ᲔᲑᲠᲐᲣᲚᲘ ᲔᲜᲐ
ებრაულ ენაზე დაიწერა ღვთივშთაგონებული წმინდა წერილების დიდი ნაწილი, ანუ 39 წიგნი (ბევრ თარგმანში არსებული დაყოფის მიხედვით), რაც ბიბლიის მთლიანი მოცულობის დაახლოებით სამი მეოთხედია. ამასთან, ამ წიგნების მცირე ნაწილი არამეულ ენაზეც დაიწერა (იხ. არამეული ენა).
გამოთქმა „ებრაული ენა“ ებრაულ წერილებში არ გვხვდება. სიტყვა „ებრაელი“ გამოიყენება ცალკეული ადამიანების ან ისრაელი ერის მიმართ. ბიბლიის ამ ნაწილში გამოყენებულია გამოთქმები „იუდეველთა ენა“ (2მფ. 18:26, 28; ნემ. 13:24) და „ქანაანური“ (ეს. 19:18), რაშიც ძირითადად ებრაული ენა იგულისხმებოდა (ძვ. წ. VIII). თუმცა ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში იუდეველთა ენას „ებრაული ენა“ ეწოდება (იხ. ᲔᲑᲠᲐᲔᲚᲘ).
ებრაული ენის წარმომავლობა. საერო ისტორიიდან ვერ ვიგებთ ებრაულისა თუ სხვა უძველესი ენების, მაგალითად, შუმერულის, აქადურის (ასურულ-ბაბილონური), არამეულისა და ეგვიპტურის წარმომავლობას, რადგან ჩვენამდე მოღწეულ უძველეს წარწერებში არ შეინიშნება ამ ენების განვითარების ნიშნები (იხ. ᲔᲜᲐ). ასე რომ, ებრაული ენის წარმოშობისა და განვითარების შესახებ მეცნიერებს შორის არსებული შეხედულებები სავარაუდოა (მაგ., ზოგის აზრით, ებრაული ენა არამეულიდან ან რომელიმე ქანაანური დიალექტიდან განვითარდა). ებრაულ წერილებში გამოყენებული მრავალი სიტყვის წარმოშობის ახსნასაც შეგვიძლია სავარაუდო ვუწოდოთ. მეცნიერების აზრით, ხშირ შემთხვევაში ამ სიტყვების დიდი ნაწილი აქადურიდან ან არამეულიდან მომდინარეობს. თუმცა ებრაისტმა ედუარდ ჰოროვიცმა აღნიშნა: „ეტიმოლოგიის დარგში [მეცნიერება, რომელიც სწავლობს სიტყვის წარმომავლობას] საუკეთესო მეცნიერებს შორისაც კი უამრავი განსხვავებული აზრი არსებობს“. მას მაგალითად მოჰყავს ცნობილი ენათმეცნიერების შეხედულებები ზოგიერთი ებრაული სიტყვის ეტიმოლოგიის შესახებ და აღნიშნავს, რომ სხვა წამყვან მეცნიერებს თითოეულ შემთხვევაში საწინააღმდეგო აზრი აქვთ. შემდეგ ის დასძენს: „ასე რომ, ამ ერთნაირად ავტორიტეტულ მეცნიერებს შორის განსხვავებულ აზრებზე დავას ბოლო არ უჩანს“ (How the Hebrew Language Grew, 1960, გვ. 19, 20).
ბიბლია არის ერთადერთი ისტორიული წყარო, რომელიც ებრაული ენის წარმომავლობის შესახებ სანდო ინფორმაციას გვაწვდის. როგორც ცნობილია, ამ ენაზე საუბრობდნენ ისრაელები, რომელთა წინაპარი „ებრაელი აბრამი“ (დბ. 14:13) ნოეს ვაჟის, სემის შთამომავალი იყო (დბ. 11:10—26). ღვთის მიერ სემის წინასწარმეტყველური კურთხევიდან (დბ. 9:26) შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სემის ენა არ შეცვლილა, როცა ღმერთმა ბაბელში ურჩ ხალხს ენა აურია (დბ. 11:5—9). სემი კვლავ საუბრობდა იმ „ერთ ენაზე“, რომელიც ადამიდან მოყოლებული არსებობდა (დბ. 11:1). ეს იმას ნიშნავს, რომ ენა, რომელსაც მოგვიანებით ებრაული უწოდეს, კაცობრიობის თავდაპირველი ენა იყო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საერო ისტორია განსხვავებულ ცნობებს ვერ გვაწვდის.
ებრაული ენის სტაბილურობა. ისტორიაში მრავლად გვხვდება იმის მაგალითები, თუ როგორ იცვლებოდა ესა თუ ის ენა ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე. ენა, რომელზეც მეცხრე საუკუნეში ქართველები ლაპარაკობდნენ, დღეს ქართულენოვანთა უმეტესობისთვის თითქმის გაუგებარია. ამიტომ შეიძლება ისე ჩანდეს, რომ ენა, რომელზეც ადამი ლაპარაკობდა, საკმაოდ შეცვლილი იქნებოდა იმ დროისთვის, როცა მოსემ ებრაული წერილების წერა დაიწყო. თუმცა ამ 2500-წლიან პერიოდში ადამიანები იმდენად დიდხანს ცოცხლობდნენ, რომ ენა ნაკლებ ცვლილებას განიცდიდა. ადამსა და წარღვნას გადარჩენილებს შორის მხოლოდ ერთი დამაკავშირებელი რგოლი იყო საჭირო. ეს იყო მეთუშალახი. ამასთან, წარღვნამდე მცხოვრები მეთუშალახის თანამედროვე სემმა ისაკის დაბადების შემდეგ არაერთი წელი იცოცხლა. ისაკის სიკვდილიდან (ძვ. წ. 1738) მოსეს დაბადებამდე (ძვ. წ. 1593) 150 წელიც არ იყო გასული. ამ თაობების წარმომადგენელთა სიცოცხლის გადაკვეთა ხელს უწყობდა ენის უცვლელობას. თუმცა ხშირ შემთხვევაში უცნობია, ტერიტორიულად რამდენად ახლოს ცხოვრობდნენ ისინი ერთმანეთთან. ენის სტაბილურობის ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორი სწორედ ხშირი ურთიერთობაა.
მოგვიანებით სემის შთამომავალთაგან ყველა არ საუბრობდა წარღვნამდელ „ერთ ენაზე“, რაზეც მოწმობს სემიტურ ენებს შორის (მაგ., ებრაული, არამეული, აქადური და არაბულის სხვადასხვა დიალექტი) გაჩენილი სხვაობები. ძვ. წ. მე-18 საუკუნეში (დაახლ. ძვ. წ. 1761) აბრაამის შვილიშვილმა და ძმისშვილის შვილმა სხვადასხვა სიტყვა გამოიყენეს მათ შორის მოწმედ აღმართული ქვების გროვის აღსანიშნავად. ისრაელთა წინაპარმა, იაკობმა მას გალაადი უწოდა, ლაბანმა კი, რომელიც სირიაში ანუ არამში ცხოვრობდა (თუმცა არამის შთამომავალი არ იყო), არამეული სიტყვა იეგარ-საჰადუთა უწოდა (დბ. 31:47). მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი სიტყვა არ ჰგავდა ერთმანეთს, ეს არ მიუთითებს იმდროინდელ არამეულსა და ებრაულს შორის დიდ განსხვავებაზე, რადგან ბიბლიიდან არ ჩანს, რომ იაკობს სირიაში ცხოვრებისას ენის ბარიერი ჰქონდა. უდავოა, როცა ახალი ვითარება, მდგომარეობა ან ნივთები იქმნებოდა, ახალი სახელების დარქმევის საჭიროებაც ჩნდებოდა. ეს სახელები შეიძლებოდა განსხვავებული ყოფილიყო სხვადასხვა ტერიტორიაზე მცხოვრებ იმავე ენაზე მოლაპარაკე ჯგუფებს შორის იმის მიუხედავად, რომ ენის სტრუქტურა თითქმის არ იცვლებოდა.
