ᲔᲓᲔᲛᲘ
[ნეტარება, სიამოვნება]
1. მხარე, რომელშიც შემოქმედმა გააშენა წალკოტი ადამიანთა პირველი წყვილის საცხოვრებლად. ის სიტყვები, რომ ბაღი იყო „ედემში, აღმოსავლეთით“, როგორც ჩანს, იმაზე მიუთითებს, რომ ბაღს „ედემად“ წოდებული ტერიტორიის მხოლოდ გარკვეული ნაწილი ეკავა (დბ. 2:8). მიუხედავად ამისა, ამ ბაღს ეწოდა „ედემის ბაღი“ (დბ. 2:15) და უფრო გვიანდელ ტექსტებშიც მოიხსენიება როგორც „ედემი, ღვთის ბაღი“ (ეზკ. 28:13) და „იეჰოვას ბაღი“ (ეს. 51:3).
ებრაული სიტყვა გან, რომლის მნიშვნელობაცაა „ბაღი“, ბერძნულ სეპტუაგინტაში გადმოტანილია სიტყვით პარადისოს.
დაბადების 2:15-ში ნათქვამია, რომ „ღმერთმა ადამიანი ედემის ბაღში დაასახლა“. ამ სიტყვებიდან ერთი შეხედვით შეიძლება ისე ჩანდეს, თითქოს ღმერთმა ადამიანი ედემის ბაღის გარეთ შექმნა. თუმცა ეს სიტყვები შეიძლება უბრალოდ იმაზე მიუთითებდეს, რომ მან ადამიანი იქვე დაასახლა, სადაც მიწის ელემენტებისგან შექმნა. ადამიანს ბაღის დამუშავება და მოვლა-პატრონობა დაევალა. ედემში იყო არამარტო საოცრად ლამაზი, არამედ საკვებად ვარგისი მრავალნაირი ნაყოფის მომცემი ხე-მცენარეები (დბ. 2:9, 15). მხოლოდ ეს ფაქტიც კი იმაზე მოწმობს, რომ ბაღი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე იქნებოდა გაშლილი.
ბაღში ბევრნაირი ცხოველი თუ ფრინველი ბინადრობდა. ღმერთმა ადამს მიუყვანა „შინაური ცხოველები, ფრინველები და გარეული ცხოველები“ და დაავალა, რომ მათთვის სახელები დაერქმია. ეს ადამის ერთ-ერთი პირველი დავალება იყო (დბ. 2:19, 20). ედემის ბაღი იმ მდინარის წყლებით ირწყვებოდა, რომელიც „ედემიდან … მოედინებოდა“ (დბ. 2:10). თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ადამიანი შიშველი იყო, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ედემში ერთობ რბილი და სასიამოვნო ჰავა იქნებოდა (დბ. 2:25).
რა იყო აკრძალული ხილი?
ხეხილი ადამიანს მიეცა იმისათვის, რომ ეჭამა, რამდენიც ესიამოვნებოდა (დბ. 2:16). მაგრამ ბაღში იყო ერთი ხე — „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხე“, რომლის ნაყოფის ჭამაც პირველ წყვილს ეკრძალებოდა. ევას სიტყვების თანახმად, იეჰოვამ მის ქმარს აკრძალული ხის ნაყოფთან შეხებაც კი აუკრძალა. წინააღმდეგ შემთხვევაში ღვთის კანონის არაფრად ჩაგდებისა და დარღვევისთვის სიკვდილით დაისჯებოდნენ (დბ. 2:17; 3:3). ზოგი აკრძალულ ნაყოფს სხვადასხვანაირ ახსნას უძებნის. მაგალითად მიიჩნევენ, რომ ეს იყო სქესობრივი კავშირის სიმბოლო, რომელიც წარმოდგენილი იყო ვაშლით. ზოგი თვლის, რომ ეს უბრალოდ სწორისა და არასწორის გარჩევის უნარი იყო, ზოგი კი ფიქრობს, რომ მასში მოწიფულობისა და გამოცდილების შედეგად მიღებული ცოდნა იგულისხმება, რომლის გამოყენებაც კარგი ან ცუდი მიზნის მისაღწევად შეიძლება. მაგრამ, თუ მხედველობაში მივიღებთ ადამიანებისთვის მიცემულ შემოქმედის მითითებას, „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა“ (დბ. 1:28), გამორიცხულია აკრძალულ ხილში სქესობრივი კავშირი იგულისხმებოდეს. აბა, სხვანაირად როგორ უნდა გამრავლებულიყო კაცთა მოდგმა?! ამ ნაყოფით ვერც კარგისა და ცუდის გარჩევის უნარი იქნებოდა წარმოდგენილი, რადგან, თუ უცოდველ ადამიანს სწორისა და არასწორის გარჩევის უნარი არ ექნებოდა, ვერც ღვთის ბრძანებას დაემორჩილებოდა. აკრძალული ნაყოფით ვერც მოწიფულობით მიღწეული ცოდნა იქნებოდა წარმოდგენილი, რადგან ადამიანს მოწიფულობა ცოდვად ვერ ჩაეთვლებოდა და არც ის იქნებოდა ლოგიკური, რომ შემოქმედს განვითარების უფლება არ მიეცა მისთვის.
რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად რა ჯიშის იყო ეს ხე, ღვთის სიტყვა ამაზე არაფერს ამბობს. მაგრამ ნათელია, რომ სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხით წარმოდგენილი იყო ღვთის, როგორც შემოქმედის, უფლება, საკუთარ ქმნილებებს დაუდგინოს, რა არის სიკეთე და რა — ბოროტება. ამის საფუძველზე ის ადამიანისგან სამართლიანად მოითხოვს იმის კეთებას, რასაც თავად მიიჩნევს სიკეთედ, ხოლო — თავშეკავებას იმისგან, რასაც ბოროტებად თვლის. ადამიანი ღვთის, როგორც უზენაესი მმართველის, მოწონებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიმსახურებდა, თუ ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებდა (იხ. ᲮᲔ). როგორც აკრძალვა, ისე ურჩი წყვილისთვის გამოტანილი განაჩენი, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ აკრძალული ნაყოფის ჭამა იყო დაუმორჩილებლობა, და სწორედ ეს იყო თავდაპირველი ცოდვა (დბ. 3:3).
მართალია, ზოგ თანამედროვე კრიტიკოსს შეიძლება არ მოსწონს მარტივი მონათხრობი ედემის ბაღში მომხდარის შესახებ, მაგრამ ცხადია, პირველი ადამიანების ასეთი უბრალო სახით გამოცდა იმ დროს არსებული ვითარების გათვალისწინებით სრულიად ლოგიკური იყო. პირველი მამაკაცისა და ქალის ცხოვრება იყო უბრალო და არ იყო დამძიმებული იმ პრობლემებითა და სირთულეებით, რაც ღვთისადმი დაუმორჩილებლობამ მოუტანა კაცთა მოდგმას. და მაინც, მიუხედავად სიმარტივისა, გამოცდა, რომელიც პირველ წყვილს უნდა ჩაებარებინა, შესანიშნავად გადმოსცემს იმ უცილობელ ჭეშმარიტებას, რომ ღმერთია უზენაესი და რომ ადამიანი დამოკიდებულია ღმერთზე და ანგარიშვალდებულია მის წინაშე. თანაც ამ მონათხრობის თანახმად, ადამიანს გაცილებით ღირსეული წარმოშობა აქვს, ვიდრე იმ თეორიების თანახმად, რომლებიც პირველ ადამიანებს წარმოგვიდგენენ უვიც ქმნილებებად, რომელთაც წარმოდგენა არ ჰქონდათ ზნეობრიობაზე. მარტივი გამოცდა, რომელიც უნდა ჩაებარებინა პირველ წყვილს ედემის ბაღში, ხაზს უსვამს ათასწლეულების შემდეგ ღვთის ძის მიერ აღნიშნულ პრინციპს: „მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია, მცირედში ორგული კი ბევრშიც ორგულია“ (ლკ. 16:10).
