ბარნაბა
[ნუგეშის ძე]
პირველ საუკუნეში მცხოვრები ერთ-ერთი სახელგანთქმული ქრისტიანი, რომელსაც პირველად ლუკა მოიხსენიებს საქმეების 4:34—36-ში. ამ მუხლებიდან ვიგებთ, რომ ეს ღვთისმოშიში კაცი ლევიანი იყო, რომელიც კვიპროსში ცხოვრობდა, მაგრამ იმ დროისთვის, როცა ლუკა ამ სიტყვებს წერდა, იგი იერუსალიმში იმყოფებოდა. ბარნაბა ერთ-ერთი იყო იმ უამრავ მორწმუნეს შორის, რომლებმაც ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ გაყიდეს თავიანთი ნაკვეთები და სახლები და ქრისტიანული საქმის მხარდასაჭერად ფული მოციქულებს მიუტანეს. მისი ნამდვილი სახელი იოსები იყო, მოციქულებმა კი მას ბარნაბა შეარქვეს, რაც ნუგეშის ძეს ნიშნავს. ისეთი სახელების შერქმევა, რომლებიც ადამიანის ხასიათის თავისებურებებზე მიუთითებდა, პირველ საუკუნეში ჩვეულებრივი რამ იყო.
ბარნაბა ძალიან გულთბილი და გულუხვი კაცი იყო. მან უყოყმანოდ მიუძღვნა საკუთარი თავი სამეფოს საქმეს და მის მხარდასაჭერად მატერიალური ქონებაც გაიღო. ის სიხარულით ეხმარებოდა თავის ძმებს (სქ. 9:27). ახალი დაინტერესებულების დანახვაზე მან „გაიხარა და ყველას ამხნევებდა, რომ მთელი გულით გადაეწყვიტათ, ყოველთვის უფალს მიჰყოლოდნენ“. ბარნაბა „კარგი ადამიანი იყო, წმინდა სულითა და რწმენით სავსე“ (სქ. 11:23, 24). ის წინასწარმეტყველი და მასწავლებელი იყო ანტიოქიაში (სქ. 13:1). მოციქულები ბარნაბას საყვარელ ძმებს შორის მოიხსენიებდნენ, რომლებმაც „ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელისთვის საფრთხეში ჩაიგდეს სიცოცხლე“ (სქ. 15:25, 26). მართალია, ის არ მოიხსენიებოდა 12 მოციქულს შორის, მაგრამ მას სამართლიანად უწოდებდნენ მოციქულს (სქ. 14:14), რადგან „წმინდა სულის მიერ გაგზავნილთა“ შორის იყო (სქ. 13:4, 43).
ბარნაბასა და პავლეს შორის ახლო ურთიერთობას, რომელმაც წლები გასტანა, პავლეს მოქცევიდან სამი წლის შემდეგ ჩაეყარა საფუძველი, კონკრეტულად კი მაშინ, როცა პავლე იერუსალიმის კრებასთან დაახლოებას ცდილობდა. ის, თუ როგორ შეხვდნენ პირველად ბარნაბა და პავლე ერთმანეთს, უცნობია. მაგრამ, როგორც ვიცით, სწორედ ბარნაბამ გააცნო პავლე პეტრესა და მოწაფე იაკობს (სქ. 9:26, 27; გლ. 1:18, 19).
ამ პერიოდში სირიის ანტიოქიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ბერძნულ ენაზე მოსაუბრე კვიპროსელი და კირენელი იუდეველების ქადაგებას. ამის გამო იერუსალიმში ხელმძღვანელმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ ბარნაბა გაეგზავნათ ანტიოქიაში ახალმოქცეულთა გასამხნევებლად და განსამტკიცებლად. ბარნაბას გაგზავნა ნამდვილად კარგი აზრი იყო, რადგან ის ბერძნულ ენაზე მოსაუბრე კვიპროსელი იყო. მას შემდეგ, რაც ანტიოქიაში „უამრავი ხალხი შეემატა უფალს“, ბარნაბა სასწრაფოდ ტარსოსში გაეშურა და პავლე დაარწმუნა, რომ მას გაჰყოლოდა და მსახურებაში დახმარებოდა. ნაწინასწარმეტყველები შიმშილობის გამო ანტიოქიაში მცხოვრებმა ქრისტიანებმა დახმარება შეაგროვეს და ბარნაბასა და პავლეს ხელით იერუსალიმის კრებას გაუგზავნეს (სქ. 11:22—24, 27—30; 12:25).
ამის შემდეგ ბარნაბა და პავლე ანტიოქიაში დაბრუნდნენ (დაახლ. ახ. წ. 47) და წმინდა სულის ხელმძღვანელობით იქიდან მისიონერული მოგზაურობა დაიწყეს. პირველად ისინი კვიპროსში ჩავიდნენ, სადაც პროკონსულ სერგიუს პავლუსს უქადაგეს. ამის შემდეგ მოგზაურობა მცირე აზიის გავლით განაგრძეს. მათ რამდენიმეჯერ დაესხა თავს გაშმაგებული ბრბო. როცა ლისტრაში ერთი ხეიბარი განკურნეს, პავლემ და ბარნაბამ აღფრთოვანებული ხალხი ძლივს შეაკავეს, რომ „მათთვის მსხვერპლი არ შეეწირათ“ (ხალხი ფიქრობდა, რომ ბარნაბა ზევსი იყო, ხოლო პავლე — ჰერმესი, იგივე მერკური, რადგან საუბარი მას მიჰყავდა). მალევე ლისტრაში იუდეველები ჩავიდნენ და „მათ მიერ გადაბირებულმა ხალხმა პავლე ჩაქოლა და ქალაქგარეთ გაათრია“ (სქ. 13:1—12; 14:1—20).
დაახლოებით ახ. წ. 49 წელს ბარნაბა და პავლე იერუსალიმში ხელმძღვანელ საბჭოსთან ავიდნენ და ძმებს მეტად პრობლემატური საკითხის განხილვა სთხოვეს, რაც არაიუდეველთა წინადაცვეთას ეხებოდა. ამ პრობლემის გადაჭრის შემდეგ ისინი კვლავ ანტიოქიაში დაბრუნდნენ და მომდევნო მისიონერული მოგზაურობისთვის დაიწყეს მზადება (სქ. 15:2—36). თუმცა მათ დავა მოუხდათ, რადგან ბარნაბას მარკოზის წაყვანა სურდა. ამის გამო მათი გზები გაიყო. ბარნაბამ თავისი ბიძაშვილი მარკოზი კვიპროსზე წაიყვანა, პავლემ კი სილასთან ერთად სირიისა და კილიკიისკენ აიღო გეზი (სქ. 15:37—41). ბარნაბას შესახებ წმინდა წერილები სხვა არაფერს ამბობს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მას რამდენიმეჯერ პავლე მოიხსენიებს თავის წერილებში (1კრ. 9:6; გლ. 2:1, 9, 13; კლ. 4:10).