თავად ისრაელებში ზოგიერთ სიტყვას სხვადასხვანაირად წარმოთქვამდნენ. ამის მაგალითია მსაჯულების პერიოდში (ძვ. წ. 1473—1117) ეფრემელების მიერ სიტყვა „შიბოლეთის“ განსხვავებული გამოთქმა (მსჯ. 12:4—6). თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისრაელები იმ დროს განსხვავებულ დიალექტებზე საუბრობდნენ, როგორც ამას ზოგი ამტკიცებს.
ძვ. წ. მერვე საუკუნეში ებრაულსა და არამეულს შორის განსხვავება იმდენად დიდი იყო, რომ ისინი ორ სხვადასხვა ენად მიიჩნეოდა. ამაზე მოწმობს მეფე ხიზკიას წარმომადგენელთა სიტყვები, რომლებიც ასურეთის მეფე სინახერიბის გაგზავნილ ხალხს უთხრეს: „სირიულად [არამეულად] ელაპარაკე შენს მსახურებს, რადგან გვესმის. ნუ დაგველაპარაკები იუდეველთა ენაზე გალავანზე მყოფი ხალხის გასაგონად“ (2მფ. 18:17, 18, 26). თუმცა არამეული იმ დროს ახლო აღმოსავლეთში საერთაშორისო ენა იყო და დიპლომატიური ურთიერთობებისთვის გამოიყენებოდა, იუდეველთა უმეტესობამ არ იცოდა ის. იმავე პერიოდით დათარიღებული ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ძველი არამეული (არაბიბლიური) ხელნაწერი ამ ორ ენას შორის განსხვავებას ადასტურებს.
დაშორდა თავდაპირველ „ერთ ენას“ ებრაული და არამეული ენები თუ ერთმა მაინც შეინარჩუნა ის? მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიაში კონკრეტულად არაფერია ნათქვამი, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ მოსემ ღვთივშთაგონებული წმინდა წერილების წერა იმავე ენაზე დაიწყო, რომელზეც პირველი ადამიანი ლაპარაკობდა.
თუ წარღვნამდე ხდებოდა ისტორიის ჩაწერა, ასეთი ისტორიის წყალობით შენარჩუნდებოდა თავდაპირველი ენა. მაშინაც კი, თუ ეს ისტორია ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა, ის მაინც შეუწყობდა ხელს თავდაპირველი ენის შენარჩუნებას. ის, რომ მოგვიანებით მცხოვრები იუდეველები ძალისხმევას არ აკლებდნენ, რათა უცვლელი სახით დაეცვათ წმინდა ჩანაწერები, იმაზე მიანიშნებს, რომ პატრიარქების დროსაც ცდილობდნენ, ღმერთსა და ადამიანებს შორის ურთიერთობების შესახებ უძველესი ცნობები ზედმიწევნით გადაეცათ.
შემდეგი სარწმუნო მიზეზი, რომ ბიბლიის ებრაული ბაბილონის გოდლის მშენებლობამდე არსებული „ერთი ენის“ ზუსტი შესატყვისია, არის ებრაული წერილების წერის ათასწლიანი პერიოდის განმავლობაში ებრაული ენის უცვლელობა. ბიბლიის ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „ძველი აღთქმის ებრაულის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი ფაქტი ის არის, რომ მიუხედავად ათასწლიანი პერიოდისა, რომელსაც ძველი აღთქმა მოიცავს, ყველაზე ძველი მონაკვეთების ენა (გრამატიკა და ლექსიკა) თითქმის არ განსხვავდება გვიანდელი მონაკვეთების ენისგან“ (The International Standard Bible Encyclopedia, ჯ. ბრომილის რედაქციით, 1982, ტ. 2, გვ. 659).
არასრული ცოდნა. სინამდვილეში ძველი ებრაულის შესახებ ცოდნა სრული არ არის. პროფესორი ბარტონ გოდარდი ამბობს: „უმეტესწილად, ძველი აღთქმის ებრაულის ახსნა ისევ ძველი აღთქმის ებრაულით ხდება“ (The Zondervan Pictorial Bible Dictionary, მ. ტენის რედაქციით, 1963, გვ. 345). ამის მიზეზი ის არის, რომ ძალიან ცოტაა ებრაულ ენაზე შესრულებული იმდროინდელი სხვა ჩანაწერები, რომლებიც დაგვეხმარებოდა, გაგვეგო, რა მნიშვნელობით გამოიყენებოდა ესა თუ ის ებრაული სიტყვა. ასეთ ჩანაწერებს შორისაა გეზერის კალენდარი (სავარაუდოდ, ძვ. წ. მეათე საუკუნით დათარიღებული სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩამონათვალი; იხ. სურათი, ტ. 1, გვ. 903), რამდენიმე ოსტრაკონი სამარიიდან (წარწერებიანი თიხის ნატეხები, ძირითადად, ღვინის, ზეთისა და ქერის ყიდვა-გაყიდვის ქვითრები, რომლებიც უმთავრესად ძვ. წ. მერვე საუკუნის პირველ ნახევარს განეკუთვნება), სილოამის წარწერა (იერუსალიმის წყლის გვირაბის კედელზე გაკეთებული წარწერა, რომელიც სავარაუდოდ მეფე ხიზკიას მმართველობის პერიოდით თარიღდება [ძვ. წ. 745—717]) და ლაქიშის ოსტრაკონები (სავარაუდოდ თარიღდება ძვ. წ. მეშვიდე საუკუნის მიწურულით).
გარდა ამისა, ბიბლოსში (გებალი) აღმოჩენილია მეფე ახირამის სარკოფაგზე გაკეთებული ფინიკიური წარწერა, რომელიც ძალიან ახლოსაა ებრაულთან და სავარაუდოდ თარიღდება ძვ. წ. პირველი ათასწლეულის დასაწყისით. აგრეთვე ნაპოვნია მოაბური ქვა, რომელიც, როგორც ჩანს, განეკუთვნება ძვ. წ. მეათე საუკუნის მიწურულს ან მეცხრე საუკუნის დასაწყისს. მოაბურ ქვაზე გაკეთებული წარწერის ენა ძალიან ჰგავს ებრაულს, რაც გასაკვირი არ არის, რადგან მოაბელები აბრაამის ძმისშვილის, ლოტის შთამომავლები იყვნენ (დბ. 19:30—37).
ამ წარწერებზე მოცემული ინფორმაცია ებრაულ წერილებთან შედარებით ძალიან მწირია.
მიუხედავად იმისა, რომ ებრაული წერილები ბევრ საკითხს ეხება და მდიდარი ლექსიკა აქვს, მასში ძველი ებრაულის ყველა სიტყვა და გამოთქმა არ გამოიყენება. მაგალითად, სილოამის წარწერასა და ლაქიშის ოსტრაკონებში არის გარკვეული სიტყვები და გრამატიკული წყობა, რომლებიც არ გვხვდება ებრაულ წერილებში, თუმცა ისინი აშკარად ებრაული წარმოშობისაა. უეჭველია, ძველ ებრაულზე მოლაპარაკე ხალხის ლექსიკაში იმაზე მეტი ფუძე და მათგან ნაწარმოები ათასობით სხვა სიტყვა იყო, ვიდრე დღეს არის ცნობილი.
ბიბლიის იმ მონაკვეთების გარდა, რომლებიც უეჭველად არამეულ ენაზე დაიწერა, ებრაულ წერილებში გვხვდება უამრავი სიტყვა და გამოთქმა, რომელთა თავდაპირველი ფუძეც უცნობია. ამ სიტყვებიდან ბევრს ლექსიკოგრაფები ნასესხებ სიტყვებად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ებრაულმა ისინი სხვა სემიტური ენებიდან, მაგალითად, არამეულიდან, აქადურიდან ან არაბულიდან ისესხა. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია. ებრაისტი ედუარდ ჰოროვიცის სიტყვების თანახმად, „ზოგჯერ სესხება იმდენად დიდი ხნის წინ მოხდა, რომ მეცნიერებმა არ იციან, რომელმა ენამ ისესხა ეს სიტყვა და რომელ ენას ეკუთვნოდა ის თავდაპირველად“ (How the Hebrew Language Grew, გვ. 3, 5). უფრო დიდია ალბათობა, რომ ეს საკამათო სიტყვები ებრაულია, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ამ უძველესი ენის ცოდნა დღეისთვის ძალიან მწირია.