თუმცაღა ცხადია, აკრძალული ხე პირველი წყვილისთვის არ იქნებოდა როგორც „სხეულში ეკალი“. მისი არსებობის მიზანი არც ის იყო, რომ კამათის საგანი გამხდარიყო. ადამსა და ევას რომ გაეზიარებინათ ღვთის ნება და პატივისცემით მოკიდებოდნენ მის მითითებებს, მაშინ ედემის ბაღი მათთვის შემდგომშიც ნეტარებისა და სიამოვნების მომგვრელი საცხოვრებელი იქნებოდა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ აკრძალული ხე საკამათო ღვთის მოწინააღმდეგემ გახადა და სწორედ მან წააქეზა პირველი წყვილი ღვთის მითითების დარღვევისკენ (დბ. 3:1—6; შდრ. გმც. 12:9). როდესაც თავისუფალი ნების მქონე ადამიანებმა, ადამმა და ევამ, შეგნებულად უარყვეს ღმერთი, როგორც კანონიერად უზენაესი მმართველი, მათ დაკარგეს სამოთხეც და ის კურთხევებიც, რომლებითაც იქ გაიხარებდნენ. რაც კიდევ უფრო სამწუხარო იყო, მათ ხელიდან გაუშვეს შესაძლებლობა, ეგემათ ედემის ბაღში არსებული სხვა ხის ნაყოფი, რომლითაც წარმოდგენილი იყო მარადიული სიცოცხლის უფლება. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვამ „გააძევა კაცი ედემის ბაღიდან; მის აღმოსავლეთით ქერუბიმები დააყენა და გააკეთა მბრუნავი ცეცხლოვანი მახვილი, რომ სიცოცხლის ხისკენ მიმავალი გზა დაეცვა“ (დბ. 3:22—24).
ედემის მდებარეობა. ზუსტად არ არის ცნობილი, თუ სად მდებარეობდა ედემის ბაღი. ერთადერთი, რამაც შეიძლება გარკვეული წარმოდგენა მაინც შეგვიქმნას მის გეოგრაფიულ მდებარეობაზე, არის ბიბლიური აღწერილობა მდინარისა, რომელიც „ედემიდან... მოედინებოდა“ და შემდეგ „ოთხ ნაკადად იტოტებოდა“. ესენი იყო: ევფრატი, ხიდეკელი, ფიშონი და გიხონი (დბ. 2:10—14). ევფრატი (ებრ. ფერათ) საყოველთაოდ არის ცნობილი, ხოლო „ხიდეკელის“ სახელით ძველ წარწერებში მდინარე ტიგროსი მოიხსენიებოდა (შდრ. აგრეთვე დნ. 10:4). რაც შეეხება დანარჩენ ორ მდინარეს, ფიშონსა და გიხონს, არაა ცნობილი, თუ რომელ მდინარეებზეა საუბარი (იხ. ᲥᲣᲨᲘ №2; ᲮᲐᲕᲘᲚᲐ №1).
ზოგი, მათ შორის თეოლოგები კალვინი და დელიჩი, ვარაუდობდნენ, რომ ედემის ბაღი მდებარეობდა ქვემო შუამდინარეთში, სპარსეთის ყურის ზედა ნაწილის მახლობლად, დაახლოებით იქ, სადაც ტიგროსი და ევფრატი ერთიმეორის ახლოს მიედინებიან. ისინი ფიქრობდნენ, რომ ფიშონი და გიხონი ამ ორ მდინარეს შორის არსებული ნაკადები იყო. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ფიშონი და გიხონი შენაკადები იყო და არა მთავარი სათავიდან გამომავალი მდინარის ტოტები. თუმცა ებრაული ტექსტიდან ჩანს, რომ ედემის ბაღი უნდა ყოფილიყო შუამდინარეთის დაბლობის ჩრდილოეთით, მთიან მხარეში, საიდანაც ამჟამად ევფრატი და ტიგროსი იღებენ სათავეს. ამიტომაც ბიბლიის ერთ-ერთ თარგმანში დაბადების 2:10-თან დართულ შენიშვნაში წერია: «ებრაულ ენაში მდინარის შესართავს ეწოდება „ბოლო“ (იეს. 15:5; 18:19). აქედან გამომდინარე, ტექსტში მრავლობით რიცხვში გამოყენებული სიტყვა როʼს (თავი) ზედა დინებაზე უნდა მიანიშნებდეს ... ამ სიტყვის ასეთი მნიშვნელობით გამოყენებას ადასტურებს აქადურ ენაში არსებული მონათესავე სიტყვა რესუს მნიშვნელობაც» (The Anchor Bible, 1964). ის ფაქტი, რომ ევფრატი და ტიგროსი ამჟამად ერთი და იგივე სათავიდან არ მოედინებიან, აგრეთვე ის, რომ შეუძლებელია დაზუსტებით იმის განსაზღვრა, თუ რა მდინარეებია ფიშონი და გიხონი, შესაძლოა აიხსნებოდეს იმით, რომ ნოესდროინდელი წარღვნის შემდეგ დედამიწის ტოპოგრაფიული იერსახე საგრძნობლად შეიცვალა, რის შედეგადაც ზოგიერთი მდინარე სულ დაიკარგა, ზოგი კი გაჩნდა.
