სიძულვილი
ბიბლიაში „სიძულვილს“ სხვადასხვა აზრობრივი ელფერი აქვს. ის შეიძლება გულისხმობდეს მტრობას, აგრეთვე არაკეთილმოსურნეობას, რომელსაც ხშირ შემთხვევაში თან ახლავს ღვარძლი. სიძულვილმა შეიძლება ისე შეიპყროს ადამიანი, რომ საძულველი ობიექტისათვის ზიანის მიყენების სურვილი გაუჩნდეს. სიძულვილი ძლიერ ანტიპათიასაც მოიაზრებს, თუმცა არა მაინცდამაინც ვინმესთვის ზიანის მიყენების სურვილს. ამ შემთხვევაში ადამიანი თავს არიდებს მას, ვინც სძულს. ბიბლიაში სიძულვილი ზოგჯერ რაღაცის უფრო ნაკლებად სიყვარულსაც გულისხმობს (დბ. 29:31, 33; კნ. 21:15, 16). მაგალითად, იესო ქრისტემ თქვა: „ვინც ჩემთან მოდის და არ სძულს მამამისი, დედამისი, ცოლ-შვილი, ძმები, დები და თავისი სულიც კი, ვერ იქნება ჩემი მოწაფე“ (ლკ. 14:26). ფაქტია, იესო იმას არ გულისხმობდა, რომ მის მიმდევრებს ოჯახის წევრები და საკუთარი თავი უნდა სძულებოდათ, რადგან ეს ეწინააღმდეგება იმას, რასაც ზოგადად ბიბლია ამბობს (შდრ. მრ. 12:29—31; ეფ. 5:28, 29, 33).
ისრაელისთვის მიცემულ ღვთის კანონში ნათქვამი იყო: „არ გქონდეს გულში სიძულვილი შენი ძმისადმი“ (ლვ. 19:17). თუ ვინმეს უნებლიეთ შემოაკვდებოდა ვინმე, თავშესაფარ ქალაქში თავის შეფარების უფლება მხოლოდ მაშინ მიეცემოდა, თუ გაირკვეოდა, რომ მოკლული არ სძულდა (კნ. 19:4, 11—13).
უნდა გვძულდეს მტერი? იესოს მითითება მტრის სიყვარულზე სრულიად ეთანხმება ებრაულ წერილებს (მთ. 5:44). ღვთისმოშიშ იობს ესმოდა, რომ თავის მოძულეთა უბედურებით გახარება სწორი არ იქნებოდა (იობ. 31:29). მოსეს კანონით ებრაელი ვალდებული იყო დახმარებოდა თავის თანამემამულეს იმ შემთხვევაშიც, თუ ამ უკანასკნელს თავის მტრად თვლიდა (გმ. 23:4, 5). ღვთის მსახურს მტრის უბედურება არ უნდა ახარებდეს. ღვთის სიტყვა მას ურჩევს: „თუ შენი მოძულე მშიერია, დააპურე, თუ სწყურია, წყალი დაალევინე“ (იგ. 24:17, 18; 25:21).
მტრების სიძულვილის იდეა ღვთის კანონს იუდაიზმის ტრადიციათა დამცველებმა დაუმატეს. ვინაიდან კანონის თანახმად ებრაელს მოძმე უნდა ჰყვარებოდა (ლვ. 19:18), მათ დაასკვნეს, რომ შესაბამისად მტერი უნდა სძულებოდათ. მეგობრად და მოძმედ ისინი მხოლოდ ებრაელებს თვლიდნენ, ხოლო დანარჩენებს მტრებად. თუ გავითვალისწინებთ „მოძმის“ მათეულ გაგებას და იმ ტრადიციას, რომელიც უცხოტომელების მიმართ შუღლს აღვივებდა, ადვილი მისახვედრია, რატომ დაუმატეს ღვთის კანონს თვითნებურად შემდეგი სიტყვები: „მტერი გძულდეს“ (მთ. 5:43).
ქრისტიანებს მათდამი მტრულად განწყობილი ადამიანების სიყვარული მოეთხოვებათ. ასეთი სიყვარული (ბერძ. აგაპე) არ არის უბრალო გრძნობიერება, რომელსაც საყვარელი ადამიანის მიმართ განვიცდით, არამედ ეს არის ნებელობითი მოვლენა, რომელიც ემყარება პრინციპს, მოვალეობის გრძნობას, მიზანშეწონილობასა და სხვების ინტერესებზე ზრუნვის გულწრფელ სურვილს. აგაპე იმარჯვებს მტრულ განწყობაზე. ის არასოდეს ღალატობს სწორ პრინციპებს და არც სამაგიეროს გადახდაზე ფიქრობს. ქრისტიანული გზის არჩევისთვის დევნილი ღვთის მსახური ლოცულობს უმეცარი მდევნელებისთვის, რათა თვალები აეხილოთ და გაიგონ სიმართლე ღმერთისა და მისი განზრახვების შესახებ (მთ. 5:44).