ძველი ებრაული ენის მდიდარ ლექსიკაზე მოწმობს ძვ. წ. პირველი საუკუნის მიწურულისა და ახ. წ. პირველი საუკუნის დასაწყისის ჩანაწერები. ამაში შედის არაბიბლიური რელიგიური ტექსტები, რომლებიც მკვდარი ზღვის ხელნაწერებს შორის აღმოჩნდა და მიშნა, ებრაულ ენაზე შესრულებული რაბინული ჩანაწერების კრებული იუდაური ტრადიციის შესახებ. პროფესორი მაიერ ვაქსმანი ამბობს: „ბიბლიის ებრაული ... არ შეიცავს სიტყვების მთელ მარაგს, რაც ჩანს მიშნაში გამოყენებული ასობით ებრაული სიტყვიდან, რომლებიც ბიბლიაში არ გვხვდება“ (The Encyclopedia Americana, 1956, ტ. XIV, გვ. 57ა). ამ სიტყვებიდან ზოგი შეიძლება მოგვიანებით შეემატა ენას ან სპეციალურად შეიქმნა, თუმცა უეჭველია, მათგან ბევრი ებრაული ლექსიკის ნაწილი იყო, როცა ებრაული წერილები იწერებოდა.
როდის მიეცა ებრაული ენა მივიწყებას? საკმაოდ გავრცელებულია შეხედულება, რომ ბაბილონში გადასახლების დროს ებრაელებმა არამეულად დაიწყეს ლაპარაკი. თუმცა ამის მტკიცებები სუსტია. თანამედროვე მაგალითებიდან ჩანს, რომ დაპყრობილ ხალხებსა თუ იმიგრანტებს შეუძლიათ 70 წელზე მეტხანს შეინარჩუნონ მშობლიური ენა და ხშირად აკეთებენ კიდეც ამას. ვინაიდან იუდეველებს ღმერთი დაჰპირდა სამშობლოში დაბრუნებას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი დაივიწყებდნენ ებრაულს და გადავიდოდნენ აქადურზე (ასურულ-ბაბილონური) ან არამეულზე, რომელიც იმ დროს საერთაშორისო ენა იყო. თუმცა უჩვეულო არაფერია იმაში, რომ გადასახლების დროს ან მის შემდეგ დაწერილ წიგნებში („დანიელი“, „ეზრა“ და „ესთერი“) არამეული მონაკვეთები და სიტყვები შევიდა, რადგან ეს წიგნები შეიცავს არამეულ ენაზე მოლაპარაკე ქვეყნებში მომხდარ ამბებს და ოფიციალურ მიმოწერას, აგრეთვე ეხება ხალხს, რომელთა უცხოელი დამპყრობლებიც დიპლომატიურ ენად არამეულს იყენებდნენ.
ნეემიას 8:8-ში ნათქვამია, რომ კანონის კითხვისას ლევიანები განმარტავდნენ წაკითხულს და მის გაგებაში ეხმარებოდნენ ხალხს. ზოგის ვარაუდით, გადასახლებიდან დაბრუნებულებს კარგად არ ესმოდათ ებრაული, ამიტომ ზოგ მონაკვეთს არამეულად განმარტავდნენ. როგორც უნდა ყოფილიყო, ეს მუხლი ხაზს უსვამს იმას, რომ ხდებოდა აზრის განმარტება და კანონის პრაქტიკული ღირებულების დანახვება (შდრ. მთ. 13:14, 51, 52; ლკ. 24:27; სქ. 8:30, 31).
სინამდვილეში, ბიბლიაში მინიშნებაც არ კეთდება იმაზე, რომ ხალხმა შეწყვიტა ყოველდღიურ ცხოვრებაში ებრაული ენის გამოყენება. მართალია, ნეემიამ აღმოაჩინა, რომ ზოგ იუდეველს ჰყავდა აშდოდელი, ამონელი და მოაბელი ცოლები, რომელთა შვილები ვერ ლაპარაკობდნენ „იუდეველთა ენაზე“, მაგრამ ამ ფაქტის მოხსენიება კონტექსტში, სადაც უცხოტომელებთან დამოყვრებული იუდეველების გამო ნეემიას აღშფოთებაზეა საუბარი, ცხადყოფს, რომ იგმობოდა ებრაული ენის გაუფასურება (ნემ. 13:23—27). ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ღვთის სიტყვის კითხვას, რომელიც იმ დროს, ძირითადად, ებრაულ ენაზე ჰქონდათ.
ბიბლია არაფერს ამბობს ებრაული წერილების დაწერის დასრულებიდან (სავარაუდოდ, ეზრასა და მალაქიას მოღვაწეობის პერიოდი, ძვ. წ. V) ახალი წელთაღრიცხვის დაწყებამდე განვითარებულ მოვლენებზე. საერო ჩანაწერებიც მწირია. თუმცა არსებული მასალები არ ადასტურებს, რომ იუდეველები ებრაულიდან არამეულზე გადავიდნენ. მტკიცებებიდან ჩანს, რომ ბევრი აპოკრიფი, მათ შორის „ივდითი“, „სიბრძნე ზირაქისა“, „ბარუქი“ და „პირველი მაკაბელები“, ებრაულად დაიწერა. მიჩნეულია, რომ ეს წიგნები ძვ. წ. III—I საუკუნეებს მიეკუთვნება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მკვდარი ზღვის ხელნაწერებს შორის აღმოჩენილი ზოგიერთი არაბიბლიური ტექსტიც ებრაულ ენაზეა შესრულებული. ებრაულ ენაზე შეადგინეს იუდეველთა მიშნაც ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში.
ამ და სხვა ფაქტებიდან გამომდინარე, ებრაისტმა უილიამ ხომსკიმ აღნიშნა, რომ უსაფუძვლო და უარყოფილია ზოგიერთი ებრაელი თუ არაებრაელი მეცნიერის თეორია, რომ არამეულმა სრულად ჩაანაცვლა ებრაული. უფრო დიდი ალბათობაა, რომ იუდეველები ორენოვანი ხალხი გახდა და ებრაული ენა უპირატესობდა. მიშნის ებრაულზე ხომსკი ამბობს: „ეს ენა გამოირჩევა გლეხების, ვაჭრებისა და ხელოსნების ლექსიკისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშან-თვისებით ... ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებების საფუძველზე მართებულია დავასკვნათ, რომ ებრაელთა მეორე სახელმწიფოს არსებობის პერიოდში, განსაკუთრებით კი მისი არსებობის მიწურულს, ებრაელების უმეტესობამ ორივე ენა [ებრაული და არამეული] იცოდა. ისინი ზოგჯერ ერთ ენაზე საუბრობდნენ, ზოგჯერ კი — მეორეზე“ (Hebrew: The Eternal Language, 1969, გვ. 207, 210).
ყველაზე დამაჯერებელი მტკიცება იმისა, რომ ახ. წ. პირველ საუკუნეში ებრაული ენა ცოცხალი იყო, ის არის, რომ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ებრაული ენა ბევრჯერ მოიხსენიება (ინ. 5:2; 19:13, 17, 20; 20:16; გმც. 9:11; 16:16). მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მეცნიერის აზრით ამ მუხლებში „ებრაულის“ ნაცვლად „არამეული“ უნდა ეწეროს, არსებობს საფუძვლიანი მიზეზი, გვჯეროდეს, რომ სინამდვილეში აქ ებრაული ენა იგულისხმება, როგორც ეს ჩანს სტატიიდან ᲐᲠᲐᲛᲔᲣᲚᲘ ᲔᲜᲐ. როცა ექიმი ლუკა წერდა, რომ პავლემ იერუსალიმის მკვიდრთ „ებრაულად მიმართა“, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის არამეულ ანუ სირიულ ენას გულისხმობდა (სქ. 21:40; 22:2; შდრ. 26:14). ვინაიდან ებრაულ წერილებში განსხვავება გაკეთდა არამეულსა (სირიული) და „იუდეველთა ენას“ შორის (2მფ. 18:26) და ებრაელმა ისტორიკოსმა იოსებ ფლავიუსმა ბიბლიის ამ მონაკვეთზე საუბრისას არამეული და ებრაული განსხვავებულ ენებად მოიხსენია („იუდეველთა სიძველენი“, წ. X, თ. 1, აბზ. 2), ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერებს გამოეყენებინათ სიტყვა „ებრაული“, თუ ისინი არამეულს, ანუ სირიულს გულისხმობდნენ.
საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ იმ დროს პალესტინაში არამეული გავრცელებული ენა იყო. ამაზე მოწმობს ისიც, რომ ზოგ სახელში არამეული „ბარ“ („ძე“) ებრაული „ბენის“ ნაცვლად გვხვდება (მაგ., ბართლომე და სიმონ ბარ-იონა). ამასთან, ზოგ იუდეველს, მაგალითად ანდრიასა და ფილიპეს, ბერძნული სახელი ჰქონდა, თუმცა ამით არ დასტურდება, რომ ისინი ბერძნულენოვანები იყვნენ, ისევე როგორც მარკოზის ლათინური სახელი არ მიუთითებს იმაზე, რომ მის ოჯახში სასაუბრო ენა ლათინური იყო. როგორც ჩანს, პირველ საუკუნეში პალესტინაში ოთხი ენა იყო გავრცელებული. ბიბლიიდან ჩანს, რომ მათგან სამ ენაზე (ებრაული, ლათინური და ბერძნული [ინ. 19:19, 20]) გაკეთდა წარწერა, რომელიც იესოს წამების ბოძზე მიამაგრეს, მეოთხე კი არამეული იყო. მათგან ლათინური ყველაზე ნაკლებად იყო გავრცელებული.
შესაძლოა იესო დროდადრო არამეულს იყენებდა, მაგალითად, როცა სიროფინიკიელ ქალს ესაუბრებოდა (მრ. 7:24—30). ჩვეულებრივ მიიჩნევენ, რომ მისი ზოგიერთი გამოთქმა არამეული წარმოშობისაა. თუმცა ამ შეხედულებას ბრმად არ უნდა ვენდოთ, რადგან ამ გამოთქმების არამეული წარმოშობა დამტკიცებული არ არის. მაგალითად, მიიჩნევენ, რომ ძელზე გაკრული იესოს სიტყვები „ელი, ელი, ლამა საბაქთანი“ (მთ. 27:46; მრ. 15:34), სავარაუდოდ, არამეულის გალილეურ დიალექტზეა წარმოთქმული. თუმცა ერთ ბიბლიურ ლექსიკონში ნათქვამია: „განსხვავებული აზრები არსებობს იმის შესახებ, თუ რომელ ენაზე იყო წარმოთქმული ეს სიტყვები და რომელ ენას უფრო გამოიყენებდა იესო, ებრაულსა თუ არამეულს ... წერილობითი წყაროებიდან ჩანს, რომ ჩვ. წ. პირველ საუკუნეში პალესტინაში შესაძლოა გამოიყენებოდა ებრაულის ისეთი ფორმა, რომელზეც არამეულის გავლენა იგრძნობოდა“ (The Interpreter’s Dictionary of the Bible, ჯ. ა. ბატრიკის რედაქციით, 1962, ტ. 2, გვ. 86). სინამდვილეში მათესა და მარკოზის მიერ ამ სიტყვების ბერძნული ასოებით ჩაწერა არ იძლევა თავდაპირველი ენის დადგენის საშუალებას.
კიდევ ერთი მტკიცება, რომ მოციქულების დროს ებრაული ენა გავრცელებული იყო, ის არის, რომ მათემ თავისი სახარება თავიდან ებრაულად დაწერა.
ამგვარად, ებრაულ ენა, როგორც ჩანს, ახ. წ. 70 წელს იერუსალიმისა და მისი ტაძრის განადგურებისა და დარჩენილი მოსახლეობის გაფანტვის შედეგად მიეცა დავიწყებას. თუმცა გაფანტული იუდეველები სინაგოგებში კვლავ იყენებდნენ ებრაულს. განსაკუთრებით ახ. წ. მეექვსე საუკუნიდან ებრაელი სწავლულები, რომლებიც მასორეტების სახელით გახდნენ ცნობილნი, ძალისხმევას არ იშურებდნენ, რომ ბიბლიის ებრაული ტექსტი უცვლელი დარჩენილიყო. ამასთან, მე-16 საუკუნიდან ძველი ებრაულის მიმართ კვლავ გაჩნდა ინტერესი, მომდევნო საუკუნეში კი სხვა სემიტური ენების ინტენსიური შესწავლა დაიწყეს. ამან ხელი შეუწყო ამ უძველესი ენის უკეთ გაგებასა და ებრაული წერილების უფრო ზუსტი თარგმანების გაკეთებას.
ებრაული ანბანი და დამწერლობა. ებრაული ანბანი 22 თანხმოვნისგან (კონსონანტი) შედგებოდა. ზოგიერთი ასო ორ ბგერას გადმოსცემდა, რის შედეგადაც ანბანის ბგერათა რიცხვი 28-ს აღწევდა. ხმოვნებს მკითხველი კონტექსტიდან გამომდინარე ამატებდა, ისევე როგორც ქართულში მკითხველი ავტომატურად ამატებს გამოტოვებულ ხმოვნებს შემდეგ შემოკლებებში: „შდრ.“ (შეადარე), „სხვ.“ (სხვა) და „სთ.“ (საათი). როგორც ვარაუდობენ, ებრაული წერილების წაკითხვის წესები თაობიდან თაობას მათი მეშვეობით გადაეცემოდა, ვისაც ხალხისთვის კანონის, წინასწარმეტყველთა წიგნებისა და ფსალმუნების კითხვა ევალებოდა. ახ. წ. I ათასწლეულის მეორე ნახევარში მასორეტებმა შეიმუშავეს წერტილებისა და შტრიხების სისტემა, ხმოვანთა აღმნიშვნელი ნიშნები, რომლებსაც კონსონანტურ ტექსტს უმატებდნენ. გარდა ამისა, ტექსტს უმატებდნენ მუსიკალურ ნიშნებს, მახვილისა და პაუზის, აგრეთვე სიტყვებსა და ფრაზებს შორის კავშირის აღმნიშვნელ აქცენტურ ნიშნებს.
დღემდე მოღწეული უძველესი ებრაული წარწერები ძველი ებრაული დამწერლობით არის შესრულებული, რომელიც საკმაოდ განსხვავდება ებრაულის კვადრატული დამწერლობისგან. ამ უკანასკნელს იყენებდნენ უფრო გვიან, მაგალითად, ახ. წ. პირველ რამდენიმე საუკუნეში. კვადრატულ დამწერლობას ხშირად არამეულს ან ასურულს უწოდებენ. არსებობს მოსაზრება, რომ ძველი ებრაული დამწერლობა კვადრატულმა დამწერლობამ ბაბილონის ტყვეობის დროს ჩაანაცვლა. მაგრამ ბიბლეისტი ერნსტ ვიურთვაინი აღნიშნავს: „დიდი ხნის განმავლობაში კვადრატულ დამწერლობასთან ერთად ძველი ებრაული დამწერლობაც გამოიყენებოდა. ბარ კოხბას აჯანყების დროინდელ (ჩვ. წ. 132—135) მონეტებზე ძველი ებრაული ასოებია ამოტვიფრული. მკვდარი ზღვის გამოქვაბულებში ნაპოვნი ტექსტებიდან ზოგი ძველი ებრაული დამწერლობით არის შესრულებული“ (The Text of the Old Testament, 1979, გვ. 5).
ახ. წ. II—III საუკუნეებში მოღვაწე ქრისტიანი თეოლოგი ორიგენე ამბობდა, რომ ებრაული წერილების უფრო ზუსტ ბერძნულ თარგმანებში ტეტრაგრამატონი, იეჰოვას წმინდა სახელი, ძველი ებრაული ასოებით იყო გადმოტანილი. ამას ადასტურებს ახ. წ. I საუკუნით დათარიღებული ეტრატის (ტყავის) გრაგნილების ფრაგმენტები, რომლებიც ბერძნულ ენაზე შესრულებულ მცირე წინასწარმეტყველთა წიგნებს შეიცავს. ამ გრაგნილებში ტეტრაგრამატონი ძველი ებრაული ასოებით არის გადმოტანილი (იხ. აქ დანართი, გვ. 1738, №2—4). ახ. წ. V საუკუნის მეორე ნახევრით ან VI საუკუნის პირველი ნახევრით დათარიღებული აკვილას ბერძნული თარგმანის ფრაგმენტებშიც ღვთის სახელი ძველი ებრაული ასოებით გვხვდება (იხ. აქ დანართი, გვ. 1738, №7, 8).