ტრადიციულად, დიდი ხანია მიიჩნევა, რომ ედემის ბაღი დღევანდელი თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, მთიან მხარეში მდებარეობდა, არარატის მთიდან სამხრ.-დას.-ით დაახლ. 225 კმ-სა, ხოლო ვანის ტბის სამხრ.-ით რამდენიმე კილომეტრში. ის, რომ ედემის ბაღი შესაძლოა ბუნებრივი ზღუდით, მაგალითად მთებით, ყოფილიყო შემოსაზღვრული, შეიძლება იქიდანაც ვივარაუდოთ, რომ ქერუბიმები მხოლოდ ბაღის აღმოსავლეთით იყვნენ დაყენებულნი, საიდანაც ადამმა და ევამ დატოვეს ბაღი (დბ. 3:24).
მას შემდეგ, რაც ღმერთმა ადამი სამოთხის ბაღიდან გააძევა, ვეღარავინ დაამუშავებდა და იზრუნებდა მასზე. როგორც ჩანს, თანდათანობით ეს ადგილი გაუდაბურდა და იქ მხოლოდ ცხოველები ბინადრობდნენ. საბოლოოდ, წარღვნის დროს ედემის ბაღი მთლიანად განადგურდა, რის გამოც დღეს უკვე უცნობია, მისი ადგილმდებარეობა. ამის შესახებ ინფორმაციის ერთადერთი წყარო ღვთის სიტყვაა (დბ. 2:15).
2. ადგილი, რომელიც ხარანთან და ქანესთან ერთად მოიხსენიება და რომელსაც ჰქონდა სავაჭრო ურთიერთობები ტვიროსთან; ვაჭრობდნენ მდიდრული სამოსით, ხალიჩებითა და თოკებით (ეზკ. 27:23, 24). ვარაუდობენ, რომ ედემი არის ამოსის 1:5-ში მოხსენიებული ბეთ-ედენის შემოკლებული ფორმა. „ედემელები“ მოიხსენიებიან იმ ადგილების მაცხოვრებელთა შორის, რომლებიც ასურელთა ჯარებმა გაანადგურეს (2მფ. 19:12; ეს. 37:12). ზოგის აზრით ეს ედემი (ბეთ-ედენი) იყო პატარა მხარე, რომელიც მიეკუთვნებოდა ბით-ადინის და რომელიც მდინარე ევფრატის შუა დინების მახლობლად მდებარეობდა (იხ. ᲑᲔᲗ-ᲔᲓᲔᲜᲘ).
3. ერთ-ერთი ლევიანი, რომელიც გამოეხმაურა მეფე ხიზკიას მოწოდებას რეფორმების ჩასატარებლად; შემდეგ იგი დაინიშნა მღვდელთა ჯგუფებისთვის წმინდა შესაწირავის გამნაწილებლად; მისი ზედამხედველი იყო „აღმოსავლეთი კარიბჭის მცველი“, სახელად კორე (2მტ. 29:12; 31:14, 15).