გამართლებული სიძულვილი. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ზოგ შემთხვევაში სიძულვილი გამართლებულია. არსებობს „სიყვარულის დრო და სიძულვილის დრო“ (ეკ. 3:1, 8). ის კი არადა, იეჰოვაზე წერია, რომ მან ესავი შეიძულა (მლ. 1:2, 3). მაგრამ ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ღმერთს ესავი თვალში არ მოსდიოდა. ესავმა თავისი ქცევებით დაამტკიცა, რომ არ იმსახურებდა იეჰოვას სიყვარულს, რადგან არაფრად ჩააგდო და გაყიდა თავისი პირმშოობა, შესაბამისად, ღვთის დაპირებები და კურთხევები. მან ესეც არ იკმარა და საკუთარი ძმის მოკვლა განიზრახა (დბ. 25:32—34; 27:41—43; ებ. 12:14—16). ღმერთს აგრეთვე სძულს ამაყად მომზირალი თვალები, მატყუარა ენა, უდანაშაულო სისხლის მღვრელი ხელები, ავისმზრახველი გული, საბოროტოდ მარდი ფეხები, ტყუილების მფრქვეველი ცრუმოწმე და ძმებს შორის შუღლის მთესველი, სხვა სიტყვებით, ყველა და ყველაფერი, რაც მის სამართლიან პრინციპებს ეწინააღმდეგება (იგ. 6:16—19; კნ. 16:22; ეს. 61:8; ზქ. 8:17; მლ. 2:16).
ვინ და რა უნდა იყოს საძულველი ღვთის მსახურისთვის?
იეჰოვას ერთგულებს უნდა სძულდეთ ისინი, ვინც მას სძულს (2მტ. 19:2). „განა არა მძულს შენი მოძულეები, იეჰოვა, და განა არ მეზიზღება შენ წინააღმდეგ აღმდგარნი?! დიდი სიძულვილით მძულს ისინი. ნამდვილი მტრები გახდნენ ჩემთვის“ (ფს. 139:21, 22). მაგრამ ასეთი სიძულვილი არ გულისხმობს ვინმესთვის ვნების მიყენებას, ღვარძლსა და ბოროტებას. ეს არის სიძულვილი, რომელიც ბოროტების უკიდურეს ზიზღში გამოიხატება. იგი ყოველივე ცუდისა და იეჰოვას მოძულე ადამიანებისთვის თავის მორიდებას მოიაზრებს (რმ. 12:9, 17, 19). ქრისტიანებს სძულთ ღვთის დაუძინებელი მტრები, რომელთა შორის არიან ეშმაკი და მისი დემონები, აგრეთვე ის ადამიანები, რომლებიც განზრახ ეურჩებიან იეჰოვას.
ქრისტიანებს არ უნდა უყვარდეთ ისინი, ვინც ღვთის წყალობას თავაშვებულობის გასამართლებლად იყენებენ, თუმცა არ უნდა სძულდეთ ცოდვის ჩამდენნი, რომლებიც წყალობას იმსახურებენ. ისინი მომნანიე ცოდვილს კი არ იძულებენ, არამედ ჩადენილ ცოდვას და თვით „ხორციელი სიბინძურით დალაქავებულ ტანსაცმელსაც“ (იუდ. 4, 23).
გაუმართლებელი სიძულვილი. გაქრისტიანებულ კაცს გულში მტრობა არავის მიმართ არ უნდა ჰქონდეს (ტიტ. 3:3). ვისაც თავისი ძმა სძულს, კვლავ სიბნელეში დადის და რამდენიც უნდა იძახოს, ღმერთი მიყვარსო, ტყუილში ჩაეთვლება. სიძულვილი მკვლელობის ტოლფასია (1ინ. 2:9, 11; 4:20; 3:15).
სენტიმენტალობის გამო ზოგჯერ ჭირს სიყვარულისა და სიძულვილის გაწონასწორება, რისი თვალსაჩინო მაგალითიც აბესალომის მიმართ დავითის სიყვარულია (2სმ. 18:33; 19:1—6). „ვისაც შვილი გასაჯოხად არ ემეტება, სძულს იგი, ხოლო შვილის მოყვარული მუდამ ჭკუას ასწავლის მას“ (იგ. 13:24).
სხვისი სიმყუდროვის მომფრთხილებელი და დამფასებელი თავს არ მოაძულებს მასპინძელს. „ხშირად ნუ ივლი მოძმის სახლში, თავი რომ არ მოაბეზრო და არ შეგიძულოს“ (იგ. 25:17).