ებრაისტი ე. ჰოროვიცი წერს: „ბერძნებმა ძველი ებრაული ანბანი ისესხეს და ლათინურსაც უსახსოვრეს. ბერძნული ანბანი ყველაზე მეტად სწორედ ძველ ებრაულ ანბანს ჰგავს“ (How the Hebrew Language Grew, გვ. 18).
ებრაულის თავისებურებანი. ებრაული საკმაოდ გამომხატველობითია, რის წყალობითაც მოვლენებს ცოცხლად აღწერს. მოკლე წინადადებები და მარტივი კავშირები აზრების სხარტად გადმოცემის საშუალებას იძლევა. ებრაული პოეზია, რომელიც ენას პარალელიზმითა და რიტმით ამდიდრებს, საოცრად ექსპრესიული და ემოციურია.
ებრაულში მრავლად გვხვდება მეტაფორებიც. გამოსვლის 14:30-ში მოხსენიებული „ზღვის ნაპირი“ ებრაულად სიტყვასიტყვით ზღვის ბაგეს ნიშნავს. სხვა მეტაფორული გამონათქვამებია: „დედამიწის სახე“, „მთის თავი“, „გამოქვაბულის პირი“ და ა. შ. მართალია, ადამიანისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები უსულო საგნებს მიეწერება, მაგრამ ეს არ უჭერს მხარს ანიმისტურ შეხედულებებს, რაც აშკარად ჩანს წმინდა წერილებიდან. მასში მკაცრად იგმობა ის, ვინც ხეს ან სხვა საგანს სცემს თაყვანს (შდრ. ეს. 44:14—17; იერ. 10:3—8; აბკ. 2:19).
ებრაული ლექსიკა კონკრეტული სიტყვებისგან შედგება, რომლებიც უკავშირდება მხედველობის, სმენის, გრძნობის, გემოვნებისა და ყნოსვის ორგანოებს. ამგვარად, მკითხველი ან მსმენელი გონებაში ადვილად წარმოისახავს სასურველ სურათს. კონკრეტულობის გამო ზოგი მეცნიერი თვლის, რომ ებრაული ძალიან ღარიბია აბსტრაქტული ცნებების გამომხატველი სიტყვებით. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლიურ ებრაულში აბსტრაქტული არსებითი სახელებიც გვხვდება. მაგალითად, არსებითი სახელი მახაშავაჰ (მომდინარეობს ზმნის ძირიდან ხაშავ, ნიშნავს ფიქრს) ითარგმნება აბსტრაქტული სიტყვებით: ფიქრი, აზრი, გეგმა, ზრახვა და სხვ. ზმნიდან ბატახ (ნიშნავს ნდობას) მომდინარეობს არსებითი სახელი ბეტახ (უსაფრთხოება). მაგრამ, როგორც წესი, აბსტრაქტული ცნებების გამოსახატავად კონკრეტული არსებითი სახელები გამოიყენება. მაგალითისთვის მოვიყვანოთ ზმნის ძირი ქავედ, რომელიც ძირითადად მძიმედ ყოფნას ნიშნავს (როგორც გმ. 5:9-ში). ეზეკიელის 27:25-ში იგივე ზმნა „განდიდებად“ არის ნათარგმნი, რაც სიტყვასიტყვით დამძიმებას ნიშნავს. ამავე ძირიდან არის ნაწარმოები არსებითი სახელი ქავედ, რომელიც ნიშნავს ღვიძლს, ერთ-ერთ ყველაზე მძიმე შინაგან ორგანოს, და არსებითი სახელი ქავოდ, რომელიც ნიშნავს დიდებას (ლვ. 3:4; ეს. 66:12). აბსტრაქტული ცნებების კონკრეტული სიტყვებით გადმოცემის კიდევ ერთი მაგალითია სიტყვა ჲად, რომელიც ნიშნავს ხელს და ხელმძღვანელობას (დბ. 3:22; გმ. 38:21); ʼაფ ნიშნავს ნესტოს და რისხვას (დბ. 24:47; 27:45). ზეროაʽ ნიშნავს მკლავს, აგრეთვე ძალას (იობ. 22:8, 9).
სწორედ კონკრეტულობას უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ ებრაული წერილები ადვილად სათარგმნია, რადგან მასში გამოყენებულ სიტყვებს თითქმის ყველა ენაში მოეპოვება ეკვივალენტი და ერთი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ მთარგმნელისთვის მაინც რთულია გადმოსცეს ებრაულის, განსაკუთრებით მისი ზმნის ხიბლი, უბრალოება, გადმოცემის მანერა და ექსპრესია.
ებრაულს ლაკონიურობა ახასიათებს, რაც მისი სტრუქტურით არის განპირობებული. არამეული, რომელიც სემიტურ ენებში ყველაზე ახლოს დგას ებრაულთან, მოუხეშაობით, არაპირდაპირობითა და მრავალსიტყვაობით გამოირჩევა. ებრაული ზმნის სისხარტის, ხატოვანებისა და დინამიკის გადმოსაცემად მთარგმნელს ხშირად უწევს დამხმარე სიტყვების მოშველიება. ამას შეიძლება ლაკონიურობა შეეწიროს, მაგრამ ასე ნარჩუნდება ებრაული ტექსტის სილამაზე და სიზუსტე.
ებრაული პოეზია. ეს თვისებები და სინამდვილის მძაფრად გამოხატვის უნარი ებრაულ ენას განსაკუთრებულს ხდის პოეზიისთვის. ებრაული პოეზიისთვის დამახასიათებელი მოკლე, ორ-სამსიტყვიანი ტაეპები დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე. „გადამუშავებული სტანდარტული თარგმანის“ მთარგმნელთა კომიტეტის წევრმა, პროფესორმა ჯეიმზ მიულენბურგმა მართებულად აღნიშნა: „[ებრაული] წყობილსიტყვაობა ძალიან შეკუმშულია და მთელი აქცენტი მნიშვნელოვან სიტყვებზე კეთდება. 23-ე ფსალმუნის ებრაული ტექსტი მხოლოდ 55 სიტყვისგან შედგება, ბევრ თანამედროვე თარგმანში კი ორჯერ მეტი სიტყვაა გამოყენებული. მიუხედავად ამისა, თარგმანებშიც არ დაკარგულა ებრაული ტექსტის ლაკონიურობა ... ებრაული პოეზია ყოველდღიურ მეტყველებაში იქმნებოდა ... ებრაელი პოეტი გვეხმარება, დავინახოთ, მოვისმინოთ და ვიგრძნოთ. ეს შეგრძნებები მძაფრი და ცოცხალია ... პოეტი ყველასთვის ჩვეული ყოველდღიური ცხოვრებიდან აღებულ სურათებს გვიხატავს“ (An Introduction to the Revised Standard Version of the Old Testament, 1952, გვ. 63, 64).
ებრაული პოეზიის ლაკონიურობის მაგალითია 23-ე ფსალმუნის პირველი მუხლი (აქ):
„იეჰოვაა ჩემი მწყემსი,
არაფერი მომაკლდება“.
ებრაულ ტექსტში გამოყენებულია ოთხი სიტყვა, ქართულში კი ხუთი, რადგან პირველი პირის ნაცვალსახელი „ჩემი“ ცალკე დგას.
პარალელიზმის ძირითადი სახეები. ებრაული პოეზიის უმნიშვნელოვანესი პოეტური ხერხია პარალელიზმი, რომელშიც რიტმი რითმით კი არ მიიღწევა, არამედ ლოგიკურად განვითარებული აზრით. მას აზრობრივი რიტმი ეწოდება. ვნახოთ 24-ე ფსალმუნის 1-ლი მუხლი:
„იეჰოვასია დედამიწა და ყველაფერი, რაც მასზეა,
მიწა და მასზე მცხოვრებნი“.
