოძის სათაყვანოდ ქსოვდნენ კარვებს“ (2მფ. 23:4—7).