ამ ტაეპებს შეიძლება ეწოდოს სინონიმური პარალელიზმი, რადგან მეორე ტაეპში სხვა სიტყვებით მეორდება პირველ ტაეპში მოყვანილი აზრის ნაწილი. სიტყვა „იეჰოვასია“ უკავშირდება ორივე ტაეპს. „დედამიწა“ და „მიწა“ სინონიმებია, ისევე როგორც ფრაზები „ყველაფერი, რაც მასზეა“ და „მასზე მცხოვრებნი“.
თანამედროვე მეცნიერთა უმეტესობა იზიარებს აზრს, რომ არსებობს პარალელიზმის კიდევ ორი ძირითადი სახე.
პირველია ანტითეზური პარალელიზმი. მისი სახელიდანაც ჩანს, რომ ის მიიღება თითოეულ ტაეპში გამოხატული საპირისპირო აზრის მეშვეობით. ამის მაგალითია 37-ე ფსალმუნის მე-9 მუხლი:
„რადგან ბოროტმოქმედნი მოისპობიან,
იეჰოვაზე დაიმედებულნი კი დაიმკვიდრებენ დედამიწას“.
მეორეა პარალელიზმის ისეთი სახე, რომელშიც მეორე ნაწილი არა მხოლოდ იმეორებს პირველი ნაწილის აზრს ან გამოთქვამს საპირისპირო აზრს, არამედ განავრცობს მას და ახალ აზრს ჰმატებს. ამის მაგალითია ფსალმუნის 19:7—9:
„იეჰოვას კანონი სრულყოფილია,
სულს აცოცხლებს.
იეჰოვას შეხსენება სანდოა,
დააბრძენებს გამოუცდელებს.
იეჰოვას ბრძანებები სამართლიანია,
გულს ახარებს.
იეჰოვას მცნება წმინდაა,
აბრწყინებს თვალებს.
იეჰოვას შიში წმინდაა,
მარადიული.
იეჰოვას ყველა განაჩენი ჭეშმარიტია
და სამართლიანი“.
თითოეული წინადადების მეორე ნაწილი ამთავრებს აზრს. ამგვარად, თითოეულ მუხლში ხდება აზრების სინთეზი, ანუ აზრების ერთმანეთთან შეერთება. მხოლოდ შემდგომი ტაეპების (მაგ., „სულს აცოცხლებს“, „დააბრძენებს გამოუცდელებს“) წაკითხვის შემდეგ იგებს მკითხველი, რა გაგებით არის იეჰოვას კანონი სრულყოფილი, მისი შეხსენება კი — სანდო. როცა მთელი რიგი პარალელები ერთად არის თავმოყრილი, პირველსა და მეორე ნაწილს შორის იქმნება ცეზურა (სალექსო ტაეპთა გამყოფი რიტმული ხაზი). აზრის განვითარებასთან ერთად მუხლები ინარჩუნებს გარკვეულ წყობას, რის გამოც პარალელიზმის ამ სახეს ზოგჯერ კონსტრუქციულ პარალელიზმსაც უწოდებენ.
პარალელიზმის სხვა სახეები. არსებობს პარალელიზმის სხვა სახეებიც, თუმცა მიიჩნევა, რომ ისინი ზემოხსენებული სამი ძირითადი სახის პარალელიზმის ნაირსახეობა ან კომბინაციაა. ამ სახეებს მიეკუთვნება სიმბოლური, კიბური და ინვერსიული პარალელიზმი.
სიმბოლური პარალელიზმი მიიღება შედარების ან მეტაფორის მეშვეობით. ამის მაგალითია ფსალმუნის 103:12:
„როგორც მზის ამოსავალია დაშორებული მზის ჩასავლისგან,
ისე დაგვაშორა მან ჩვენი ცოდვები“.
კიბური პარალელიზმი მიიღება პირველი ტაეპის აზრის ორ ან მეტ ტაეპში გამეორებითა თუ განვითარებით. ამის მაგალითია ფსალმუნის 29:1, 2:
„ძლიერთა ძეებო, მიაგეთ იეჰოვას,
მიაგეთ იეჰოვას დიდება და აღიარეთ მისი ძალა.
მიაგეთ იეჰოვას მისი სახელის დიდება“.
პარალელიზმის შედარებით რთული სახეა ინვერსიული პარალელიზმი, რომელიც შესაძლოა რამდენიმე მუხლს მოიცავს. ამის მაგალითია ფსალმუნის 135:15—18:
1) „ხალხთა კერპები ვერცხლი და ოქროა,
2) ადამიანის ნახელავი:
3) პირი აქვთ და ვერაფერს ამბობენ,
4) თვალები აქვთ და ვერაფერს ხედავენ,
5) ყურები აქვთ, მაგრამ ვერაფერს ისმენენ,
6) სული არ უდგათ პირში.
7) მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები,
8) ყველა, ვინც მათზეა მინდობილი“.
ამ მუხლების პარალელიზმზე უილიამ ტრეილი თავის ნაშრომში ამბობს: „ამ შემთხვევაში ინვერსია ხდება: პირველ და მერვე ტაეპებს შორის — პირველში საუბარია წარმართთა კერპებზე, მერვეში კი — მათზე, ვინც მინდობილია ამ კერპებზე; მეორე და მეშვიდე ტაეპებს შორის — მეორეში საუბარია ადამიანის ნახელავზე, მეშვიდეში კი — ნახელავის გამკეთებლებზე; მესამესა და მეექვსე ტაეპებს შორის — მესამეში საუბარია ვერაფრის მთქმელ პირზე, მეექვსეში კი — უსიცოცხლო პირზე; მეოთხე და მეხუთე ტაეპებს შორის, სადაც ინვერსია მიიღება ორივე ტაეპის სინთეზური პარალელიზმით — თვალები, რომლებიც ვერ ხედავენ და ყურები, რომლებსაც არ ესმით“ (Literary Characteristics and Achievements of the Bible, 1864, გვ. 170).
მსგავსი, მაგრამ უფრო მარტივი ინვერსიული პარალელიზმის მაგალითია ესაიას 11:13ბ, სადაც ინვერსია ხდება წინადადებაში სიტყვებს შორის:
„ეფრემს აღარ შეშურდება იუდასი,
აღარც იუდა უმტრობს ეფრემს“.
გრამატიკა
1) ზმნა. ებრაულ ენაში ზმნა უმთავრესი მეტყველების ნაწილია. ზმნის უმარტივესი ფორმაა სრული ასპექტის მამრობითი სქესის მხოლობითი რიცხვის მესამე პირი. ლექსიკონებში ზმნები შესულია ამ ფორმით. როგორც წესი, ამ ფორმის სამი თანხმოვანი შეადგენს ზმნის ძირს. სემიტური ენებისთვის დამახასიათებელია ზმნის სამასოიანი (სამთანხმოვნიანი) ძირი. ებრაულში სწორედ ამ სამასოიანი ძირიდან ხდება თითქმის ყველა სიტყვის წარმოება.
ზმნის ძირი ზმნის უმარტივესი ფუძეა. ხშირად, მას „სუფთა ფუძე“ ეწოდება. ამ სუფთა ფუძეზე პრეფიქსების დამატებით, ზოგიერთი თანხმოვნის გაორმაგებითა და ხმოვნების ცვლილებით იწარმოება ექვსი ფუძე. შვიდ ზმნურ ფუძეში (კალ, ნიფ‛ალ, პი‛ელ, პუ‛ალ, ჰითპა‛ელ, ჰიფ‛ილ, ჰოფ‛ალ) გამოხატულია ზმნის ძირი სამ კატეგორიაში: ძირითადი, ინტენსივი და კაუზატივი.
ზმნის ფუძეზე პრეფიქსებისა და სუფიქსების დამატებით ხდება პირის, რიცხვისა და სქესის ცვლილების ჩვენება.
ასპექტი. ქართულ ენაში ზმნაში გამოხატულია დრო: წარსული, აწმყო, მომავალი. მაგრამ ებრაულში ზმნაში გამოხატულია არა დრო, არამედ მოქმედების ასპექტი, რომელიც სრულია ან უსრული.
თუ ზმნა გამოხატავს დასრულებულ მოქმედებას, მაშინ ასპექტი სრულია. მაგალითად, დაბადების 1:1-ში ნათქვამია: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“. მოქმედება დასრულებულია. ღმერთმა „შექმნა“, ანუ დაასრულა ცისა და დედამიწის შექმნა.
თუ მოქმედება დაუსრულებელია, მაშინ ზმნის ასპექტი უსრულია. ამის მაგალითია ფსალმუნების 50:1: „ის უხმობს დედამიწას“. აქედან ჩანს, რომ მოქმედება დაწყებულია და არ დასრულებულა, ამიტომ ზმნის ასპექტი უსრულია.
ვინაიდან ებრაული ზმნის სრული ასპექტი წარმოადგენს დასრულებულ მოქმედებას, ის ჩვეულებრივ წარსული დროის გამოსახატავად გამოიყენება. მაგალითად, სიტყვის ქათავ (სრულასპექტიანი მოქმედებითი გვარის ზმნა) ძირითადი მნიშვნელობაა „დაწერა“ და ხშირად ასეც ითარგმნება (2მფ. 17:37; 2მტ. 30:1; 32:17). წარსულში დასრულებული მოქმედება აგრეთვე ჩანს სიტყვებში „ჰქონდა ჩაწერილი“ (იერ. 36:27). ეს სრულასპექტიანი ზმნა შეიძლება აგრეთვე ითარგმნოს სიტყვებით „ჩაწეროს“, „გადაიწეროს“, საიდანაც ჩანს, რომ მოქმედება აუცილებლად შესრულდება (რც. 5:23; კნ. 17:18). ამ მუხლებში ჩანს დასრულებული მოქმედება, ოღონდ არა წარსულში დასრულებული. ამგვარად, მოქმედებითი გვარის ზმნიდან თავისთავად არა ჩანს დრო. ზმნის სრულმა ასპექტმა შეიძლება გამოხატოს დასრულებული მოქმედება ნებისმიერ დროში — წარსულში, აწმყოსა თუ მომავალში. უსრულ ასპექტსაც შეუძლია მოქმედების გამოხატვა ნებისმიერ დროში, თუმცა მოქმედება ყოველთვის დაუსრულებელია.
მიუხედავად იმისა, რომ ძველ ებრაელებს აშკარად ჰქონდათ დროის ცნება, მათ ენაში დროს უმთავრესი ადგილი არ ეკავა. ერთ წიგნში ნათქვამია: „თანამედროვე ენების უმეტესობაში დროის ცნება განსხვავდება სემიტური ენების დროის ცნებისგან. მოქმედების დროის განსაზღვრა ებრაულ აზროვნებაში მნიშვნელოვანი არ არის. ეს მხოლოდ ინდო-გერმანულ ენებზე მოაზროვნეებს სჭირდებათ, რომლებიც მოქმედების გარკვეულ მონაკვეთში ჩასმაზე ზედმეტ ყურადღებას ამახვილებენ. სემიტურ ენაზე მოლაპარაკეთათვის საკმარისი იყო მოქმედების სრული თუ უსრული ასპექტის განსაზღვრა. მაგრამ, თუ ასპექტიდან არ ჩანდა დრო, მაშინ ამას აჩვენებდა დროის გამომხატველი ან ისტორიული მნიშვნელობის სიტყვები“ (The Essentials of Biblical Hebrew, კ. იეიტსი, გადამუშავებულია ჯ. ოუენსის მიერ, 1954, გვ. 129). თუ გავითვალისწინებთ ბიბლიის მინიშნებას, რომ ედემის ბაღში სასაუბრო ენა ებრაული იყო, ზმნაში დროის არქონა შეიძლებოდა სრულყოფილი ადამიანის მსოფლმხედველობით გამოწვეული ყოფილიყო, რადგან ადამს მარადიული სიცოცხლის პერსპექტივა ჰქონდა და არა 70-80 წლის. იეჰოვას მიერ მიცემული ებრაული ენა სრულყოფილი საკომუნიკაციო საშუალება იყო როგორც ადამიანსა და ღმერთს შორის, ისე ადამიანებს შორის.
ბიბლიის ქართულ თარგმანში ზმნის დრო განსაზღვრა კონტექსტმა. კონტექსტიდან ჩანს, მოხდა მოქმედება, ახლა ხდება თუ მომავალში მოხდება.
2) არსებითი სახელი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თითქმის ყველა სიტყვა, მათ შორის არსებითი სახელები, იწარმოება ზმნის ძირიდან. ზმნის ძირი ჩანს სიტყვის მართლწერასა და მნიშვნელობაში.
ებრაულ ენაში ორი სქესია: მამრობითი და მდედრობითი. მდედრობითი სქესის არსებით სახელებს ჩვეულებრივ დაერთვის აჰ (ოთ მრ. რ), მაგალითად, ʼიშშაჰ (ქალი) და სუსოთ (ფაშატები).
ებრაულ ენაში სახელს სამი რიცხვი აქვს: მხოლობითი, მრავლობითი და ორობითი. ორობითი რიცხვი (დაერთვის სუფიქსი აჲიმ) გამოიყენება წყვილებთან, მაგალითად ხელებთან (ჲადაჲიმ) და ყურებთან (ʼოზნაჲიმ).
არსებით სახელს შეიძლება ერთოდეს პირის ნაცვალსახელიც. მაგალითად, სუს ნიშნავს „ცხენს“, სუსი — „ჩემს ცხენს“, სუსექა კი — „შენს ცხენებს“.
3) ზედსართავი სახელი. ზმნის ძირიდან იწარმოება ზედსართავი სახელებიც. მაგალითად, ზმნა გადალ (გაზრდა, გადიდება) არის ზედსართავი სახელის გადოლის (დიდი) ძირი (ებრაულში განსაზღვრული არტიკლი არის ჰა. განუსაზღვრელი არტიკლი არა აქვს).
ზედსართავი სახელი ორნაირად გამოიყენება:
1) ის შეიძლება იყოს შედგენილი შემასმენლის სახელადი ნაწილი. ამ შემთხვევაში ის დგას არსებითი სახელის წინ და ეთანხმება მას სქესსა და რიცხვში. ფრაზა ტოვ ჰაკკოლ (სიტყვასიტყვით, „კარგი ხმა“) ითარგმნება როგორც „ხმა არის კარგი“. თარგმნისას ხდება ზმნის (არის) ჩამატება.
2) ან ის შეიძლება იყოს განსაზღვრება. ამ შემთხვევაში ის დგას არსებითი სახელის შემდეგ, ეთანხმება მას სქესსა და რიცხვში და თავადაც დაირთავს განსაზღვრულ არტიკლს. ამგვარად, ჰაკკოლ ჰატტოვ (სიტყვასიტყვით, „ხმა კარგი“) ნიშნავს „კარგ ხმას“.
ტრანსლიტერაცია. ტრანსლიტერაციის დროს ხდება ებრაული ასოების ქართული ასოებით ჩანაცვლება. ებრაული იწერება მარჯვნიდან მარცხნივ, მაგრამ ქართველი მკითხველისთვის ებრაული სიტყვების ტრანსლიტერაცია დაიწერა მარცხნიდან მარჯვნივ. თანდართულ ცხრილში და ქვემოთა აბზაცებში მოყვანილია ამ ნაშრომში გამოყენებული ტრანსლიტერაციის ძირითადი წესები.
თანხმოვნები. როგორც თანდართული ცხრილიდან ჩანს, ხუთ ასოს სიტყვის ბოლოში ფორმა ეცვლება. ზოგი თანხმოვანი ყრუ ბგერაცაა და მჟღერიც ( ת, פ, כ, ד, ג,ב). ასეთ ასოებს შიგნით წერტილი აქვს დასმული ( תּ, פּ, כּ, דּ, גּ,בּ). თუ ამ წერტილიან თანხმოვანს წინ უძღვის ხმოვანი, ის უნდა გაორმაგდეს, თუმცა ქართულში ტრანსლიტერაციის დროს თანხმოვნების გაორმაგება არ ხდება. მაგალითად, גַּבַּי (gab·baiʹ) გადმოდის როგორც გაბაი. სხვა ასოების უმეტესობაც (თუმცა მხოლოდ ერთი ბგერა აქვთ) ორმაგდება, თუ შიგნით წერტილი აქვს (მაგ., זּ [zz] გადმოდის როგორც ზ). გამონაკლისია ასო ჰე (ה). როცა ის სიტყვის ბოლოშია, ზოგჯერ შიგნით წერტილი აქვს (הּ), მაგრამ არასდროს ორმაგდება.
თანხმოვნები ვავ და ჲოდ შეიძლება გამოიყენებოდეს ხმოვნების გადმოსაცემად. როცა ვავის (ו) ზემოთ დასმულია ხმოვანი ხოლემ (·), იქმნება გრძელი ხოლემ ( וֹ ), რომელიც ამ ნაშრომში გადმოტანილია როგორც ო. როცა ვავს წერტილი (შურეკ) შუაში აქვს დასმული וּ, ის გადმოდის როგორც უ, რომელიც სიტყვის დასაწყისში ცალკე მარცვალს ქმნის. მაგრამ, თუ ასოს ქვემოთ დასმულია ხმოვნის აღმნიშვნელი ნიშანი (וַּ), ვავის შუაში დასმული წერტილი მიანიშნებს, რომ ვავ უნდა გაორმაგდეს. ამგვარად, בַּוַּי (baw·waiʹ) გადმოდის როგორც ბავაი; בּוּז (buz) გადმოდის როგორც ბუზ.
როცა ქაფ არის ბოლოკიდური ასო, შვა ( ְ) ან კამეც ( ָ) იწერება ასოს შიგნით და არა ასოს ზემოთ: ךָ,ךְ.
ხმოვნები. ცხრილში მოყვანილი ყველა ხმოვანი ხაზს ქვემოთ იწერება გარდა ხოლემისა (·), რომელიც ასოს ზემოთ იწერება, და შურეკისა ( ֹ), რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვავის შიგნით იწერება ( וּ=უ).
ნახევარხმოვნები. ცხრილში მოყვანილი ქართული ეკვივალენტები მიახლოებითია. ებრაულში ამ ნახევარხმოვნებს ყველა შემთხვევაში ძალიან სუსტი ჟღერადობა აქვს.
ზოგ შემთხვევაში შვა წარმოითქმის და გადმოდის როგორც ე. მაგრამ, ძირითადად, როცა შვა მოსდევს ნახევარხმოვანს ან მარცვლის ბოლოკიდური თანხმოვნის ქვემოთ ზის, მას მუნჯი შვა ეწოდება და მარცვლების გამყოფის ფუნქციას ასრულებს. ამგვარად, יִקְטֹל გადმოდის როგორც ჲიკ·ტოლ (ქართულ ტრანსლიტერაციაში მარცვლები არ არის დაყოფილი).
მარცვალი. ებრაულში მარცვალი იწყება თანხმოვნით, რომელსაც შეიძლება მოსდევდეს 1) ერთი გრძელი ხმოვანი ან 2) ერთი ნახევარხმოვანი და ერთი გრძელი ხმოვანი. ამგვარად, קָטַל (კატალ) ორი მარცვლისგან შედგება, რომელთაგან ერთი არის קָ (კა), მეორე კი — טַל (ტალ). ორივე მარცვალი იწყება თანხმოვნით და შეიცავს ერთ გრძელ ხმოვანს. მეორე მხრივ, בְּרִית (ბერით) მხოლოდ ერთი მარცვლისგან შედგება, რადგან ის მხოლოდ ერთ გრძელ ხმოვანს (.ი) შეიცავს; შვა ანუ ე ( ְ), ნახევარხმოვანია.
თანხმოვნით დაწყებული მარცვლის წესს ორი გამონაკლისი აქვს: 1) როცა სიტყვა იწყება ასოთი וּ (უ). ამ შემთხვევაში უ ცალკე მარცვალია. ამგვარად, וּבֵן არის უ·ვენ, וּשְׁמִי არის უ·შემი. 2) როცა არის „მფრინავი ფათახი“. ეს არის ხმოვანი ფათახ ( ַ), რომელიც სიტყვის ბოლოკიდური თანხმოვნების ( ע, ח,הּ) ქვემოთ ჯდება. ამ შემთხვევაში ფათახი თანხმოვნის წინ წარმოითქმის. ამგვარად, רוּחַ წარმოითქმის როგორც რუახ და არა — რუხა.
ზოგჯერ სიტყვებს შორის ჯდება პატარა ჰორიზონტალური ხაზი, რომელსაც მაკეფ (־) ეწოდება. ის აკავშირებს ორ ან მეტ სიტყვას და ისინი ერთ სიტყვად აღიქმება. მათგან მხოლოდ ბოლო სიტყვა ინარჩუნებს მახვილს.
მახვილი. ყველა ებრაულ სიტყვას მახვილი ბოლო ან ბოლოს წინა მარცვალზე მოუდის, თუმცა უმეტესობას მაინც — ბოლო მარცვალზე.
წინამდებარე ნაშრომში ებრაული სიტყვები არ არის დამარცვლული და მათ არც მახვილის ნიშანი აზის.
[დიაგრამა 1074 გვერდზე]
ძირითადი
ინტენსივი
კაუზატივი
1) აქტიური (კალ)
3) აქტიური (პი‛ელ)
6) აქტიური (ჰიფ‛ილ)
2) პასიური (ნიფ‛ალ)
4) პასიური (პუ‛ალ)
7) პასიური (ჰოფ‛ალ)
—
5) რეფლექსივი (ჰითპა‛ელ)
—
[დიაგრამა 1074 გვერდზე]
—
ძირითადი
ინტენსივი
კაუზატივი
აქტიური
קָטַל
კატალ
მან მოკლა
קִטֵּל
კიტელ
მან (სასტიკად) მოაკვლევინა
הִקְטִיל
ჰიკტილ
მან მოკლა
პასიური
נִקְטַל
ნიკტალ
ის მოკლეს
קֻטַּל
კუტალ
მას (სასტიკად) მოაკვლევინეს
הָקְטַל
ჰოკტალ
ის მოკლეს
რეფლექსივი
—
הִתְקַטֵּל
ჰითკატელ
მან თავი მოიკლა
—
[დიაგრამა 1076 გვერდზე]
ებრაული
თანხმოვნები
შესატყვისი
א
’ალეფ
ʼ
בּ
ბეთ
ბ
ב
—
ვ
גּ
გიმელ
გ
ג
—
გ
דּ
დელეთ
დ
ד
—
დ
ה
ჰე
ჰ
ו
ვავ
ვ
ז
ზაინ
ზ
ח
ხეთ
ხ
ט
ტეთ
ტ
י
ჲოდ
ი
כּ
ქაფ
ქ
כ ბოლოში: ך
—
ქ
ל
ლამედ
ლ
מ ბოლოში: ם
მემ
მ
נ ბოლოში: ן
ნუნ
ნ
ס
სამეხ
ს
ע
აინ
ʽ
פּ
ფე
პ
פ ბოლოში: ף
—
ფ
צ ბოლოში: ץ
ცადე
ც
ק
კოფ
კ
ר
რეშ
რ
שׂ
სინ
ს
שׁ
შინ
შ
תּ
თავ
თ
ת
—
თ
გრძელი ხმოვნები
ָ (გრძელი)
კამეც
ა
ַ
ფათახ
ა
ֵ (გრძელი)
ცერე
ე
ֶ
სეგოლ
ე
ִ
ხირეკ
ი
ֹ (გრძელი)
ხოლემ
ო
ָ
კამეც ხატუფ
ო
ֻ
კიბუც
უ
ִ
შურეკ
უ
ნახევარხმოვნები
ְ
შვა′
ე ოდნავ გასაგები ან უხმო
ֲ
ხატაფ ფათახ
ა
ֱ
ხატაფ სეგოლ
ე
ֳ
ხატაფ კამეც
ო
კომბინაციები
י ָ = ა
י ַ = ი
י ֵ = ე
י ֶ = ო
י ִ = ე
וֹ = ე
וּ = უ
יו ָ = ავ